გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2019
საქმის ნომერი
080210019002930088
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2/771-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე

მოსარჩელე - მ----- კ-----–----

წარმომადგენელი - ნ-----–---- კ------

მოპასუხე - სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ი

წარმომადგენელი - კ--- კ-----–-–---–-

დავის საგანი - შრომის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაევალოს მოპასუხე სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ს, 2018 წლის ოქტომბრის თვიდან - 2019 წლის 08 სექტემბრამდე (შრომითი ხელშეკრულება №4149) მ----- კ-----–----ს სახელფასო განაკვეთის გათანაბრება განსაკუთრებული რანგის სხვა მიწვეულ სპეციალისტებთან დარიცხული 1650 ლარის, ხელზე ასაღები 1320 ლარის ოდენობით.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ს, მ----- კ-----–----ს ხელფასის დანაკლისის ანაზღაურება შემდეგი დაანგარიშებით:

2018 წლის სექტემბერი -200 ლარის ოდენობით

2018 წლის ოქტომბერი - 480 ლარი

2018 წლის ნოემბერი - 480 ლარი

2018 წლის დეკემბერი და მე-13 ხელფასი = 480+480 =960 ლარი

2019 წლის იანვარი - 480 ლარი

2019 წლის თებერვალი - 480 ლარი

2019 წლის მარტი - 480 ლარი

2019 წლის აპრილი - 480 ლარი

2019 წლის მაისი - 480 ლარი

2019 წლის ივნისი - 480 ლარი

2019 წლის ივლისი - 480 ლარი

2019 წლის აგვისტო - 480 ლარი

2019 წლის 08 სექტემბერი - შესაბამისი დღეებით დაანგარიშებით. (იხ. 2019 წლის 10 და 25 ივნისის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 08 სექტემბერს მ----- კ-----–----- და სსიპ ა---- წ-------–-- უ-------------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №4149, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ სამართლის დეპარტამენტში დაიკავა მოწვეული სპეციალისტის თანამდებობა განსაკუთრებული რანგით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა შრომის საზღაური და წლიური დატვირთვა. გარდა მ----- კ-----–----სა, სამართლის დეპარტამენტში განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტის თანამდებობა უჭირავს ოთხ პროფესორს: ბ------- ლ--–---–---–-, მ------ მ------–---–-, ი.. ხ-------, დ------ ხ-----–---. მიუხედავად იმის, რომ ერთი და იგივე რანგის არიან და მეტი სამუშაო დატვირთვა აქვს, მისი კოლეგების შრომის საზღაური 2018 წლის ოქტომბრის თვიდან გაიზარდა და შეადგენს 1320 ლარს (ხელზე ასაღები), ხოლო მისი საზღაური უცვლელი დარჩა, რაც შეადგენს 840 ლარს (ხელზე ასაღები). მოსარჩელემ არასამართლიანი შრომითი ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, მიმართა ფაკულტეტის დეკანს, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით კი, უშუალოდ რექტორს, რათა გაერკვია რატომ აღმოჩნდა მის კოლეგებთან შედარებით დისკრიმინირებული და დაჩაგრული, მაგრამ ამაოდ. საერთოდ უპასუხოდ დატოვეს. ამდენად, მომართავს ქართულ მართლმსაჯულებას, შელახული შრომის უფლებების აღდგენისა და დისკრიმინაციის აღკვეთის მიზნით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მ----- კ-----–----ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მ----- კ-----–---- დისკრიმინირებულ მდგომარეობაშია სხვა განსაკუთრებული რანგის სპეციალისტებთან მიმართებაში. ეს გამოიკვეთა წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც. ეს არის მოჭრით ხელფასები და არა გამომუშავებით. ისინი 2017 წელსაც ღებულობდნენ მოჭრით 1300 ლარს, როცა განსხვავებული საათობრივი დატვირთვა იყო. შტატი გაუქმებული იყო, მაგრამ მ----- მოიყვანეს განსაკუთრებული რანგით. სექტემბერში ხელშეკრულება 1050 ლარის ნაცვლად უნდა დადებულიყო 1300 ლარზე, რადგან ამ პოზიციაზე ასე იყო ხელფასები, ანუ დაჩაგრეს. მაგრამ უთხრეს, რომ მოიმატებდა ხელფასები. მ-----ს კი უცვლელად დაუტოვეს. ინდივიდუალური სამუშაო გეგმით მ-----ს აქვს ყველაზე მეტი დატვირთვა. მ------ შ-----–--- მოხსენებით ბარათში საერთოდ არ მიუთითა მ----- კ-----–----ს არსებობა. მ-----მ მიმართა წერილობით, მაგრამ პასუხიც კი არ გასცეს. დისკრიმინაციას აქვს ადგილი, ხელფასის დანაკლისი უნდა აუნაზღაურდეს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მ----- კ-----–----- მხარი დაუჭირა თავის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 9 წელიწადია ამ უ-------------ში დადის თბილისიდან ყოველ კვირას. როცა გაიგო ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, გ-------- უთხრა, ტექნიკური ხარვეზის გამო ხომ არ იყო გამორჩენილი სიაში, რაზეც მან უპასუხა, რომ არ იყო ტექნიკური შეცდომა. უთხრა: არ მინდა და არ მოგცემ ხელფასსო, ისიც საკმარისიაო. დაჰპირდა, რომ გაერკვეოდა მის დატვირთვაში.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, დისკრიმინაციას და ღირსების შელახვას აქვს ადგილი, არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ, თითქოს მ----- კ-----–----ს საგნები არ არის მნიშვნელოვანი, ხელფასი თითქოს მხოლოდ რექტორის ნებაზეა დამოკიდებული. მ----- კ-----–---- სამართლის დოქტორია, განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტია, იგივე დატვირთვა აქვს, ისიც თბილისიდან დადის, მაშინ რატომ მოხდა განსხვავება? რექტორმა თავისი ავტონომია უნდა გამოიყენოს სამართლიანად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სსიპ ა---- წ-------–-- უ-------------ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე არ გამხდარა არანაირი უთანასწორობის მსხვერპლი და მისი შრომითი უფლებებიც არ შელახულა. შესაბამისად, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ის არ იზიარებდა მ----- კ-----–----ს სიტყვებს, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. ისინი არიან განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტები და რექტორი განსაზღვრავს მათ ხელფასს. მხარეები თანხმდებიან ხელფასზე. 2017 წლიდან მუშაობენ ისინი მოწვეულ სპეციალისტებად და 1300 ლარი ჰქონდათ ხელფასი. შემდეგ მოხსენებითი ბარათით მოემატათ, რადგან წინა წელთან შედარებით გაეზარდათ დატვირთვა იმ პირებს ვინც წინა წელსაც მუშაობდა. მ----- იყო ასოცირებული პროფესორი. ის არ იყო განსაკუთრებული რანგით. რექტორი გაურიგდა მხარეებს ხელფასზე. ისინი იყვნენ 2017-ში, 2018-შიც და 2019-შიც. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, უ-------------ს აქვს ავტონომია. დისკრიმინაციის დროს უნდა იყოს ერთნაირი პირობები. განსხვავება მაინც არის მათ შორის - სასწავლო კურსია განსხვავებული. ერთი წლის წინათაც ამ რანგით მუშაობდნენ. მ----- დაინიშნა 8 სექტემბერს და ოქტომბერში როგორ მოუმატებდნენ ხელფასს? ხელფასი დატვირთვას არ უკავშირდება, ეს არის მხარეთა შეთანხმება. ამასთან, მ-----ზე მეტი დატვირთვა აქვს ყველას. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ეს არ არის დისკრიმინაცია, რადგან ანალოგიური პირობები არ არის, სხვადასხვა საგნებს კითხულობენ. ეს არის გარიგებით დადებული შეთანხმება ხელფასზე.

 

ასევე განმარტა, რომ უ-------------ის წარმომადგენლობითი საბჭოს N37-ე დადგენილების მე-11 პუნქტს ემყარება მათი შესაგებელი. ხელფასის მატების საფუძველი გახდა სამსახურებრივი ბარათი. განსხვავება არის სასაწავლო კურსებში და დატვირთვებში. ანალოგიური პირობები არ არის. განსაკუთრებული რანგი არ ნიშნავს იმას, რომ ანალოგიური პირობებია. მნიშველოვანია ისიც თუ რა საგნებს კითხულობენ. არსებობს დეფიციტი სპეციალისტები. აუდიტორიას ავსებს თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. შესაბამისად, დისკრიმინაციას არა აქვს ადგილი.

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2018 წლის 08 სექტემბერს მ----- კ-----–----- და სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №4149, რომლის საფუძველზეც სამართლის დეპარტამენტში დაიკავა მიწვეული სპეციალისტის თანამდებობა განსაკუთრებული რანგით.

 

3.1.2. 2009 წელს მოსარჩელეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის დოქტორის აკადემიური ხარისხი და შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტში მას ეკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შრომითი ხელშეკრულება №4149 (იხ. ს.ფ. 16-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 08 სექტემბრის №4149 შრომითი ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი დასაქმებულს შრომის საზღაურის სახით უხდის წლიური დატვირთვის 558 საათი სასწავლო (მ.შ. 315 სთ. სააუდიტორო, 1060 სთ. სამეცნიერო-მეთოდური) შესაბამის ხელფასს, ყოველთვიურად 1050 (ათასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.1.4. პუნქტში მითითებულ შემთხვევებში წლიური საათობრივი დატვირთვის ცვლილებისას, დამსაქმებლის ბრძანების საფუძველზე, შესაძლებელია ცალმხრივად მოხდეს ყოველთვიური ხელფასის ცვლილება ამავე მუხლში მოყვანილი პროპორციის შესაბამისად, რაც არ საჭიროებს ცვლილებას წინამდებარე ხელშეკრულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შრომითი ხელშეკრულება №4149 (იხ. ს.ფ. 16-17);

 

3.2.2. სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ის რექტორის 2018 წლის 15 ოქტომბრის N01-05/1352 ბრძანების თანახმად, სამართლის დეპარტამენტის განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტების ბ------- ლ--–---–---–--, მ------ მ------–---–--, ი.. ხ-------- და დ----- ხ-----–--- სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა 1300 ლარით, ხოლო ამავე დეპარტამენტის განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტის მ----- კ-----–----ს სახელფასო განაკვეთი - 1050 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- უ-------------ის რექტორის 2018 წლის 15 ოქტომბრის N01-05/1352 ბრძანება (იხ. ს.ფ. 18);

 

3.2.3. სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ის რექტორის 2018 წლის 30 ოქტომბრის N01-05/1423 ბრძანების თანახმად, ცვლილება შევიდა N01-05/1422 (30.10.2018წ.) ბრძანებაში და სასაწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის ი. ბ----–----- და სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მ. შ-----–--- მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამართლის დეპარტამენტის განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტების ბ------- ლ--–---–---–--, მ------ მ------–---–--, ი.. ხ-------- და დ----- ხ-----–--- სახელფასო განაკვეთები 2018 წლის 1 ოქტომბრიდან განისაზღვრა 1650 ლარის ოდენობით, (ხელზე ასაღები ხელფასი (1320 ლარი), მაშინ როცა ამავე დეპარტამენტის განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტის მ----- კ-----–----ს სახელფასო განაკვეთი - 1050 ლარი (ხელზე ასაღები - 840 ლარი) დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სასამართლოს მიერ სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------იდან გამოთხოვილი ინფორმაცია განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტების შრომის ანაზღაურების შესახებ (იხ. ს.ფ. 73-74);

- უ-------------ის რექტორის 2018 წლის 30 ოქტომბრის N01-05/1423 ბრძანება (იხ. ს.ფ. 201).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მ------ შ-----–--- სამსახურებრივ ბარათში სამართლის დეპარტამენტის განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტების ბ------- ლ--–---–---–--, მ------ მ------–---–--, ი.. ხ-------- და დ----- ხ-----–--- სახელფასო ანაზღაურების გაზრდის საფუძვლად მითითებულია მათი დატვირთვის გაზრდა. კერძოდ, მითითებულია, რომ აღნიშნული პირები სამართლის დეპარტამენტში წარმატებულად უძღვებოდნენ და მიმდინარე სასწავლო წელსაც უძღვებიან სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო კურსებს და მათი ინდივიდუალური დატვირთვები, ანუ სამუშაო გეგმები ყოველ წელს საკმაოდ მოცულობითი ხასიათის გახლდათ და ამჯერად კიდევ უფრო დაიტვირთნენ. დასახელებული პირები ასევე არიან საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტთა ნაშრომების (გარდა ბ. ლ--–---–---–--ა) ხელმძღვანელები. თავიანთი აკადემიურობით აქტიურად მონაწილეობენ სამართლის ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მუშაობაში, ანუ ისინი 2018-2019 სასწ. წლიდან იმაზე მეტი სამუშაოს მოცულობას შეასრულებენ, ვიდრე მანამდე, რადგან გაიზარდა სტუდენტთა კმაყოფილების ინდექსი/ხარისხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მ------ შ-----–--- სამსახურებრივი ბარათი (იხ. ს.ფ. 202-203).

3.2.5. სასაწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის ი---- ბ----–---- სამსახურებრივ ბარათებში მითითებულია სამართლის დეპარტამენტის განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტების ბ------- ლ--–---–---–--, მ------ მ------–---–--, ი.. ხ-------- და დ----- ხ-----–--- 2018-2019 სასწავლო წლის ინდივიდუალური დატვირთვების პარამეტრები, რომელიც ხორციელდება 2018 წლის 24 სექტემბრიდან. კერძოდ, 1) აკად. დოქტ. ლ--–---–---–- ბ------- - განსაკუთრებული რანგი, პროფესორის სახელფასო ანაზღაურებით; ხელშეკრულება - სრული, სულ 651 საათი, მათ შორის სააუდიტორო - 300, სამეცნიერო -მეთოდური - 1030. 2) აკად. დოქტ. მ------–---–- მ------ - განსაკუთრებული რანგი, პროფესორის სახელფასო ანაზღაურებით; ხელშეკრულება - სრული, სულ 744 საათი, მათ შორის სააუდიტორო - 300, სამეცნიერო -მეთოდური - 1040. 3) აკად. დოქტ. ხ-----–-- დ------ - განსაკუთრებული რანგი, პროფესორის სახელფასო ანაზღაურებით; ხელშეკრულება - სრული, სულ 663 საათი, მათ შორის სააუდიტორო - 300, სამეცნიერო - მეთოდური - 1010. 4) აკად. დოქტ. ხ------- ი.. - განსაკუთრებული რანგი, პროფესორის სახელფასო ანაზღაურებით; ხელშეკრულება - სრული, სულ 582 საათი, მათ შორის სააუდიტორო - 300, სამეცნიერო -მეთოდური - 1050.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სასაწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის ი---- ბ----–---- სამსახურებრივ ბარათები (იხ. ს.ფ. 217-218; 219).

 

3.2.6. სასამართლოს მიერ შესადარებლად გამოთხოვილი იქნა სამართლის დეპარტამენტის განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტების ბ------- ლ--–---–---–--, მ------ მ------–---–--, ი.. ხ-------- და დ----- ხ-----–--- 2017-2018 წლის შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, მათი დატვირთვა 2017 წელს იყო შემდეგი: 1) ბ------- ლ--–---–---–- - განსაკუთრებული რანგი, ხელშეკრულება - სრული, სულ 564 საათი, მათ შორის სააუდიტორო - 240, სამეცნიერო -მეთოდური - 1335. 2) მ------ მ------–---–- - განსაკუთრებული რანგი, ხელშეკრულება - სრული, სულ 711 საათი, მათ შორის სააუდიტორო - 240, სამეცნიერო - მეთოდური - 1135. 3) ხ-----–-- დ------ - განსაკუთრებული რანგი, ხელშეკრულება - სრული, სულ 544 საათი, მათ შორის სააუდიტორო - 240, სამეცნიერო - მეთოდური - 825. 4) ხ------- ი.. - განსაკუთრებული რანგი, ხელშეკრულება - სრული, სულ 559 საათი, მათ შორის სააუდიტორო - 255, სამეცნიერო- მეთოდური - 875). სახელფასო ანაზღაურება ოთხივეს მიმართ იყო თანაბარი და შეადგენდა 1300 ლარს.

 

მათი დატვირთვა 2018 წელს იყო შემდეგი: 1) ბ------- ლ--–---–---–- - განსაკუთრებული რანგი, ხელშეკრულება - სრული, სულ 651 საათი, მათ შორის სააუდიტორო - 300, სამეცნიერო -მეთოდური - 1030. 2) მ------ მ------–---–- - განსაკუთრებული რანგი, ხელშეკრულება - სრული, სულ 744 საათი, მათ შორის სააუდიტორო - 300, სამეცნიერო -მეთოდური - 1040. 3) ხ-----–-- დ------ - განსაკუთრებული რანგი, ხელშეკრულება - სრული, 663 საათი, მათ შორის სააუდიტორო - 300, სამეცნიერო - მეთოდური - 1010. 4) ხ------- ი.. - განსაკუთრებული რანგი, ხელშეკრულება - სრული, სულ 582 საათი, მათ შორის სააუდიტორო - 300, სამეცნიერო - მეთოდური - 1050. სახელფასო ანაზღაურება ხელშეკრულების თანახმად ოთხივეს მიმართ იყო თანაბარი და შეადგენდა 1300 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის შრომითი ხელშეკრულებები (იხ. ს.ფ. 204-215).

- 2018 წლის შრომითი ხელშეკრულებები (იხ. ს.ფ. 153-164).

- უ-------------ის რექტორის 2017 წლის 25 ოქტომბრის N01-05/1125 ბრძანება (იხ. ს.ფ. 216).

 

3.2.7. სასამართლოს მიერ შესადარებლად გამოთხოვილი იქნა სამართლის დეპარტამენტის განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტების ბ------- ლ--–---–---–--, მ------ მ------–---–--, ი.. ხ--------, დ----- ხ-----–--- და მ----- კ----–----- 2018-2019 სასწავლო წლის ინდივიდუალური სამუშაო გეგმები სასწავლო კურსების გასარკვევად. კერძოდ: 1) ი.. ხ-------- სწავლების კურსის დასახელებებია: შრომის სამართალი, საკორპორაციო სამართალი, საერთ. საბაჟო სამართალი. საბანკო სამართალი, საფინანსო სამართალი, მოთხ. უზრუნველყოფ. სამართალი და საერთ. ბიზნეს სამართალი. 2) მ------ მ------–---–-- სწავლების კურსის დასახელებებია: კონსტ. (სახ. მოწყ) სამართალი, ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, საზღ. ქვ. კონსტ. სამართალი (საჯარო, კერძო და სისხლი). 3) ბ------- ლ--–---–---–-- სწავლების კურსის დასახელებებია: ინტელექტ. საკუთრ. სამართალი, შრომის სამართალი, საკორპორაციო სამართალი, ვალდებულ.სამართ.ზ/ნ, გაკოტრების სამართალი, საერთ. კერძო სამართალი. 4) დ----- ხ-----–--- სწავლების კურსის დასახელებებია: მუნიციპალური სამართალი, შედარებითი კონსტ. სამართალი, საპარლამენტო სამართალი, საკ. სამართალწარმ. პრაქტ. კურსი, ად. უფ. ევრ. სას. პრეც. სამართალი და ად. ძირ. უფლ.საქ. საკ.სას.პრ. 5) მ----- კ-----–----ს სწავლების კურსის დასახელებებია: ქართული სამართლის ისტორია, საზღ. ქვეყნების სამართლის ისტორია, სამოხელეო სამართალი, კონსტ. მართლმსაჯულება, რომის კერძო სამართალი და საერთასორისო ბიზნეს სამართალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018-2019 სასწავლო წლის ინდივიდუალური სამუშაო გეგმები (იხ. ს.ფ. 91-95).

 

3.2.8. სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ის წარმომადგენლობითი საბჭოს N37 დადგენილებით განსაზღვრულია ხელშეკრულების საფუძველზე და საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული სპეციალისტების დატვირთვის დიაპაზონისა და ანაზღაურების წესი. დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული პირის (მ.შ. განსაკუთრებული რანგით) წლიური დატვირთვის მოცულობა და ანაზღაურების წესი (ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმებისადმი პირდაპირი პროპორციის გათვალისწინებით) უნდა შეთანხმდეს რექტორთან ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით. ხოლო რა შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებულ შემთხვევად, ამ დადგენილებით განსაზღვრული არ არის და არც მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა სასამართლო სხდომაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ის წარმომადგენლობითი საბჭოს N37 დადგენილება (იხ. ს.ფ. 175-177).

 

3.2.9. სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მასალებით დადგენილა, რომ სამართლის დეპარტამენტის განსაკუთრებული რანგით მოწვეულ სპეციალისტებს: ბ------- ლ--–---–---–-, მ------ მ------–---–-, ი.. ხ------- და დ----- ხ-----–--- 2018 წლის დეკემბრის თვეში მიღებული აქვთ ე.წ. მე-13 ხელფასი თითოეულს 1650 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები 1320 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ინფორმაცია მე-13 ხელფასის შესახებ (იხ. ს.ფ. 137-138).

 

3.2.10. მოსარჩელე მ----- კ-----–----- 2019 წლის 18 იანვარს წერილობით მიმართა რექტორს, მისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია საათობრივი დატვირთვის გაზრდის ფონზე რატომ არ გაიზარდა მისი შრომითი ანაზღაურება და რატომ არის ერთი და იგივე რანგის პროფესორებს შორის მისი შრომის ანაზღაურება ყველაზე დაბალი მაშინ, როცა ყველაზე მაღალი საათობრივი დატვირთვა აქვს. დადგენილია, რომ აღნიშნულ წერილზე უ-------------ის რექტორს დღემდე არ გაუცია პასუხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2019 წლის 18 იანვრის წერილი (იხ. ს.ფ. 19-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები და კითხვებზე პასუხები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუცია;

- ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს შრომის კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.2. მუხლი).

 

საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად „შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.“

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხის მომწესრიგებელ დებულებებს თავად შრომის კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს, რომლის მე-3-მე-5 ნაწილებით განმარტებულია შრომითი დისკრიმინაციის არსი და მისი აკრძალვა როგორც წინასახელშეკრულებო, ისე - შრომით ურთიერთობაში, ასევე, რეგულირებულია შემთხვევა, როდესაც განსხვავებული მოპყრობა არ შეიძლება, განხილულ იქნას გაუმართლებლად, თუმცა, დადგენილი რეგულაცია არასაკმარისია, რადგან ამავე კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების მოწესრიგებას ამ კოდექსით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა, სპეციალური კანონი განსხვავებულ რეგულაციას არ ადგენს.

 

ამ თვალსაზრისით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გაცხადებული არათანაბარი მოპყრობის შეფასების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებულ უნდა იქნას ასევე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, ხოლო, კანონის მე-10 მუხლი უფლებით აღჭურავს პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, მიმართოს სასამართლოს.

 

დისკრიმინაციის საკითხის ანალიზისას სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზეც, (ახალი რედაქციით), რომლის თანახმადაც, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

 

დასახელებული ნორმის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს ის დათქმა, რომ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. რაც შეეხება ნორმაში ჩამოთვლილ განმასხვავებელ ნიშნებს, ისინი არ არის ამომწურავი და სადავოობისას სწორედ ზემოხსენებული დათქმიდან გამომდინარე, ფართო განმარტებას საჭიროებენ, ანუ ნებისმიერი, მათ შორის ნორმით გაუთვალისწინებელი ნიშნით პირისადმი განსხვავებული მოპყრობა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ფარგლებში შემოწმებას შეიძლება დაექვემდებაროს.

 

გასათვალისწინებელია, რომ საქართველო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის წევრ ქვეყანას, რომლის მიმართ მოქმედებს მათ შორის კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას. ამ მხრივ, საინტერესოა ევროსასამართლოს პრაქტიკა: საქმეზე „Savez crkava “Riječ života” and others v. Croatia“ (განაცხადი №7798/08, 2010წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება) სასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ „კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით“, როგორც ამას დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი გვთავაზობს. სასამართლოს შეფასებით, სწორედ ამგვარ ფართო განმარტებას ემსახურება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები, სადაც საუბარია ნებისმიერი სახით დისკრიმინაციის აკრძალვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მადისკრიმინირებელი ნიშნები ჩამოთვლილია ამავე კანონის პირველ მუხლში.

 

რაც შეეხება უშუალოდ დისკრიმინაციას, მის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან, რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, თუმცა, როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები.

 

ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom, #36042/97) უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia, #30078/06). განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria,#20458/92). ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. and others v. the Czech Republic, #13378/05).

 

ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ Nას-247-235-2017 საქმეზე განმარტა, რომ კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობას არ ქმნის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ანტიდისკრიმინაციული სამართლისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე აღინიშნოს, რომ განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, რამეთუ ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ „დაცულ სფეროს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დისკრიმინაცის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემა, რის შესახებაც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო, ამჯერად კი, ყურადღებას გაამახვილებს, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე - ევროსასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებულ დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის მეთოდებზე - ე.წ „შეფასების ტესტებზე“.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება აღიარებს „მკაცრი შეფასებისა“ და „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“, რომელთაგან პირველს იყენებს ე.წ „კლასიკური“ (კანონით პირდაპირ გათვალისწინებული) ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის კვლევისას, ხოლო მეორეს - ყველა სხვა შემთხვევასთან მიმართებით. საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კლასიკური, სპეციფიკური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას, საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“. დანარჩენ შემთხვევებში, მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“ (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი), რომლის მიხედვითაც:

 

ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება;

 

ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.

 

შეფასების ტესტთან მიმართებაში ევროსასამართლო არ ადგენს დისკრიმინაციის საფუძვლების იერარქიას, არამედ მიიჩნევს, რომ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ მას არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ანუ, თუ არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, ან თუ არ არსებობს გონივრული თანაბარზომიერება ლეგიტიმურ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას შორის (იხ. Mizzi v. Malta, # 26111/02). დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის საპროცესო ანალიზის მიზნით, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარის დებულებებით, კერძოდ: 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგია: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ (Chassagnou and Others v. France [GC], #25088/94, #28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარგანსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთი დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში მყოფი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთკავშირშია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან. სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა საქმეში მკაცრად არ იყენებს affirmanti incumbit probatio პრინციპს (ის ვინც ბრალს დებს ვალდებულია თავად დაამტკიცოს ბრალდება - affirmanti incumbit probatio (ამონარიდები), Aktas v. Turkey no.24351/94, § 272, ECHR 2003 V). რიგ შემთხვევებში, როდესაც საქმის საფუძველში არსებული მოვლენები სრულიად ან დიდწილად არასწორია, რის შესახებაც მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებმა იციან, მტკიცების ტვირთი შესაძლოა ხელისუფლებას დაეკისროს რათა წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და დამარწმუნებელი განმარტება (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV).

 

სასამართლო რა თქმა უნდა იზიარებს უ-------------ის ავტონომიას, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა, თუმცა, პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ კანონით გარანტირებული უფლების თუნდაც კანონიერად გამოყენების შესაძლებლობა, ხშირად განსხვავებული მოპყრობის გადაფარვის მცდელობას ემსახურება და სწორედ ამ საკითხის კვლევის შედეგად სავალდებულოა, შემოწმდეს უფლების მქონე პირის მხრიდან ამ უფლების განკარგვის მართლზომიერება (სკ-ის 115-ე მუხლი). სწორედ ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში გამოთქმული შედავება შრომის ანაზღაურების მართლზომიერებასა და დისკრიმინაციის არარსებობის თაობაზე.

 

სასამართლომ, როგორც დარღვეული უფლების დაცვის ინსტიტუტმა, დისკრიმინაციის გადაფარვად უნდა განიხილოს და მიიჩნიოს მხოლოდ უ-------------ის ავტონომიაზე მითითება და განმარტება მასზედ, რომ ხელფასი დატვირთვას არ უკავშირდება და ეს არის მხოლოდ მხარეთა შეთანხმება, ანუ მხოლოდ რექტორის ნებაზეა დამოკიდებული შრომის ანაზღაურება. სასამართლო ასეთ განმარტებას მიიჩნევს მიზანშეუწონელ და სრულიად მიუღებელი ქცევად, რომელიც არღვევს, როგორც საერთაშორისო, ისე - ეროვნული სამართლის ნორმებსა და პირის თანასწორობის საყოველთაო პრინციპს. დისკრიმინაციის უარყოფის საფუძვლად მოპასუხე ასახელებს ასევე სასწავლო კურსების განსხვავებას და განსაკუთრებულ შემთხვევებს, თუმცა, მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ განმარტა თუ რა იგულისხმებოდა სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უნუვერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს N37 დადგენილების მე-11 პუნქტში მითითებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად. აღნიშნულმა მუხლმა გააფართოვა დისკრიმინაციის აკრძალვის არეალი. კერძოდ, ის აღარ არის შემოფარგლული მხოლოდ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით უზრუნველყოფილი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით და ვრცელდება ასევე ადამიანის ყველა იმ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომლებიც კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კანონმდებლობითაა დადგენილი. ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ეს შემდეგნაირად განმარტა: ,,მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალვა იმ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას სცილდება, რომელთა უზრუნველყოფაც თითოეულ სახელმწიფოს კონვენციითა და ოქმებით მოეთხოვება. აკრძალვა ასევე ვრცელდება იმ დამატებით უფლებებზე, რომლებიც კონვენციის ნებისმიერი მუხლის ზოგადი მოქმედების ფარგლებში ხვდება და სახელმწიფო თავისი ნებით უზრუნველყოფს’’. მე-12 დამატებითი ოქმის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიზანია დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვის გაძლიერება, რაც მიიჩნევა ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის ძირითად ელემენტად. განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ ოქმი პირებს იცავს ძირითადად სახელწიფოს მხრიდან დისკრიმინაციისაგან, მაგრამ მან შეიძლება ასევე მოიცვას ურთიერთობები კერძო პირებს შორის, რომლის მოგვარებაც სახელმწიფოს ევალება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით აკრძალულია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფორმულირების მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაციის დასადგენად საჭიროა, სახეზე იყოს ,,განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ ან შედარებით ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ’’, რაც ამოცნობად მახასიათებლებს ეფუძნება. პირდაპირი დისკრიმინაციის დროს კუმულაციურად უნდა არსებობდეს შემდეგი: არასახარბიელო მოპყრობა, შედარებითობის ფაქტორი და პიროვნების იდენტიფიკატორი. პირდაპირი დისკრიმინაცია შეიძლება მრავალი ქმედებით გამოიხატოს, რომელიც გაიგივებული იქნება არასახარბიელო მოპყრობასთან. მაგალითად, ნაკლები ხელფასის ან პენსიის მიცემა, სოციალური დახმარების გაუქმება ან მის დანიშვნაზე საერთოდ უარის თქმა და ა.შ. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის’’ მე-14 მუხლის მოქმედების გავრცელებისთვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ანალოგიური მდგომარეობა” არ გულისხმობს, რომ შესადარებელი ჯგუფები იდენტური უნდა იყოს. ის ფაქტი, რომ განმცხადებლის მდგომარეობა სრულად ანალოგიური არ არის სხვა პირებთან მიმართებაში და ადგილი აქვს სხვადასხვა ჯგუფების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, ხელს არ უშლის ამ შემთხვევაზე მე-14 მუხლის გავრცელებას. განმცხადებელმა უნდა აჩვენოს, რომ ის არსებითად მსგავს მდგომარეობაში არის იმ პირებთან შედარებით, რომლებიც სხვანაირ მოპყრობას ექვემდებარებიან. შედარებითობის ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია და ხშირად დავის საგანს არც წარმოადგენს, ვინაიდან ის თავისთავად იგულისხმება. შესაბამისად, ზოგჯერ არც მხარეები და არც დავის განმხილველი ორგანო არ მსჯელობენ მასზე საგანგებოდ. თუმცა რასაკვირველია, შედარებითობის ფაქტორი, როგორც წესი, ცალკე განხილვის საგანია. ამ მხრივ საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული ლუჩაკის საქმე, სადაც პოლონეთში მცხოვრები ფრანგი ფერმერი ჩიოდა, რომ მას უარი ეთქვა სპეციალური სოციალური დახმარების პოლონურ პროგრამაში ჩასმაზე, რომელიც კონკრეტულად პოლონელი ფერმერების დასახმარებლად შეიქმნა, რადგან ამ პროგრამით სარგებლობა მხოლოდ პოლონელებს შეეძლოთ. სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებელი იყო თანაბარ მდგომარეობაში პოლონელ ფერმერებთან, ლუჩაკი პოლონეთის წინააღმდეგ (Luczak v. Polan) N77782/01, 27 ნოემბერი, ECHR 2007.), რომლებიც სარგებლობდნენ ამ რეჟიმით, ვინაიდან მას ჰქონდა პოლონეთის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი. იგი ისევე იხდიდა გადასახადებს, როგორც წარმოშობით პოლონელები და, შესაბამისად, თავისი წვლილი შეჰქონდა სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმის დაფინანსებაში. ამავე დროს, იგი მანამდე სარგებლობდა კიდეც ზოგადი სოცუზრუნველყოფის პროგრამით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის დისკრიმინაცია, განხორციელებული ნებისმიერი ნიშნით და ნებისმიერი პირის/თუ დაწესებულების მიერ, ნებისმიერ ვითარებაში აკრძალულია როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით; ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება დისკრიმინაციის შედეგად მოსარჩელის შრომითი უფლების შელახვას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლზე (ახ. რედ.), რომელიც აღიარებს შრომის უფლებას, როგორც ადამიანის უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას, რაც გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას აირჩიოს შრომითი საქმიანობა და ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს მოქალაქის შრომითი უფლებები; ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, მისი მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება, ან განახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველსაყოფისათვის.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.’’

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც, მოპასუხეს იმის მტკიცების ტვირთი ეკისრება, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა „პრიმა ფაციე“ დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან საკუთარი ინიციატივით საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციული საფუძვლით განსხვავებული მოპყრობის ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (შდრ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/1/536; 2014 წლის 4 თებერვალი). მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა. კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომით ურთიერთობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა, აღნიშნული გამოწვეული იყოს სამუშაოს სპეციფიკით, დასაქმებულის უნარ-ჩვევებით, კვალიფიკაციით, შესრულებული სამუშაოს ხარისხით და ა.შ. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის მისთვის დისკრიმინაციული (დაცული ნიშანი).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 08 სექტემბერს მ----- კ-----–----- და სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №4149, რომლის საფუძველზეც სამართლის დეპარტამენტში დაიკავა მიწვეული სპეციალისტის თანამდებობა განსაკუთრებული რანგით. საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ, როგორც მ----- კ-----–---- ისე სხვა განსაკუთრებული რანგით მოწვეულ სხვა სპეციალისტებს: ბ------- ლ--–---–---–-, მ------ მ------–---–-, ი.. ხ------- და დ----- ხ-----–---, მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების თანახმად, უ-------------ი შრომის ანაზღაურებას მათ უხდიდა წლიური საათობრივი დატვირთვის შესაბამისად, მაგრამ ფაქტობრივად, საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით დადგინდა, რომ შრომის ანაზღაურების განსაზღვრისას არ ხდებოდა წლიური საათობრივი ანაზღაურების გათვალისწინება და ბ------- ლ--–---–---–--, მ------ მ------–---–--, ი.. ხ-------- და დ----- ხ-----–--- ხელფასები იდენტური იყო, როცა განსხვავებული საათობრივი დატვირთვა ჰქონდათ. ასევე დადგინდა, რომ მათგან გაცილებით ნაკლები ანუ განსხვავებული ხელფასი ჰქონდა იგივე რანგის, აკადემიური ხარისხისა და დატვირთვის მქონე მ----- კ-----–----, რომელიც ასევე ქ. თბილისიდან დადიოდა სასაწავლებელში.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მ----- კ-----–----- 2019 წლის 18 იანვარს წერილობით მიმართა რექტორს, მისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია საათობრივი დატვირთვის გაზრდის ფონზე რატომ არ გაიზარდა მისი შრომითი ანაზღაურება და რატომ არის ერთი და იგივე რანგის პროფესორებს შორის მისი შრომის ანაზღაურება ყველაზე დაბალი მაშინ, როცა ყველაზე მაღალი საათობრივი დატვირთვა აქვს. დადგენილია, რომ აღნიშნულ წერილზე უ-------------ის რექტორს დღემდე არ გაუცია პასუხი.

 

დადგენილია, რომ დისკრიმინაციის უარყოფის საფუძვლად მოპასუხემ დაასახელა ასევე სასწავლო კურსების განსხვავება და განსაკუთრებული შემთხვევები, თუმცა, მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ განმარტა თუ რა იგულისხმებოდა სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ის წარმომადგენლობითი საბჭოს N37 დადგენილების მე-11 პუნქტში მითითებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

 

სასამართლოს მიერ შესადარებლად გამოთხოვილი იქნა სამართლის დეპარტამენტის განსაკუთრებული რანგით მოწვეული სპეციალისტების ბ------- ლ--–---–---–--, მ------ მ------–---–--, ი.. ხ--------, დ----- ხ-----–--- და მ----- კ----–----- 2018-2019 სასწავლო წლის ინდივიდუალური სამუშაო გეგმები სასწავლო კურსების გასარკვევად, მაგრამ სასწავლო კურსების განსხვავებას სასამართლო ვერ მიიჩნევს განსხვავებული ხელფასის განსაზღვრის საფუძვლად, ვინაიდან ლოგიკურია, რომ ერთი და იგივე სასწავლო კურსი ვერ ექნება ყველა პროფესორს, რის გამოც არსებობს საათობრივი დატვირთვის მიხედვით შრომის ანაზღაურების განსაზღვრის წესი, რაც თვითნებურად უგულვებელყოფილია უ-------------ის მირ, რის გამოც იკვეთება პორდაპირი დისკრიმინაციის ნიშნები.

 

დადგენილია, რომ სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ის წარმომადგენლობითი საბჭოს N37 დადგენილებით განსაზღვრულია ხელშეკრულების საფუძველზე და საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული სპეციალისტების დატვირთვის დიაპაზონისა და ანაზღაურების წესი. დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული პირის (მ.შ. განსაკუთრებული რანგით) წლიური დატვირთვის მოცულობა და ანაზღაურების წესი (ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმებისადმი პირდაპირი პროპორციის გათვალისწინებით) უნდა შეთანხმდეს რექტორთან ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით. ხოლო რა შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებულ შემთხვევად, ამ დადგენილებით განსაზღვრული არ არის და არც მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა სასამართლო სხდომაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი ბუნდოვანება უწყობს ხელს უ-------------ს, რომ მიიღოს მსგავსი დისკიმინაციული გადაწყვეტილებები შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ არა მხოლოდ განსაზღვრა შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთა აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა. სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელის მიმართ უ-------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა, აღნიშნული გამოწვეული არ იყო არც სამუშაოს სპეციფიკით, არც დასაქმებულის უნარ-ჩვევებითა და კვალიფიკაციით, არც შესრულებული სამუშაოს ხარისხით და ა.შ. შესაბამისად, მოსარჩელემ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ სამართლის დეპარტამენტის განსაკუთრებული რანგით მოწვეულ სპეციალისტებთან: ბ------- ლ--–---–---–----, მ------ მ------–---–----, ი.. ხ---------- და დ----- ხ-----–---თან შედარებით არათანაბარი მოპყრობა და რომ აღნიშნული მოპყრობა მისთვის იყო დისკრიმინაციული და ღირსების შემლახველი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ა---- წ-------–-- უ-------------ში განასკუთრებული რანგით მოწვეულ სპეციალისტს მ----- კ-----–---- ისეთი პირობები აქვს შექმნილი, რომლებიც პირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. ამასთან სახეზე არ არის პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ამასთან ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 178.8 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ----- კ-----–----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაევალოს მოპასუხე სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ს, 2018 წლის ოქტომბრის თვიდან - 2019 წლის 08 სექტემბრამდე (შრომითი ხელშეკრულება №4149) მ----- კ-----–----ს სახელფასო განაკვეთის გათანაბრება განსაკუთრებული რანგის სხვა მიწვეულ სპეციალისტებთან დარიცხული 1650 ლარის (ხელზე ასაღები 1320 ლარის) ოდენობით.

 

3. დაევალოს მოპასუხე სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ს, მ----- კ-----–----ს ხელფასის დანაკლისის ანაზღაურება შემდეგი დაანგარიშებით:

2018 წლის სექტემბერი -200 ლარის ოდენობით

2018 წლის ოქტომბერი - 480 ლარი

2018 წლის ნოემბერი - 480 ლარი

2018 წლის დეკემბერი და მე-13 ხელფასი = 480+480 =960 ლარი

2019 წლის იანვარი - 480 ლარი

2019 წლის თებერვალი - 480 ლარი

2019 წლის მარტი - 480 ლარი

2019 წლის აპრილი - 480 ლარი

2019 წლის მაისი - 480 ლარი

2019 წლის ივნისი - 480 ლარი

2019 წლის ივლისი - 480 ლარი

2019 წლის აგვისტო - 480 ლარი

2019 წლის 08 სექტემბერი - შესაბამისი დღეებით დაანგარიშებით.

 

4. მოპასუხე სსიპ ა---- წ-------–-- ს----–-–----- უ-------------ს ს----–-–----- ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 178.8 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე