გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.05.2019
საქმის ნომერი
330310018002649312
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6077-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - შპს „----“

წარმომადგენელი - დ------------–--ე

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - თ--------------ე

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - გ-----------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №7--- ბრძანება.

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება №5---------- საჩივარზე. (იხ. 2019 წლის 27 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 5 მარტს 16:53 საათზე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის №C------- ოქმი, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს „----ს“ მიერ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით), კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისთვის 5764.5 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების: „დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა“ (9.15მ3x630 ლარი), ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: A------, მძღოლი: ზ----------------–---–ი, გადამოწმების დრო: 22.02.2018წლის 12:35 საათი), ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. შპს „----“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 5000 ლარით და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.19);

- 2018 წლის 27 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.64).

 

3.2. შპს „----მ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.

 

საჩივრის თანახმად, შპს „----ს“ გააჩნია სახერხი საამქრო, რომელიც მდებარეობს გ----–ი, სოფელ ხ---------ში. იგი რეგისტრირებულის სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოში და გაჩნია ელ.ჟურნალი, სადაც ელექტრონულად ფიქსირდება სახერხ საამქროში დასახერხად შეტანილი მრგვალი მორი, დახერხილი მორი, პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი და მისი სახერხიდან გატანა, ასევე, სახერხი საამქროდან პროდუქტის გატანისას ელექტრონულად ფიქსირდება და დგება ცნობა მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ, რაც საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად იწერება ზედნადების ცხრილის მე-8 სვეტში. გადასახადის გადამხდელმა დამატებით მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იქნა შევსებული სადავო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, მხოლოდ აღნიშნული ზედნადების ცხრილის მე-8 სვეტის პირველ და მეორე რიგში მექანიკურად 2017-ის ნაცვლად ჩაიწერა 2018. ასეთი შეცდომა კი არ ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ სანქციას. საჩივრის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც არასწორად იქნა შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №7--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანების თანახმად, საბჭომ გაიზიარა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანების 72-ე მუხლის, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 24-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „----ს“ №3----------- საჩივარი (ს.ფ.56-60);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №7--- ბრძანება (ს.ფ.20-22).

 

3.3. შპს „----მ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და მითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №7--- ბრძანების გაუქმება.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, სასაქონლო ზედნადების ცხრილის პირველ და მეორე გრაფაში სახერხი საამქროდან გატანის ცნობის ნომერში წლის აღმნიშვნელ მონაცემად, ნაცვლად 2017-ისა, დაფიქსირებული იყო 2018, რაც მონიტორინგის დეპარტამენტს არ აძლევდა საშუალებას ზუსტად განესაზღვრა საქონლის რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომლის არასწორი მითითება, საბჭოს მოსაზრებით, საგადასახადო კოდექსის მე-5 ნაწილის მიხედვით, შედეგზე არსებითი გავლენის მქონე დარღვევას წარმოადგენს. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №7--- ბრძანების ძალაში დატოვების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ.23-29).

 

3.4. 2018 წლის 22 თებერვლის №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „----მ“ არიფ მირზაევს მიჰყიდა - ფიცარი 4.22მ3 (ზედნადებში მითითებილი ფირნიშის/ცნობის ნომრით 0-------------------), ფიცარი 4.36მ3 (ზედნადებში მითითებილი ფირნიშის/ცნობის ნომრით 0------------------1), ფიცარი 7.32მ3 (ზედნადებში მითითებილი ფირნიშის/ცნობის ნომრით 0-------------------), ფიცარი 3მ3 (ზედნადებში მითითებილი ფირნიშის/ცნობის ნომრით 0-------------------). ტრანსპორტირების სახედ განისაზღვრა საავტომობილი (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი A------, მძღოლი - ზ----------------–---–ი), ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მიეთითა გ--------------–ი ხ---------ი, ტრანსპორტირების დამთავრების ადგილად მიეთითა მარნეული, ყ-----–----–ო. მიწოდებული საქონლის ღირებულებად განისაზღვრა სულ 6804 ლარი. მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტად მითითებულია 2017 წლის 28 დეკემბრის №0---------, 2018 წლის 14 თებერვლის №0---------, 2018 წლის 19 თებერვლის №0--------- და 2017 წლის 6 დეკემბრის №0--------- სასაქონლო დენადებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 22 თებერვლის №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.17-18).

 

3.5. 2018 წლის 22 თებერვალს 10:54 საათზე გაცემული „მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ №0------------------- ცნობის თანახმად, შპს „----ს“ მფლობელობაში არსებული ფიცარი (ნაძვი) 4.22მ3 სახერხი საამქროდან გაიტანა ზ----------------–---–მა ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი A------), რეგიონი შ------------–ი, რაიონი გ--------------–ი ხ---------ი, დანიშნულების ადგილად მიეთითა მარნეული, ყ-----–----–ო.

 

2018 წლის 22 თებერვალს 10:58 საათზე გაცემული „მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ №0------------------- ცნობის თანახმად, შპს „----ს“ მფლობელობაში არსებული ფიცარი (ფიჭვი) 3.33მ3 და ფიცარი (ნაძვი) 1.03მ3 სახერხი საამქროდან გაიტანა ზ----------------–---–მა ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი A------), რეგიონი შ------------–ი, რაიონი გ--------------–ი ხ---------ი, დანიშნულების ადგილად მიეთითა მარნეული, ყ-----–----–ო.

 

2018 წლის 22 თებერვალს 11:01 საათზე გაცემული „მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ №0------------------- ცნობის თანახმად, შპს „----ს“ მფლობელობაში არსებული ფიცარი (ფიჭვი) 4.55მ3 და ფიცარი (ნაძვი) 2.77მ3 სახერხი საამქროდან გაიტანა ზ----------------–---–მა ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი A------), რეგიონი შ------------–ი, რაიონი გ--------------–ი ხ---------ი, დანიშნულების ადგილად მიეთითა მარნეული, ყ-----–----–ო.

 

2018 წლის 22 თებერვალს 11:06 საათზე გაცემული „მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ №0------------------- ცნობის თანახმად, შპს „----ს“ მფლობელობაში არსებული ფიცარი (ფიჭვი) 1.63მ3 და ფიცარი (ნაძვი) 1.37მ3 სახერხი საამქროდან გაიტანა ზ----------------–---–მა ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი A------), რეგიონი შ------------–ი, რაიონი გ--------------–ი ხ---------ი, დანიშნულების ადგილად მიეთითა მარნეული, ყ-----–----–ო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 22 თებერვლის „მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ №0------------------- ცნობა (ს.ფ.13);

- 2018 წლის 22 თებერვლის „მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ №0------------------- ცნობა (ს.ფ.14);

- 2018 წლის 22 თებერვლის „მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ №0------------------- ცნობა (ს.ფ.15);

- 2018 წლის 22 თებერვლის „მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ №0------------------- ცნობა (ს.ფ.16).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 136-ე, 269-ე და 286-ე მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები; საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლი; „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №7--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

 

მე-3 პუნქტის შესაბამისად კი მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.

 

აღნიშნული ბრძანების 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება): დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე: ვ.ა) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.გ) საავიაციო; ვ.დ) სხვა; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ბ“ – ,,ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10 – მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედნადების ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში – საქონლის რიგითი ნომერი; ი.ბ) II სვეტში – საქონლის დასახელება; ი.გ) III სვეტში – საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი); ი.დ) IV სვეტში – საქონლის ზომის ერთეული; ი.ე) V სვეტში – საქონლის რაოდენობა; ი.ვ) VI სვეტში – საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ) VII სვეტში – საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად); ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში – გამყიდველის /გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ) მე-14 – მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

ამავე ბრძანების 252 მუხლით მოწესრიგებულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის საფუძვლები და წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ხე - ტყის სასაქონლო ზედნადები ( მ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-01 3 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი.

 

მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ ინსტრუქციის 251 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის №II-013 დანართით დამტკიცებული ფორმის ზედნადებზე.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ, მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013დანართით გათვალისწინებული ზედნადები.

 

აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება: ა) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – პროდუქტი) ტრანსპორტირებისას (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით; ბ) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების თითოეულ პროდუქტზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული, ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში –რეგლამენტი) №14 დანართით გათვალისწინებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – ცნობა) ნომერი, თუ რეგლამენტით განსაზღვრული სახერხი საამქროდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტი გატანილია ამავე რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ცნობის გენერირების სახერხი საამქროსათვის ვალდებულების დადგენის მომენტიდან.

 

საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „შ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ხე-ტყე − საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი. „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით, მრგვალი ხე-ტყე (მორი) − ხე-ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილისგან) მიღებული, 12სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.

 

სასამრთლო განმარტავს, რომ ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე საჯარო ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა, ერთი მხრივ, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოჰყო ხე-ტყე და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოუწერლობაზე დააწესა განსხვავებული და უფრო მკაცრი სანქცია, ხოლო, მეორე მხრივ, შემოღებულ იქნა სასაქონლო ზედნადების სპეციალური სახე - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, დამატებულია მე-20 და 21-ე სტრიქონები (პირველადი დოკუმენტი და ფირნიშის ნომერი) და მე-8 სვეტი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 სტრიქონში მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელების, თარიღისა და ნომრის მითითების ვალდებულება, რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს როგორც ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ისე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. სასამართლო აღნიშნავს, ასევე, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-8 სვეტში უნდა იქნას მითითებული ფირნიშის ან/და ცნობის ნომრები.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 5 მარტს 16:53 საათზე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის №C------- ოქმი, რომლითაც დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე ფულადი ჯარიმით 5000 ლარითა და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევით, რაც გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2018 წლის 3 აპრილის №7--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება უცვლელი დარჩა ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 22 თებერვლის №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში ფირნიშის ნომრებში შეცდომით 2017-ის ნაცვლად 2018-ს მითითება არის თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საფუძველი.

 

სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით სასამართლო მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის მიხედვითაც, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე): ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადების შევსებისას გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორის ინფორმაციის ჩაწერა ავტომატურად, უპირობოდ არ გულისხმობს მისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხიმგებლობის დაკისრებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ შეცდომის არსებობა სასაქონლო ზედნადებში არ შეიძლება გახდეს სადავო შემთხვევის სასაქონლო ზედნადების არარსებობასთან გაიგივების საფუძველი, რადგან სასაქონლო ზედნადების არარსებობა შეუძლებელს ხდის/ართულებს კონტროლის განხორცილების შესაძლებლობას და იმთავითვე ქმნის გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების საფრთხეს, ხოლო სასაქონლო ზედნადებში დაშვებული გარკვეული შეცდომა, ავტომატურად არ ქმნის იმ სამართლებრივ უკანონო შედეგებს, რაც მოჰყვება სასაქონლო ზედნადების არარსებობას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ფიცრების ტრანსპორტირების მიზნით გადასახადის გადამხდელს გამოწერილი ჰქონდა 2018 წლის 22 თებერვლის №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელიც მოიცავდა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა ინფორმაციას, მათ შორის, მე-20 სტრიქონში მისათითებელ აუცილებელ ინფორმაციას, გადასახადის გადამხდელს შევსებული ჰქონდა ასევე მე-8 სვეტიც, თუმცა აღნიშნულ სვეტში ფირნიშის/ცნობის ნომრებში ჰქონდა შეცდომით შევსებული, კერძოდ, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით ტრანსპორტირებული 4.22მ3 ფიცრის ფირნიშის/ცნობის ნომრად მითითებული ჰქონდა შეცდომით 0-------------------, ნაცვლად 0--------------------ისა; 4.36მ3 ფიცრის ფირნიშის/ცნობის ნომრად მითითებული ჰქონდა შეცდომით 0------------------1, ნაცვლად 0--------------------ისა (იხ.3.4 და 3.5 ფაქტობრივი გარემოებები).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ზედნადების მე-8 სვეტში დაფიქსირებულ, მარტოოდენ ორ ფრინიშის/ცნობის ნომერში, მხოლოდ და მხოლოდ, თით-თითო ციფრია შეცდომით მითითებული. ზედნადებში მითითებული სხვა ინფორმაცია, როგორიცაა ტრანსპორტირების დაწყების/დასრულების ადგილი, მძღოლი, სატრანსპორტო საშუალების ნომერი, გადასაზიდი ფიცრების მოცულობა იდენტურია 2018 წლის 22 თებერვალს 10:54 საათზე გაცემული „მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ №0------------------- და 2018 წლის 22 თებერვალს 10:58 საათზე გაცემული „მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ №0------------------- ცნობებში არსებული ინფორმაციისა, რაც საგადასახადო ორგანოს და შემდგომში დავის განმხილველ ორგანოებს აძლევდა შესაძლებლობას ტრანსპორტირებული სადავო ფიცრების იდენტიფიცირება მოეხდინა.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამდენად, სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-48-43(2კ-13)).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაზედაც გამოწერილი იყო სათანადო სასაქონლო ზედნადები და მასში კონკრეტული სვეტის არასწორად შევსება ვერ გაუთანაბრდება სასაქონლო ზედნადების არარსებობას, რამეთუ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზი შესაძლებელს ხდის იდენტიფიცირდეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები. ამდენად, არ არსებობს საქართვლოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ სანქციის გამოყენების წინაპირობა, ვინადიან ადგილი არ ჰქონია სამართალდარღვევის ფაქტს.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,-----ს” სარჩელი საფუძვლიანია, რადგან ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №7--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება №5---------- საჩივარზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 (ასორმოცდაათი) ლარი, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს „----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნას სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 5 მარტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის №7--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება №5---------- საჩივარზე.

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე