გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/34693-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
04 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - ხ---- ა---–--ე
წარმომადგენელი - შ---------–-–---–ი
მოპასუხე - შპს "კ-------–ი“
დავის საგანი - ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ 2018 წლის 11 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (პირგასამტეხლოს ნაწილში) და მსესხებლის ვალდებულება განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირი თანხა 5500 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1100 აშშ დოლარი.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელეს და მოპასუხე შპს მ----------------ს (წარმომადგენელი ზ------ მ-------ე) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ქ. თბილისში ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის სანოტარო ბიუროში, რომლის მოსარჩელეს ასესხა 5500 აშშ დოლარი თორმეტი თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა ძირითად თანხაზე 2.5% პროცენტის დარიცხვით. ყოველთვიური დარიცხვა ძირითად თანხაზე 137.5 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ თანხას მოსარჩელე იხდიდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. რ-------ი, ფ--–--–---–---------, საკადასტრო კოდი 0------------------.
2015 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელეს და მოპასუხე მხარეს შორის გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2016 წლის 27 აგვისტოს, აღნიშნული ხელშეკრულება არც ყოფილი და შემდგომი უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ არ ყოფილა გაგრძელებული, რასაც ითხოვს იმპერატიულად საქართველოს კანონმდებლობა. (ხელშეკრულების გაგრძელების არც ფორმალური და არც სამართებლივი მტკიცებულებები არ არსებობს).
ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 27 თვის შემდეგ კრედიტორმა შპს მ----------------მა 2018 წლის 11 ოქტომბერს მიმართა ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ს, სააღსრულებო ფურცლის გასაცემად და შესაბამისად ნოტერიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი #1--------, რომლითაც აღსასრულებელ მოთხოვნად სესხის ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარით დარიცხული პროცენტი 1100 აშშ დოლარი, 2016 წლის 28 აგვისტოდან აღსრულების დაწყებამდე 0.12 % ვადაგადაცილებულ დღეზე და 126,72 ლარით განისაზღვრა.
ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ მიიღო კერძო აღმასრულებლის წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისა და წინააღმდეგ შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ. რომელშიც მითითებულია, რომ კრედიტორის 15.03.2018 წლის განცხადებით მისი მოთხოვნა შეადგენს 10000 აშშ დოლარსა და 126,72 ლარს.
სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ არ ეთანხმება შეუსაბამოდ დიდ პირგასამტეხლოს, ხოლო სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში სააღსრულებო ფურცლის მონაცემები სადავო არ გაუხდია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით იქნა დაზუსტებული.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,მ----------------მა“ (შემდგომში შპს ,,კ-------–ი“) წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხ---- ა---–--ის ვალდებულებას გამოაკლდა მის მიერ დაფარული 4 თვის სარგებელი, და შესაბამისად დათვლილი იყო მისი დავალიანება სააღსრულებლო ფურცლის აღებისას. კერძო აღმასრულებელთან მოპასუხემ დააყენა მოთხოვნა ძირ თანხაზე 5500 აშშ დოლარზე, 1100 აშშ დოლარზე, როგორც გადაუხდელ პროცენტზე და პირგასამტეხლოზე, რომელიც იყო შემცირებული გონივრულ 3400 აშშ დოლარამდე (აღსრულების ფურცლიდან გამომდინარე იმ მომენტისთვის მოპასუხეს შეეძლო დაეყენებინა 5134,80 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს მოთხოვნა), რაც ჯამში შეადგენს 10000 აშშ დოლარს.
მოპასუხის წარმომადგენელმა პირგასამტეხლოსთან მიმართებაში მიუთითა, რომ პირგასამტეხლო თავიდანვე იყო გაწერილი სესხის ხელშეკრულებაში, მხარეები მასზე წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები, მათ მოიწონეს იგი და, შესაბამისად, თანხმობა მის მიმართ დაადასტურეს ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერებით. აღნიშნული პირგასამტეხლო გამომდინარეობს მსესხებელის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებიდან. რომ არ არსებობდეს პირგასამტეხლო, მსესხებელი საერთოდ არასოდეს დააბრუნებდა სესხის თანხას ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. ხ---- ა---–--ემ არ იკმარა ის, რომ საერთოდ არ იხდიდა პროცენტს 2015 წლის შემდეგ და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ყველანაირად არიდებდა თავს მის გაგრძელებას. მოპასუხე არაერთხელ დაუკავშირდა მსესხებელს, მაგრამ იმ მიზეზით, რომ მოკლე ხანში სრულად დაფარავდა ვალდებულებას, ყველანაირი ხერხით გაყავდა დრო. უარი განაცხადა მან სხვა საფინანსო ინსტიტუტში გადასვლაზეც. საქმეში ჩართული იყო უამრავი მაკლერიც, რომლებმაც შესთავაზეს ხ---- ა---–--ეს აეღო სესხი კერძო პირისგან, მათ შორის უპროცენტო გირაოთიც, და დაეფარა მიმდინარე დავალიანება, მაგრამ ამაოდ. დიდი ხანი სწორედ იმიტომ აცდიდა მოპასუხე ხ---- ა---–--ეს ფინანსური პრობლემების მოგვარებას, რადგან არ იყო მოპასუხის ინტერესში აუქციონზე მისი ქონების რეალიზაცია. საბოლოოდ მოპასუხე იძულებული გახდა აეღო სააღსრულებლო ფურცელი, რადგან ყველანაირი მოლაპარაკების რესურსი ამოწურა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 27.08.2015 წელს, შპს ,,მ----------------ს“ და ხ---- ა---–--ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ----------------მა“ ხ---- ა---–--ეს ასესხა 5500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2.5%-ის დარიცხვით. მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა ერთი წლის ვადაში - 2016 წლის 27 აგვისტოს.
სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ხ---- ა---–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: რ-------ი, ფ--–--–---–ის ქუჩა #12, დაზუსტებული ფართობი: 3102.75 კვ.მ. უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა შეადგენდა 7144 აშშ დოლარს, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის შეადგენდა 16 982 ლარს.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს განემარტათ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის და ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შინაარსი. კერძოდ, მესაკუთრის ან/და მსესხებლის მიერ წინამდებარე ან/და საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისთვის, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით. კანონით დადგენილი წესით, კრედიტორის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის საფუძველზე, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემდა ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე.
ხელშეკრულების მე-14 პუნქტის თანახმად, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდიდა პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.08.2015 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24);
- 04/09/2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 25-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 11.10.2018 წელს, ნოტარიუსმა ე-–---- შ----–---–მა, კრედიტორ შპს ,,მ----------------ის“ მიმართვის საფუძველზე, გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, განისაზღვრა მსესხებელ ხ---- ა---–--ის ვალდებულების მოცულობა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი 2.5% 1100 აშშ დოლარის ოდენობით, 2016 წლის 28 აგვისტოდან პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯების სრულად.
ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა, მსესხებელ ხ---- ა---–--ის საკუთრებაში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: რ-------ი, ფ--–--–---–ის ქუჩა #12, ბინა #19, ფართი 29.68 კვ.მ., რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.10.2018 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 31-23-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. კერძო აღმასრულებელ ნ--- ე-–--–---–ის 17.10.2018 წლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე ხ---- ა---–--ეს განესაზღვრა 7 დღის ვადა, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის ნებაყოფლობით გადახდის მიზნით, რაც ჯამში შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.10.2018 წლის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს.ფ. 27-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ 11.10.2018 წელის N1-------- სააღსრულებო ფურცელში (ნოტარიუსმა ე-–---- შ----–---–ი) დაფიქსირებული ძირითადი დავალიანების 5500 აშშ დოლარის და საპროცენტო სარგებლის 1100 აშშ დოლარის ფულადი ვალდებულება მოვალე/მოსარჩელე ხ---- ა---–--ის მიერ არ შესრულებულა და მითითებული ვალდებულების მოცულობა მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.10.2018 წლის #1-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 31-23-25);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ.04.06.2019 წლის სხდომის ოქმი, მოთხოვნის დაზუსტება).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-420-ე, 623-ე და 624-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოდგენს არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დავალიანების მოცულობა და მისი მოვალის მიერ გადაუხდელობის ფაქტი. მოსარჩელე/მოვალე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს შეუსაბამოდ დიდი პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება და სწორედ აღნიშნულ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.
ხელშეკრულების მე-14 პუნქტის თანახმად, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდიდა პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
დადგენილია, რომ 11.10.2018 წელს, ნოტარიუსმა ე-–---- შ----–---–მა, კრედიტორ შპს ,,მ----------------ის“ მიმართვის საფუძველზე, გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, განისაზღვრა მსესხებელ ხ---- ა---–--ის ვალდებულების მოცულობა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი 2.5% 1100 აშშ დოლარის ოდენობით, 2016 წლის 28 აგვისტოდან პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯების სრულად.
კერძო აღმასრულებელ ნ--- ე-–--–---–ის 17.10.2018 წლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე ხ---- ა---–--ეს განესაზღვრა 7 დღის ვადა, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის ნებაყოფლობით გადახდის მიზნით, რაც ჯამში შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ პირობებს, რომელიც შეთავაზებული იქნა კრედიტორის მიერ და მიიღო შეთანხმებული სესხის თანხა სრული მოცულობით. ვინაიდან, მსესხებელმა ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს დავალიანების ძირ თანხას 5500 აშშ დოლარს და საპროცენტო სარგებელს 1100 აშშ დოლარს. ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველთვიურად 0.12%-ის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრული. არსებული ვალდებულების დარღვევის პერიოდის გათვალისწინებით უნდა მოხდეს მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირება, რაც თანაზომიერად დაიცავს როგორც კრედიტორის ისე მოვალის ინტერესებს და შესაბამისად, მოსარჩელე მოსარჩელეს შპს ,,კ-------–ის“ (შპს ,,მ----------------ის“ უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, ყოველდღიურად ნაცვლად 0.12%-სა 0.05%-ის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე მხარის მიერ თავდაპირველი მოთხოვნის შესაბამისად გადახდილი სახელწმიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სარჩელზე - 361 ლარს და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე- 50 ლარს. ვიანიდან საქმის განხილვის მოსამზადებლ სტადიაზე მოთხოვა იქნა შემცირებული და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (39.82%) სახელმწიფო ბაჟი უნდა განაწილდეს შემდეგი სახით: მოპასუხე შპს ,,კ-------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 128.53 ლარის ანაზღაურება, ხოლო 88.21 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.12.2018 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც შეჩერდა ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ 11.10.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №1-------- აღსრულება.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე ხ---- ა---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნაწილობრივ გაუქმდეს N 1-------- სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა და იგი განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 2.5 პროცენტი გადაუხდელი თანხა ჯამში 1100 აშშ დოლარის ოდენობით, 2016 წლის ოცდარვა აგვისტოდან პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.05 % ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების სხვა ხარჯი.
3. სხვა ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი.
4. დაუბრუნდეს ხ---- ა---–--ეს მის მიერ 2018 წლის 03 დეკემბერს სს "თ----------ში" # 0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 361 ლარიდან 88.21 ლარი (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).
5. მოპასუხე შპს „კ-------–ს“ მოსარჩელე ხ---- ა---–--ის სასარებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 128.53 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე