გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36495-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ქ------- ჩ----–-–---–ი
წარმომადგენელი - შ--–-----–---, ს------------------
მოპასუხე - მ--–---- გ-------–---–ი
წარმომადგენელი - დ-------------–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ------- ჩ----–-–---–ს და მ--–---- გ-------–---–ს შორის დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულება, როგორც იძულებით დადებული გარიგება.
1.2. გაუქმდეს ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ 2018 წლის 30 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი #1--------, რომლის საფუძველზეც მ--–---- გ-------–---–ი ითხოვს 27 153.12 ლარის ქ------- ჩ----–-–---–ისათვის დაკისრებას, საიდანაც ძირი თანხაა 24000 ლარი, პროცენტი 3153.12 ლარი.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქ------- ჩ----–-–---–მა 2017 წლის 13 ოქტომბერს იპოთეკარ მ-----ა ყ---------–---–თან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის თანხად გაიცა 37200 ლარი და იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის უძრავი ქონება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 0--------------- შენობა ნაგებობის ჩამონათვალი #1, მის ქ. თბილისის კ-------ის #35. რადგან მოსარჩელე ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას გადაწყვიტა გაეყიდა 300 კვადრატი მიწის ნაკვეთიდან 200 კვადრატი, რომ დაეფარა ვალდებულება. აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2018 წლის დაახლოებით მარტის თვეში დაუკავშირდა მ--–---- გ-------–---–ი. ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ 200 კვადრატ მიწის ნაკვეთში მ--–---- გ-------–---–ს უნდა გადაეხადა 21 000 აშშ დოლარი რომლითაც მოსარჩელეს უნდა გაესტუმრებინა იპოთეკარი მ-----ა ყ---------–---–ი და მიწის ნაკვეთს 200 კვადრატს გადაუფორმებდა. მ--–---- გ-------–---–მა მოსარჩელეს გადასცა ბეს სახით 10 000 აშშ დოლარი, რომელიც გადაუხადა ნაწილ-ნაწილ. დანარჩენი თანხა უნდა გადაეცა ერთი თვის განმავლობაში, რომ იპოთეკით გაეთავისუფლებინა უძრავი ქონება. დანარჩენი 11 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა ერთი თვის განმავლობაში.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მ--–---- გ-------–---–ს არ ჰქონდა დარჩენილი 11000 აშშ დოლარი მოსარჩელისთვის გადასაცემად, რის საფუძველზეც მოსარჩელემ შესთავაზა, რომ გაყიდიდა მიწის ნაკვეთს და გაისტუმრებდა იპოთეკარსაც და მ--–---- გ-------–---–საც, მაგრამ ამ შეთავაზებაზე მოპასუხე არ დასთანხმდა. აღნიშნულის შემდეგ მ--–---- გ-------–---–მა დაიწყო მუქარები როგორც მოსარჩელის მიმართ ასევე მისი ოჯახის წევრების მიმართ. უვარდებოდა სახლში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდა რომ გაყოლოდა ნოტარიუსთან და დაეწერა ვალის აღირების ხელწერილი, გატეხა ფსიქოლოგიურად, უწყევლიდა შვილებს, სახლში ჰყავს ავადმყოფი დედა რომელიც არის ინსულინ მომხმარებელი და გულით ავადმყოფი მამა, არაერთხელ მიუვარდა სახლში და ავადმყოფ დედას მიაყენა შეურაცხყოფა და ემუქრებოდა როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის წევრების დაჭერით. ვინაიდან იყო ფსიქოლოგიურად გატეხილი და განერვიულებული რომ არც კი იცოდა რომ ისეთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.13 პროცენტი.
მოსარჩელე მხარის მითითებით, ხეშეკრულების ვადაზეც იყო საუბარი და შეთანხმება მოხდა 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით პერიოდზე. ამ პერიოდში მოპასუხეს შეეძლო შეესრულებინა ვალდებულება და მოეცა 11 000 აშშ დოლარი ან მოსარჩელე უზრუნველყოფდა გაესტუმრებინა 10 000 აშშ დოლარი 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით. მოსარჩელე მხარის მითითებით, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არც გაუცნობიერებია რომ 20 დღიან ხელშეკრულებას აწერდა ხელს და ასევე ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოსაც.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ--–---- გ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, მ--–---- გ-------–---–ისათვის უცნობია მ-----ა ყ---------–---–თან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების სამართლებრივი საფუძვლები. უცნობია ასევე მისი შესრულების ან შეუსრულებლობის მიზეზი. რაც მთავარია, მოპასუხე არანაირად არ ყოფილა დაკავშირებული მითითებული ვალდებულების შესრულებასთან და არც არასოდეს არ დაპირებია მოსარჩელეს მისი პირადი ვალების გასტუმრებაში.
მ--–---- გ-------–---–ს არ გაუფორმებია ნასყიდობის ხელშეკრულება ქ------- ჩ----–-–---–თან. უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოპასუხემ მოსარჩელეს თანხა გადასცა პირადი საჭიროებისათვის, რომელიც მას სჭირდებოდა პირადი ვალდებულების შესასრულებლად და არა უძრავი ქონების შესაძენად. ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ამიტომ რომც ყოფილიყო ზეპირი შეთანხმება ის სავალდებულო ძალის მქონე ვერ იქნებოდა.
მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ ხელშეკრულების დადების ფაქტი (ბე) უძრავ ნივთთან მიმართებაში მოითხოვს წერილობით ფორმას. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ არც ზეპირი ფორმით არ მომხდარა ბეს გაფორმება მხარეებს შორის, რაც დასტურდება თავად მოსარჩელის მიერ 7-ე ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული განმარტებით. თუ ბეს მიმცემი დათქმულ დროს ვერ გადაიხდის თანხას თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს, ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. თუ მ--–---- გ-------–---–ს 10000 აშშ დოლარის მიცემის შემდეგ 2019 წლის აპრილის ბოლომდე უნდა გადაეხადა დარჩენილი თანხა, რასაც მიუთითებს მოსარჩელე და ის ვერ გადაიხადა დათქმულ დროს , 2019 წლის აპრილში რატომ უნდა დაებრუნებინა მოსარჩელეს მიღებული 10000 აშშ დოლარი? მოსარჩელე ადასტურებს ვალის აღიარების ხელშეკრულების დადებას თუმცა სადაოდ ხდის ვალდებულების შესრულების ვადას და მიუთითებს ცრუ ინფორმაციას თითქოს მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ხდებოდა მოპასუხის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა.
მოპასუხემ მიუთითა, რომ არ ეთანხმება მოსარჩელის მითითებას იმ გარემოებაზე სადაც მოპასუხე თითქოს აიძულებდა მას გაყოლოდა და ნოტარიუსთან ვალის აღიარების ხელშეკრულების გასაფორმებლად, სასამართლოს დაარწმუნებს კიდევ ერთხელ რომ ვალის აღიარების ხელშეკრულების გარდა სხვა ხელშეკრულება მხარეებს და შორის არ გაფორმებულა. თუ ბეს ხელშეკრულება გაფორმდა მხარეებს შორის, მ--–---- გ-------–---–ი მოითხოვდა ბეს ხელშეკრულების და არა ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმებას, მით უმეტეს ბეს შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელე მხარისადმი ორმაგი თანხის მოთხოვნის უფლება ეძლეოდა. თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. არც მოსარჩელისათვის და არც მისი ოჯახის წევრების მიმართ არ განუხორციელებია მოპასუხეს რაიმე უკანონო ქმედება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 03.04.2018 წელს, ქ------- ჩ----–-–---–ს და მ--–---- გ-------–---–ს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ------- ჩ----–-–---–მა აღიარა, მ--–---- გ-------–---–ის მიმართ ვალის არსებობა 24 000 ლარის ოდენობით.
მხარეებმა განაცხადეს, რომ მოვალის დავალიანება კრედიტორის წინაშე წარმოიშვა 2018 წლის 03 აპრილს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე კრედიტორის ვალს გადაიხდიდა 24.04.2018 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.04.2018 წლის ვალის აღიარების ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 30.07.2018 წლის, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, განისაზღვრა კრედიტორის მ--–---- გ-------–---–ის მიმართ მოვალე ქ------- ჩ----–-–---–ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა 2018 წლის 03 აპრილის ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე.
ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განისაზღვრა, ვალდებულების მოცულობა: სესხის ძირი თანხა - 24 000 ლარი, პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.13 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 25 აპრილიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის ამოწერისათვის გაწეულ ხარჯებს 126,72 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.07.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 14.08.2018 წლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე ქ------- ჩ----–-–---–ს მიეცა შვიდი კალენდარული დღის ვადა, ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.08.2018 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 28-32);
- 19/11/2013 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 38-39);
3.1.4. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ------- ჩ----–-–---–ს და მ--–---- გ-------–---–ს შორის დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულება დაიდო მხარეთა ნამდვილი ნების და არა მოპასუხის მხრიდან იძულების განხორციელების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართლაწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავინთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველი დავის სწორი გადაწყვეტისთვის, სასამართლომ აქცენტები არ უნდა გააკეთოს, რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებასა თუ ფაქტობრივ გარემოებაზე. მთლიანი სურათის შექმნა და მისი სამართლებრივ სიბრტყეზე გადატანა უნდა განხორციელდეს ყველა გარემოებასა და მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ამასთან საჭიროა გაანალიზება იმისა, თუ რამ განაპირობა სადავო გარიგების დადება.
სასამართლო განმარტავს, რომ იძულების ფაქტის დადასტურება პირდაპირი და ცალსახა მტკიცებულებით, თვითონ იძულების არსის და ბუნების გათვალისწინებით, შეუძლებელია. იძულების დადგენა უნდა მოხდეს განსახილველ საქმეში ასახული, სხვადასხვა დროს მიმდინარე მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირის აღმოჩენით და ისეთი პარალელების გავლებით, რომლებიც უტყუარად და სარწმუნოდ დაადასტურებენ იძულების ფაქტის არსებობას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თანხის დაბრუნების მიზნით, მოპასუხე მ--–---- გ-------–---–მა დაიწყო მუქარები როგორც მოსარჩელის, ასევე მისი ოჯახის წევრების მიმართ. უვარდებოდა სახლში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდა რომ გაყოლოდა ნოტარიუსთან და დაეწერა ვალის აღიარების ხელწერილი, გატეხა ფსიქოლოგიურად, უწყევლიდა შვილებს. მოსარჩელეს სახლში ჰყავს ავადმყოფი დედა, რომელიც არის ინსულინ მომხმარებელი და გულით ავადმყოფი მამა, მოპასუხე არაერთხელ მიუვარდა სახლში და მის ავადმყოფ დედას მიაყენა შეურაცხყოფა და ემუქრებოდა როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის წევრების დაჭერით. ვინაიდან იყო ფსიქოლოგიურად გატეხილი და განერვიულებული რომ არც კი იცოდა რომ ისეთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.13 პროცენტის ოდენობით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეებს შორის რეალურად დაიდო არა სესხის, არამედ ბეს ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ სამომავლოდ, მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. შესაბამისად, ვინაიდან მხარეებს შორის არ შემდგარა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, მას მ--–---- გ-------–---–ის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხის დაბრუნება არ უნდა დაევალოს, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს სესხის თანხას.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის პოზიცია მოპასუხის მხრიდან იძულების ფაქტის განხორციელებასთან დაკავშირებით, შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ მისი განმარტებებით. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები კი საპირისპირო ვითარებაზე მიუთითებენ. როგორც საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დასტურდება, მხარეთა შორის გაფორმდა ვალის აღიარების შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ქ------- ჩ----–-–---–მა მ--–---- გ-------–---–ის მიმართ აღიარა ვალის არსებობა 24 000 ლარის ოდენობით. ვინაიდან, მსესხებელმა არც ვალის აღიარების ხელშეკრულების პირობა შეასრულა, კრედიტორმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მსესხებელ ქ------- ჩ----–-–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე სესხის თანხის დაბრუნების თაობაზე.
წარმოდგენილ შემთხვევაში, აღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არათანმიმდევრულობაზე და ბუნდოვანებაზე. თავად ვალის სახით 10 000 აშშ დოლარის არსებობის ფაქტი მისი მხრიდან სადავო არ არის, თუმცა თავად ფორმა - ნოტარიუსთან აღიარების ხელწერილის დადება მის სურვილს არ წამოადგენდა, რაც მხარის მითითებით წარმოადგენს სწორდ იძულების შედეგს. მხარემ სადავო გახადა ვალის აღიარებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, თუმცა სანოტარო აქტის შედგენისას მისი წაკითხვისა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს და ტექსტს არ გაცნობია. აქვე საყურადღებო და არსებითია ის გარემოებაც, რომ გარიგება დამოწმებული იქნა ნოტარიული წესით, რაც გულისხმობს, რომ მხარეს გააჩნდა შესაძლებლობა გაცნობოდა და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მოეხდინა ხელმოწერით თავისი ნების დადასტურება. არსებული დავის განხილვის ფარგლებში აღნიშნული უფლების განუხორციელებლობა ვერ გახდება ხელშეკრულების ბათილობის ფაქტობრივი წინაპირობა. ასევე, მხარის მითითება, ინტენსიური მუქარებისა და ზეწოლის თაობაზე ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულებით და თავად ვალის არსებობის ფაქტი, მაგრამ მისი წერილობითი გარიგების ფორმით ასახვის წინააღმდეგობა ბუნდოვანს და დაუსაბუთებელს ხდის მხარის პოზიციას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარის ქმედებები, სამართლებრივი შეფასების ჭრილში, შეიძლება იქნეს განხილული, როგორც კრედიტორისთვის კანონით მინიჭებული უფლების განხორციელებისთვის ყველა კანონისმიერი ბერკეტის გამოყენება, გაცემული თანხის დაბრუნების მიზნით. რაც შეეხება იძულების ფაქტს, გარდა მოსარჩელის განმარტებისა, იძულება არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია იძულებასთან მიმართებაში არ არის არგუმენტირებული. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მხრიდან განხორციელებული იძულების ფაქტთან დაკავშირებით ქ------- ჩ----–-–---–ის პოზიციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.10.2017 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19);
- 03.04.2018 წლის ვალის აღიარების ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22);
- 30.07.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23-25);
- 14.08.2018 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 28-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 56-ე, 85-ე, 86-ე, 87-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება სამოქალაქო სამართლის ცენტრალურ ინსტიტუტს წარმოადგენს. იგი კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტიტუტია. გარიგება, როგორც კერძო სამართლის უზოგადესი ცნება, გამოიყენება არა მხოლოდ სამოქალაქო სამართალში, არამედ კერძო სამართლის სხვა ნაწილებში. საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარიგება კერძო საკუთრებასთან ერთად ეკონომიკის სამართლებრივი საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად, იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, იძულება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს, რაც შეიძლება გამოიხატოს ძალადობასა და მუქარაში, რა დროსაც აშკარა უნდა იყოს გარიგების მხარის მხრიდან ან მესამე პირისაგან ისეთი მოქმედება, რომლის ზეგავლენითაც გარიგების დადება ხდება. ძალადობაში იგულისხმება ფიზიკური იძულება, ხოლო მუქარის დროს კი იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს თავისუფალი ნების გარეშე, რაიმეს შიშით, დადოს გარიგება. სასამართლოს განმარტებით, ყველანაირი მუქარა არ შეიძლება გახდეს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი. იძულება უნდა იყოს ისეთი სახის, რომ შეეძლოს გავლენის მოხდენა პირზე. იძულების შედეგად პირმა უნდა იფიქროს, რომ მის პიროვნებას ან მის ახლო ნათესავს რეალური საფრთხე ემუქრება. ამ დროს მხედველობაშია მისაღები იმ პირის ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილება, რომლის მიმართაც ხორციელდება იძულება. სასამართლოს მითითებით, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მოსალოდნელი საფრთხე, თუ იგი მოჩვენებითი და არარეალურია. არ არის აუცილებელი, რომ იძულებითი მდგომარეობა უშუალოდ ხელშეკრულების მონაწილე პიროვნებას შეეხოს, საკმარისია, რომ პიროვნება გრძნობდეს თავს იძულების მდგომარეობაში ჩაყენებულად, რადგან ასეთ მდგომარეობაში შეიძლება მოხვდეს მისი ნათესავი ან ახლობელი.
სასამართლოს მოსაზრებით, ასეთი ფაქტების დროს, იძულების დადასტურება პირდაპირი მტკიცებულებით ძალიან რთულია და ამ დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს მხარის ობიექტური შესაძლებლობა, წარმოუდგინოს სასამართლოს იძულების მამტკიცებელი პირდაპირი მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, იძულების, კერძოდ, მუქარის ფაქტი არ დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლომ დაადგინა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება დაიდო მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე და მოპასუხის მხრიდან იძულებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ვინაიდან, არ დადასტურდა ვალის აღიარების ხელშეკრულების იძულებით დადების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან, ქ------- ჩ----–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 815 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, მოსარჩელე ქ------- ჩ----–-–---–ს უნდა დაეკისროს მოპასუხე მ--–---- გ-------–---–ის სასარგებლოდ, მის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით ანაზღაურება, რაც შეადგენს 1000 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, ქ------- ჩ----–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ 30.07.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №1-------- აღსრულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ქ------- ჩ----–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე ქ------- ჩ----–-–---–ს მოპასუხე მ--–---- გ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით 1000 ლარის გადახდა.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ 30.07.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №1-------- აღსრულება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე