გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2019
საქმის ნომერი
330210018002472035
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15942-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - შ-- „S-- P--- G----“

წარმომადგენელი - გ--–- ტ--–--–-–---–ი

 

მოპასუხე - შ-- „ჰ------“, ი-----–ი ქ--------ე

წარმომადგენელი - დ----- ა-–----ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებისათვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 61 124 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

 

1.2. მოპასუხეებისათვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2015 წლის 19 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება 118620 კგ. საგზაო ბითუმის ნასყიდობაზე. ერთი ტონა ბითუმის ფასი განისაზღვრა 600 აშშ დოლარით, რაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2015 წლის 10 ივლისისა. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ით. ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად გამყიდველის წინაშე წარმოქმნილი ვალდებულებებისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ი-----–ი ქ--------ემ. 2015 წლის 04 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის თანახმადაც მოპასუხის ვალდებულება განისაზღვრა 138 850 ლარით, რაც 61 124 აშშ დოლარია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სარჩელი 75850 ლარის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში მოპასუხეთა განმარტებით სარჩელი დაუსაბუთებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის ივნისში მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შ-- „S-- P--- G----“-მა აიღო ვალდებულება შ-- ,,ჰ------სათვის’’ მიეწოდებინა 118620 კგ. საგზაო ბითუმი, ხოლო შ-- ,,ჰ------’’ თავის მხრივ, ვალდებული იყო გადაეხადა პროდუქციის ღირებულება 600 აშშ დოლარი ერთ ტონა ბითუმზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2015 წლის ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-26).

 

3.1.2. 2015 წლის 19 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა 118620 კგ. საგზაო ბითუმი.

 

2015 წლის 04 აგვისტოს შედარების აქტის თანახმად შ-- ,,ჰ------ს’’ ვალდებულება განისაზღვრა 138 850 ლარით. აქტს ხელს აწერს ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2015 წლის 19 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 28).

2015 წლის 4 აგვისტოს შედარების აქტი (ს.ფ. 29).

 

3.1.3. შ-- „ჰ------ს“ და ი-----–ი ქ--------ის წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ცნო სარჩელი 75850 ლარის ნაწილში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოპასუხეთა წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 18 ივნისის სხდომის ოქმი).

ი-----–ი ქ--------ის რწმუნებულება(ს.ფ. 117).

შ-- ,,ჰ------ს’’ მინდობილობა (ს.ფ. 118).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დავალიანება შეადგენს 75850 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის მხარეთა შორის ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. მოსარჩელე ითხოვს ნასყიდობის საფასურის 61124 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრებას. მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა დავალიანების ოდენობა და აღიარა მხოლოდ 75850 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობა.

 

მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხის დავალიანების - 61124 აშშ დოლარის დასადასტურებლად წარმოდგენილია 2015 წლის 19 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა 118620 კგ. საგზაო ბითუმი. ასევე, 2015 წლის 04 აგვისტოს შედარების აქტი, რომლის თანახმად შ-- ,,ჰ------ს’’ ვალდებულება განისაზღვრა 138 850 ლარით. აქტს ხელს აწერს ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად (სსსკ-ის 102-ე მუხლი), ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლია.

 

ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით.

მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა დავალიანების ოდენობა და წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურა, რომ დავალიანების ოდენობა შეადგენს 75 850 ლარს. კერძოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 23 ივნისის შედარების აქტი, რომლის თანახმად შ-- ,,ჰ------ს’’ ვალდებულება განისაზღვრა 79 850 ლარით. აქტს ხელს აწერს ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი (ს.ფ. 92).

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა ასევე 2016 წლის 05 აგვისტოს სალაროს გასავლის ორდერი, რომლის თანახმად შ-- „S-- P--- G----“-მა მიიღო ბითუმის ღირებულება 4 000 ლარი. აღნიშნულს ხელს აწერს მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენელი (ს.ფ. 93). ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 04 აგვისტოს შედარების აქტით განსაზღვრული დავალიანების მოცულობა მოპასუხის მიერ იქნა შემცირებული და 2016 წლის 23 ივნისის შედარების აქტის თანახმად შ-- ,,ჰ------ს’’ ვალდებულება განისაზღვრა 79 850 ლარით. აქტს ხელს აწერს ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი. აღნიშნული დავალიანების ნაწილიც 4000 ლარი, მოპასუხის მხრიდან გადახდილია და დავალიანება შეადგენს 75850 ლარს.

 

შესაბამისად, სასამართლომ, სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტით, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მოპასუხის დავალიანების 61 124 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით არსებობა, ხოლო მოპასუხემ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და დაადასტურა მის მიერ გარკვეული თანხების გადახდის ფაქტი, რის საფუძველზეც მოპასუხის დავალიანება შეადგენს 75 850 ლარს, რა ნაწილში ცნოც კიდეც სარჩელი.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის ამერიკულ დოლარში განსაზღვრას, სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია მხარეებმა 2015 წლის ხელშეკრულებით სახელშეკრულებო ფასი ამერიკულ დოლარში განსაზღვრეს, მაგრამ როგორც მხარეთა შორის წარმოებული ანგარიშსწორებიდან და შედარების აქტებიდან დგინდება მხარეები, როგორც ანგარიშსწორებას, ასევე ბუღალტრულ შედარებასაც ანხორციელებენ ეროვნულ ვალუტაში, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ აღიარებული მოთხოვნაც, რაც განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში უნდა იქნეს გაზიარებული და არ არის რელევანტური თანხის ამერიკულ დოლარში გადაანგარიშება, როგორც ამას ითხოვს მოსარჩელე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-ე, 420-ე, 477-ე, 891-ე, 892-ე მუხლით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად - ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდესქის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა, მათი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 75850 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეება ცნეს სარჩელი მათ მიმართ დაყენებული მოთხოვნის - 75 850 ლარის ნაწილში.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი 75850 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ი-----–ი ქ--------ის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი და აღნიშნული საფუძვლით მას ეკისრება 75 850 ლარის გადახდის ვალდებულება სარჩელის ცნობის გამო, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ი-----–ი ქ--------ის როგორც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობის საფუძველი და მას იმ ნაწილში რა ნაწილშიც არ ცნო სარჩელი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობის დადგენა ხდება კრედიტორსა და თავდებს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით (სსკ-ის 891-892 მუხლები).

 

თავდებობის ხელშეკრულება ჩვეულებრივი ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულებაა და, შესაბამისად, მის მიმართ გამოიყენება გარიგებისა და ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმები (50-71, 327-340 მუხლები).

 

თავდებობის ხელშეკრულება თავდებობის დადგენის ძირითადი დოკუმენტია, თავდების განცხადება თავდებობის კისრების შესახებ (892 I), რაც ცალმხრივი ნების გამოვლენაა (და როგორც წესი ფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით), წარმოადგენს კანონის დამატებით ფორმალურ მოთხოვნას.

 

თავდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე (ანუ გამომდინარე იქიდან, რომ თავდებობის შემთხვევაში ადგილი აქვს სხვა პირის ვალდებულებისათვის სუბსიდიალური ან სოლიდარული პასუხისმგებლობის (როგორც წესი — უსასყიდლო) კისრებას, კანონი თავდების ინტერესებში მკაცრად ადგენს თავდებობის ნამდვილობის წინაპირობებს. თუ ეს წინაპირობები თავიდანვე არ არსებობს ან ისპობა შემდგომში, აღნიშნული ავტომატურად იწვევს თავდებობის არარსებობას (ბათილობასაც): უპირველეს ყოვლისა, თავდებობის დადგენისათვის აუცილებელი წინაპირობაა გარიგების წერილობითი ფორმის დაცვა, პრაქტიკაში ეს უკანასკნელი ხშირად მოიცავს როგორც თავდებობის ხელშეკრულებას, ისე თავდების განცხადებას თავდებობის კისრების შესახებ; თავდებობა აქცესორული უფლებაა (153 I) და მისი აქცესორულობიდან გამომდინარე აუცილებელია უზრუნველყოფილი ვალდებულების არსებობა, შესაბამისად, მისი არსებობა და ფარგლები სრულად დამოკიდებულია უზრუნველყოფილი მოთხოვნის (ძირითადი უფლება) არსებობასა და ფარგლებზე (893 1); თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის მითითება (რაც თავდების დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტია) აუცილებელია თავდებობის ხელშეკრულებისათვის.

 

ამდენად, თავდების პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია მისი წერილობითი განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება, რაც უნდა აკმაყოფილებდეს გარიგებისათვის დადგენილ მოთხოვნებს (ამ შემთხვევაში გარიგების წერილობითი ფორმა) და მისი შინაარსიდან გამომდინარე შესაბამის არსებით პირობას (დამატებით), როგორიცაა მხარეთა შეთანხმების არსებობა თავდებობის მაქსიმალური ოდენობის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად - ,,გამყიდველის’’ წინაშე წარმოქმნილი ვალდებულებების ფარგლებში ,,მყიდველთან’’ ერთად სოლიდარულად პასუხს აგებს შ-- ,,ჰ------ს’’ დირექტორი ი-----–ი ქ--------ე თავისი პირადი ქონებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების აღნიშნული ჩანაწერი ვერ იქნება მიჩნეული თავდებობის ხელშეკრულებად და ი-----–ი ქ--------ის, როგორც თავდების პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად, იმ პირობებში, როდესაც კრედიტორსა (შ-- „S-- P--- G----“-სა) და ი-----–ი ქ--------ეს შორის არ გაფორმებულა თავდებობის წერილობითი ხელშეკრულება სსკ-ის 891-892 მუხლების შესაბამისად.

 

ამდენად, სარჩელის ცნობის გამო ი-----–ი ქ--------ეს უნდა დაეკისროს 75 850 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში კი მის მიმართ მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

 

6.2. დადგენილია, რომ მხარეები 2015 წლის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, კერძოდ ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა გადაუხდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა და მოსარჩელის მიმართ მისი დავალიანების არსებობა. კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 3.1 ქვეპუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით ითხოვს 10 000 აშშ დოლარის დაკისრებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ, შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 8 000 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს მოსამზადებელ სხდომაზე 75 850 ლარის ნაწილში, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 275,5 ლარი. ამასთან, მოპასუხე შ-- ,,ჰ------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 240 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ-- „S-- P--- G----“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს შ-- „ჰ------ს“ და ი-----–ი ქ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 75 850 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შ-- „ჰ------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 8000 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე შ-- „ჰ------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 240 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოსარჩელე შ-- „S-- P--- G----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 3--------- წელს საგადახდო დავალება #- გ--–- ტ--–--–-–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5 000 ლარიდან - 2 275,5 ლარი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ.რობაქიძის გამზ. №7ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე