გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.07.2019
საქმის ნომერი
340210118002766382
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340210118002766382

საქმე №2/1037-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17.07.2019 წელი, ქ. გურჯაანი

 

შესავალი ნაწილი

 

გურჯაანის რიაონული სასამართლო

მოსამართლე იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ნო--–---ი“

წარმომადგენელი - ნუ----რ ნო----ე

 

მოპასუხე - შპს „ქი----------–ი“

წარმომადგენლები - ლე--- გა-----ა, ნი-------------ე

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ქი----------–ისათვის“ მოსარჩელე შპს „ნო--–---ის“ სასარგებლოდ 4746,27 ევროს ექვივალენტი ლარის დაკისრება, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.

 

1.2. მოპასუხე შპს „ქი----------–ისათვის“ მოსარჩელე შპს „ნო--–---ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდის დაკისირება, მხარეებს შორის 2018 წლის 20 აპრილს დადებული ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის შესაბამისად, თანხის ჩარიცხვის ვალდებულების დარღვევიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0,1%-ის ოდენობით.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს „ნო--–---სა“ და შპს „ქი----------–ს“ შორის, 2018 წლის 20 აპრილს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველი - შპს „ნო--–---ი“ იღებდა ვალდებულებას, მოპასუხე შპს „ქი----------–ისთვის“ გადაეცა გამყიდველის ასორტიმენტში არსებული პროდუქცია (ვენახის წამლები), ხოლო „მყიდველი“ - შპს „ქი----------–ი“ კისრულობდა ვალდებულებას, გადაეხადა საქონლის ღირებულება სრულად, კერძოდ, ყოველი კონკრეტული მიწოდებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა.

 

მოსარჩელეს მოპასუხისათვის მიწოდებული აქვს ჯამში 11104,18 ევროს ღირებულების პროდუქცია. შპს „ქი----------–მა“ ძირითადი დავალიანებიდან გადაიხადა 6380,58 ევროს ექვივალენტი ლარში და გადასახდელად დარჩენილია 4746,27 ევრო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მან დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და საქონლის მიღების ფაქტი, თუმცა მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ მიერ მიწოდებული პროდუქცია აღმოჩნდა უხარისხო, რამაც გამოიწვია მოპასუხის საკუთრებაში არსებული ვენახების მდგომარეობის გაუარესება. მოპასუხემ შპს „ნო--–---ს“ აღნიშნულის შესახებ აცნობა და შეწყვიტა მათთან თანხის გადარიცხვა.

 

მოპასუხე თვლის, რომ მას არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ ვინაიდან მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული მათი მოსავლის დაზიანება. აღნიშნული მიზეზით, არ დაეთანხმა მოპასუხე პირგასამტეხლოს გადახდევინებასაც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 20 აპრილს, გამყიდველს - შპს „ნო--–---სა“ და მყიდველს - შპს „ქი----------–ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება №KIN-01/18. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს, 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ნასყიდობის ხელშეკრულება ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22)

 

3.1.2. შპს „ნო--–---მა“ შპს „ქი----------–ს“ მიაწოდა 11104 ევროს ღირებულების პროდუქცია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. შპს „ქი----------–მა“ შეძენილი პროდუქციის ღირებულებიდან გადაიხადა მხოლოდ 6380,58 ევროს ექვივალენტი ლარში.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. შპს „ნო--–---მა“ გამარტივებული წარმოების განხორციელების მიზნით, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რესპონდენტის - შპს „ქი----------–ის“ მიმართ. შპს „ქი----------–ი“ პროტესტით არ დაეთანხმა აპლიკანტის განცხადებას დავალიანების გამარტივებული წესით გადახდევინების თაობაზე, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, აპლიკანტს შპს „ნო--–---ს“ უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება (ს.ფ. 53).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლოს არ მიაჩნია დადასტურებულად, რომ ნასყიდობის საგანი იყო ნაკლის მქონე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

 

მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მიერ მიწოდებული პროდუქცია აღმოჩნდა უხარისხო, რამაც გამოიწვია მოპასუხის საკუთრებაში არსებული ვენახების დაზიანება, რის გამოც მოპასუხემ შეწყვიტა მოსარჩელისათვის თანხის გადარიცხვა, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ გარდა ნასყიდობისა, მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, შპს „ქი----------–ის“ მიერ შესყიდული პროდუქციის გამოყენება უნდა მომხდარიყო შპს „ნო--–---ის“ წარმომადგენლის მიერ მიცემული რეგკომენდაციებისა და მითითებების შესაბამისად. სწორედ აღნიშნულმა არასწორმა რეკომენდაციებმა გამოიწვია მოპასუხის საკუთრებაში არსებული ვენახების დაზიანება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოპასუხემ შეწყვიტა მოსარჩელისათვის თანხის გადახდა და დაიქირავა სხვა სპეციალისტი, ამის შემდეგ შეძლო ვენახის გარკვეული ნაწილის გადარჩენა.

მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, შესყიდული პროდუქცია იყო უხარისხო თუ მოხდა მისი არასწორად გამოყენება, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ იგი არ იყო აგრონომი. როგორც მან განმარტა, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ (რომელიც რეკომენდაციებს უწევდა შესყიდული პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით) დარღვეული იყო აგრო-ვადები, კერძოდ, თუ პრეპარატს უნდა ემუშავა ერთი კვირა ან ათი დღე, მათ აძლევდნენ ორ კვირას.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შპს „ქი----------–ის“ მიერ დაქირავებული სპეციალისტი - თე----- მა-----–-–---–ი, რომელიც მუშაობდა დაზიანებული ვენახის აღდგნაზე. მოსამართლის შეკითხვაზე, ვენახის დაზიანება გამოწვეული იყო პროდუქციის უხარისხობით თუ მისი არასწორად გამოყენებით, მოწმემ განმარტა, რომ პროდუქცია იყო ხარისხიანი, მაგრამ მოხდა მისი არასწორად გამოყენება. კერძოდ, მან მიუთითა, რომ შპს „ნო--–---მა“ ურჩია 10 დღიდან ორკვირიანი შუალედით შეწამლვა მაშინ, როდესაც იმ წელს იყო ნალექიანი პერიოდი, წამალს შეიძლება ემუშავა ერთი კვირა. მისი თქმით, ერთკვირიანი შეწამლვის შემთხვევაში, ვენახი გადარჩებოდა.

 

რაც შეეხება მხარეთა შორის ზეპირ შეთანხმებას, რასაც მოსარჩელე მხარე უარყოფს, ამგვარი შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. გარდა ამისა, ამგვარი შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც, იგი წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებელ ხელშეკრულებას და მისი პირობების დარღვევისა და მიყენებული ზიანის ანაზრაურების თაობაზე შპს „ქი----------–ს“ თავად შეეძლო აღეძრა დავა, რაც მას არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ პროდუქციის ხასისხთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის მიერ ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ნო--–---სა“ და შპს „ქი----------–ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის საგანი იყო ხარისხიანი და ნაკლის არმქონე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს „ქი----------–ს“ ჯეროვნად არა აქვს შესრულებული ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, რის გამოც ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის გადახდასთან ერთად, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდაც.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე, მე-400, 427-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

აღნიშნული კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ხოლო ამავე კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „ნო--–---სა“ და შპს „ქი----------–ს“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამყიდველს - შპს „ნო--–---“ ეკისრებოდა საქონლის მიწოდების ვალდებულება, ხოლო მყიდველს - შპს „ქი----------–ს“ მიწოდებული საქონლის ღირებულების - 11104,18 ევროს ეკვივალენტის ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ, 2018 წლის 20 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოშობილი ვალდებულებიდან გადაიხადა მხოლოდ 6380,58 ევროს ეკვივალენტი ლარებში გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ნასყიდობის საგანზე ნაკლის არსებობის ფაქტი არ დასტურდება, მოპასუხეს შპს „ქი----------–ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ, მას გადასახდელი აქვს ნასყიდობის საფასურის სახით 4746,27 ევროს ეკვივალენტი ლარებში და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

2018 წლის 20 აპრილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის 3.2.2. ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მყიდველს პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გადახდას. დადგენილია შპს „ქი----------–ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის ნაწილის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. წილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 5 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამიტომ ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1875 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლით, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი.

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი სახით 499,20 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 ლარი, რისი ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 2591, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ნო--–---ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ქი----------–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე შპს „ქი----------–ს“ (ს/ნ 2--------) მოსარჩელე შპს „ნო--–---ის“ (ს/ნ 20-------) სასარგებლოდ დაეკისროს 4746,27 (ოთხიათას შვიდას ორმოცდაექვსი ევრო, ოცდაშვიდი ევროცენტი) ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.

 

1.2. მოპასუხე შპს „ქი----------–ს“ (ს/ნ 2--------) მოსარჩელე შპს „ნო--–---ის“ (ს/ნ 20-------) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, მხარეებს შორის 2018 წლის 20 აპრილს დადებული ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის შესაბამისად, თანხის ჩარიცხვის ვალდებულების დარღვევიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0,1%-ის ოდენობით.

 

1.3. მოპასუხე შპს „ქი----------–ს“ (ს/ნ 2--------) მოსარჩელე შპს „ნო--–---ის“ (ს/ნ 20-------) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 499,20 (ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი, ოცი თეთრი) ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯის ანაზრაურება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

1.4. მოპასუხე შპს „ქი----------–ს“ (ს/ნ 2--------) მოსარჩელე შპს „ნო--–---ის“ (ს/ნ 20-------) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

 

2. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოპასუხე შპს „ქი----------–ს“ (ს/ნ 2--------) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი გუ--------ი (საკადასტრო კოდი 5-----------), გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე