განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
A
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- ქ--------–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ-–- ბ------- ძე ქ-------ი,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–---- მ-----–------- ქუჩა #--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- გ------–-- ქუჩა #3--–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით, კვირაში ერთხელ დროის ინტერვალით რ-–- ქ-------ი, მეუღლეს ნ--- გ-------ას სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელებს, ფეხებს სახის და სხეულის სხვადასხვა არეში. ძალადობის გამო დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
1.2.2019 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.თბილისში, გ------–-- ქუჩა #---–- ყოფნისას რ-–- ქ-------ი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნისას მეუღლეს ნ--- გ-------ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხელში აიღო მაკრატელი და დემონსტრირებულად მოიქნია ნ--- გ-------ას მიმართულებით, დაზარალებულმა მუქარა რეალურად აღიქვა და განიცადა მორალური ზიანი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2. სასამართლოს დასკვნა რ-–- ქ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ--- გ-------ას და მოწმეების - მ----- ხ----–---–ის, ხ----------ლმეზის, კ------- გ---------ის გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 9 აპრილის შემაკავებელ ორდერს, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, 2019 წლის 10 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია რ-–- ქ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილი დასჯად ქმედებად განიხილავს სისტემატურ ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველ შემთხვევაში დადასტურდა ცემის როგორც მატერიალური ფაქტი, ასევე სისტემატურობა, კერძოდ, პრეიუდიციული ფაქტებით დადგინდა, რომ ბრალდებული რ-–- ქ-------ი 2017 წლიდან 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით, კვირაში ერთხელ დროის ინტერვალით მეუღლეს ნ--- გ-------ას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელებს, ფეხებს სახის არეში და სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით 2019 წლის 10 აპრილს ნ--- გ-------ას სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი დაზიანებები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, გარდა აღნიშნულისა, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსის შეფასების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი რ-–- ქ-------ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა მაკრატელის დემონსტრირებით დაზარალებულში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო შიშში.
3.3 ასევე უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები - მეუღლეები.
3.4.სასამართლო განმარტავს რომ, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.6. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა რ-–- ქ-------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. რ-–- ქ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა - დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის რეციდივი, ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მუქარის შემთხვევაში ალკოჰოლის ზემოქმედების მდგომარეობაში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, ის რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი და ქმედება ჩადენილია პირობითი მსჯავრის პირობებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით რ-–- ქ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით (დამატებითი სასჯელი ჯარიმა აღსრულებულია). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირობით მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. რ-–- ქ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2019 წლის აპრილის თვეში, წინა განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ვადა გასული არ იყო, შესაბამისად იგი ითვლება ნასამართლევ პირად, რის გამოც სახეზა დანაშაულის რეციდივი. პირის პასუხიმგებლობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ მუქარა ჩადენილია ალკოჰოლური თრობის პირობებში.
5.4. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: ბრალის აღიარებას და სინანულს, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რამაც დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი და დრო. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები აისახება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას.
5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და რეციდივის მხედველობაში მიღებით რ-–- ქ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით (სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი) უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
5.6. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს რ-–- ქ-------ი იყო პრობაციონერი, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ-–- ქ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2. რ-–- ქ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ-–- ქ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით განსაზღვრული 4 (ოთხი) წლით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და რ-–- ქ-------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით რ-–- ქ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 10 აპრილიდან.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა