გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/1609-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
3 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - გ-----------------ე
წარმომადგენელი - მ-------------ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ-----------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის №----------------- გადაწყვეტილება ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ის მიერ 2009 წელს გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი №----------- დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ-----------------ის სახელზე შპს ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ის მიერ 2009 წელს გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი №----------- დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. გ-----------------ე შპს ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ში ჩაირიცხა 1994 წლის 27 სექტემბრის №51 ბრძანებით. მეორე კურსზე გადაყვანილი იქნა 1995 წლის 30 ივნისის №10 ბრძანებით, ხოლო მესამე კურსზე 1996 წლის 30 სექტემბრის №3 ბრძანებით. 1999 წლის 25 სექტემბრის №8 ბრძანებით აღუდგა სწავლის უფლება, მეოთხე კურსზე გადავიდა 2000 წლის 20 სექტემბრის №13 ბრძანებით, ხოლო მეხუთე კურსზე გადავიდა 2001 წლის 02 ოქტომბრის №8 ბრძანებით. სახელმწიფო გამოცდა ჩააბარა 2009 წელს.
შპს ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ის იურიდიული ფაკულტეტის 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით გ-----------------ეს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის №3/240-18 გადაწყვეტილება (ს.ფ. 67-83);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ. 87-120);
3.2. 2009 წლის 4 სექტემბერს კერძო სამართლის იურიდიული პირის ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ის მიერ გ-----------------ის სახელზე გაიცა დიპლომი №----------- (სარეგისტრაციო №------) მასზედ, რომ ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ის იურიდიული ფაკულტეტის 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით გ-----------------ეს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2009 წლის 04 სექტემბრის დიპლომი №----------- (ს.ფ 19);
3.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 ოქტომბრის MES 4 17 01243999 გადაწყვეტილებით, გ-----------------ეს უარი ეთქვა მასზე გაცემული №----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) წავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველეყოთ არაუგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულის შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულება არ იყო უფლებამოსილი 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ კურსდამთავრებულისათვის მიენიჭებინა ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია და გაეცა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა მიიჩნია, რომ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2009 წლის ჩათვლით გ-----------------ის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული №----------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 ოქტომბრის MES 4 17 01243999 გადაწყვეტილება (ს.ფ. 62-65);
3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის №3/240-18 გადაწყვეტილებით გ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 ოქტომბრის MES 4 17 01243999 გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გ-----------------ის სახელზე ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ის მიერ 2009 წელს გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი №----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის №3/240-18 გადაწყვეტილება (ს.ფ. 67-83);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ. 87-120);
3.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის №----------------- გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის №3/240-18 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დადსტურებულ იქნა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი №----------- დიპლომის ნამდვილობა. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტიდან და 46-ე მუხლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ბაკალავრიატი წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის №----------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 122-123);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, გ-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის №----------------- გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც გ-----------------ის კუთვნილი №----------- დიპლომით მიღებული განათლება არ იქნა გათანაბრებული უმაღლესი განათლების რომელიმე აკადემიურ საფეხურთან. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
6.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
ხსენებული საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი. აღნიშნული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის №----------------- გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის №3/240-18 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დადსტურებულ იქნა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი №----------- დიპლომის ნამდვილობა. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტიდან და 46-ე მუხლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ბაკალავრიატი წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის №3/240-18 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა გ-----------------ის სარჩელი და მოპასუხეს დაევალა დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, სასამართლომ მიიჩნია შემდეგი: „გ-----------------ის სწავლის პერიოდში შპს ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, სადაც გ-----------------ე გადიოდა შესაბამის სასწავლო დისციპლინებს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა გავლილი კანონით დადგენილი სასწავლო კურსი. მისი სწავლისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების პერიოდისათვის ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ი უფლებამოსილი იყო გ-----------------ის სახელზე გაეცა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მოსარჩელის მითითებით, მან მატერიალური და ოჯახური პირობების გამო ვერ შეძლო სახელმწიფო გამოცდაზე გასვლა 2009 წლამდე, 2009 წელს გადაიხადა საფასური, ჩააბარა შესაბამისი გამოცდა და მიენიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია“. ამავე გადაწყვეტილებით ვრცლად არის განმარტებული დიპლომის, როგორც უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სამართლებრივი ხასიათი, ასევე მის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგი (იხ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის №3/240-18 გადაწყვეტილება; გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში).
შესაბამისად, სასამართლო მოცემული დავის განხილვისას ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის №----------------- გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა რა გ-----------------ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობა, მასში ასახული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხი არ გადაუწყვეტია. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა უთანაბრდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტაზე უარის თქმას.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის კანონით განისაზღვრა უმაღლესი განათლების საფეხურთა განსხვავებული კლასიფიკაცია, განსხვავებით მანამდე მოქმედი სისტემისა, რამაც დღის წესრიგში დააყენა აღნიშნულ სისტემაზე გადასვლამდე მიღებული განათლების გათანაბრების საკითხის დადგენა. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებია: ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი); ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) და გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა).
მოსარჩელის მიერ სასწავლო პროგრამის გავლის პერიოდში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების შესახებ დებულების პირველი პუნქტით ნებადართულად განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების დაარსება, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი, ატესტატი) გაცემის უფლებით. ამავე დებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფასიანი სასწავლებელი რეგისტრაციაში ტარდებოდა არსებული კანონმდებლობისა და განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე. ამავე დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მიღებისათვის აუცილებელი იყო, რომ ფასიანი სასწავლებლის სასწავლო გეგმას, პროგრამას, პედაგოგიურ პერსონალს და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას დაეკმაყოფილებინა სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნები. მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფასიან სასწავლებელს უფლება ჰქონდა საგამოცდო კომისიის წარმატებით გავლის შემთხვევაში სასწავლებლის კურსდამთავრებულისთვის მიენიჭებინა სათანადო კვალიფიკაცია და გაეცა შესაბამისი მოწმობა.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის კანონის ამოქმედებამდე, შპს ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში მიღებული უმაღლესი განათლება პირს აღჭურვავდა უფლებით რაიმე შეზღუდვის, ან დამატებითი კვალიფიკაციის მიღების გარეშე განეხორციელებინა შრომითი საქმიანობა დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ შპს ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ის მიერ 2009 წელს გ-----------------ის სახელზე ერთსაფეხურიანი დიპლომის გაცემის ფაქტი მოცემულ დავაში სადავო ვერ იქნება (სსსკ-ის 266-ე მუხლი).
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ის კურსადამთავრებული პირის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული განათლება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს. შესაბამისად, გ-----------------ეს განათლების მიღება დასრულებული აქვს 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, ამასთან, მას გავლილი აქვს ერთსაფეხურიანი, ხთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----------------ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის №----------------- გადაწყვეტილება გ-----------------ის კუთვნილი №----------- დიპლომით დადასტურებული განათლების რომელიმე აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებაზე უარის თქმის ნაწილში. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ-----------------ის სახელზე გაცემული №----------- დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების თაობაზე;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის - გ-----------------ის სასარგებლოდ ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 6 თებერვლის №----------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ-----------------ის კუთვნილი №----------- დიპლომით დადასტურებული განათლების შესაბამის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ-----------------ის სახელზე ს----------–--------------–-----–---–-------------–-------------------------ის მიერ 2009 წელს გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი №----------- დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების თაობაზე;
4. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გ-----------------ის სასარგებლოდ ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე