გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.07.2019
საქმის ნომერი
330310019002965428
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/3105-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

მოსარჩელე - გ--------------ი

წარმომადგენლები - ბ---------–--ა, ა-------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენელი - თ--------–------ა, მ--------------ე, ი------–---------ე, მ----------–-–---–ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დისკრიმინაციულად მოპყრობის აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №---------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თობაზე;

 

1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს მხრიდან დისკრიმინაციულად მოპყრობის აღიარება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:

 

გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ------–-------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით და 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ---------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“. საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთ მეოთხედით; და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით და 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ------–-------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართალის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ---------------ის ეპიზოდი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ------–-------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართალის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ---------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ------–-------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-147–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ---------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ---------------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

მსჯავრდებულ გ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2017 წლის 7 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2014 წლის 23 თებერვლიდან - 2014 წლის 26 თებერვლის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი (ტ.2 ს.ფ. 147-166);

 

3.2. პროკურორსა და მსჯავრდებულ გ--------------ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება და გ--------------ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე 02 წელი და 06 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2014 წლის 23 თებერვლიდან 2014 წლის 26 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

აღნიშნული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო დაზარალებულთან კონსულტაციის შესახებ 2018 წლის 5 აპრილს გაფორმებული ოქმი, სადაც დაზარალებული დ------–-------–---–ი დაეთანხმა გ--------------თან გასაფორმებელი საპროცესო შთანხმების პირობებს.

 

აღნიშნული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო დაზარალებულთა კონსულტაციის შესახებ 2018 წლის 10 აპრილს გაფორმებული ოქმი, სადაც დაზარალებული ლ---------------ე დაეთანხმა გ--------------თან გასაფორმებელი საპროცესო შთანხმების პირობებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ გ--------------ს შორის, რის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება და გ--------------ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2014 წლის 23 თებერვლიდან 2014 წლის 26 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენი (ტ.2 ს.ფ. 147-166);

- საპროცესო შეთანხმების დადების ოქმი (ტ.2 ს.ფ. 96-102);

- დაზარალებულებთან კონსულტაციის ოქმები (ტ. 2, ს.ფ. 103-104);

 

3.3. დაზარალებულ - ლ---------------ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით, იგი თანახმაა გ--------------ის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, მათ შორის პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემცირება ან/და დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლა.

 

საქმეს ერთვის დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მომსახურის/მულტიდისციპლინური გუნდის მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა, სადაც ასახულია დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის პიროვნებასთან დაკავშირებით: მსჯავრდებული გ--------------ი ზოგადად მშვიდი პატიმარია, თუმცა ხანდახან არის არაპროგნოზირებადი და ფეთქებადი ხასიათის მქონე. აქვს ნორმალური დამოკიდებულა ადმინისტრაციასთან. იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს. 2017 წლის დეკემბრის თვეში მონაწილეობა მიიღო სოციალურ აქტივობაში „საშობაო გზავნილი“, 2018 წლის თებერვალში - ხელოვნების კონკურსში. 2018 წლის იანვარსა და აპრილში მონაწილეობდა ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“.

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 27 ნოემბრის №9085 ცნობა-დახასიათებით დგინდება, რომ გ--------------ი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანდა 2013 წლის 24 ივნისს. საადვოკატო საქმიანობის განხორცილებისას გ--------------ი იცავდა პროფესიული ეთიკის ნორმებს და ასრულებდა ასოციაციის წევრისათვის დაკისრებულ სხვა მოთხოვნებს. გ--------------ი არ არის დისციპლინირებული ეთიკის კომისიის მიერ. გ--------------ი გაწევრიანებულია საადვოკატო ბიუროში „ს-----------–------–---–----------“ და კოლეგების მხრიდან ხასიათდება დადებითად. ადვოკატთა უფლებათა დაცვის კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დაკმაყოფილდეს გ--------------ის შუამდგომლობა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელის სახით - შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 დეკემბრის დასკვნის თანახმად, საექსპერტო კვლევის შედეგებით კოგნიტური უნარების, ინტერესთა წრის, ნებითი და მოტივაციური სფეროს შეფასებისას ვლინდება თვითგანვითარების, პოზიტიური ცვლილებების მიმართ მაღალი, მყარი მოტივაცია. არ ვლინდება ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, მიდრეკილება ემოციური აგრესიისკენ, ფიქსირდება უარყოფით შთაბეჭდილებებზე, მოწყვლადობა. შექმნილი გარემოების, ჩადენილი დანაშაულის მიმართ დამოკიდებულება ადეკვატურია. სოციალურ განწყობათა სტრუქტურაში ვლინდება მყარი ცენტრალური ღირებულებები, დაბალია ქცევის მოტივაციის შეცვლის ალბათობა. სოციალურ გარემოცვაში ვლინდება ნაყოფიერი თანამშრომლობის უნარი ლიდერის პოზიციაზე თვითგამოვლენის გარეშე.

 

№9 პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული სიგელის თანახმად, გ--------------ი მონაწილეობდა დაწესებულებაში გამართულ სპორტულ აქტივობაში.

 

№9 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დაწესებულების მიერ 2019 წლის 12 ივლისის წერილით გაცემული დახასიათების თანახმად, მსჯავრდებული იცავს დღის განრიგს, სამართლებრივი რეჟიმისა და ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. მსჯავრდებული დაწესებულებასა და ადმინისტრაციასთან მიმართებაში არის თავაზიანი. გ--------------ი პირადი საქმის მიხედვით ნასამართლევი არ არის, დამატებითი სასჯელი არ დაკისრებია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 06.11.2018 წ. თანხმობა (ტ. 1, ს.ფ. 152-154);

- მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების ფორმა (ტ. 1, ს.ფ. 74-79);

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 27 ნოემბრის №9085 ცნობა-დახასიათება (ტ. 1, ს.ფ. 147-148);

- ექსპერტის დასკვნა (ტ.1 ს.ფ. 112-118);

- სიგელი (ტ. 2, ს.ფ. 383);

- დახახსიათება (ტ. 2, ს.ფ. 460-467);

-

3.4. შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მიერ გაცემული 2018 წლის 26 ივნისის დახასიათების თანახმად, კლასის დამრიგებლისა და სკოლის ფსიქოლოგის მიერ დადგინდა, რომ ნ---------------ს მამის დაკავების შემდეგ უჭირს კონცენტრაცია, რადგან ემოციური ფონი აქვს აწეული მამის შორს ყოფნის გამო, როგორც ამას ნახატები და მისი ემოციური რეაქციები ავლენს ამ თემის განხილვისას.

 

საკალათბურთო აკადემიის გუნდის მწვრთნელის მიერ გაცემული დახასიათებით დგინდება, რომ ნ---------------ი კალათბურთის წრეზე დადის 2014 წლის სექტემბრიდან. ვარჯიშები ტარდება კვირაში სამჯერ 1-2 საათის განმავლობაში. იგი ყოველთვის დიდი მოტივაციით და სიხარულით დადიოდა ვარჯიშებზე. ამ პროცესში ჩართული იყო ბავშვის მამა - გ--------------ი. 2017 წლის შემდეგ, ბავშვი საგრძნობლად შეიცვალა. აშკარად დაეტყო გაღიზიანება, შფოთვა, გახდა კონფლიქტური, ძალიან გულჩათხრობილი. უჭირს ვარჯიშზე თუ თამაშზე კონცენტრაცია, ყველაფერზე პროტესტის გრძნობა გაუჩნდა, გაურბის ბავშვებთან კომუნიკაციას და რაიმე შენიშვნაზე უცხემლიანდება თვალები. მწვრთნელის მოსაზრებით, ბავშვი შინაგანად განიცდის მამის არყოფნას, რაც მის მიღწევებზეც აისახება, ვარჯიშის დროს აღარ არის აქტიური, გახდა ძალიან გულჩათხრობილი. მამის არყოფნა საგრძნობლად დაეტყო მის მოტივაციასა და განწყობას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საკალათბურთო აკადემიის გუნდის მწვრთნელის მიერ გაცემული დახასიათება (ტ. 2, ს.ფ. 130);

- შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მიერ გაცემული 2018 წლის 26 ივნისის დახასიათება (ტ. 2, ს.ფ. 127-129);

 

3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ--------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

საბჭომ გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის დახასიათებაში ასახული პირის დადებითი მახასიათებლები, გაეცნო მიწოდებულ ინფორმაციას ოჯახური მდგომარეობის შესახებ, ასევე დამატებით დოკმენტაციას (მათ შორის ერთი დაზარალებულის პოზიციას), საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, კერძოდ: სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა. მსჯავრდებული გასამართლებულია სხვადასხვა კატეგორიისა და სიმძიმის დანაშაულისათვის, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის. გ--------------ის მიერ განხორციელდა ქმდებები, როგორიცაა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია; ამასთანავე, სამოხელეო და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც გამოიხატა ორი პირის განზრახ უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაში.

ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა და იმან, თუ რა გარემოებებში იქნა ეს დანაშაული ჩადენილი, შინაგანი რწმენის საფუძველზე, კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით, ერთხმად გადაწვიტა, რომ ამ ეტაპზე ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექტის კრიტერიუმებმა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №---------- გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ. 22-28);

 

3.6. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- 2019 წლის 19 ივნისის №----- ცნობით დგინდება, რომ გ--------------ი არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- პოლიტიკური საბჭოს წევრი.

 

საქმეს ერთვის ადგილობრივი საბჭოების მიერ 2018-2019 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, სხვადასხვა დანაშაულებებისათვის მსჯავრდებულ პირთა შუამდგომლობები მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა.

 

საქმეს ერთვის ადგილობრივი საბჭოების 2012-2017 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებითაც განხილულ იქნა შუამდგომლობები სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე ან/და 333-ე და მუხლებით მსჯავრდებულ პირთა პირობით ვადამდე გათავისუფლების გათავისუფლების თაობაზე.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 12 ოქტომბრის №----------------- წერილით დგინდება, რომ აგვისტოს თვეში ადგილობრივ საბჭოებში შევიდა სულ 90 მსჯავრდებულის შუამდგომლობა (70 შინაპატიმრობა და 20 საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) მოსახდელად დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვის თაობაზე. 8 მსჯავრდებულთან დაინიშნა საბჭოს სხდომა ზეპირი მოსმენით, საიდანაც 8 მსჯავრდებულის მიმართ საბჭომ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. ამასთან, 2018 წლის სექტემბრის მონაცემები წერილის გაცემის ეტაპისათვის დაზუტებული არ იყო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „------------–------–------------------- 2019 წლის 19 ივნისის №----- ცნობა (ტ. 2, ს.ფ. 336);

- ადგილობრივი საბჭოების მიერ 2018-2019 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები შინაპატიმრობის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით (ტ. 2, ს.ფ. 234-335);

- ადგილობირვი საბჭოების გადაწყვეტილებები პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით (ტ. 2, ს.ფ. 404-424);

- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 12 ოქტომბრის №----------------- წერილი (ტ. 2, ს.ფ. 135-136);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

 

პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე; ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

 

მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო). მითითებული მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების შესაბამისად, საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს აღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

 

სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით. აღნიშნული დებულების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მითითებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყების საფუძველია პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა.

 

შეფასების კრიტერიუმებს განსაზღვრავს მითითებული დებულების მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის შეფასება ხდება მითითებული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უშუალოდ მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ--------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საბჭომ გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის დახასიათებაში ასახული პირის დადებითი მახასიათებლები, გაეცნო მიწოდებულ ინფორმაციას ოჯახური მდგომარეობის შესახებ, ასევე დამატებით დოკმენტაციას (მათ შორის ერთი დაზარალებულის პოზიციას), საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, კერძოდ: სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა. მსჯავრდებული გასამართლებულია სხვადასხვა კატეგორიისა და სიმძიმის დანაშაულისათვის, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის. გ--------------ის მიერ განხორციელდა ქმედებები, როგორიცაა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია; ამასთანავე, სამოხელეო და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც გამოიხატა ორი პირის განზრახ უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაში.

 

როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №---------- გადაწყვეტილებით ასევე საქმეში დაცული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ გ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართალის კოდექსის 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას. ამისათვის საჭიროა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირველ რიგში აკმაყოფილებდეს კანონიერების კრიტერიუმს, ხოლო მასში ასახული სათანადო დასაბუთება ასევე ხსნიდეს სადავო გადაწყვეტილების დასაბუთებულობას. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანო კანონით დასახული მიზნის მისაღწევად უფლებამოსილია დისკრეციული უფლებამოსილების თანმიმდევრულად განხორციელებისათვის მისაღები გადაწყვეტილებების კრიტერიუმები თვითშეზღუდვით შემოფარგლოს. კერძოდ, პირობით ვადამდე საკითხის გადაწყვეტისას ადგილობრივ საბჭოს შესაძლოა ჰქონდეს ერთიანი მიდგომა და კონკრეტულ ეტაპზე, კონკრეტული დანაშაულის ხასიათი საკითხის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნიოს. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი მიდგომა არ ქმნის ამ უფლებამოსილების გამოყენების კანონშეუსაბამობას.

 

სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასებულ იქნა პირადი საქმიდან მომზადებული დახასიათების მიხედვით პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული დახასიათება გ--------------ის მიმართ. აღსანიშნავია, რომ გ--------------ის პირადი საქმიდან მომზადებული დახასიათება ქრონოლოგიურად შეიცავს პირის ქცევის დინამიკურ მაჩვენებლებს, რაც თავად ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული. თუმცა, საბჭომ ყურადღება გაამახვილა რა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე სადავო გადაწყვეტილებაში არასწორად ასახა ჩადენილი დანაშაულის, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართალის კოდექსის 147-ე მუხლით მოაზრებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნორმატიული შინაარსი. ყოველივე აღნიშნულს შედეგად სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას დანაშაულის ხასიათის არამართებული შეფასება მოჰყვა.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდა 2019 წლის 3 ნოემბერს დასრულდება. სასამართლოში დავის განხილვისას მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა 2019 წლის 12 ივლისის წერილით გაცემული დახასიათება, რომლის თანახმად, მსჯავრდებული იცავს დღის განრიგს, სამართლებრივი რეჟიმისა და ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. მსჯავრდებული დაწესებულებასა და ადმინისტრაციასთან მიმართებაში არის თავაზიანი. გ--------------ი პირადი საქმის მიხედვით ნასამართლევი არ არის, დამატებითი სასჯელი არ დაკისრებია. ამავე დახასიათებაში სახულია პირის ქცევა და დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №---------- გადაწყვეტილებაში ასევე არ არის ახსნილი თუ რატომ ასრულებს მოსარჩელის პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას გადამწყვეტ როლს კანონით გათვალისწინებულ შეფასების რამდენიმე კრიტერიუმს შორის მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმი - დანაშაულის ხასიათი. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ თუკი საქმეში წარმოდგენილი რამდენიმე კრიტერიუმიდან ყველაზე მნიშვნელოვანია პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოპასუხეს უნდა შეეძლოს საქმესთან დაკავშირებული ყველა კრიტერიუმის, ყველა ფაქტის შედარებითი ანალიზის პირობებში, მათ შორის საკითხის განხილვის ეტაპის გათვალისწინებით, იმის მტკიცება, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, და რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს, ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები. სწორედ ამგვარი დასაბუთებით უნდა აიხსნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განსახორციელებლად დაწესებული თვითშეზღუდვის მართებულობა.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №---------- გადაწყვეტილებით არასწორად იქნა შეფასებული დანაშაულის ხასიათი. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა სწორედ დანაშაულის ხასიათი შეფასდა ისეთ გადამწყვეტ ფაქტორად, რომელმაც საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით ადგილობრივი საბჭო უფლებამოსილია პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შედეგად მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაცია მიიღოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ საკითხი უნდა გადაწყვეტოს ზეპირი მოსმენით, რაც გარდა დანაშაულის ხასიათის სწორი სამართლებრივი შეფასებისა, შუამდგომლობით წარდგენილ მტკიცებულებებში, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნაში ასახული კრიტერიუმების უკეთ გამორკვევასა და დადგენას ხელს შეუწყობს.

 

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №---------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ზეპირი მოსმენით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

 

6.3. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმის თანახმად, ცხადია, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული სტანდარტი კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ამასთან, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი (დისკრიმინაციის ტესტი). სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დაადგინა დისკრიმინაციის შეფასების კრიტერიუმები და განმარტა: ,,კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას, სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია: ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას (როგორებიცაა, სახელმწიფო უშიშროება, საზოგადოებრივი წესრიგი, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციითვე დასახელებული კონკრეტული საჯარო ინტერესები); სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა; ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, მათ შორის, მაგალითად, კონკრეტული გარემოებების რეალურად თავიდან აცილების შეუძლებლობის მიზეზით გამოწვეული დიფერენციაცია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დისკრიმინაციაზე საუბარი არ შეიძლება, თუ არათანასწორი მიდგომა ექვემდებარება გონივრულ ახსნას, გამართლებას, რაციონალიზაციას“. ,,ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსხვავებულია სასამართლოს კრიტერიუმებიც დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის. კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით. ამასთან, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“. დანარჩენ შემთხვევებში მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - ,,რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“ (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი, რომლის მიხედვითაც: ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“.

 

სასამართლოს მოსაზრებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს დამოკიდებულების დისკრიმინაციულად მიჩნევისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ დიფერენციაცია მკვეთრად უნდა აცილებდეს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისასგან. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობით ვადამდე გათავისუფლების ძირითადი პრინციპები მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლით. ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი.

 

აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის შესრულების მიზნით, კანონქვემდებარე აქტში - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესში“ მოცემულია საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო ნორმატიული საფუძვლები, კერძოდ დადგენილია ძირითადი კრიტერიუმები, რაც საკითხის გადაწყვეტისას საბჭოს მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. ამასთან, ადგილობრივ საბჭოებს მინიჭებული აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება კრიტერიუმების მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიზაშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით მიიღონ დასაბუთებული, კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, დისკრეციული უფლებამოსილება მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, თუმცა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“ საკითხის მიღებისათვის აუცილებელი კრიტერიუმების გაწერა დისკრეციულ უფლებამოსილებას აქცევს ზოგადი პრინციპებისა და სტანდარტების ჩარჩოებში, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო სტრუქტურულსა და თანმიმდევრულს ხდის, ამასთან, ხელს უწყობს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შეძლებისდაგვარად ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საკანონმდებლო, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის დერეგულირება, მართალია, ყველა მსჯავრდებულს, რომელსაც მოსახდელად დანიშნული აქვს საპატიმრო სასჯელი, თანაბარ მდგომარეობაში აყენებს - კანონით დადგენილ ეტაპზე და პერიოდულობით განხილულ იქნეს მისი საკითხი ადგილობრივი საბჭოების მიერ, თუმცა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ხდება. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება იმთავითვე არ გულისხმობს თანაბარ მდგომარეობაში მყოფი პირების დიფერენცირებას.

 

აღსანიშნავია, რომ გ--------------ი მოპასუხისაგან დისკრიმინაციულად მოპყრობის საფუძვლად მისი პარტიული და პროფესიული კუთვნილების ნიშანს ასახელებდა. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა ადგილობრივი საბჭოების მიერ 2018-2019 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც დანიშნული სასჯელის უფრო მუბუქი სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობები დაკმაყოფილდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემი, რომელთა თანახმად, ადგილობრივი საბჭოების მიერ 2011-2019 წლებში შუამდგომლობებთან დაკავშირებით მიღებულია 81893 გადაწყვეტილება, მათგან მხოლოდ 8131 გადაწყვეტილება არის დადებითი ხასიათის პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ხოლო უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე 339 მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენი შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.

 

საქმეს ერთვის ადგილობრივი საბჭოების 2012-2017 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე ან/და 333-ე და მუხლებით მსჯავრდებულ პირთა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიხედვით, მხოლოდ ერთი გადაწყვეტილებით იქნა შუამდგომლობა დაკმაყოფილებული, ხოლო დანარჩენი გადაწყვეტილებებით მსჯავრდებულთა შუამდგომლობა უარყოფილია.

 

აღსანიშნავია, რომ როგორც მოსარჩელე მხარის მიერ, ისე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები, მათ შორის გ--------------ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, არ შეიცავს რაიმე ისეთ მითითებას, რომელიც ამა თუ იმ მსჯავრდებულის პარტიული ან პროფესიული კუთვნილების მიხედვით საკითხის გადაწყვეტის ეჭვს გააჩენდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ყველა ხსენებული გადაწყვეტილება მათი მიღების დროს მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების შესაბამისად ასახავს საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელ ასპექტებს.

 

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ--------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა. შესაბამისად, გ--------------ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული მსჯავრდებული პირის მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის შედეგად არ არის მიღებული, იგი თანხვედრაშია მსგავსი დანაშაულების მიმართ ადგილობრივი საბჭოების ზოგად მიდგომასთან. ამასთან, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულისათვის გაუგებარი დარჩა თუ რატომ ვერ გადაწონა დადებითად შეფასებულმა 4-მა კრიტერიუმმა მხოლოდ ერთი, უარყოფითად შეფასებული კრიტერიუმი მაშინ, როცა სხვა დანაშაულებთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებებით ამ კრიტერიუმთა ბალანსი სხვადასხვაგვარად არის გადანაწილებული, არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრიმინაციულ მიდგომას, არამედ აღნიშნული მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების სისრულეზეა დამოკიდებული.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დისკრიმინაციული მოპყრობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებების საჯარო სივრცეში განთავსებას, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ გ--------------ის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას რაიმე დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც მას თანასწორ პირობებში მყოფი სხვა პოლიტიკური თუ პროფესიული კუთვნილების პირებისაგან გამოარჩევდა, დადასტურებული არ არის. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ხსენებულ პირთა განწყობასა და დამოკიდებულებაზე, არ არის დასაბუთებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

 

დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთი დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში მყოფი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთკავშირშია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და განსახილველ უფლებასთან.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ განცხადებული მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდი მისივე მითითებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა. ამასთან, მოპასუხე მხარემ, როგორც შუამდგომლობის დაკმაყოფილების ზოგადი სტატისტიკური მონაცემის მოხმობით, ისე კონკრეტული დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მიდგომის ასახსნელად წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებმაც გამოკვეთეს ის ფაქტი, რომ ადგილობრივი საბჭოების მიერ ზოგადად, შუამდგომლობების გადაწყვეტა ხდება უმეტესწილად უარყოფითად, ხოლო კონკრეტული დანაშაულის ხასიათის მიხედვით უმრავლეს შემთხვევაში საკითხი უარყოფითად არის გადაწყვეტილი.

 

სასამართლოს მოსაზრებით მოპყრობის დისკრიმინაციულად მიჩნევისათვის აუცილებელი წინაპირობა, რომ დიფერენციაცია მკვეთრად უნდა აცილებდეს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისასგან, სახეზე არ არის, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა თანმიმდევრულია, ექვემდებარება გონივრულ ახსნასა და გამართლებას, შესაბამისად, დიფერენციაცია სახეზე არ არის.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს მხრიდან გ--------------ის მიმართ დისკრიმინაციულად მოპყრობის აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, 25-ე, 271, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 29 მარტის №---------- გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ზეპირი მოსმენის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის - გ--------------ის სასარგებლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე