გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2019
საქმის ნომერი
110210019002844926
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019002844926

N 2/64-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.07.2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს------------–ი”,წარმომადგენელი შ----- ა–-----ა

მოპასუხე ნ------- ნ-----ე,წარმომადგენელი ე----- ტ--–----ე

დავის საგანი უფლებამონაცვლეობის დადგენა, თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპსუხე ნ-------ი ნ-----ის ცნობა 2016 წლის 25 მაისს გარდაცვლილი ბ------ კ-----ის უფლებამონაცვლედ;

1.2. ნ-------ი ნ-----ისათვის მოსარჩელე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს------------–ი”-ს სასარგებლოდ 4500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;

1.3. ნ-------ი ნ-----ისათვის მოსარჩელე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს------------–ი”-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 359 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის პოზიცია:

 

2016 წლის 04 იანვარს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს------------–ი”-ს და მოპასუხის მეუღლეს ბ------ კ-----ეს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება # MZ089 და ბ------ კ-----ეზე გაიცა სესხი 4500 აშშ დოლარი 24 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით პირველი რიგის გირავნობის უფლებით დაიტვირთა ბ------ კ-----ის კუთვნილი ბმვ X5 მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით NI777DS. ბ------ კ-----ის მიერ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკის სისტემატიური დარღვევა. სერვისების ეროვნული სააგენტოდან მის შესახებ რაიმე ინფორმაცის ვერ მოიპოვეს, ვინაიდან მათ ბაზაში იგი გარდაცვლილად არ ფიქსირდებოდა. 2019 წლის 21 იანვარს ბ------ კ-----ის შვილმა მათ წარუდგინა მამის გარდაცვალების მოწმობა და დედის ნ-------ი ნ-----ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე თანხმობის შესახებ განცხადება. მხარეთა შორის მორიგება ვერ ხერხდება. გირავნობის საგანი ავტოსატრანსპორტო საშუალება დღეის მდგომარეობით იმყოფება უკრაინაში. ამცირებს თავის სასარცელო მოთხოვნას და მოითხოვს ნ-------ი ნ-----ის ცნობას ბ------ კ-----ის უფლებამონაცვლედ და მათ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა 4500 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ-------ი ნ-----ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ასევე სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა ე----- ტ--–----ემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარჩელი არის ხანდაზმული. მოსარჩელისათვის 2016 წელშივე იყო ცნობილი მსესხებლის ბ------ კ-----ის გარდაცვალების ფაქტი. სამკვიდრო მიღებულია ნ-------ი ნ-----ის მიერ 2016 წლის 16 ნოემბერს და მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში არ გამოუყენებია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება არც გირავნობის, არც უფლებამონაცვლეობის და არც სესხის თანხის ანაზღაურების შესახებ. მოპასუხე უფლებამოსილია ხანდაზმულობის გასვლის გამო უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 04 იანვარს ბ------ კ-----ესა და მოსარჩელე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს------------–ი”-ს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება # MZ089 და ბ------ კ-----ეზე გაიცა სესხი 4500 აშშ დოლარი 24 თვის ვადით. ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვით. სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მხარეთა განმარტება.

3.1.2. 2016 წლის 04 იანვრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით პირველი რიგის გირავნობის ულებით დაიტვირთა ბ------ კ-----ის კუთვნილი ბმვ X5 მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით NI777DS.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება;

- შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 04 იანვარს გაცემული ცნობა N 1089581/1, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;

- გირავნობის მოწმობა;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.3. ბ------ კ-----ის მიერ დაირღვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. არ მოხდა მის მიერ გრაფიკით დადგენილი წესით სესხის თანხის გადახდა. გირავნობის საგანზე კერძო აღმასრულებლის მიერ გამოცხადდა ძებნა. გირავნობის უფლებით დატვირთული ბ------ კ-----ის კუთვნილი ბმვ X5 მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით NI777DS იმყოფება უკრაინაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- კერძო აღმასრულებლის 2019 წლის 12 ივნისის მიმართვა;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.4. ბ------ კ-----ე გარდაიცვალა უკრაინაში 2016 წლის 25 მაისს. გადმოსვენებული იქნა ოჯახის მიერ და დასაფლავდა საქართველოში. ბ------ ნ-----ის მეუღლემ მოპასუხე ნ-------ი ნ-----ემ 2016 წლის 16 ნოემბერს სამკვიდროს მისაღებად განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მიიღო მეუღლის სამკვიდრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მოწმობა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის;

- მხარეთა განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ბ------ კ-----ის სესხის დავალიანებამ 2019 წლის 30 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 4500 აშშ დოლარი ძირი თანხა, სარგებელი 8085.24 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო9558.00 აშშ დოლარი.ხარჯი 288.86 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ამონაწერი გადახდების ისტორიიდან;

- ცნობა დავალიანება;

- მოსარჩელის განმარტება.

 

3.2.2. ბ------ კ-----ის დასაფლავებიდან ერთ კვირაში მოპასუხე ნ-------ი ნ-----ეს მიაკითხა მოსარჩელე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს------------–ი”-ს წარმომადგენელმა ბ--- შ-----–-–---–მა, რომელიც ამჟამად აღარ მუშაობს მოსარჩელე ორგანიზაციაში და რომელმაც მოითხოვა ბ------ კ-----ის დავალიანების დაფარვა. ბანკის წარმომადგენლებისათვის უკვე ცნობილი იყო, რომ ბ------ კ-----ე იყო 2016 წლის 25 მაისს გარდაცვლილი და სესხის დაფარვას სთხოვდნენ მოპასუხე ნ-------ი ნ-----ეს, რის გამოც მათ შორის მოხდა აღნიშნულთან დაკავშირებით კონფლიქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება;

- მოწმეების დ----- კ-----ის, თ----- კ-----–---–ის, გ------- კ-----–---–ის ჩვენებები.

 

3.2.3 2016 წლის 16 ნოემბერს ნ-------ი ნ-----ემ მიიღო მეუღლის ბ------ კ-----ის მემკვიდრეობა და 2-3 დღეში დოკუმენტაცია წარედგინა მოსარჩელის წარმომადგენელს ბ--- შ-----–-–---–ს მისივე მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება;

- მოწმეების დ----- კ-----ის.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების და სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 1487-ე, 1488-ე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

სს ''მისო ს------------–ს“ და ბ------ კ-----ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მოსარჩელემ ბ------ კ-----ეზე გასცა სესხი 4500 აშშ დოლარის ოდენობით, საპროცენტო სარგებლისა და ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობებით 2016 წლის 04 იანვარს და გირავნობით დაიტვირთა ბ------ კ-----ის კუთვნილი ავტომანქანა.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მოვალის გარდაცვალება მისი მემკვიდრეებისათვის წარმოშობს ვალდებულებას შეატყობინოს კრედიტორებს მოვალის გარდაცვალების შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. შეტყობინების ვალდებულება თავის მხრივ წარმოშობს შემდგომში კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვალდებულებას დადგენილ ვადაში. სკ-ის 1487-ე მუხლი არ მოითხოვს კრედიტორის შეტყობინებას წერილობითი ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი განსაზღვრავს კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის წესს და ვადას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, მათ შორის მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებზე დარყდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მსესხებლის ბ------ კ-----ის მემკვიდრისათვის სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი ექვსი თვის განმავლობაში არ წარუდგინია მოთხოვნა, ამასთან, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი.

 

დადგენილია, რომ ბ------ კ-----ე გარდაიცვალა უკრაინაში 2016 წლის 25 მაისს, შესაბამისად, ამ დღეს გაიხსნა სამკვიდრო სსკ 1319-ე, 1320-ე მუხლების თანახმად. მეუღლის ნ-------ი ნ-----ის და ოჯახის წევრების მიერ იგი გადმოსვენებული იქნა და დაიკრძალა საქართველოში.

 

დადგენილია, რომ მამკვიდრებლის მემკვიდრეს წარმოადგენს მეუღლე ნ-------ი ნ-----ე, რომელმაც სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში - 2016 წლის 16 ნოემბერს მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით (სსკ 1421-ე, 1424-ე მუხლები).

 

მოწმეების დ----- კ-----ის, თ----- კ-----–---–ის, გ------- კ-----–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2016 წლის ივნისში კრედიტორისათვის ცნობილი გახდა მოვალის გარდაცვალების შესახებ. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული საქმე გადაცემული ჰქონდა პრობლემურ სესხებზე მომუშავე ბიუროს, მაგრამ როდის გადაეცა არ იცის, ან რა ღონისძიებები იქნა გატარებული მისთვის უცნობია. მოსარჩელეს 6 თვის ვადაში 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა მიემართა ნოტარიუსისათვის გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, რაც მოსარჩელე მხარეს არ გაუკეთებია და შესაბამისად პრეტენზიის (მოთხოვნის) წარდგენის ექვსთვიანი ვადა გაუშვა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ (''სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ'' საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე Nას-171-160-2017, 18 აპრილი 2017წ.).

6.3. სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.

 

ბ------ კ-----ე გარდაიცვალა 2016 წლის 25 მაისს და მოპასუხე ნ-------ი ნ-----ის მიერ 2016 წლის 16 ნოემბერს იქნა მიღებული სამკვიდრო, რაც ცნობილი გახდა მოსარჩელის წარმომადგენლისათვის, მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, მაგრამ მას ეს უფლება არ გამოუყენებია და კანონით დადგენილ ვადაში მსესხებლის მემკვიდრისათვის მოთხოვნა არ წაუყენებია.

 

განსახილველ შემთხვევაში ბ------ კ-----ის მიერ სესხი აღებული იყო 24 თვის ვადით 2016 წლის 04 იანვარს. მის მიერ ვალდებულება არ შესრულდა დადგენილი გრაფიკის მიხედვით. სესხის ხელშეკრულების თანახმად კ-----ეს სესხი უნდა დაეფარა 2018 წლის 04 იანვრისათვის. მოთხოვნის ვადად თუ ჩავთვლით აღნიშნულ თარიღს, არც ამ თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში არ წარუდგენია მოსარჩელეს მოთხოვნა მემკვიდრეებისათვის.

 

შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მოსარჩელემ მოთხოვნის უფლება დაკარგა.

 

6.4. მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგავროვანი პრაქტიკის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - სსკ-ის 1488-ე მუხლი ადგენს არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება.

 

საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (იხ. სუსგ-ები 07.10.2010წ., საქმე №ას-143-136-2010; სუსგ, 22.02.2008წ., საქმე №ას-968-1269-2007; საქმე №ას-782-731-2017; 15.09.2017წ.; საქმე №ას-513-490-2016, 21.10.2016წ., საქმე Nას-171-160-2017, 18 აპრილი 2017წ.).

 

ამდენად, კრედიტორის ინტერესებშია მიმართოს მოთხოვნით ნოტარიუსს მემკვიდრეებთან პრეტენზიის წარდგენის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში წარადგინა - 2019 წელს. შესაბამისად, კრედიტორის მიერ პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის როგორც ექვსთვიანი, ისე ერთ წლიანი ვადა გაშვებულია, რაც სსკ-ის 1488-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს------------–ის სარჩელი მოპასუხე ” ნ-------ი ნ-----ის მიმართ უფლებამონაცვლედ ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 359 ( სამას ორმოცდაცხრამეტი ) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე