გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3125-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე ა-–----------------ი
წარმომადგენელი დ--------------ე
მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი თ------------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 ნოემბრის MES 6------------ გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას და დაუდასტურებს მას 2017 წლის 17 მარტს ა. ზ--------ს სახელზე შპს „თ---–---------–-------------------ის“ მიერ გაცემული TPA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1992 წლის 15 აპრილს, საქართველოს განათლების სამინისტრომ შპს „თ---–-----------------------------–-----------–------------------------ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/08 ლიცენზია. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 08 ნოემბრის №MES 4------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 94-96).
3.1.2. 1998 წელს ა-–----------------ი კონკურსის წესით ჩაირიცხა შპს „თ---–-----------------------------–-----------–------------------------ის“ იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის I კურსზე (ბრძანება №124, 14.09.1998წ).
2000 წელს ა-–----------------ი ამოირიცხა შპს „თ---–-----------------------------–-----------–------------------------ის“ სიიდან სხვა უნივერსიტეტში გადასვლასთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე (ბრძანება №16, 28.11.00წ.).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №566 სასწავლო ბარათი (ს.ფ. 81-83);
3.1.3. 1996 წლის 10 აპრილს, საქართველოს განათლების სამინისტრომ შპს „თ---–---------------------–--------------------ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/405 ლიცენზია. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 08 ნოემბრის №MES 4------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 94-96).
3.1.4. 2000 წელს ა-–----------------ი გადაყვანის წესით (თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო ი----------------) ჩაირიცხა შპს „დ--------------–--------------------ის“ იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსზე (ბრძანება №14, 10.11.2000წ.). ა-–----------------ის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენდა ორ სასწავლო წელს: მესამე კურსი 2000-2001წ.; მე-4 კურსი 2001წ.-2002წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „დ--------------–--------------------ის“ 2018 წლის 08 ოქტომბრის №02/13 ცნობა (ს.ფ. 57).
3.1.5. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 1995 წლის 22 ივნისს №01-17-08/658 ლიცენზიით ნება დართო დამფუძნებელთა ჯგუფს, რეგისტრაციაში გაეტარებინათ თ---–---------–-------------------ა, როგორც არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებელი. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის 1995 წლის 17 აგვისტოს დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „ს-------“ (რეგისტრაციის №4/4-64). საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 1999 წლის 22 ივნისს გაცემული №01-17-08/658 ლიცენზიის მფლობელ სუბიექტად უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „ს-------“. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 აპრილის დადგენილებით კი, შპს „ს-------ს“ ეწოდა შპს „თ---–---------–-------------------ა“.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 15 თებერვლის №1-19/2-- გადაწყვეტილებით, შპს „თ---–---------–-------------------ს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 08 ნოემბრის №MES 4------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 94-96).
3.1.6. 2009 წელს ა-–----------------ი გადაყვანის წესით ჩაირიცხა შპს „თ---–---------–-------------------ის“ ჰუმანიტარული ფაკულტეტის, სამართალმცოდნეობის სპეციალობის IV კურსზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „თ---–---------–-------------------ის“ 2009 წლის 10 სექტემბრის №23/ს ბრძანება (ს.ფ. 56);
- 2018 წლის 20 მარტის №03/03 ცნობა (ს.ფ. 55).
3.1.7. 2011 წლის 17 მარტს, შპს „თ---–---------–-------------------ის“ მიერ ა-–----------------ის სახელზე გაიცა ბაკალავრის დიპლომი TPA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) მასზედ, რომ შპს „თ---–---------–-------------------ის“ ჰუმანიტარული ფაკულტეტის 2010 წლის 12 ივლისის №20 გადაწყვეტილებით ა-–----------------ს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „თ---–---------–-------------------ის“ მიერ 2011 წელს ა-–----------------ის სახელზე გაცემული TPA №0----- ბაკალავრის დიპლომი (ს.ფ. 65-67).
3.1.8. 2018 წლის 10 ოქტომბერს ა-–----------------მა №MES 5------------ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს და შპს „თ---–---------–-------------------ის“ მიერ 2011 წელს მის სახელზე გაცემული TPA №0----- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-–----------------ის 2018 წლის 10 ოქტომბრის №MES 5------------ განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 50-67).
3.1.9. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 08 ნოემბრის №MES 4------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2014 წლის 25 ნოემბერს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს „თ---–---------–---------------------მ“ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ რეჟიმში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 08 ნოემბრის №MES 4------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 94-96).
3.1.10. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 ნოემბრის MES 6------------ გადაწყვეტილებით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის საფუძველზე, ა-–----------------ს უარი ეთქვა ბაკალავრის TPA №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 ნოემბრის MES 6------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 107-111).
3.1.11. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 13 მაისის MES 4------------ წერილის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ელექტრონული ბაზების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ა-–----------------ი მონაწილეობდა 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 13 მაისის MES 4------------ წერილი (ს.ფ. 114).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 ნოემბრის MES 6------------ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში :ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი); მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
6.3. განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შპს „თ---–---------–-------------------ის“ მიერ ა-–----------------ის სახელზე გაცემული TPA №0----- ბაკალავრის დიპლომის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ ვინაიდან საარქივო დოკუმენტაციის თანახმად, ა-–----------------ი შპს „თ---–---------–-------------------აში“ ჩაირიცხა 2009 წელს, არ არსებობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გვერდის ავლით სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი და ამასთან, ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის (2009 წელს მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულგამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და სიებს უგზავნის შესაბამის ფაკულტეტებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ 2009 წლის მდგომარეობით, აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა და შესაბამისად სახელმწიფო ცნობდა და აღიარებდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა განათლებას და კვალიფიკაციას.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2009 წელს ა-–----------------ი გადაყვანის წესით ჩაირიცხა შპს „თ---–---------–-------------------ის“ ჰუმანიტარული ფაკულტეტის, სამართალმცოდნეობის სპეციალობის IV კურსზე, ხოლო 2011 წლის 17 მარტს, შპს „თ---–---------–-------------------ის“ მიერ ა-–----------------ის სახელზე გაიცა ბაკალავრის დიპლომი TPA №0----- (სარეგისტრაციო №0-----) მასზედ, რომ შპს „თ---–---------–-------------------ის“ ჰუმანიტარული ფაკულტეტის 2010 წლის 12 ივლისის №20 გადაწყვეტილებით ა-–----------------ს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
დადგენილია ასევე და მოსარჩელე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა მონაცემებში ა-–----------------ის შესახებ მონაცემები არ იძებნება და 2009 წელს მისი მხრიდან სტუდენტის სტატუსის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე მოპოვების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე საკანონმდებლო აქტის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „დ--------------–--------------------ის“ 2018 წლის 08 ოქტომბრის №02/13 ცნობაზე და ამავე დაწესებულების სტუდენტთა სასწავლო ბარათზე (ს.ფ. 78-80), რომლითაც ირკვევა, რომ ა-–----------------ის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენდა მხოლოდ ორ სასწავლო წელს: მესამე კურსი 2000-2001წ.; მე-4 კურსი (მეშვიდე-მერვე სემესტრი) 2001წ.-2002წ., ხოლო რაც შეეხება 2002 წლიდან - 2009 წლამდე პერიოდს (შპს „თ---–---------–-------------------ში“ ჩარიცხვამდე), აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილ საარქივო დოკუმენტაციაში ა-–----------------ის მიერ სტუდენტის სტატუსის ფლობის/შეჩერების თაობაზე (2002-2009წწ) ინფორმაცია არ არის დაცული და ვერც მოსარჩელე მხარე მიუთითებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებებზე. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–----------------ი შპს „თ---–---------–-------------------ში“ 2009 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩაირიცხა.
რაც შეეხება შპს „თ---–---------–------------------ის“ მიერ საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის უფლებამოსილების საკითხს, დადგენილია, რომ შპს „თ---–---------–-------------------ა“ წარმოდგენდა 1995 წლის 22 ივნისის №01-17-08/658 ლიცენზიის მფლობელ დაწესებულებას, ხოლო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 15 თებერვლის №1-19/2-- გადაწყვეტილებით, შპს „თ---–---------–-------------------ს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.
სასამართლო მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. ამავე სამართლებრივი ნორმის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „თ---–---------–-------------------ს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სახელმწიფოს მიერ აღიარებულად მიიჩნევა მითითებული დაწესებულების მიერ სტუდენტებზე მხოლოდ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე შპს „თ---–---------–-------------------ში“ 2009 წელს ჩაირიცხა, ა-–----------------ის სახელზე გაცემული TPA №0----- ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა 2011 წლის 17 მარტს, შპს „თ---–---------–-------------------ის“ მიერ ა-–----------------ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი (TPA №0-----) ნამდვილობის დადასტურების საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ ა-–----------------ს ვერ ექნება კანონიერი ნდობა მის მიმართ გაცემული დიპლომის მიმართ, ვინაიდან შპს „თ---–---------–-------------------აში“ იგი ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების, კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, რაც გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 ნოემბრის MES 6------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, ა-–----------------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი,მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა დარასელია