გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29635-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე ქ---------------------ი
წარმომადგენელი თი----------------–---
მოპასუხე შპს „ბ-–-----, მა-----------–----
შპს „--–------
წარმომადგენელი სო--------------–----
მა-----------–---ის
წარმომადგენელი ზა------------
დავის საგანი ვალდებულების დარღვევის გამო მიყენებული
მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების შპს „ბ-–-----ა“ და მა-----------–---ისათვის მოსარჩელე ქ---------------------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 3160 ლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოპასუხეების შპს „ბ-–-----ა“ და მა-----------–---ისათვის მოსარჩელე ქ---------------------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1840 ლარის გადახდის დაკისრება.
2016 წლის 07 ნოემბერს შპს „ბ-–-----“ ბ----ზე არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღ „ჭ--------“ და ქ---------------------- შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება სტანდარტით გათვალისწინებულ მომსახურებას გაუწევდა მოსარჩელის შვილს გ-------–--------ს. მოსარჩელეს ბაღში სწავლების ყოველთვიური საფასურის სახით უნდა გადაეხადა 225 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, საბავშვო ბაღის „ჭ-------“ აღმზრდელი მა-----------–---- დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენით დადგინა, რომ მა-----------–----მ ხელით იძალადა არასრულწლოვან ბავშვზე -გ-------–--------ზე. არამართლზომიერი ძალადობრივი მოპყრობით ზიანი მიაყენა არასრულწლოვანის ისეთ საუკეთესო ინტერესებს, როგორიცაა არასრულწლოვანის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება და განვითარება.
შპს „--–------ ბ----ზე არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღში მოსარჩელის მიერ გადახდილია 3160 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, აღმზრდელის არამართლზომიერი ქმედების შედეგად, მის შვილს მიადგა მორალური ზიანი, კერძოდ, ფსიქოლოგიურად ტრავმირებულია, აქვს შიშები. ბავშვის ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მასაც მიადგა მორალური ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მა-----------–----მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მან განმარტა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს.
შპს „--–------ წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „--–------ ბ----ზე არსებული საბავშვო ბაგა-ბაღი „ჭ--------“ და ქ---------------------- შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საბავშვო ბაღმა იკისრა სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია აღსაზრდელის გ-------–--------ისათვის.
ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ბაგა-ბაღის ვალდებულებები, მათ შორის იზრუნოს აღსაზრდელის გონებრივ, ფიზიკურ და ზნეობრივ და ესთეტიკურ განვითარებაზე, ხელი შეუწყოს აღსაზრდელის მიერ საზოგადოებაში ადაპტაციისათვის აუცილებელი ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენას. თავისი საქმიანობა განახორციელოს სპეციალური საავტორო სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამის საფუძველზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, დადგენილია, რომ საბავშვო ბაღი „ჭ-------“ აღმზრდელი მა-----------–---- დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენით დადგინა, რომ მა-----------–----მ ხელით იძალადა არასრულწლოვან ბავშვზე -გ-------–--------ზე. არამართლზომიერი ძალადობრივი მოპყრობით ზიანი მიაყენა არასრულწლოვანის ისეთ საუკეთესო ინტერესებს, როგორიცაა არასრულწლოვანის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება და განვითარება.
განაჩენით, სასამართლომ დაადგინა, რომ მა-----------–----ს ჰქონდა განზრახვა ძალადობრივი ქმედებით თავზე თმების მოქაჩვით ტკივილი მიეყენებინა მსხვერპლისათვის და ასე დაესაჯა იგი, რაც განახორციელა კიდეც. რაც შეეხება ფიზიკური ტკივილის განცდას, მართალია, მსხვერპლის მცირე ასაკიდან გამომდინარე, მას ვერბალურად არ შეუძლია ზუსტად გადმოსცეს ტკივილის შეგრძნება, თუმცა ბავშვმა ძალადობის შედეგად, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი დასტურდება საბავშვო ბაღის ვიდეო ჩანაწერით, რომლის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ ძალადობის დრო, თმების მოქაჩვის მომენტში ბავშვი ხელს იკიდებს თავის მიდამოში, მიდის ჩამოსასრიალებელ სათამაშოსთან და იწყებს ტირილს. სასამართლომ ყურადღება მიაქცია მსხვერპლის დედის ქ---------------------ის ჩვენებაზე, რომლის მიხედვით, ბოლო პერიოდი ბავშვი უარს აცხადებდა ბაღში წასვლაზე და მიჰყავდა ძალით, მაშინ როცა მანამდე იგი სიხარულით დადიოდა ბაღში. ბავშვის ამგვარმა განწყობამ სასამართლოს აფიქრებინა, რომ იგი ფსიქოლოგიურად ტრავმირებულია, რაც სასამართლოს მოსაზრებით, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბავშვი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 394-ე, 408-ე, 412-ე, 414-ე, 413-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „--–------ ბ----ზე არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღი „ჭ--------“ და ქ---------------------- შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საბავშვო ბაღმა იკისრა სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია აღსაზრდელისათვის. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ბაგა-ბაღის ვალდებულებები, მათ შორის იზრუნოს აღსაზრდელის გონებრივ, ფიზიკურ და ზნეობრივ და ესთეტიკურ განვითარებაზე, ხელი შეუწყოს აღსაზრდელის მიერ საზოგადოებაში ადაპტაციისათვის აუცილებელი ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენას. თავისი საქმიანობა განახორციელოს სპეციალური საავტორო სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია: მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ის 408-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, საერთოდ ვერ იქნებოდა სავარაუდო მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდევი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ, უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა ( სუსგ №ას-167-163-2016, 01.07.2016).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. იმ შემთხვევაშიც, თუ ზიანი წინასწარ იყო სავარაუდო, თუ იგი მოვალის უშუალო მოქმედებით არ არის გამოწვეული, მისი პასუხისმგებლობა გამორიცხულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ.
ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობას შორის სხვაობით.
ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. ამავე კოდექსის 326-ე და 412-ე მუხლებით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ემუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე. მითითებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს.
საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, დადგენილია, რომ საბავშვო ბაღის „ჭ-------“ აღმზრდელი მა-----------–---- დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენით დადგინა, რომ მა-----------–----მ ხელით იძალადა არასრულწლოვან ბავშვზე-გ-------–--------ზე. არამართლზომიერი ძალადობრივი მოპყრობით ზიანი მიაყენა არასრულწლოვანის ისეთ საუკეთესო ინტერესებს, როგორიცაა არასრულწლოვანის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება და განვითარება.
განაჩენით, სასამართლომ დაადგინა, რომ მა-----------–----ს ჰქონდა განზრახვა ძალადობრივი ქმედებით თავზე თმების მოქაჩვით ტკივილი მიეყენებინა მსხვერპლისათვის და ასე დაესაჯა იგი, რაც განახორციელა კიდეც. რაც შეეხება ფიზიკური ტკივილის განცდას, მართალია, მსხვერპლის მცირე ასაკიდან გამომდინარე, მას ვერბალურად არ შეუძლია ზუსტად გადმოსცეს ტკივილის შეგრძნება, თუმცა ბავშვმა ძალადობის შედეგად, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი დასტურდება საბავშვო ბაღის ვიდეო ჩანაწერით, რომლის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ ძალადობის დრო, თმების მოქაჩვის მომენტში ბავშვი ხელს იკიდებს თავის მიდამოში, მიდის ჩამოსასრიალებელ სათამაშოსთან და იწყებს ტირილს. სასამართლომ ყურადღება მიაქცია მსხვერპლის დედის ქ---------------------ის ჩვენებაზე, რომლის მიხედვით, ბოლო პერიოდი ბავშვი უარს აცხადებდა ბაღში წასვლაზე და მიჰყავდა ძალით, მაშინ როცა მანამდე იგი სიხარულით დადიოდა ბაღში. ბავშვის ამგვარმა განწყობამ სასამართლოს აფიქრებინა, რომ იგი ფსიქოლოგიურად ტრავმირებულია, რაც სასამართლოს მოსაზრებით, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბავშვი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან ცალსახად დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ბ-–------“ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მასთან შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფმა საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელმა არამართლზომიერი ძალადობრივი მოპყრობით ზიანი მიაყენა აღსაზრდელის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებასა და განვითარებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს. მოსარჩელის მიერ 3160 ლარის ოდენობით ხარჯების გაწევა არ უკავშირდება უშუალოდ აღმზრდელის არამართლზომიერ ქმედებას, რადგან ეს თანხა გადახდილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება მოიცავდა აღსაზრდელის უზრუნველყოფას სხვადასხვა მომსახურებებით, ზიანის მოცულობა ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი სრული თანხის ოდენობით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით „სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც“ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ამ ნორმით დაცული სიკეთე, რომლის ხელყოფის შემთხვევაში დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება, არის ადამიანის ჯანმრთელობა, შესაბამისად, მითითებული მუხლით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში კი, უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს დაზარალებულის სხეულს ან მისი ორგანიზმის შინაგან პროცესებს (იხ. სუსგ, #ას-1156-1176-2011,20.01.2012). სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ფიზიკური ტკივილის შედეგად, არამართლზომიერი ძალადობრივი მოპყრობით, შპს „--–------ ბ----ზე არსებული საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგმა, ზიანი მიაყენა არასრულწლოვანის ფსიქიკურ მდგომარეობას, რაც ამ შემთხვევაში, შეიძლება, გავაიგივოთ სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიზანია ზრუნავდეს ბავშვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და უქმნიდეს მას ფიზიკური განვითარების ყველა პირობას. მისი მართვის სტრატეგია ხელს უნდა უწყობდეს კოლექტივის ეფექტურ მუშაობას და ზოგადად, ორგანიზაციის სამუშაო ხარისხის ამაღლებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, პედაგოგის მიერ, მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, რაც თავისთავად ბავშვისთვის მატრავმირებელი ქცევაა. უდავოა, რომ აღმზრდელის მიერ, ორი წლის ბავშვისათვის მიყენებული ფიზიკური ტკივილის გამო, მან განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი. აღმზრდელის მიერ განხორცილებული ქმედება უცილობლად აისახა მის ემოციურ მდგომარეობაზე, მის განვითარებასა და სოციალიზაციაზე. ასევე უდავოა და მტკიცებას არ საჭიროებს, რომ ასეთი ქმედების ზემოქმედებამ გავლენა მოახდინა განვითარების პროცესში მყოფი ორი წლის ბავშვის ტვინზე. ამ შემთხვევაში, საყურადღებოა, ქმედების განხორციელების დროს ბავშვის ასაკი და ის ფაქტი, რომ მას ფიზიკური ტკივილი მიაყენა საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელმა, რომელთანაც დაახლოებით 2 წლიანი ურთიერთობა აკავშირდებდა. ბავშვისათვის ასეთი პირის მხრიდან ფიზიკური ტკივილის მიყენება, კიდევ უფრო მძაფრ ემოციურ განცდებთან იყო დაკავშირებული.
განსახილველ შემთხვევაში, ასევე უდავოა და მტკიცებას არ საჭიროებს, მოსარჩელის მძიმე ფსიქოემოციური განცდები (დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა), შვილისათვის მიყენებული ფიზიკური ტკივილის, მისგან გამომდინარე ემოციური განცდების გამო, რამაც საფრთხე შეუქმნა მისი არასრულწლოვანი შვილის ფსიქიკურ კეთილდღეობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „საქმეზე სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის საპირისპიროდ, მოცემული საქმე არ შეიცავს არაქონებრივი ზიანის სათანადო ოდენობით ანაზღაურების შეფასებას, არამედ სრულ, უპირობო უარს ამგვარ ანაზღაურებაზე ეროვნული კანონმდებლობით, როგორც ეს განიმარტა და გამოყენებულ იქნა პრაქტიკაში. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლომ მანამდეც აღნიშნა, რომ საქმეებში, რომლებიც შეეხება კონვენციის მე-2 და მე3 მუხლებს, რომლებიც მიჩნეულია კონვენციის ყველაზე უფრო ძირითად ნორმებად, მათი დარღვევის შედეგად არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, პრინციპში, შესაძლებელი უნდა იყოს როგორც სამართლიანი დაცვის საშუალების ერთ-ერთი ფორმა. შედეგად, უზენაესი სასამართლოს მიერ იმის დადასტურების ფონზე, რომ მომჩივანმა „უდავოდ“ განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი მისი ახალგაზრდა შვილის გარდაცვალების გამო, უპირობო საკანონმდებლო შეზღუდვით მომჩივანს გაუმართლებლად წაერთვა შესაძლებლობა, სასამართლოს გზით მოეთხოვა კომპენსაციის მიღება არაქონებრივი ზიანის სანაცვლოდ, როგორც მისთვის ხელმისაწვდომი სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალება. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ვალდებულების დარღვევას.
ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი შვილისათვის მიყენებული ფიზიკური ტკივილიდან გამომდინარე, რაც მის ფსიქიკურ კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს, დედის დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, საკმარისი წინაპირობა მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ბ-–-----“ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, სათანადოდ ვერ უზრუნველყო ბავშვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვის ვალდებულების შესრულება. არასრულწლოვანს მიადგა მორალური ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის კომპენსაცია ხდება ფულადი სახით. არც სამოქალაქო კოდექსი, არც სხვა კანონები არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ზუსტ წესს. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლო პირველ რიგში, მხედველობაში ღებულობს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს. ბრალი სამოქალაქო სამართალში არის პასუხისმგებლობის პირობა და არა ზომა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაშვებულია გამონაკლისი, ამიტომ კომპენსაციის ოდენობის განისაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. ფიზიკური ტანჯვა ივარაუდება, მხოლოდ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობის დასასაბუთებლად უნდა დამტკიცდეს ფიზიკური ტანჯვის ხარისხი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის, სასამართლომ უნდა დაადგინოს პირის ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ფიზიკური და სულიერი ტკივილის ხარისხი, ზიანის მიმყენებლის ბრალი (იმ შემთხვევაში, როცა ეს პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა) და სხვა ყურადღსაღები გარემოებები. თავისი არსით არაქონებრივი ანუ მორალური ზიანი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად კი არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფის გამო. ვსაუბრობთ რა არაქონებრივ ზიანზე, მხედველობაშია მისაღები კონკრეტული საზოგადოების მორალური სტანდარტები. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიულ საფუძვლებს.
მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.
სასამართლო ითვალისწინებს, რა ზემოაღნიშნულ გარემოებებს, მოპასუხის ფინანსურ მდგომარეობას, აგრეთვე ქვეყანაში მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით არსებულ პრაქტიკას, მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა 500 ლარი.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა მა-----------–---ის მიმართ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება, ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადად მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე შპს „--–------ მიმართ, მოთხოვნის საფუძველია შპს „--–------ ბ----ზე არსებული საბავშვო ბაგა-ბაღ „ჭ--------“ და ქ---------------------- შორის გაფორმებული ხელშეკრულება. დადგენილია, რომ თანამოპასუხე მა-----------–----, შპს „ბ-–-----თან“ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მუშაობდა ბაგა-ბაღში პედაგოგის თანამდებობაზე. ამდენად, ის არ წარმოადგენს მოთხოვნის საფუძვლად, მითითებული ხელშეკრულების სუბიექტს და აქედან გამომდინარე, შპს „ბ-–-----თან“ ერთად, ვალდებულების დარღვევის გამო, ზიანის მიყენებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირს. შესაბამისად, მის მიმართ, მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა გამორიცხულია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, შეადგენს 5000 ლარის 3%-ის 150 ლარის ნახევარს 75 ლარს. მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 ლარი. აქედან გამომდინარე, მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 75 ლარის ოდენობით. სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 7.5 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 20 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად. (500 ლარის 4%).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე, 53-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქ---------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.დაეკისროს მოპასუხე შპს „--–------ მოსარჩელე ქ---------------------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე შპს „--–------ მოსარჩელე ქ---------------------ის სასარგებლოდ 7.5 ლარის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 20 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.
2.1.დაუბრუნდეს მოსარჩელე ქ---------------------- 2018 წლის 2--------–-ს N- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან 75 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია