გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8468-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე შპს „ინ-----------ა“
წარმომადგენელი ვი--------ა ელ-----ე, ლა----ა ზა------
მოპასუხე შპს „ნო----------ი“
წარმომადგენელი გი------ ქუ-------–--ე, ტა-----– ცე--–----
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ნო----------ს“ შპს „ინ-----------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 2700 აშშ დოლარი.
სარჩელის მიხედვით, 2019 წლის 27 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტვირთის გადაზიდვაზე, რომლის თანახმად გადამზიდი კომპანია შპს „ინ-----------ა“ იღებდა ვალდებულებას უკრაინაში დაეტვირთა ტვირთი და ჩამოეტანა საქართველოში, თბილისში. თავის მხრივ დამკვეთი შპს ნო----------ი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა თანხა ტვირთის დაცლამდე და მიეღო საქონელი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა შემდეგი პირობები: თბილისში, ტვირთის დაცლის დროს უნდა წარდგენილიყო სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები. მოცდენის სანორმატივო მოლოდინი განისაზღვრა 48 საათი, დატვირთვა-განტვირთვისათვის ასევე 48 საათი. თუ ტვირთის გადმოტვირთვა შეყოვნდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 აშშ დოლარი. 2019 წლის 1 მარტს მოსარჩელემ დატვირთა მანქანა უკრაინაში, რომელმაც 6 მარტს გადმოკვეთა საქართველოს საბაჟო ტერმინალი და შემოვიდა თბილისში. დამკვეთი კომპანია იმ დღესვე იქნა ინფორმირებული ტვირთის ჩამოსვლის შესახებ, მაგრამ ხელშეკრულების თანახმად თანხა არ იქნა გადახდილი და ტვირთი ვერ დაიცალა. 2019 წლის 12 მარტს მოსარჩელემ დამკვეთს გაუგზავნა ინვოისი და მოსთხოვა ტვირთის გადმოზიდვის თანხის 3100 აშშ დოლა---- გადახდა და მანქანის 3 დღის მოცდენის ანაზღაურება 300 აშშ დოლარი. დამკვეთმა თანხის გადახდაზე განაცხადა უარი.
2019 წლის 5 აპრილს მოპასუხემ გადაიხადა 3100 აშშ დოლარი და მანქანა იქნა დაცლილი, რაც დასტურდება სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებზე ხელმოწერით და ბეჭდით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მანქანის შემოსვლის დროისათვის არ გადაიხადა თანხა, რის გამოც 27 დღის განმავლობაში მანქანა იყო დატვირთული, შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შპს ნო----------ი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ კომპანია 2019 წლის 12 მარტს თანახმა იყო გადაეხდა გადაზიდვის ღირებულება სრულად, პორტის ხარჯები და ჯარიმა 100 აშშ დოლარი. მოსარჩელემ უარი განაცხადა ტვირთის დაცლაზე და იგი გადაიტანა მოპასუხისთვის უცნობ მისამართზე. ამასთან მოითხოვა არაგონივრული პირგასამტეხლო. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას ვალდებულების დარღვევის შესახებ, მაშინ უნდა შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 27 თებერვალს შპს „ინ-----------ას“ (გადამზიდი) და შპს „ნო----------“ (დამკვეთი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება-განაცხადი ტვირთის გადაზიდვის შესახებ რომლის მიხედვით, გადამზიდი იღებდა ვალდებულებას უკრაინაში დაეტვირთა ტვირთი და ჩამოეტანა საქართველოში, კერძოდ თბილისში. თავის მხრივ დამკვეთს უნდა გადაეხადა თანხა ტვირთის დაცლამდე და მიეღო ტვირთი. ტვირთის გადაზიდვის თანხა შეადგენდა 3100 აშშ დოლარს, ხოლო ტრანსპორტირების დრო 10-12 დღეს.
3.1.2. მოცდენის სანორმატივო მოლოდინი განისაზღვრა 48 საათით, დატვირთვა-განტვირთვისათვის ასევე 48 საათი. თუ ტვირთის გადმოტვირთვა შეყოვნდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 აშშ დოლა---- მოცულობის პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულება-განაცხადი ტვირთის გადაზიდვის შესახებ (ს.ფ 17)
3.1.2. უდავოა, რომ 2019 წლის 1 მარტს შპს „ინ-----------ამ“ დატვირთა მანქანა უკრაინაში. 2019 წლის 6 მარტს სატრანსპორტო საშუალებამ გადმოკვეთა საქართველოს საბაჟო ტერმინალი და შემოვიდა თბილისში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საერთაშორისო სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები #000031 (ს.ფ 19)
3.1.3. ტვირთის ჩამოსვლის შესახებ დამკვეთი კომპანია ინფორმირებული იქნა იმავე დღეს, თუმცა ხელშეკრულების შესაბამისად არ გადაიხადა თანხა და არც ტვირთი დაცალა.
2019 წლის 12 მარტს დამკვეთს გაეგზავნა ინვოისი ტვირთის გადმოზიდვის 3100 აშშ დოლა---- და ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად ჯარიმის 300 აშშ დოლა---- გადახდის შესახებ, რაზეც დამკვეთმა ასევე განაცხადა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ინვოისი (ს.ფ 23)
- 2019 წლის 13 მარტის წერილი (ს.ფ 24)
3.1.4. 2019 წლის 26 მარტის წერილით დამკვეთს განმეორებით ეცნობა, რომ ტვირთის ჩამოცლის დაყოვნების შედეგად მანქანა იმყოფებოდა მოცდენის პროცესში და მას უფლება ჰქონდა მოეხდინა ტვირთის დასაწყობება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 26 მარტის წერილი (ს.ფ 25)
3.1.5. დადგენილია და მხარეები არ დაობენ, რომ შპს „ნო----------მა“ მომსახურების ღირებულება 3100 აშშ დოლარი გადაიხადა 2019 წლის 5 აპრილს. შესაბამისად თანხის გადახდის ვალდებულება შესრულდა 27 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს. 28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულების შედგენის დროს ტვირთის გადაზიდვის ვალდებულებასთან ერთად გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობაც.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება ა---- მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე (სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლი).
ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის შესაძლებლობას (სამოქალაქო კოდექსის 327-ემუხლი).
იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადაოდ არ ხდის ხელშეკრულების სხვა პირობებს, გარდა პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმებისა და ამავდროულად შესრულებული აქვს გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულება სასამართლოს ექმნება რწმენა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ამავე დოკუმენტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეები ხელშეკრულების სხვა პირობებთან ერთად, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილის (შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მოთხოვნათა დაცვით შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საერთაშორისო სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები (ს.ფ 19)
- მხარეთა ახსნა-განმარტება; (სარჩელი შესაგებელი, სხდომის ოქმი)
- წერილობითი გაფრთხილებები (ს.ფ 24; 25; 27)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ შპს „ინ-----------ას“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 668-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
როგორც მოსარჩელის განმარტებიდან და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლებიდან დგინდება, მოსარჩელემ მოითხოვა თანხის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან შეთანხმების საფუძველზე გაუწია გადაზიდვის მომსახურება მოპასუხე საზოგადოებას. მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება არასრულყოფილად შეასრულა და წარმოიშვა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.
2019 წლის 27 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, თვირთის მოცდენის სანორმატივო მოლოდინი განისაზღვრა 48 საათით, დატვირთვა-განტვირთვისათვის ასევე გამოიყო 48 საათი. ტვირთის გადმოტვირთვის შეყოვნებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, 100 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ შპს „ნო----------მა“ მომსახურების ღირებულება 3100 აშშ დოლარი გადაიხადა 2019 წლის 5 აპრილს და ამავე თარიღში განხორციელდა ტვირთის დაცლის პროცედურა. შესაბამისად, მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალების მოცდენის პერიოდი წარმოადგენს 27 კალენდარულ დღეს (2019 წლის 10 მარტიდან 5 აპრილამდე მონაკვეთი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად დასტურდება შემსყიდველის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა და ტვირთის დაცლის ვალდებულების გადაცილება 27 დღიანი პერიოდით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხა---- შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 2700 აშშ დოლა---- დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა (2700 აშშ დოლარი) არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 100 აშშ დოლა---- გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხა---- მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს უნდა გადახდეს შპს ინ-----------ას მიერ გაწეული ხარჯების პროპორციული ნაწილი - ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ინ-----------ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „ნო----------ს“ შპს „ინ-----------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 100 აშშ დოლარი.
3. შპს „ინ-----------ას“ მოთხოვნა მოპასუხისთვის 2600 აშშ დოლა---- დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს „ნო----------ს“ შპს „ინ-----------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯები 19,44 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე