განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4850-18
(№------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
7 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ნატო დანელია, ანნა ქოჩიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------–---, თ---------------
სტაჟიორ-პროკურორი - თ------------–---–-
დაცვის მხარე:
ადვოკატი - დ-----------------–---–-
ბრალდებული - მ---------------–---–-, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანანო შეღწევით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ---------------–---–-- გამოძიებისთვის დაუდგენელ პირთან ერთად, სახრახნისის მსგავსი ნივთის გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ლ--–-----------–----------------------------------------------–-, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა “juliun” და “UNIQ” ფირმის მაჯის საათებს, 2 ცალ ბეჭედს, 2 ცალ ოქროს ჯვარს, 1 ცალ ოქროს კულონსა და სხვადასხვა სახეობის ბიჟუტერიულ სამკაულებს. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ გ----------–-–---–- მიადგა 980 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ---------------–---–-- გამოძიებისთვის დაუდგენელ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ლ--–-----------–---------------------------------------------–-, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა სამკაულებსა და აქსესუარებს. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ გ----------–-–---–- მიადგა 980 ლარის ქონებრივი ზიანი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული უ--------–-–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს პირადი საქმის გამო მოუწია სახლიდან (მდებარე: ქ. თბილისში, ლ--–-----------–----------------------------------------------–-) გასვლა, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სტუმრები უნდა მისულიყვნენ მასთან, სახლის გასაღები დატოვა მეზობელთან და მეგობარს - თ-------–---–------ სთხოვა მის მაგივრად დახვედროდა სტუმრებს სახლში. იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი მივიდა მოწმის საცხოვრებელ სახლში, შენიშნა, რომ სახლის კარი იყო ღია, რა დროსაც დაურეკა მას და უთხრა, თუ როგორ დაინახა მისი სახლიდან გამოსული ორი პირი. მოწმის განმარტებით, იგი სასწრაფოდ მივიდა სახლში, მალევე მივიდა საპატრულო პოლიციაც.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული თ-------–---–------- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, შუადღის საათებში დაუკავშირდა მეგობარი უ--------–-–---–-, რომელმაც უთხრა, რომ ნათესავი უნდა მისულიყო სტუმრად, თავად ვერ ახერხებდა დროულად მისვლას და სთხოვა მის მაგივრად დახვედროდა სტუმარს სახლში. ამასთან, განუმარტა, რომ სახლის გასაღები დატოვებული ჰქონდა მეზობელთან. მოწმის გადმოცემით, მას შემდეგ, რაც გამოართვა მეზობელს გასაღები და მივიდა მეგობრის სახლთან, დაინახა ღია კარი, რა დროსაც უმალვე დაურეკა უ--------–-–---–- და ჰკითხა, ღია ხომ არ დარჩა კარი, რაზეც ამ უკანასკნელმა უარყოფითად უპასუხა. მას პარალელურ რეჟიმში სახლიდან ხმაური ესმოდა. ამ დროს უეცრად სახლიდან გამოვიდა ორი პირი, რომლებიც მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად. კერძოდ, ერთმა მათგანმა შეაფერხა მოწმე რამდენიმე წამის განმავლობაში, შემდეგ კი გაიქცა. იგი გაეკიდა, თუმცა მათი შეპყრობა ვერ შეძლო. მოწმემ დაადასტურა, რომ ამ პერიოდში მან შეძლო ერთ-ერთი დამნაშავის ვიზუალური შეთვალიერება, რომელიც მოგვიანებით ამოიცნო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის დროს. ამოცნობილი მამაკაცი და სასამართლო დარბაზში მყოფი ბრალდებული მ---------------–---–-, არის ერთი და იგივე პირი.
3.4. პირის ამოცნობის ოქმით (13.09.2018) დგინდება, რომ თ-------–---–------- ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მ---------------–---–-. ამომცნობმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო საშუალო სიმაღლით, სუსტი აღნაგობით, მოგრძო ფორმის სწორი ცხვირით, სწორი წარბებით, მელოტი თავით, თხელი ტუჩებით და ზოგადი იერით.
3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ----------–-–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ლ--–-----------–----------------------------------------------–-. 2018 წლის 12 სექტემბერს, შვილიშვილს გაჰყვა საავადმყოფოში, რა დროსაც მისი ვაჟისგან - უ--------–-–---–--გან შეიტყო საკუთარი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის თაობაზე. მისი თქმით, სახლში მისულ თ-------–---–------ კარი დახვდა ღია, საიდანაც გამოვიდა ორი პირი, თუმცა მათი შეპყრობა ვერ შეძლო. თავად, სახლში მისულს დახვდა მისი შვილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მოწმემ დაადასტურა, რომ ქურდობის შედეგად დამნაშავეებმა წაიღეს ორი ოქროს ყელსაბამი თავისი ჯვრებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ ნაჩუქარი საათი და სხვადასხვა სახით ბიჟუტერია. საერთო ჯამში მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 980 ლარი. მანვე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სიწორე.
3.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (12.09.2018) დგინდება, რომ დაზარალებულ გ----------–-–---–-- მონაწილეობით დათვალიერდა ქ. თბილისში, ლ--–-----------–-----------------------------------------–- არსებული ბინა, რომლის შესასვლელი კარის საკეტს ეტყობა დაზიანების კვალი. სახლის მისაღებ ოთახში განთავსებულია სარკიანი კომოდი, რომლის უჯრებიც არის ღია და მათში შეინიშნება არეულობა. გ----------–-–---–-- მითითებით, ის და მისი ოჯახის წევრები სარკიანი კომოდის შუა უჯრაში ინახავდნენ “juliun” ფირმის მაჯის საათს, ვერხცლისფერ და ოქროსფერ ბეჭედებს გამჭირვალე თვლებით, ორ ცალ ოქროს ჯვარს და ყელსაბამს, ერთ ცალ ოთხკუთხედი ფორმის ოქროს კულონს. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ნივთები არის მოპარული. გარდა აღნიშნული ნივთებისა, გ----------–-–---–-- მიუთითა, რომ მოპარულია კომოდის ზედაპირზე არსებული ე.წ. „სტატუეტი“. კომოდის წინ იატაკზე მიმოფანტულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ასევე დათვალიერდა ბინაში არსებული ტანსაცმლის კარადა, რომელიც არის ღია და მასში შეინიშნება არეულობა. კარადის წინ არსებულ ლოგინზე არეულად ყრია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და აქსესუარები. საძინებლის კარადის დათვალიერებისას გ----------–-–---–-- მიუთითა, რომ მოპარული იყო “UNIQ” ფირმის მაჯის საათი და სხვადასხვა სამკაულები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა სუნის ნიმუშები და ნივთიერი მტკიცებულებები.
3.6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტებმა: გ-----------–--------, კ------------- და ვ----–---–------.
3.7. ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ლ--–-----------–--------------------------------------------------, კერძოდ, ბინის საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ იატაკის ზედაპირიდან და მისაღებ ოთახში სარკიანი კომოდის წინ ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ მ---------------–---–-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.
3.8. ზემოაღნიშნული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ-------------------.
3.9. მ---------------–---–-ს მფლობელობაში არსებული ა/მანქანის ჩხრეკის ოქმით (13.09.2018) დგინდება, რომ ერთი ცალი მრგვალი მოვერცხლისფრო ბურთულებიანი მძივი, ერთი ცალი სამაჯური მოვერცხლისფრო მრგვალი ფირფიტებით გაწყობილი, ერთი ცალი მარგალიტისმაგვარი სხვადასხვა ფორმის მოთეთრო ქვებით გაწყობილი მძივი, ერთი ცალი შავი გიშრისმაგვარი წახნაგებიანი ქვებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი გამჭვირვალე და მოყავისფრო ქვებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი შავი ხის მოგრძო ფორმის და მოვერცხლისფრო სხვადასხვა ფორმის დეტალებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი ღია ფერის ხის დეტალებით და მუქი ფერის ქვის დეტალებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი ლითონის მასალისგან დამზადებული შავი ქვებისგან გაწყობილი ყელსაბამის ნაწყვეტი, ერთი ცალი გულის ფორმის დასადგამი, რომელშიც ზის ანგელოზის ფორმის დეტალი, რომელსაც ფრთები გაფორმებული აქვს გამჭვირვალე ქვებით.
3.10. ნივთის ამოცნობის ოქმებით (05.10.2018) დგინდება, რომ გ----------–-–---–- მსგავს საგნებთან ერთად ამოსაცნობად წარედგინა მ---------------–---–-ს მფლობელობაში არსებული ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები (იხ. პუნქტი 3.9.), რა დროსაც მან ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ყველა მათგანი.
3.11. ამოღების ოქმით (13.09.2018) დგინდება, რომ მ---------------–---–-სგან ამოიღეს მისი კუთვნილი ტანსაცმელი: ჯინსის შარვალი და მაისური.
3.12. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ გამომძიებლები: მ--–--------------, კ---------–---–-, ს--–----------–--–---–-, ი-----–----------, დ------------–---–-, რომლებმაც დაადასტურეს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.
3.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული მ---------------–---–-, რომელმაც თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, იგი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა და რომ მასთან, როგორც ძველ ნაცნობთან, გამომძიებელ დ------------–---–- აქვს პირადი ინტერესი. აღნიშნული გამოიხატება იმ დანაშაულის დაბრალებაში, რაც რეალურად არ ჩაუდენია. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის დაწყებამდე, ამომცნობს (თ-------–---–------) შეახედეს იმ ოთახში, სადაც თავად იმყოფებოდა, რითაც მიანიშნეს მასზე, როგორც სავარაუდო დამნაშავეზე. მიუხედავად აღნიშნულისა თ-------–---–------ ამოცნობის დროს მასზე არ მიუთითებია. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ინფორმაცია დღემდე არ გაუმჟღავნებია.
3.14. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირისა და სხვა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, სანდოობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ---------------–---–-ს დამნაშავედ ცნობისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.15. სასამართლო უპირველესად მიმოიხილავს დანაშაულებრივი ფაქტის უშუალო შემსწრე პირის - თ-------–---–------- ჩვენებას, რომელიც თავის მხრივ არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრილი. კერძოდ, აღნიშნულმა მოწმემ დეტალურად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები და ახსნა ის ფაქტი, თუ რამ განაპირობა მისი მისვლა შემთხვევის ადგილზე. თ-------–---–------- ჩვენებიდან განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ, მიუხედავად დამნაშავეთა სწრაფი მოქმედებისა და გაქცევისა, მან შეძლო ერთ-ერთი დამნაშავის ვიზუალური შეთვალიერება და მისი გარეგნული მახასიათებლების დამახსოვრება. მან მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობის დროს ამოიცნო ბრალდებული მ---------------–---–-. უფრო მეტიც, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვის დროს, განმარტა, რომ სასამართლო დარბაზში მყოფი ბრალდებული და მის მიერ ამოცნობილი მამაკაცი იყო ერთი და იგივე პირი. რაც შეეხება, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულ მ---------------–---–-ს აპელირებას, რომ მისი ამოცნობის დაწყებამდე თ-------–---–------ შეახედეს იმ ოთახში, სადაც ბრალდებული იყო, არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე დაკითხული თ-------–---–------- მიმართ, აღნიშნული ფაქტის თაობაზე დაცვის მხარის მხრიდან შეკითხვაც არ დასმულა. სასამართლო განმარტავს, რომ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალმდებლის მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც, მ---------------–---–- არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მის მიერ განვითარებული ვერსია უდანაშაულობის თაობაზე და დაუსაბუთებელი ზეპირსიტყვიერი ვარაუდი ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მისთვის ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას.
3.16. სასამართლო განმარტავს, რომ თ-------–---–------- ჩვენებას მეტ სანდოობას სძენს მისი თანხვედრა მოწმე უ--------–-–---–-- ჩვენებასთან. ამ უკანასკნელმა თავის ჩვენებაში, დაზუსტებით განმარტა, თუ როგორ დაურეკა მას თ-------–---–------- და როგორ ჰკითხა სახლის კარი ღია ჰქონდა თუ არა. სწორედ ამ დროს გამოიქცნენ სახლიდან დამნაშავე პირები.
3.17. მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისას სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც დეტალურად აღწერს გ----------–-–---–-- მფლობელობაში არსებულ ბინაში ქურდობისთვის დამახასიათებელ არეულობას (კომოდისა და სათავსოების უჯრები იყო ღია, საწოლსა და იატაკზე მიმოფანტული იყო სხვადასხვა ნივთები). ამავე ოქმში დაზარალებული სრული სიზუსტით აღწერს თუ რა ნივთები იყო წაღებული ქურდობის შედეგად. საგულისხმოა, რომ დაზარალებულ გ----------–-–---–-- მიერ აღწერილ ნივთთა ნაწილი, ამოღებულ იქნა მ---------------–---–-ს მფლობელობაში არსებული ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად, რაც დაზარალებულმა ამოიცნო მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობის დროს.
3.18. სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის უდანაშაულობის საპირისპიროდ მეტყველებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ლ--–-----------–--------------------------------------------------, კერძოდ, ბინის საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ იატაკის ზედაპირიდან და მისაღებ ოთახში სარკიანი კომოდის წინ ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ მ---------------–---–-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე დატოვებული ბიოლოგიური კვალი არის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რადგან აღნიშნულ ადგილზე ამ კვალის დატოვების სხვა ვერსია, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
3.19. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, მ---------------–---–-ს მიერ ქურდობის ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე მსჯელობისას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, მართალია საქმეში წარმოდგენილი არ არის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რაც ზუსტად განსაზღვრავდა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ექსპერტიზის დასკვნის არ არსებობის ობიექტური მიზეზი - ნივთიერ მტკიცებულებათა ნაწილის აღმოუჩენლობა. ამგვარ შემთხვევებში, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაზარალებულის ჩვენება: „იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის საგანი, რომელიც მიისაკუთრა დამნაშავემ, აღმოჩენილი არ არის, ზიანის მოცულობა განისაზღვრება საქმეში არსებული არაპირდაპირი მტკიცებულებებით, რომლებიც უნდა შეფასდეს ერთობლივად. მოცემულ შემთხვევაშიც, არსებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ზიანის მოცულობა უნდა განისაზღვროს დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, ამ ჩვენების საქმის სხვა გარემოებებთან შეჯერების გზით.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის №736აპ-10 გადაწყვეტილება). განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, დაზარალებულმა განამრტა, რომ მ---------------–---–-სა და მისი თანამზრახველის ქმედების შედეგად, მიადგა 980 ლარის მატერიალური ზიანი, რაც აღემატება კანონით დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს. დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას კიდევ უფრო ამყარებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რა დროსაც იგი სრული სიზუსტით აღწერდა, თუ რა ნივთები იქნა წაღებული ქურდობის შედეგად.
4.3. ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს - ქურდობა ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. სასამართლო განმარტავს, რომ ბინად მოიაზრება შენობა-ნაგებობა, რომელიც ადამიანთა საცხოვრებლად არის გამიზნული, ხოლო შეღწევა ბინაში უკანონოა თუ იგი ხორციელდება იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ თ-------–---–-------, უ--------–-–---–--, გ----------–-–---–--, ექსპერტ-კრიმინალისტების და სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, უტყუარად დადგენილია, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს მ---------------–---–-- თანამზრახველთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია გ----------–-–---–-- საცხოვრებელ სახლში.
4.4. სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს ბრალდებულისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქურდობას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლში, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულსა და მის თანამზრახველს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა დასტურდება, თ-------–---–------- (ფაქტის უშუალო შემსწრე პირის) ჩვენებით.
4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ მ---------------–---–-ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს მ---------------–---–- მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში შეზღუდულია არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნით, რადგან ხსენებული მუხლი უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5.4. სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს მ---------------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული ფარულად, ბინაში უკანონოდ შეღწევის გზით დაეუფლა სხვის საკუთრებას), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილსა და მისწრაფებას ჩაედინა დანაშაული), დამდგარ შედეგს (გ----------–-–---–-- განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დაუფლებოდა სხვის პირად ნივთებს), აგრეთვე მის პირად პირობებს (ჰყავს ორი შვილი) და მიიჩნევს, რომ მას სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---------------–---–-სთვის შერჩეული სასჯელი, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ასევე აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· მ---------------–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· მ---------------–---–-ს ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული: ერთი ცალი მრგვალი მოვერცხლისფრო ბურთულებიანი მძივი, ერთი ცალი სამაჯური მოვერცხლისფრო მრგვალი ფირფიტებით გაწყობილი, ერთი ცალი მარგალიტისმაგვარი სხვადასხვა ფორმის მოთეთრო ქვებით გაწყობილი მძივი, ერთი ცალი შავი გიშრისმაგვარი წახნაგებიანი ქვებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი გამჭვირვალე და მოყავისფრო ქვებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი ღია ფერის ხის დეტალებით და მუქი ფერის ქვის დეტალებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი ლითონის მასალისგან დამზადებული შავი ქვებისგან გაწყობილი ყელსაბამის ნაწყვეტი, ერთი ცალი გულის ფორმის დასადგამი, რომელშიც ზის ანგელოზის ფორმის დეტალი, რომელსაც ფრთები გაფორმებული აქვს გამჭვირვალე ქვებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· მ---------------–---–-სგან აღებული სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში და ხელის კვლების ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.2. განსახილველი სისხლის სამართლის №------------ საქმიდან დაუდგენელი პირის მიმართ გამოყოფილ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას გადაწყდეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული: ანაწმენდების, სუნის კვლების ნიმუშის, შესასვლელი კარის საკეტის გულის ფრაგმენტის, შესასვლელი კარის საკეტის დეტალისა და ჩანთის ბედი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ---------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მ---------------–---–- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 სექტემბრიდან.
მ---------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
· მ---------------–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· მ---------------–---–-ს ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული: ერთი ცალი მრგვალი მოვერცხლისფრო ბურთულებიანი მძივი, ერთი ცალი სამაჯური მოვერცხლისფრო მრგვალი ფირფიტებით გაწყობილი, ერთი ცალი მარგალიტისმაგვარი სხვადასხვა ფორმის მოთეთრო ქვებით გაწყობილი მძივი, ერთი ცალი შავი გიშრისმაგვარი წახნაგებიანი ქვებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი გამჭვირვალე და მოყავისფრო ქვებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი ღია ფერის ხის დეტალებით და მუქი ფერის ქვის დეტალებისგან აწყობილი ყელსაბამი, ერთი ცალი ლითონის მასალისგან დამზადებული შავი ქვებისგან გაწყობილი ყელსაბამის ნაწყვეტი, ერთი ცალი გულის ფორმის დასადგამი, რომელშიც ზის ანგელოზის ფორმის დეტალი, რომელსაც ფრთები გაფორმებული აქვს გამჭვირვალე ქვებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· მ---------------–---–-სგან აღებული სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში და ხელის კვლების ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი