გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/5237-17 27 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - ს-------------------ი
წარმომადგენლი - მ-----------–---–ი
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები - ს---–-----------ე, ბ---------------ე
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური
წარმომადგენლი - ს---–-----------ე
მესამე პირები - ა---------–--–----–---–ი, ვ-–---------–---–ი
მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჩ----------ი“
წარმომადგენლი - თ----------–---–---–ი (თავმჯდომარე)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 იანვრის N2------ ბრძანება და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 4 ივლისის N1----- ბრძანება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. ვ-–---------–---–ი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით;
3.2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჩ----------ის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ქალაქ თბილისში, ა------ის ქუჩა N6-ში მდებარე, N01.17.07.018.0-- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება ს-------------------ის საკუთრებას წარმოადგენს, მისი მომიჯნავე, N01.---0--018.0-- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება (მისამართი თბილისი, ვ---------ის მე-2 მ/რ, კორპუსი N14) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჩ----------ის“ საკუთრებაშია, ხოლო N01.---0--018.0--.09.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება - N9 შენობა (ავტოფარეხი) ა---------–--–----–---–ს ეკუთვნის.
მტკიცებულება: ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 27-28, 129, 128, 141), ორთოფოტო (ს.ფ. 143).
4.2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 15 იანვრის N1------ ბრძანებით ქალაქ თბილისში, ვ---------ის II მ/რ-ში მდებარე N14 კორპუსის მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებული გეგმა დადგინდა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ესკიზის შესაბამისად.
მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 15 იანვრის N1------ ბრძანება (ს.ფ. 126-127); მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა (ს.ფ. 138).
4.3. 2015 წლის 22 დეკემბერს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ა---------–--–----–---–მა №AR1------ განცხადების მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ვ---------ის II მ/რ-ში მდებარე N14 კორპუსისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება მოითხოვა.
მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 იანვრის N2------ ბრძანება (ს.ფ. 16-17); ესკიზური გეგმა (ს.ფ. 142).
4.4. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 იანვრის N2------ ბრძანებით ა---------–--–----–---–ის №AR1------ განცხადება დაკმაყოფილდა, ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვ---------ის II მ/რ-ში მდებარე N14 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2014 წლის 15 იანვარს მომზადებული მიწის ნაკვეთის გეგმაში (2752.00 კვ.მ) ცვლილება შევიდა და მას სტატუსი შეუსაბამო (უწყვეტი წითელი ხაზი) მიენიჭა. ამავე ბრძანებით მიწის ნაკვეთის საზღვრების ,,პერსპექტიული განვითარების“ გეგმა (წყვეტილი მწვანე ხაზი) დადგინდა.
მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 06 იანვრის N2------ ბრძანება (ს.ფ. 16-17); კორექტირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა (ს.ფ. 85, 140, 153).
4.5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჩ----------ის“ მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 10 თებერვლის N8------------03 გადაწყვეტილებით, N01.---0--0---0-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები დარეგისტრირდა.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 10 თებერვლის N8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 12); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჩ----------ის“ 2016 წლის 4 თებერვლის კრების ოქმი (ს.ფ. 13); მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 118-119), საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 171).
4.6. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 თებერვლის N2------ ბრძანებით ვ-–---------–---–ის №AR4------ განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვ---------ის II მ/რ-ში N14 კორპუსის წითელ ხაზებში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.---0--0---0--) ავტოფარეხის განთავსებაზე თანხმობა გაიცა.
მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 თებერვლის N2------ ბრძანება (ს.ფ. 150-151); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჩ----------ის“ 2016 წლის 14 თებერვლის კრების ოქმი (ს.ფ. 163-164); ფორტომონტაჯი (ს.ფ. 170), საკადასტრო გეგმა (ს.ფ.171).
4.7. 2016 წლის 9 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ს-------------------ის წარმომადგენლის მ-----------–---–ის N2-------- ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 იანვრის N2------ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 110-111).
4.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 ივლისის N1----- ბრძანებით ს-------------------ის წარმომადგენლის მ-----------–---–ის 2016 წლის 9 აგვისტოს N2-------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 იანვრის N2------ ბრძანება.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 ივლისის N1----- ბრძანება (ს.ფ. 18-22).
4.9. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 იანვრის N2------ ბრძანების შესაბამისად მომზადებული გეგმის მიხედვით, N01.---0--0---0-- საკადასტრო მიწის ნაკვეთის საზღვრებში დაურეგისტრირებელი ტერიტორია მოექცა მიწის ნაკვეთის საერთო ფართობის უცვლელად (მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმები ცვლილებამდე ცვლილების შემდეგ მდგომარეობით - ს.ფ. 140, 153). ქალაქ თბილისში, ვ---------ის II მ/რ-ში მდებარე N14 კორპუსისთვის მითითებული ბრძანებით დადგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები არ იჭრება მომიჯნავე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და იგი არ მოიცავს საერთო სარგებლობსითვის განკუთვნილ საოგადოებრივ სივრცეს (ესკიზური გეგმა - ს.ფ. 142).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს N261 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი“.
7. სამართლებრივი შეფასება
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 იანვრის N2------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის შესაფასებლად უნდა იქნეს გარკვეული, ამ ბრძანებით ქალაქ თბილისში, ვ---------ის II მ/რ -ში მდებარე N14 კორპუსისთვის დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებისას იყო თუ არა დაცული მოქმედი კანონმდებლობა და ამ აქტის მოქმედებით მოსარჩელეს ადგება თუ არა პირდაპირი და უშუალო ზიანი.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა, ცვლილება და მიკუთვნება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრებთან დაკავშირებული შესაძლო ცვლილებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მითითებული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს N261 დადგენილებით ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი“ დამტკიცდა, რომელიც არეგულირებს დასახლებებში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენისა და დამტკიცების საკითხებს.
მითითებული წესის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის მიწის ნაკვეთის არსებული ან საპროექტო გამყოფი ხაზი, რომელიც ამ ნაკვეთს გამოყოფს საზოგადოებრივი სივრცის ან/და მეზობელი ნაკვეთებისგან (მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი).
ამავე წესის მიხედვით, მრავალბინიანი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრები დგინდება მიწის ნაკვეთების საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე. მიწის ნაკვეთის საზღვრების პროექტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს განაშენიანებული ტერიტორიის რეალური მდგომარეობა და არსებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია (მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები). თუ წარდგენილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და ქალაქგეგმარებითი განვითარების თვალსაზრისით არ შეესაბამება განაშენიანების რეგულირების წესებს, დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის გეგმას ენიჭება შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი კონფიგურაციის გამო. მიწის ნაკვეთისათვის შეუსაბამო სტატუსის მინიჭების შემთხვევაში შესაბამისი სამსახური იმავე მიწის ნაკვეთის გეგმაზე (მწვანე ფერის წყვეტილი ხაზით) ადგენს მიწის ნაკვეთის პერსპექტიული განვითარების გეგმას, რაც წარმოადგენს შეუსაბამო სტატუსის აღმოფხვრის საფუძველს შემდგომი სამშენებლო განვითარებისათვის (მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები).
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობაში შედის: ა) მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების გეგმა (მასშტაბი 1:5--); ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:2000); გ) განმარტებითი ბარათი; დ) ნაკვეთ(ებ)ის მისამართი, ფართობი, შეზღუდვები, გამოყენების სახეობა, ამ წესით გაანგარიშებული ფართობი; ე) უკვე გამიჯნული მოსაზღვრე ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების აღწერილობა; ვ) მიუკუთვნებელი მიწის ნაკვეთ(ებ)ის მახასიათებლები; ზ) არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა; თ) თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი (,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის“ მე-7 მუხლი).
განცხადება მრავალბინიანი სახლების მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების დამტკიცების შესახებ, მოქმედი წესით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების თანდართულ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინება თვითმმართველი ერთეულის მიერ ამისთვის უფლებამოსილ სამსახურს. თვითმმართველი ერთეული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით იხილავს და გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრების დამტკიცების ან აღნიშნულზე უარის თქმის შესახებ (,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის“ მე-8 მუხლი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 იანვრის N2------ ბრძანებით ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვ---------ის II მ/რ-ში მდებარე N14 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2014 წლის 15 იანვარს მომზადებული მიწის ნაკვეთის გეგმაში (2752.00 კვ.მ) ცვლილება შევიდა და მას სტატუსი შეუსაბამო (უწყვეტი წითელი ხაზი) მიენიჭა. ამავე მიწის ნაკვეთის საზღვრების ,,პერსპექტიული განვითარების“ გეგმა (წყვეტილი მწვანე ხაზი) დადგინდა. მითითებული აქტის შესაბამისად მომზადებული გეგმის მიხედვით, N01.---0--0---0-- საკადასტრო მიწის ნაკვეთის საზღვრებში დაურეგისტრირებელი ტერიტორია მოექცა, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობის უცვლელად (მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმები ცვლილებამდე ცვლილების შემდეგ მდგომარეობით - ს.ფ. 140, 153). დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ვ---------ის II მ/რ-ში მდებარე N14 კორპუსისთვის სადავო აქტით დადგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები არ იჭრება მომიჯნავე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ესკიზური გეგმა - ს.ფ. 142). მოსარჩელეს არ მიუთითებია არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 იანვრის N2------ ბრძანების გამოცემისას კანონმდებლობის არსებით დარღვევაზე, რაც შეიძლებოდა, მისი ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო. მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტით კორპუსის მიწის ნაკვეთის საზღვრებში მოექცა საერთო სარგებლობის გზა, თუმცა სადავო საზღვრების ამსახველი გეგმის მიხედვით ამგვარი განმარტება შეუსაბამოა არსებულ მდგომარეობასთან (ს.ფ. 142). წარმოდგენილი პრეტენზიების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიუღებელია მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ N01.---0--0---0-- საკადასტრო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავტოფარეხი, თუმცა ავტოფარეხის მშენებლობის სამართლებრივ საფუძველს სადავო აქტი არ წარმოადგენს, არამედ დადგენილია, რომ თბილისში, ისნის რაიონში, ვ---------ის II მ/რ.-ში N14 კორპუსის წითელ ხაზებში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.---0--0---0--) ავტოფარეხის განთავსებაზე თანხმობა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 თებერვლის N2------ ბრძანებით გაიცა, აღნიშნული ბრძანება კი გასაჩივრებული არ ყოფილა.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 ივლისის N1----- ბრძანების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. დასახელებული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 იანვრის N2------ ბრძანებასთან დაკავშირებული დასკვნები მიუთითებს (პუნქტი 7.1).
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს სარჩელის წარდგენის ეტაპზე (ს.ფ. 30-31).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-ე-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს-------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია