გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.07.2019
საქმის ნომერი
120310019003033612
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3033612-3/098-19წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

17 ივლისი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - მ------------–-–---–-

 

მოპასუხე - დ----------------

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. მოპასუხე დ----------------ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „სამხედრო მოსამსახურე" დ----------------ს შორის გაფორმდა კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ", სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე. სამხედრო სამსახურის ვადა კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 4 წლით, რომლის ვადის ათვლა იწყებოდა 2018 წლის 25 ივნისიდან და სრულდებოდა 2022 წლის 25 ივნისს.

 

კონტრაქტის 7.3. პუნქტით განისაზღვრა "სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აენაზღაურებინა "სამინისტროსათვის" 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

დ----------------მ 19.02.2019 წლის პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის

ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 28.02.2019 წლის M--- ბრძანების თანახმად, დ---------------- გათავისუფლდა თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ,, საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,„თ,, (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ,, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის N--- ბრძანების საფუძველზე.

 

დ----------------ს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე

შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები, შესაბამისად სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3 პუნქტის მიხედვით 3 000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაუორებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დ----------------მ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე'' დ----------------ს შორის 2018 წლის 25 ივნისს გაფორმდა N-------- ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 25 ივნისის N-------- კონტრაქტი (იხ.მტ. ს.ფ.14-21).

 

3.1.2. კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად კონტრაქტი პირველ ეტაპზე მოქმედებს შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის) დამთავრებამდე. კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელებულად ითვლება 4 წლამდე ვადით. კონტრაქტის 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის 3000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 25 ივნისის N-------- კონტრაქტი (იხ.მტ. ს.ფ.14-21).

 

3.1.3. 2019 წლის 19 თებერვალს დ----------------მ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და მიუთითა, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე კონტარაქტის პირობების დარღვევით. მას აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს. ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, გაცნობილი არის კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც თანახმა არის. ასევე გაცნობილი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის N---- ტელეფონოგრამას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 19 თებერვლის პატაკი M---------------- (იხ.მტ. ს.ფ.22).

 

3.1.4. 2019 წლის 28 თებერვლის ბრძანებით დ---------------- ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე (პირადი პატაკით) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2019 წლის 01 მარტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2019 წლის 28 თებერვალის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანება M---------------- (იხ.მტ. ს.ფ. 23).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხე დ----------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე'' დ----------------ს შორის 2018 წლის 25 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე.

 

2018 წლის 25 ივნისის კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, "სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული "სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 19 თებერვალს დ----------------მ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და მიუთითა, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა მისი შუამდგომლობა, რათა დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე კონტარაქტის პირობების დარღვევით. კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს. ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, გაცნობილი არის კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც თანახმა არის.

 

2019 წლის 28 თებერვალს დ---------------- ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით (პირადი პატაკით) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, "სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარემ, რადგან მოპასუხე დ---------------- პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამზე მოსარჩელე უარის იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სცნო სარჩელი, შესაბამისად მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დ----------------ს (პ/ნ 0----------- დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზ. №7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა