გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210017002123898
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე N2/27285-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - ნ----- მ----–----–--ე

წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი

მოპასუხე - მ--- კ-------–--ე (თ------ ტ-------–--ის უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - ე----- ზ---–-–---–ი

მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - ი----------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ--- კ-------–--ეს მოსარჩელე ნ----- მ----–----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 1491 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ცხოვრობს ქ. თბილისში, ე.ბ-–---–---–ის ქ. კორპ. 8 ბინა N--ში. მის მეზობლად ბინა N15-ში ცხოვრობს მოპასუხე, რომელმაც არაერთხელ დააზიანა ბინა წყლის და ფეკალური მასების მისი კუთვნილი ბინის წყალგაყვანილობიდან გამონადენი მასებით და აგრძელებს მოსარჩელის ქონებისადმი გულგრილ და დაუდევარ დამოკიდებულებას. დაზიანების ფაქტის დადგენის მიზნით მოსარჩელემ მიმართა ქ.თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომელმაც მოახდინა ფაქტების კონსტატაცია და გასცა შესაბამისი ოქმი, ხოლო ზიანის საბაზრო ღირებულების დადგენა-შეფასებისთვის და შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის მიმართა შპს ,,ა--------------–--------------–ს’’, რომლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით, ზიანის ღირებულება შეადგენს 1491 ლარს. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე მ--- კ-------–--ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 1491 ლარის გადახდა. ასევე მოითხოვს მოპასუხე მ--- კ-------–--ეს დაეკისროს სასამართლოს და სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება, კერძოდ: სააღსრულებო ბიუროს მიერ ფაქტების კონსტატაციისთვის გადახდილი 102 ლარი, ზიანის ღირებულების დადგენისთვის შპს ,,ა--------------–--------------–ისთვის გადახდილი 150 ლარი, იურიდიული მომსახურეობისთვის გაწეული 250 ლარი და სასამართლოს ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი, სულ 552 ლარის ანაზღაურება (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნობს და განმარტა, რომ მოსარჩელე მის კუთვნილ ბინაში ცხოვრობს პერიოდულად. მოსარჩელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია, რადგან ფეკალური მასები წყლის მილებიდან არ გამოედინება. მოპასუხის და მოსარჩელის ბინას აქვს საერთო კედელი, რომელშიც გადის წყლის საერთო მილი, რომლითაც წყალი მიეწოდება როგორც მოპასუხის ბინაში არსებულ სველ წერტილებს, ისე მოსარჩელის ბინაში არსებულ სველ წერტილებსაც. ხსენებული კედლის მთელ სიგრძეზე მოპასუხის ბინაში განთავსებულია საძინებელი ოთახი, საპირფარეშო და სააბაზანო. მოპასუხის ბინაში მისი შეძენის დღიდან წყალგაყვანილობასთან და წყლის კედლიდან გამოჟონვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა არასოდეს და თუ რაიმე პრობლემა აქვს მილებს, პირველ რიგში დაზიანებული უნდა იყოს მისი ბინა. მომიჯნავე კედლის გასწვრივ განლაგებულია მოპასუხის ოთახები, რომელიც დაუზიანებელია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების აქტით არ ირკვევა, თუ კონკრეტულად რომელი ოთახის კედლებია დაზიანებული და დაზიანებულია თუ არა მოპასუხის ბინის მომიჯნავედ არსებული კედელი და მასში გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდი, რომ ჟონავდა კედელში არსებული წყლის მილები, რომელსაც მოჰყვა იატაკის და შპალერის დაზიანება. ხოლო რატომ არის შეუძლებელი ზუსტად იდენტური იატაკის და შპალერის მოძიება, დოკუმენტში არ არის დასაბუთება აღნიშნულზე. დაუსაბუთებელია შეფასების ობიექტის საბაზრო ღირებულების კალკულაცია, რადგან დაზიანებამდე არსებული შპალერის და ლამინატის რაიმე შეფასება ანგარიშში არ არის, მაგალითად, ლამინატის იატაკის ფასად მითითებულია 25 ლარი, მაშინ, როდესაც ბაზარზე არსებობს უფრო დაბალი და უფრო მაღალი ღირებულების ლამინატის იატაკიც და შპალერიც.

 

აქვე აღსაღნიშნავია ის გარემოება, რომ ნ----- მ----–----–--ე არის ე. ბ-–---–---–ის ქ. კორპ. N--ს ახალი მობინადრე, რომელიც მასზე საკუთრების მოპოვებიდან მცირე დროში, 2016 წლის გაზაფხულიდან შეუდგა სარემონტო სამუშაოებს საკუთარ ფართში. ბინის რემონტის დაწყებამდე მისმა ბიძამ - კ------- მ----–----–--ემ (რომელიც ეხმარებოდა ნ----- მ----–----–--ეს სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში) მიმართა მოპასუხის მეუღლეს მ--- კ-------–--ეს პრეტენზიით, რომ თითქოსდა მათი კუთვნილი ბინიდან ადგილი ქონდა მის ბინაში წყლის დენას, რაზეც მოპასუხის მეუღლემ უპასუხა, რომ მათ ბინაში ყველაფერი წესრიგში იყო და ეს შეუძლებელი იყო, ხოლო თუ პრობლემა მდგომარეობდა - საერთო კედელში არსებული საერთო მილის დაზიანებაში, მოეყვანა ხელოსანი, რომელიც ზუსტად დაადგენდა რა იყო დაზიანებული და საერთო მილის დაზიანების შემთხვევაში, განსაზღვრავდა კედლის რა ნაწილში იყო ეს დაზიანება და ერთობლივი ძალისხმებით შეაკეთებდნენ მას, რადგან ამგვარი დაზიანებისას, დროთა გამავლობაში გამოჟონილი წყალი დააზიანებდა ასევე მოპასუხის ბინის საძინებელი ოთახის კედელსაც. ამასთან, მ--- კ-------–--ემ განუმარტა მას, რომ რადგან მის (მოსარჩელის) ბინაში მიმდინარეობდა რემონტი და კედლები მონგრეული იყო, მათი მხრიდან ადვილად შეიძლებოდა დადგენილიყო საერთო კედლიდან წყლის დინების მიზეზი. ასევე უთხრა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, საბურღი დანადგარით, მათ ხელოსანს, მათი მხრიდან გამოეთხარა მოპასუხის საცხოვრებელი ფართის (ოთახის) მიმართულებით კედელი და შემდგომში ორივე მეზობელი ერთობლივად გამოცვლიდნენ მილს და შეარემონტებდნენ საერთო კედელს. შესაბამისად, მოსარჩელეს სრული მზაობა ჰქონდა მოპასუხის მხრიდან პრობლემის მოგვარებასთან მიმართებაში. მოსარჩელემ მართლაც მოიყვანა ხელოსანი, რომელმაც, მოსარჩელის ბიძის კ------- მ----–----–--ის თქმით, აღმოაჩინა წყლის მილის დაზიანება და ეს დაზიანება აღმოფხვრეს, რასაც აღარ დასჭირდა მოპასუხის მხარეს რაიმე სამუშაოს ჩატარება. მიუხედავად ამისა, მ--- კ-------–--ემ ურჩია კ------- მ----–----–--ეს და მის ხელოსანს, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში დაეტოვებინათ სისტემაში წყალი და დაკვირვებოდნენ ნამდვილად ბოლომდე აღმოიფხვრა თუ არა დაზიანება და მხოლოდ ამის შემდგომ დაეწყოთ კედლის შელესვა. თუმცა, მათ როგორც ჩანს, ყურადღება არ მიაქციეს მის რჩევას და არ გამოიჩინეს წინდახედულება. მოპასუხე ფიქრობს, რომ მოსარცელემ არაკვალიფიციური ხელოსანი დაიქირავა, რომელმაც სათანადოდ ვერ შეასრულა მისთვის შეკვეთილი სამუშაო, რამაც სამომავლოდ განაპირობა კედლის დაზიანება და ახლა მოსარჩელე ცდილობს ეს პასუხისმგებლობა მოპასუხეს დააკისროს.

 

2016 წლის დეკემბერში (ამ დრომდე კი მათი მხრიდან რაიმე პრეტენზიის გაცხადებას ადგილი არ ჰქონია) ტ-------–--ეების ბინაში გამოცხადდა უბნის რწმუნებული, რომელმაც მათ რძალს ფ------ ფ---–---–--ეს განუმარტა, რომ მ----–----–--ეს წარდგენილი ქონდა საჩივარი მოპასუხის ბინიდან მის ბინაში წყლის ჟონვის თაობაზე. თ------ ტ-------–--ეს და მისი ოჯახის წევრებს ძალიან გაუკვირდათ, რომ იგი პირადად არ მივიდა მათთან და არ აუხსნა პრობლემის თაობაზე. ფ------ ფ---–---–--ემ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, უბნის რწმუნებულთან განმარტა, რომ მ----–----–--ეს შეეძლო დაექირავებინა ხელოსანი, მოპასუხეც, ასევე, დაიქირავებდა ხელოსანს, ერთობლივად დაედგინათ წყლის დინების მიზეზი და აღმოეფხვრათ იგი. ამასთან, ინსპექტორმა ფ------ ფ---–---–--ეს ჩამოართვა ხელწერილი, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფას არ მიაყენებდა მ----–----–--ეს, რამაც მოპასუხის გაკვირვება გამოიწვია, რადგან თ------ ტ-------–--ე დაბადებიდან ცხოვრობდა ბ-–---–---–ის ქუჩის მე-8 კორპუსში და მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის მ--- კ-------–--ეს კორპუსის მაცხოვრებლებთან გულისხმიერი და კეთილმეზობლური დამოკიდებულება ქონდათ. უბნის ინპექტორის ვიზიტის შემდგომ, მოსარჩელე არ შეხმიანებია მოპასუხეს და შესაბამისად, ჩათვალეს, რომ მან არსებული პრობლემა მათი დახმარების გარეშე მოაგვარა.

 

2017 წლის გაზაფხულზე მოპასუხეს მიმართა უკვე ამხანაგობის თავჯდომარემ ც---- ბ-----–---–მა, რომელმაც სთხოვა, რომ მიეღოთ რაიმე ზომები, რადგან მ----–----–--ის კედელი სველდებოდა მისი და ტ-------–--ის საერთო კედლიდან გამომავალი წყლით და მისთვის გაეკეთებინათ რემონტი, რაზეც მოპასუხემ მიუგო, რომ მათ ვალდებულებას არანაირად არ წარმოადგენდა მოსარჩელისთვის ოთახის გარემონტება და შესთავაზა ერთობლივი ძალებით მიეყვანათ სპეციალისტი, რომელიც დაადგენდა წყლის ჟონვის ზუსტ მიზეზს და თუ აღნიშნულის დადგენას დასჭირდებოდა საერთო კედლის გარკვეულ ადგილებში დანგრევა, ტ-------–--ე საკუთარ მხარეს და მ----–----–--ე კი, მის მხარეს აღადგენდა დანგრეულს. ამხანაგობის თავმჯდომარის ვიზიტს და მოპასუხის მეუღლის მ----–----–--ისთვის სრულიად რაციონალურ შეთავაზებას შედეგად არაფერი მოყვა.

 

მოსარჩელის ბინაში 2016 წელს განხორციელებული სარემონტო სამუშაოებისას, როგორც ჩანს, არაკვალიფიციური ხელოსნების მიერ არასათანოდ განხორციელდა სანიტარულ-ტექნიკური სამუშაოები და ყველა მისი შემდგომი ”ძალისხმევა (უბნის ინსპექტორის გამოძახება, ამხანაგობის თავმჯდომარის ვიზიტი და ა.შ.) ემსახურებოდა ,,მტკიცებულებების" შექმნას, რომელიც, მისი ლოგიკით, შექმნიდა მისი ოთახის მოპასუხის ხარჯით გარემონტების საფუძველს.

 

ყველა აღნიშნული ფაქტი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხეს ყოველთვის ქონდა კეთილსინდისიერი, გულისხმიერი და სწორი დამოკიდებულება მეზობლის მიერ გაცხადებულ პრობლემასთან მიმართებაში.

 

მნიშვნელოვანია, რომ ბ-–---–---–ის ქუჩაზე არსებულ მე-8 კორპუსის N- და N-- ბინებს აქვთ საერთო კედელი, რომელშიც გადის როგორც მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული წყალგაყვანილობის მილი, ასევე წყლის საერთო მილი (მოგეხსენებათ, წყალგაყვანილობის მილი, როგორც ერთ-ერთი საინჟინრო ქსელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაა), რომლითაც წყალი მიეწოდება როგორც მოპასუხის ბინაში არსებულ სველ წერტილებს, ისე მოსარჩელის სველ წერტილებს. ხსნებული კორპუსი წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, სადაც შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ-–---–---–ი 8". „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად კი, წყალგაყვანილობა, განსახილველ შემთხვევაში კი, კედელში გამავალი წყლის საერთო მილი, წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას, რომლის ექსპლუატაცია ანუ ამ საერთო ქონების ფუნქციური გამართულობის და გამართული ფიზიკურ ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა, ამხანაგობის ყველა წევრის ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, საერთო მილის დაზიანების არსებობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის ვალდებულებას წარმოადგენს მისი შეკეთება (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმები).

 

მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - ი----------ე- სასამართლოსთვის უცნობია მისი მოსაზრება განსახილველ საკითხთან მიმართებაში, რადგან მას არც განცხადება წარმოდგენია სასამართლოსთვის და არც სასამართლო განხილვაში მიუღია მონაწილეობა.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ქ. თბილისში ე. ბ-–---–---–ის ქ. N--ში მდებარე ბინა N- ფართით 84.79 ს/კ N0---------------------- საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ნ----- მ----–----–--ის საკუთრებად, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. დამოწმებული 07/08/2015 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ.1, ს.ფ. 14-15)

 

3.2. 2018 წლის 2 ივნისს გარდაიცვალა თ------ ტ-------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა N0---------- (ტ.1, ს.ფ. 142)

 

3.3. თ------ ტ-------–--ის სამკვიდრო ქონება მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ - მეუღლემ მ--- კ-------–--ემ.

 

2019 წლის 22 აპრილს სასამართლო განჩინების საფუძველზე მ--- კ-------–--ე ცნობილი იქნა თ------ ტ-------–--ის უფლებამონაცვლედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა N1-------- (ტ.1, ს.ფ. 146-149)

- 2018 წლის 14 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 150)

- სხდომის ოქმი (ტ.1, ს.ფ, 183-189)

 

3.4. 2018 წლის 24 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მ--- კ-------–--ემ გაყიდა, ხოლო ი----------ემ იყიდა ქ. თბილისში, ე. ბ-–---–---–ის ქ. N--ში მდებარე ბინა N-- და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 24 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 151-152)

- 2018 წლის 14 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 150)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 153-154)

 

3.5. უდავო გარემოებაა, რომ მხარეები არიან მეზობლები და ცხოვრობენ კორპუსის ტიპის სახლში ერთმანეთის გვერდით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ.1, ს.ფ. 14-15)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 153-154)

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 აგვიტოს ოქმით ფაქტების კონსტატაციის შესახებ დაფიქსირდა, რომ ქ. თბილისში, ე. ბ-–---–---–ის ქ. N-, ბინა N--ში არსებული მდგომარეობა. ფაქტების კონსტატაციას ესწრებოდა კ------- მ----–----–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 აგვისტოს ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 22-26)

 

4.2. შპს ,,ა--------------–--------------–ის’’ 2017 წლის 16 აგვისტოს N1--------- ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისში, ე. ბ-–---–---–ის ქ. N-, N--ში არსებულ ბინაში მთლიანი ზიანის ღირებულება შეადგენს 1491 ლარს, საიდანაც ლამინატის იატაკის ღირებულებაა 400 ლარი, გაჯი - 36 ლარი, შპაკლი - 48 ლარი, შპალერი - 350 ლარი, შპალერის წებო - 40 ლარი, შპალერის დემონტაჟი და გაკვრა - 450 ლარი, იატაკის დემონტაჟი და გაკვრა - 96 ლარი.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენს 150 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ა--------------–--------------–ის’’ 2017 წლის 14 აგვისტოს N14/08-17/2 ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 29-44)

 

4.3. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 იანვრის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ბ-–---–---–ის ქ.N--ში პირველ სარტულზე განლაგებული N- ბინის საძინებელი კედლების დასველების მიზეზი შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც ამავე ბინის სველ წერტილში, ასევე მეზობლის თ------ ტ-------–--ის საკუთრებაში არსებული N-- ბინის სველ წერტილში გამავალი მილგაყვანილობით. მიზეზის დასადგენად საჭიროებს მილგაყვანილობების ქსელის გაშიშვლებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 იანვრის N0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 95-102)

 

4.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ბ-–---–---–ის ქ. N--ში პირველ სართულზე განლაგებული N- ბინის საძინებელი კედლების დასველების მიზეზი არის მეზობლის თ------ ტ-------–--ის საკუთრებაში არსებული N-- ბინის სველი წერტილიდან შემოსული სინესტე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის N0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 108-114)

 

4.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელე ნ----- მ----–----–--ის საკუთრებაში არსებული ბინის (ბინა N-) საძინებელი კედლის ფრაგმენტი, კედლის კუთხიდან მარჯვნივ საორიენტაციოდ 3 გრძივ მეტრზე და 1,5 მ სიმაღლეზე, ხოლო კედლის კუთხიდან მარცხნივ 1 გრძივ მეტრზე და 1,5 მ სიმაღლეზე ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის იყო დანესტილი, კედელზე შეინიშნებოდა სისველე, შესაბამისად, წყლის გაჟონვის პროცესი მიმდინარეობს ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისთვისაც, აღნიშნული საძინებელი ოთახის დაზიანებული კედლის მეორე მხარეს მოწყობილია მოპასუხის თ------ ტ-------–--ის საკუთრებაში არსებული ბინის (ბინა N--) სააბაზანო ოთახი. აღნიშნული სააბაზანო ოთახი მოწყობილია დამატებით არსებული საძინებელი ოთახის ფართის ხარჯზე, ხოლო როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის კუთვნილი ბინების სველი წერტილები და სამზარეულო ოთახები მოწყობილია სარკისებურად, რაც მოწყობილია შენობის მშენებლობის დროს შესაბამისი პროექტის მიხედვით. ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის წყლის ჟონვისგან დაზიანება დაფიქსირდა ასევე მოპასუხის თ------ ტ-------–--ის საკუთრებაში არსებული ბინის საძინებელ კედელზეც, რომელი კედელიც ემიჯნება მათ ბინაში დამატებით მოწყობილ სააბაზანო ოთახს. საცხოვრებელი ბინა N---ში და საცხოვრებელი ბინა N--ში განთავსებული სველი წერტილების ვიზუალური (გარეგანი) დათვალიერებით დადგინდა, რომ არცერთ სველ წერტილში ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის მწყობრიდან არ იყო გამოსული წყალ-კანალიზაციის სისტემები, არ აღინიშნებოდა რაიმე სახის დაზიანება გარე მილგაყვანილობებზე, საშხაპეზე, ონკანებზე, უნიტაზზე და ჩამრეცხ ავზზე, ტრაპზე და სხვა, შესაბამისად, როგორც მოსარჩელის ნ----- მ----–----–--ის, ასევე მოპასუხის კუთვნილ ბინებში, საძინებელი ოთახების კედლის დაზიანების გამომწვევი მიზეზები შესაძლებელია იყოს მოპასუხის თ------ ტ-------–--ის საკუთრებაში არსებულ ბინაში (ბინა N--) დამატებით მოწყობილი სააბაზანო ოთახის შიდა წყალგაყვანილობის ან კანალიზაციის სისტემის მილის ან სხვა კომუნიკაციის დაზიანება, რაც პერიოდულად წარმოქმნის გარეგან სისველეს და აზიანებს როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის საძინებელი ოთახის კედელს, ორივე მხრიდან, ასევე შესაძლებელია იყოს მოპასუხის კუთვნილ სააბაზანო ოთახში დაგროვილი ორთქლისაგან და ტემპერატურული ცვლილებისაგან გამოწვეული კონდესატის არსებობა, ვინაიდან მოსარჩელის საძინებელი ოთახის კედლის ის ადგილი, რა ადგილზეც აღინიშნება სინესტისათვის დამახასიათებელი დაზიანებები, მოპასუხის მხრიდან არის შემდგომში მოშენებული სააბაზანო ოთახის კედელი.

 

ამასთან, ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის, მოსარჩელის ნ----- მ----–----–--ის საკუთრებაში არსებულ ბინაში (ბინა N-) განთავსებულ საპირფარეშო ოთახის ცენტრალური (ვერტიკალური დაშვების) საკანალიზაციო მილის კორობი (ე.წ შახტა) იყო ნაწილობრივ დემონტირებული (გაშიშვლებული), საიდანაც აღნიშნულ ცენტრალურ საკანალიზაციო მილზე რაიმე სახის დაზიანება არ დაფიქსირდა, რომელიც გამოიწვევდა მილის გარე ზედაპირის წყლით დასველებას.

 

ვინაიდან, ზემოთაღნიშნული დაზიანება ფარულია და სავარაუდოდ დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელი (წყლის თუ კანალიზაციის) განთავსებულია კედელში, ხოლო ექსპერტიზის ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული მილისათვის და კედლის გაშიშვლებისათვის საწარმოებელი სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარების თვალსაზრისით, მილის ან სხვა კომუნიკაციის დაზიანების მონაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა, მოსარჩელის თ------ ტ-------–--ის საკუთრებაში არსებული სააბაზანო ოთახის კედელზე მოწყობილი კაფელის ფილების დემონტაჟის გარეშე, ექსპერტიზისათვის ტექნიკურად შეუძლებელია.

 

ასევე, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით არის თუ არა დამონტაჟებული მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ბინაში განთავსებული სააბაზანო ოთახის სველი წერტილები და მილები, აღნიშნულზეც ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან წყალ-კანალიზაციის შიდა (ფარული) საკომუნიკაციო სისტემის მოწყობას სჭირდება შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებები, ხოლო აღნიშნული საპროექტო გადაწყვეტილებების არსებობა ექსპერტიზისათვის უცნობია. ვინაიდან აღნიშნული ქონება წარმოადგენს კერძო საკუთრებას და ხშირ შემთხვევაში ბინის მესაკუთრეთა მხრიდან ხდება ხოლმე რიგი სამშენებლო სამუშაოების წარმოება შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის და რეგულაციების გათვალისწინების გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 156-168)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე,170-ე, 174-ე მუხლი

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ სამართალდარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.

 

საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისათვის შესაფასებელია არსებობს თუ არა ზიანი და იგი გამოწვეულია თუ არა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლწინააღმდეგობა გამოწვეული თუ არა მოპასუხის განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.

 

საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის N0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ე.ბ-–---–---–ის N--ში პირველ სართულზე განლაგებული N- ბინის საძინებელი კედლების დასველების მიზეზი არის მეზობლის თ------ ტ-------–--ის საკუთრებაში არსებული N-- ბინის სველი წერტილიდან შემოსული სინესტე (ექსპერტი გ--------------).

 

ამავე ექსეპრტიზის ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის დასკვნის თანახმად, ადგილზე მისულ ექსპერტს გამოსაკვლევი ობიექტი კვლავ დანესტილი დახვდა, რის გამოც ექსპერტმა დასკვნაში მიუთითა, რომ ამჯამადაც მიმდინარეობდა მოსარჩელს საკუთრებაში არსებული ფართში „წყლის გაჟონვის პროცესი“ (ექსპერტი ბ-------------------ე). მან ასევე მიუთითა, რომ თავად მოპასუხის საძინებელი ოთახის კედელიც კი იყო დანესტილი, რომელიც ემიჯნებოდა დამატებით მოწყობილ სააბაზანო ოთახს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ „დამატებით“ იყო მოწყობილი სააბაზანო ოთახი ანუ იგი არ იყო თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული და შემდეგ იქნა გაკეთებული, ამასთან არა თუ სადავო პერიოდზე ანუ 2017 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ანუ იმ დროს, როდესაც სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი, არამედ 2018 წლის ივნისის თვის მდგომარეობითაც კი გრძელდებოდა წყლის ჟონვის ფაქტი. ასევე აღსანიშნავია, რომ თავად მოპასუხის საკუთრებაც კი დაზიანდა ჟონვის გამო, რომელიც არათუ არ ემიჯნება უშუალოდ მოსარჩელის საკუთრებას, არამედ რომც ემიჯნებოდეს არის საძინებელი ოთახის მომიჯნავედ, რაც გამორიცხავს მილების არსებობას მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართში თავად ოთახის ფუნქციიდან გამომდინარე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ფოტომასალით, არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში მილების განლაგების ფაქტი, შესაბამისად, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია, რომ წყლის ჟონვა და სინესტე სწორედ მოპასუხის საკუთრებიდან არის გამომავალი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში არ წარმოდგენილა. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარე შეეცადა აეხსნა ის გარემოება, რომ დამატებითი აბაზანის მოწყობა არ იყო მის მიერ განხორცილებეული, ასევე მის საკუთრებაში არსებული „წყლის ჟონვის დაზიანება“ (და არა სხვა რაიმე სახის დაზიანება) არ იყო დაკავშირებული მისსავე დამატებით მოწყობილ აბაზანასთან დაკავშირებული. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან წარმოდგენილი არ ყოფილა მხარის ახსნა-განმარტების დამადასტურებელი, თუნდაც ირიბი სახის მტკიცებულება.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ექსპერტიზის დასკვნის იმ მომენტზე, როდესაც ექსპერტი უთითებს, რომ დაზიანება ასევე შესაძლებელია წარმოშობილი ყოფილიყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული დამატებით მოწყობილი სააბაზანო ოთახის ორთქლის კონდესატიდან. ამდენად, მიუხედავად იმისა დაზიანება წარმოშობილი იქნება წყლის გაჟონვით თუ კონდესატით, ან ორივე მათგანით ერთდროულად, შესაბამისად, აღნიშნულზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა მოპასუხე მხარე.

 

გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სწორედ მოპასუხის მიერ არ განხორციელდა რა მილების გაშიშვლება, რაც ექსპერტს საშუალებას მისცემდა განეხორციელებინა დასკვნა კედლის შიგნით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეს იმ დრო, როდესაც მოსარჩელის მიერ მოშიშვლებული იქნა მილი, რა დროსაც დადგინდა, რომ მისგან წყალი არ ჟონავდა.

 

კიდევე რთი დასკვნა, რომელსაც სასამართლო შეაფასებს, არის 2018 წლის 29 იანვრის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ საძინებელი კედლების დასველების მიზეზი შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული სააბაზანო ოთახიდან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამასთან, მიხედევად იმისა, რომ აღნიშნულ დასკვნაში სავარაუდო მითითებაა მოპასუხის საკუთრებიდან გამომავალ დაზიანებაზე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის შედეგად სასამარტლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზიანი სწორედ მოპასუხის საკუთრებიდან და მისი ქმედებიდან გამომდინარეობს, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ა--------------–--------------–ის’’ 2017 წლის 14 აგვისტოს N1--------- დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ე. ბ-–---–---–ის ქ. N-, N--ში არსებულ ბინაში მთლიანი ზიანის ღირებულება შეადგენს 1491 ლარს, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში არ წარმოდგენილა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ზიანის გამომწვევი მიზეზებსა და კონკრეტულ ოდენობას ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ექსპერტიზის დასკვნები, შეფასების აქტი) მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი და ოდენობა არის განსხვავებული.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება გარდა ახსნა-განმარტებისა მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუზველზე, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. მესაკუთრენი მოვალენი არიან ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნონ და იმდაგვარად გამოიყენონ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონება, აგრეთვე საერთო საკუთრება, რომ ამით არ შელახონ მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესი და არ მიადგეთ ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის უძრავი ქონება (მდებარე ქ.თბილისში, ე, ბ-–---–---–ის ქ. N--ში ერთმანეთის მეზობლადაა განლაგებული, კერძოდ, ბინა N-- და ბინა N-, აღნიშნულ ბინებს აქვთ ერთი საერთო კედელი. მოსარჩელის ბინა მდებარეობს პირველ სართულზე, ისევე როგორც მის მომიჯნავედ ასევე პირველ სართულზე მდებარეობს მოპასუხის უძრავი ქონებაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ უფლებას. მას საქართველოს კანონმდებლობა განსაკუთრებულად იცავს. აღნიშნული უფლების დაცვის მარეგულირებელი ნორმები მოცემულია სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლში, სადაც მითითებულია, რომ მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ქონებას. არავის არ აქვს უფლება სხვა პირის ქონებაზე მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედებისა. მოსარჩელე, მოპასუხის ქმედებას მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს იმ არგუმენტით, რომ მოპასუხემ მისი კუთვნილ ბინაში გამავალი წყლის მილიდან გამონაჟონი წყლით დააზიანა მოსარჩელის ქონება. სასამართლომ, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით შეგროვილი მტკიცებულებები გაანალიზა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანების მიზეზია მოპასუხის უმოქმედობა, ვინაიდან მოპასუხემ სათანადოდ არ მოუარა წყალგაყვანილობის სისტემას, წყლის სარგებლობისას არ გამოიჩინა სიფრთხილე, რის შედეგადაც წყალმა დააზიანა მოსარჩელის ბინა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მოქმედებდა რა მართლსაწინააღმდეგოდ, რა დროსაც დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის ზიანის ოდენობა შეადგენს 1491 ლარს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია თანხის 1491 ლარის დაკისრება, შესაბამისად, ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 50 ლარს, რაც გადახდილია მოსარჩელის მიერ.

 

წარმოდგენილი ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ----- მ----–----–--ემ გასწია შემდეგი ხარჯი, კერძოდ: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის N5--------- ექსპერტიზის დასკვნის ხარჯი - 100 ლარი, ფაქტების კონსტატაციის ხარჯი - 102 ლარი, შპს ,,ა--------------–--------------–ის’’ მომსახურეობის - 150 ლარი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის N5--------- ექსპერტიზის დასკვნის ხარჯი 100 ლარის ოდენობით, ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯი 250 ლარის ოდენობით(ტ.1, ს.ფ. 21; 44-45; 117; 120; ტ.2 ს.ფ.13-15).

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა, მასვე უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება, კერძოდ: ექსპერტიზის ხარჯი 100+100=200 ლარი, ფაქტების კონსტატაციის ხარჯი - 102 ლარი, შპს ,,ა--------------–--------------–ის’’ მომსახურეობის ხარჯი - 150 ლარის ოდენობით, ასევე ექსეპრტიზის ხარჯი 50 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საადვოკატო მომსახურების ხარჯი 250 ლარის ოდენობით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია თანხის 1491 ლარის დაკისრება, რომლის 4% შეადგენს - 59 ლარს, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოაპსუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ნ----- მ----–----–--ის სარჩელი მოპასუხე მ--- კ-------–--ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1. მოპასუხე მ--- კ-------–--ეს მოსარჩელე ნ----- მ----–----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 1491 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე მ--- კ-------–--ეს მოსარჩელე ნ----- მ----–----–--ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე მ--- კ-------–--ეს მოსარჩელე ნ----- მ----–----–--ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯების - ექსპერტიზის ხარჯის - 200 ლარის, ფაქტების კონსტატაციის ხარჯის - 102 ლარის, შპს ,,ა--------------–--------------–ის’’ მომსახურეობის ხარჯის - 150 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე მ--- კ-------–--ეს მოსარჩელე ნ----- მ----–----–--ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილი - 59 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 09 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდ: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდ: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე