განაჩენი

სისხლის სამართლის 21.07.2019
საქმის ნომერი
190100118002781144
თარიღი
21.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/885-18

(№012251018003)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 ივლისი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი: ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ბ------------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ქმედების ჩადენისას ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.რუსთავი, ა-–------–---–-------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ.რუსთავი, თ-----------------------------

 

ადვოკატი: გელა ჩივაძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემრბის განაჩენით ბ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ბ------------–---–ს დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2018 წლის 12 დეკემბრიდან.

 

2018 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.რუსთავში, მ----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული კომპიუტერული მომსახურების ცენტრიდან, ბ------------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ-------------–--ის კუთვნილ ,,სამსუნგის“ ფირმის ,,ჯ1 მინი“ მოდელის მობილურ ტელეფონს, იმეი კოდებით 3-------------------------------, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა 100 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დასკვნა, ბ------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ნ-------------–--ის განცხადებას, დაზარალებულ ნ-------------–--ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების მ---------------–--ის, გ---------------ის, ლ-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს და მათგან მიღებული ინფორმაციას, ბ------------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ფოტოსურათებს, ლომბარდ შპს ,,ა-–------------იდან“ მობილური ტელეფონის და სალომბარდო ხელშეკრულების ამოღების ოქმს, ამოღებული მობილური ტელეფონს, ნ--------------–--ისგან მობილური ტელეფონის ყუთის ამოღების ოქმს, სასაქონლო ექსპერტიზის 2385/ს დასკვნას და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

დაზარალებულმა ნ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ქ.რუსთავში მეგობრობის გ------------ ში მდებარე კომპიუტერული მომსახურების ცენტრში შვილთან ერთად. რაღაც დროს ტელეფონი ბავშვს მიაწოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ის აღარ ჰქონდა. მოიძია ყველგან სადაც იმ დღეს იმყოფებოდა. ბრალდებულთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, სურს ტელეფონის დაბრუნება.

 

მოწმე ლ-------------–-–---–მა სასამართლომ სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი მეგობარია და შემთხვევის დღეს სთხოვა მისი პირადობის მოწმობით ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება, აღებული ფულიც მას გადასცა. პოლიციაში რომ დაიბარეს, მაშინ გაიგო ტელეფონი მოპარული რომ იყო.

 

მოწმე მ---------------–--ემ სასამართლომ სხდომაზე განმარტა, რომ ლომბარდში მუშაობის დროს ორმა მამაკაცმა ტელეფონი დააგირავა თანხის სანაცვლოდ. ხელშეკრულება ლ-------------–-–---–თან დადო. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ტელეფონიც და ხელშეკრულებაც.

 

2018 წლის 4 დეკემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით: მობილური ტელეფონი SAMSUNG GALAXY J1 min-ის საბაზრო ღირებულება შეადგენს 100 ლარს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის (მართლზომიერ) მფლობელობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს თუ მიყენებული ქმედებით დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ისევე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ასევე მნიშვნელოვანია პირის აღქმა, კერძოდ, შეგნებული აქვს თუ არა მას, რომ ნივთს სხვისგან ფარულად ეუფლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მობილური ტელეფონის დაუფლების დროს ბ------------–---–ი მოქმედებდა ფარულად, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მისი ქმედება არ იყო შესამჩნევი.

 

იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. ვინაიდან ბ------------–---–ის განზრახვა მოიცავდა იმ საგნის (მობილური ტელეფონი) დაუფლებას, რომელიც არ იყო მისი საკუთრება და არანაირი მართლზომიერი უფლება არ გააჩნდა მასზე, დასაუფლებლად იგი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მიზნით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ადგენს მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნითა და მხარეთა შორის შეთანხმებული მტკიცებულებებათა ერთობლიობით, ბ------------–---–ის ქმედებამ დაზარალებულს მიაყენა 100 ლარის მატერიალური ზიანი, რაც ქმნის სსკ-ს 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ------------–---–მა ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო ისეთი ხასიათის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა;

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------------–---–ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია აღნიშნული სასჯელის დანიშვნის პირობებში, ხოლო ვინაიდან ბ------------–---–ს ქმედება ჩადენილი აქვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენის გამოტანამდე, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ბ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული ტელეფონის ყუთი, შპს „ა-–------------ისაგან“ ამოღებული „სამსუნგ ჯ1 მინი“ მოდელის მობილური ტელეფონი, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს, ხოლო შპს „ა-–------------ისაგან“ ამოღებული სალომბარდე ხელშეკრულება N10574 და სალაროს გასვლის ორდერი N13475, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ბ------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. ბ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ბოლო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 3 ივლისიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს სასჯელი, რომელიც მოხდილი აქვს წინა განაჩენით - 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2019 წლის 3 ივლისამდე.

 

3. საქართველოს სსსკ-ს 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული ტელეფონის ყუთი, შპს „ა-–------------ისაგან“ ამოღებული „სამსუნგ ჯ1 მინი“ მოდელის მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მის დაზარალებულს, ხოლო შპს „ა-–------------ისაგან“ ამოღებული სალომბარდე ხელშეკრულება N10574 და სალაროს გასვლის ორდერი N13475, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით. (ნივთები ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოში).

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე