გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2019
საქმის ნომერი
330210119002829993
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1680-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 ივლისი, 2019 წ. ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - სს ,,მ---- ე---------------ი“

წარმომადგენელი - გ-----------------–---–ი

მოპასუხე - ნ---- ხ------–---ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ---- ხ------–---ს სს ,,მ---- ე---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელძშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა 4412.93 ლარის, სარგებლის 3631.91 ლარის გადახდა.

 

1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2017 წლის 04 მაისს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გაიცა სესხი 4514 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი აუდი - ა 6, 2.8 ქ.

 

ხელშეკრულების შესაბამისად, 2017 წლის 04 მაისს მოპასუხეს სრულად და ჯეროვნად გადაეცა სესხი 4514 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობიდან გამომდინარე, 2018 წლის 06 სექტემბერს, მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი გაიყიდა 1956 ლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 1956 ლარი სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

 

არსებული მდგომარეობით, მოპასუხეს სს ,,მ---- ე---------------ის“ მიმართ ერიცხება დავალიანება ავტომობილის რეალიზაციამდე სესხზე დარიცხული სარგებელი 2631.68 ლარი და სესხის ძირითადი თანხა 4412.93 ლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან სასამართლოში სარჩელის შეტანის დღემდე გასულია 4 თვე და 16 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 1000.23 ლარს.

2018 წლის 18 ივლისს ავტომობილის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ და მისი მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად რეალიზაციის მიზნით და ამ პროცესში ჩასართავად, მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და ამასთან, აცნობეს, რომ ავტომობილის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი საკრედიტო ვალდებულებების სრულად დასაფარად, შესაბამისად, დავალიანების დარჩენილ ნაწილზე მოპასუხე პასუხს აგებდა მთელი თავისი ქონებით.

 

მსესხებელს 2019 წლის 22 იანვრის მდგომარეობით, სს ,,მ---- ე---------------ის“ წინაშე ერიცხება დავალიანება ჯამში 8044.84 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ---- ხ------–---მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირითადი თანხის 4514 ლარის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ ვინაიდან ხელშეკრულება მოსარჩელის მხრიდან ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი, არ უნდა მოხდეს საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტის ოდენობა არის კაბალური.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 04 მაისს, შპს ,,მ---- ე---------------ს“ და ნ---- ხ------–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე თვეში 5 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გაიცა სესხი 4514 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%-ის ოდენობით, სესხის გაცემის საკომისიო 0 ლარი, გირავნობის რეგისტრაციის საფასური 170 ლარი. კრედიტის ვადა 24 თვე. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი აუდი - A 6, 2.8 Q.

ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი იყო პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა საკრედიტო შეთანხმებით. სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყებოდა მისი მსესხებლისთვის გადაცემის დღიდან და გრძელდებოდა თანხის სრულად დაბრუნებამდე, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა თუ გადაცემიდან რამდენ ხანში მოხერხდებოდა მისი რეალიზაცია.

 

ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოგირავნე ვალდებული იყო გირავნობის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საშუალებით წერილობით გაეფრთხილებინა დამგირავებელი რეალიზაციის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობდა გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე. ამასთან, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ამგვარ გაფრთხილებას გაუთანაბრდებოდა დამგირავებლის მიერ მოგირავნისათვის ავტომობილის ნებაყოფლობით გადაცემისას შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა, რომლითაც დამგირავებელს კიდევ ერთხელ ეცნობებოდა მოგირავნის უფლებამოსილების შესახებ - ორი კვირის შემდეგ უზრუნველეყო ავტომობილის რეალიზაცია.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებდა პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე, იგივე წესი ვრცელდებოდა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშობოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

ხელშეკრულების მე-15 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება უნდა გადაწყვეტილიყო მხარეთა მოლაპარაკების გზით, ხოლო დავის ან/და უთანხმოების მოლაპარაკების გზით მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა განეხილა და გადაეწყვიტა საქართველოს სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 04 მაისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #D---------- (ს.ფ. 17-22);

- საკრედიტო შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 04 მაისს, შპს ,,მ---- ე--------------- +“-ს და ნ---- ხ------–---ს შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ #D----------, რომლის საფუძველზე, შპს ,,მ---- ე--------------- +“-მა ნ---- ხ------–---ს სესხის სახით გადასცა 4 514 ლარი, ყოველთვიური სარგებლის 5%-ს დარიცხვით, 24 თვის ვადით. სესხის გადაცემისთანავე მსესხებელმა გამსესხებელს სრულად და ჯეროვნად გადაუხადა სესხის გაცემის საკომისიო 0 ლარის ოდენობით და აგრეთვე, ხელშეკრულების შესაბამისად გადასცა ავტომობილზე გირავნობის რეგისტრაციისთვის შსს ,,მომსახურების სააგენტოს“ მიერ დადგენილი საფასური 170 ლარის ოდენობით, შესაბამისად მსესხებელზე ხელზე დარჩენილმა თანხამ შეადგინა 4 344 ლარი.

 

სესხი იყო პროცენტიანი და სესხის ყოველთვიურო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 5 %-ს, შესაბამისად წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%-ს, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 84.2%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 24);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. დადგენილია, რომ დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მომენტში (2018 წლის 06 სექტემბერს) მოპასუხე მხარის დავალიანება შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის სახით 4412.93 ლარს, საპროცენტო სარგებელს 2631.68 ლარს და პირგასამტეხლოს სახით 1965 ლარს.

ხოლო, საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ცნობის თანახმად, 2017 წლის 04 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე ნ---- ხ------–---ის დავალიანებამ 2019 წლის 22 იანვრის მდგომარეობით, შეადგინა 8044.84 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22/01/2019 წლის ცნობა (ს.ფ. 41)

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები (მოპასუხე მხარის მიერ დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება სადავო არ გამხდარა, მითითება მოხდა საპროცენტო სარგებლისა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე).

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 08/01/2019 წლის წერილის თანახმად, ნ---- ხ------–---ს წერილობით ეცნობა, რომ 2018 წლის 06 სექტემბერს, სს ,,მ---- ე---------------მა“ უზრუნველყო გირავნობის საგნის - ავტომობილის აუდი - A 6, 2.8 Q რეალიზაცია. მსესხებელს ეცნობა, რომ გირავნობის საგანი შეიძინა ფიზიკურმა პირმა ქ------- დ----ემ 1956 ლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 1956 ლარი - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

 

ვინაიდან, გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის სს ,,მ---- ე---------------ის“ მიმართ მსესხებელს ერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხა 4412.93 ლარი და გირავნობის საგნის რეალიზაციით იგი არ შემცირდა, დღეის მდგომარეობით, სს ,,მ---- ე---------------ის“ მიმართ ნ---- ხ------–---ს ერიცხევა დავალიანება - ავტომობიილის რეალიზაციამდე დარიცხული სარგებელი 2631.68 ლარი და სესხის ძირითადი თანხა 4412.93 ლარი.

 

სს ,,მ---- ე---------------მა“ მსესხებელ ნ---- ხ------–---ს მიმართა წერილობით და გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ უზრუნველყოფდა ზემოაღნიშნული დავალია ნების სრულად დაფარვას 2019 წლის 19 იანვრამდე, სს ,,მ---- ე---------------ი“ იტოვებდა უფლებას, ხელშეკრულების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიემართა სასამართლოსთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 08/01/2019 წლის წერილი (ს.ფ. 37);

- საფოსტო შეტყობინება (ს.ფ. 39);

- ამონარიდი გაზეთიდან (ს.ფ. 25-26)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2018 წლის 01 აგვისტოს შეფასების აქტის თანახმად, ნ---- ხ------–---ის საკუთრებაში არსებული, გირავნობით დატვირთული ავტომობილის ღირებულებამ, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - A------, სახელმწიფო ნომერი - V------, გამოშვების წელი - 2---, 2018 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით, დამრგვალებით შეადგინა 2400 ლარი, ხოლო ლიკვიდური 1900 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 01 აგვისტოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (ს.ფ. 27-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2018 წლის 06 სექტემბერს შპს ,,მ---- ე--------------- +“-ს და ქ------- დ----ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება #D----------, რომლის საფუძველზე შპს ,,MISO ე--------------- +“-მა ქ------- დ----ეს 1956 ლარად მიყიდა გირავნობით დატვირთული ავტომობილი, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - A------, სახელმწიფო ნომერი - V------, გამოშვების წელი - 2---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 06 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება #D---------- (ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგნილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში 60%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას - აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 54-ე, 62-ე, 325-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შპს ''მ---- ე---------------ს'' და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

დადგენილია რომ მხარეებს შპს ,,მ---- ე---------------"-სა და მოპასუხე ნ---- ხ------–---ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე ნ---- ხ------–---მა მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხის 4412.93 ლარის ნაწილში, თუმცა სასამართლო სხდომის განხილვის მთავარ სხდომაზე მიუთითა, რომ სარჩელს აღნიშნულ ნაწილში მხოლოდ იმ პირობით დაეთანხმება თუ ექნება 6 თვიანი ვადა აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად. საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა სესხის ძირითადი თანხის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და აღნიშნული სადავო გარემოება არ გამხდარა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულების მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. შესაბამისად, მოსარჩელე შპს ,,მ---- ე---------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების ძირითადი თანხის 4412.93 ლარის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში 60%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 04 მაისის სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5%-ს დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 5%, რაც წლიური საპროცენტო განაკვეთით მისი დარღვევის შემთხვევაში 60%-ს შეადგენს.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი ნ---- ხ------–---ი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც შპს ,,მ---- ე---------------ი'' მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ''თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე''. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 04 მაისის ხელშეკრულების დებულება (მე-3 პუნქტი), რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს შპს ,,მ---- ე--------------- +''-ის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება.

 

დადგენილია, რომ ნ---- ხ------–---ის მიერ არ მომხდარა ვალდებულების შესრულება. საქმის გარემოებების შესაბამისად, მოპასუხე ნ---- ხ------–---ის კუთვნილი დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციით დაიფარა პირგასამტეხლოს თანხა 1956 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 24%. აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს უკვე გადახდილი საპროცენტო სარგებლის შემცირება. შესაბამისად, სასამართლო თავად მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად საპროცენტო სარგებლის გამოთვლა უნდა მოხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მომენტამდე არსებული პერიოდის მხედველობაში მიღებით. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი იყო პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა საკრედიტო შეთანხმებით. სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყებოდა მისი მსესხებლისთვის გადაცემის დღიდან და გრძელდებოდა თანხის სრულად დაბრუნებამდე, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა თუ გადაცემიდან რამდენ ხანში მოხერხდებოდა მისი რეალიზაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელის გამოთვლა უნდა მოხდეს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან 2017 წლის 04 ივლისიდან დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციამდე 2018 წლის 06 სექტემბერი, რაც ჯამში შეადგენს 14 თვესა და 3 დღეს და მითითებულ პერიოდზე გამოთვლილი (თვიური 2%-ის გათვალისწინებით) სარგებელი შეადგენს 1241.52 ლარს. აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საფუძვლიანია, ხოლო რაც შეეხება რეალიზაციის შემდგომ პერიოდს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო დათქმა აღნიშნული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებას არ ადგენს, რა ნაწილშიც მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 04 მაისის სესხის და გირავნობის ხელშეკრულების მე-15 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის მოხდა პირდაპირი წერილობითი შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულის ნორმის შესაბამისად, ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ---- ხ------–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 169.63 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ნ---- ხ------–---ის (პ/ნ: 0----------) სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი - ,,მერსედეს-ბენც E 350’’, სანომრე ნიშანი - A------, სარეგისტრაციო მოწმობა - B--------, გამოშვების წელი - 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ფერი - რუხი 1/8.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან წარმოდგენილ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქმეზე გამოყენებული სარჩლის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,მ---- ე---------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ნ---- ხ------–---ს სს ,,მ---- ე---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5654.45 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4412.93 ლარი და საპროცენტო სარგებელი - 1241.52 ლარი.

 

3. სს ,,მ---- ე---------------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის სარგებლის სახით 2390.39 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. ნ---- ხ------–---ს სს ,,მ---- ე---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 169.63 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე