გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2019
საქმის ნომერი
330210118002722973
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/33167-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - შპს „დ---“

წარმომადგენელი - თა-------------–---–ი

 

მოპასუხე - შპს ,,ვი----–----------------ი“

წარმომადგენლები - ნი---------–--ე, შო-----------–-–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

- შპს „ვი----–----------------ს“ შპს „დ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 32 116.05 ლარის გადახდა.

 

- შპს „ვი----–----------------ს“ შპს „დ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 15 300 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 26 აპრილს მოსარჩელე შპს „დ---ს“ საკუთრებაში არსებულ ექსკავატორზე, მარკა J--, სარეგისტრაციო ნომერი Q-----, მოპასუხე შპს ,,ვი----–----------------ის“ ერთ-ერთ სერვის ცენტრში შეცვლილ იქნა ძრავის ზეთი და ფილტრი.

 

მოსარჩელის მტკიცებით, ორიგინალი ფილტრის არასათანადო ფილტრით შეცვლამ გამოიწვია ექსკავატორის ძრავის დაზიანება. სსი---–---------------–--------–----------------–--------ოს დასკვნის მიხედვით, ექსკავატორზე ძრავის დაზიანება გამოიწვია სარქველიანმა ფილტრმა ვინაიდან ზეთის ფილტრს სარქველის მექანიზმი დამონტაჟებული ჰქონდა ზეთის სამოძრაო ღოიბის ყელში, მან ვერ უზრუნველყო ზეთის საჭირო რაოდენობის გატარება და დეტალების სათანადო შეზეთვა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ძრავის მწყობრიდან გამოსვლა.

 

მოსარჩელემ უზრუნველყო დაზიანებული ძრავის შეცვლა ახალი ძრავით, რისმა ღირებულებამაც შეადგინა 32 116.05 ლარი. მანამდე კი, მოსარჩელემ გასწია დამატებითი ხარჯი სხვა ტექნიკის დაქირავების მიზნით, კერძოდ, 15 300 ლარის ოდენობით, რადგან ძრავის დაზიანების დროის მომდევნო პერიოდში, მაის-ივნისში, ნაკისრი ჰქონდა არაერთ საამშნებლო ობიექტზე სამუშაოების შესრულების ვალდებულებები.

 

მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს „ვი----–----------------მა“ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის ექსკავატორი მიიყვანეს მოპასუხის ერთ-ერთ სერვის ცენტრში ლაფეტით, მომსახურების გაწევის შემდეგ კი ექსკავატორი მუშა მდგომარეობაში ისევ მოათავსეს ლაფეტზე.

 

მოპასუხის განმარტებით ექსკავატორს დაუყენეს ერთ-ერთი ცნობილი და მსხვილი თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ფილტრი o----- (O-----------), რომელიც განკუთვნილია სწორედ J---ს მარკის ამ ტიპის ტექნიკისთვის. მოსარჩელესთან შეთანხმებული იყო, თუ რა სახის ფილტრის მონტაჟი მოხდებოდა მის კუთვნილ ექსკავატორზე, ფილტრის ზუსტი მონაცემები ასევე აისახა სასაქონლო ზედნადებში და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში, რაც ყოველგვარი შედავების გარეშე იქნა დადასტურებული მოსარჩელის მიერ.

 

მოპასუხის პოზიციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი უდავოდ იქნებოდა დადასტურებული კავშირი მოპასუხის მიერ ახალი ფილტრის დაყენებასა და მოსარჩელის ექსკავატორის დაზიანებას შორის, მოპასუხე ვალდებული იქნებოდა აღედგინა მხოლოდ პირვანდელი მდგომარეობა - შეეკეთებინა ძრავი და არც ერთ შემთხვევაში - გადაეხადა ახალი ძრავის ღირებულება.

 

მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელეს შესაბამის პერიოდში სხვა ტექნიკის დაქირავების საჭიროების, დაქირავების ფაქტების ნამდვილობის და დამატებითი ხარჯების გაწევის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ბორბლიანი ექსკავატორი: მარკა - J--, მოდელი - 3---------, 2014 წლის გამოშვების, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) – J----------------, სახელმწიფო ნომრით - Q-----, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს „დ---ს“ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა (იხ. ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2017 წლის 26 აპრილს მოსარჩელემ მისი კუთვნილი ექსკავატორი J--, სახელმწიფო ნომრით - Q----- ზეთისა და ზეთის ფილტრის შესაცვლელად მიიყვანა შპს „ვი----–----------------ის“ სერვის ცენტრში, მდებარე: თბ--–----------–---------.

 

მოსარჩელე შპს „დ---ს“ მიერ შპს „ვი----–----------------ის“ სერვის ცენტრში იქნა შეძენილი შესაცვლელად საჭირო ზეთი და თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ფილტრი o----- (O-----------)

 

იმავე დღეს მოსარჩელის კუთვნილ ექსკავატორზე მოპასუხე შპს ,,ვი----–----------------ის“ ცენტრში შეცვლილ იქნა ექსკავატორის ძრავის ზეთი და ფილტრი. შესაბამისად, დაყენებულ იქნა თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ფილტრი o----- (O-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელზე თანდართული: სასაქონლო ზედნადები ელ - 0---------(იხ. შესაბამისად: ტ. 1, ს.ფ. ს.ფ. 20-21);

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა - 1---------, ოქმები (იხ. შესაბამისად: ტ. 1, 22);

- დაზუსტებული შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 15.04.2019 წ. სხდომის ოქმები.

 

3.1.3. შპს „დ---მ“ მისი კუთვნილი ექსკავატორი მოპასუხის კუთვნილ სერვის ცენტრში მიიყვანა ლაფეტით, საიდანაც იგი თავისივე სვლით ჩამოვიდა ლაფეტიდან. მომსახურების გაწევის შემდეგ დაიქოქა და თავისი სვლით დაბრუნდა ლაფეტზე, რის შემდეგაც მოსარჩელემ ექსკავატორის ტრანსპორტირება მოახდინა ქალ----------–ი, კონკრეტულ საამშენებლო მოედანზე, რის შემდეგაც ექსკავატორი გამოვიდა მწყობრიდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ჩვენება (იხ.15.04.2019წ., 06.05.2019წ. სხდომის ოქმები);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები);

- ექსპერტის ჩვენება (იხ. 16.05.2019წ. სხდომის ოქმი)

 

3.1.4. სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2017 წლის 13 ივნისის №0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2014 წელს დამზადებული ტრაქტორის „J-- 3---------“, სახელმწიფო NQ-----, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) – J----------------, ძრავის დაზიანება გამოწვეულია, სარქველიანი ფილტრის მიერ, ვინაიდან მან ვერ უზრუნველყო ზეთის საჭირო რაოდენობით გატარება და ძრავის დეტალების სათანადოდ შეზეთვა.“

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 13.06.2017წ. დასკვნა (იხ. ს.ფ. 26-32);

- ექსპერტის ჩვენება (იხ. 16.05.2019 წლის სხდომის ოქმი);

 

3.1.5. სასამართლო ასევე უდავოდ მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სადავო ექსკავატორზე ძრავის შეცვლაში შპს „თე----------------ში“ გადაიხადა 32 116.05 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „თე----------------ის“ 2019 წლის ცნობა N0--- (იხ.ტ.1, 21.03.2019წ., სხდომის ოქმის დანართი);

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-0-------- (იხ. ტ.1, ს.ფ. 33)

- 2017 წლის 29 ივნისისა და 12 ივლისის საგადახდო დავალებები (იხ ტ. 1, ს.ფ. 34-35)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები);

 

3.1.6. შპს „დ---ს“ მაისსა და ივნისში შესასრულებელი ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები 15-მდე ობიექტზე, რამაც განაპირობა მწყობრიდან გამოსული ექსკავატორის სანაცვლოდ, შესაბამისი ტექნიკის დაქირავება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (იხ. შესაბამისად: ტ. 1, ს.ფ. 6);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები);

- შპს „დ---ს“ 2019 წლის N2-------- ცნობა (ტ.1. 21.03.2019წ. სხდომის ოქმის დანართი. სასამართლოს მიერ გადამოწმებულ იქნა ელექტრონულად შესაბამის ვებგვერდზე);

 

3.1.7. მაისსა და ივნისში მოსარჩელემ გასწია დამატებითი ხარჯი ტექნიკის დაქირავების მიზნით 15 300 ლარის ოდენობით. მოპასუხემ სადავოდ გახადა ამ ხარჯის გაწევის მიზნობრიობა, მაგრამ არა ოდენობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 01 მაისის ხელშეკრულება (იხ. ტ.1, ს.ფ. 40-43);

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები Nეა-7--------2 და N ეა-7--------- (იხ.ტ.1, ს.ფ. 36-37);

- გაგადახდო დავალებები 2017 წლის 08 ივნისისა და 13 ივლისის (იხ.ტ.1, ს.ფ. 38-39);

- მხარეთა ახსნა განმარტება (სხდომის ოქმები);

 

3.1.8. მოსარჩელემ 2018 წლის 18 იანვარს წერილობით მოსთხოვა მოპასუხეს ზიანის სრული ანაზღაურება, როგორც ძრავის გამოცვლის საფასური 32116,05 ლარი, ასევე 15 300 ლარი ტექნიკის დაქირავებისთვის გადახდილი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, 18.01.2018 წ., N04/11/01/18 წერილი (იხ. შესაბამისად: ტ. 1, ს.ფ. 6; ტ. 1, ს.ფ. 44).

 

3.1.9. მხარეებს შორის არსებობდა ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა. პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნების ინტერესით, მოპასუხემ მართალია სარჩელი არ ცნო, თუმცა მოლაპარაკების წარმოებისას მოსარჩელეს შესთავაზა ძრავის შერემონტება და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება, (იხ.ტ.1, 15.04.2019 წ. სხდომის ოქმი, 06.06.2019 წ. სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, მასზედ, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ არ დაამონტაჟა ორიგინალი ფილტრი, ხოლო არაორიგინალი თურქული წარმოების ფილტრის დაყენებამ გამოიწვია ძრავის დაზიანება.

 

3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ძრავის დაზიანება გამოიწვია სადავო მექანიკურ საშუალებაზე მოპასუხის მიერ ისეთი ფილტრის დამონტაჟებამ, რომელსაც სარქველი განთავსებული ჰქონდა ზეთის სამოძრაო ღიობის ყელთან და არა სიღრმეში.

 

3.2.3. სასამართლოს ადგენს რომ, 2014 წელს დამზადებული ტრაქტორის „J-- 3---------“, სახელმწიფო NQ-----, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) – J----------------, ძრავის დაზიანება გამოწვეულია, სარქველიანი ფილტრის მიერ, რომლის შეცვლა და დაყენება უზრუნველყო მოპასუხე შპს „ვი----–----------------მა“.

 

3.2.4. სასამართლო ასევე ვერ მიიჩნევს დადგენილად მოპასუხის მითითებას მოსარჩელის ბრალეულ მოქმედებაზე. კერძოდ იმაზე, რომ ძრავის დაზიანების შემთხვევაში 2014 წელს გამოშვებულ ექსკავატორის სამუშაო დაფაზე აუცილებლად აინთებოდა განგაშის ღილაკი, რაც ძრავის უწესივრობაზე მიუთითებდა, შესაბამისად მძღოლს უნდა უზრუნველეყო ექსკავატორის ჩაქრობა, ეს უკანასკნელი კი ძრავის მწყობრიდან გამოსვლას გამორიცხავდა.

 

3.2.5. სასამართლო ადგენს ასევე, რომ ელექტრო მაჩვენებლიანი მრიცხველის მიხედვით სადავო ტექნიკის ნამუშევარი მოტო საათები, ზეთის შეცვლამდე შეადგენდა 4928-ს, რაც ზეთის შეცვლის შემდეგ, ტექნიკის ძრავის დაზიანებამდე არ შეცვლილა და ისევ შეადგენდა 4928-ს. აღნიშნული შეუძლებელია გამოწვეული ყოფილიყო მოპასუხის ვარაუდით იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ადგილი ჰქონდა მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლას, ან მოსარჩელის მხრიდან მექანიკურ ჩარევას.

 

დადგენილ სადავო გარემოებებს, სასამართლო აფუძნებს შემდეგ მსჯელობას:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხესთან მოითხოვა ორიგინალი ფილტრის, დაყენება, რაც მოპასუხემ არ განახორციელა, ხოლო არაოროგონალი თურქული წარმოების ფილტრის დაყენებამ გამოიწვია ძრავის დაზიანება, გამოიყენა მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რასაც მოპასუხე უარყოფს და განმარტავს, რომ მის საწარმოებში არც ეხლა და არც მანამდე არ ჰქონიათ გასაყიდად (გამოსაყენებლად) J---ის მარკის ორიგინალი ფილტრები და მუდმივად მუშაობენ თურქული წარმოების მაღალი ხარისხის მქონე (O-----------) ფილტრებზე, შესაბამისად დაყენებულ იქნა კიდეც თურქული კომპანიის მიერ წარმოებული ფილტრი o----- (O-----------), რომელიც სავსებით ანაცვლებდა J---ის ორიგინალ ფილტრს. ასევე მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებითა (ელ - 0---------) და საგადასახადო ანგარიშფაქტურით (ეა-1---------) დასტურდება, რომ მომსახურების გაწევასთან ერთად, 2017 წლის 26 აპრილს, მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს სხვა საქონელთან ერთად მიეწოდა ზეთის ფილტრი o-----, საქონლის ფასი განისაზღვრა 30 ლარით, დღგ-ს ჩათვლით. მოპასუხემ საქონელი მიიღო და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გონივრულ ვადაში დაადასტურა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არაორიგინალი, ანუ თურქული ფილტრის დაყენება მას სადავოდ არ გაუხდია.

 

მოსარჩელემ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, რომ 2014 წელს დამზადებული ტრაქტორის „J-- 3---------“, სახელმწიფო NQ-----, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) – J----------------, ძრავის დაზიანება გამოწვეულია, სარქველიანი ფილტრის მიერ, რომლის შეცვლა და დაყენება უზრუნველყო მოპასუხე შპს „ვი----–----------------მა,“ წარმოადგინა ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 13/06/2017 წ. N5--------- ექსპერტიზის დასკვნა, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ასევე დაკითხულ იქნა თავად დასკვნის ავტორი ექსპერტი და-------------–აძე. მის ჩვენებაზე დაყრდნობით, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის კუთვნილ ექსკავატორის დაზიანება გამოიწვია სწორედ ფილტრმა, რომელსაც სარქველი მოთავსებული აქვს ზეთის სამოძრაო ღიობის ყელში, ხოლო ქარხნული წარმოების ზეთის ფილტრს იგივე სარქველი მოთავსებული აქვს ყელის სიღრმეში, მან ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თურქული წარმოების ფილტრსაც შეეძლო იგივე ფუნქციის შესრულება, თუ მას სარქველი არ ექნებოდა მოთავსებული ზეთის სამოძრაო ღიობის ყელში, არამედ ყელის სიღრმეში, რაც მოპასუხეს არ განუხორცილებია. შესაბამისად ძრავის აჩქარებით, შეცვლილი ფილტრის პირობებში რეზერვუარიდან თავდაპირველად განხორციელდა ზეთის სათანადო რაოდენობითა და წნევით გადმოდენა, რამაც უზრუნველყო პირველი გადამცემის ინფორმირება და არ გამოუწვევია სიგნალის ანთება მძოლის დაფაზე, ხოლო მეორე გადამცემი მძღოლს აწვდის ინფორმაფიას ზეთის გადადინებაზე, რაც რეალურად არსებული ფილტრის პირობებში კი განხორციელდა, მაგრამ არასათანადო რაოდენობით, რაც იმას ადასტურებს, რომ არც მეორე გადამცემი მიაწვდიდა სიგნალს მძღოლის დაფაზე, შესაბამისად ექსკავატორი მწყობრიდან გამოვიდა ყოველგვარი საგანგაშო სიგნალის ამუშავების გარეშე. აღნიშნული ექსპერტის ჩვენებასთან ერთად, ასევე დადასტურებულია მოწმე მუ-----------–---ს ჩვენებით, რომელმაც მიუთითა, რომ ექსკავატორი მწყობრიდან გამოვიდა ისე, რომ რაიმე საგანგაშო სიგნალი, ან მაშუქი მათი მართვის დაფაზე არსებობის მიუხედავად არ ჩართულა.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირისპიროდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა, დამოუკიდებელი ექსპერტის, ვა-–------------------–---–ის მიერ შედგენილი 2019 წლის 1 მარტის ექსპერტიზის დასკვნა.

 

სასამართლომ შეისწავლა რა ვა-–------------------–---–ის დასკვნა, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მისი ძირითადი ნაწილი დათმობილი აქვს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის კრიტიკას. დასკვნა მხოლოდ ნაწილობრივ შეეხება საქმისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კვლევას. მისი დასკვნითი ნაწილი პასუხს არ იძლევა საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ ნაწილში დასკვნების ნაცვლად მოცემულია შეფასებები და დაშვებები, ან აღწერილია ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, „1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.“

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმესთან მიმართებით სპეციალური ცოდნის გამოყენების შედეგად პასუხი უნდა გასცემოდა შეკითხვას, შეიძლებოდა თუ არა გამოეწვია ექსკავატორის ძრავის ზეთის არასათანადო სპეციფიკაციის ფილტრს, ძრავის დაზიანება და მოცემულ შემთხვევაში ძრავის დაზიანება მართლაც იყო, თუ არა გამოწვეული ამგვარის ფილტრის ფაქტორით.

 

სასამართლომ შეაფასა რა ორივე დასკვნა, აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წამოდგენილი დასკვნის დასკვნითი ნაწილი შეიცავს კატეგორიულ პასუხს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე კითხვაზე, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით საქმისათვის მნიშვნელოვანი საკითხების შეფასება შეუძლებელია.

 

საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის ორი დასკვნის შეპირისპირებისა და კრიტიკული ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაიზიაროს პირველი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, რადგან, მეორე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, დასკვნა ვერ გამოდგება სათანადო წყაროდ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი დეტალების შესაფასებლად.

 

ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 13/06/2017 წ. N5--------- ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, რომელიც დადასტურებულ იქნა სასამართლოში დაკითხული მისი შემსრულებელი ექსპერტის ჩვენებით, მოსარჩელის კუთვნილი ექსკავატორის ძრავის დაზიანება გამოწვეული იყო ძრავის დეტალების სათანადო შეზეთვით ვერუზრუნველყოფით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის კუთვნილ ექსკავატორში არასათანადო ზეთის ფილტრის გამოყენებამ გამოიწვია ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, რაც არ ასახულა მძღოლის მართვის დაფაზე სიგნალის სახით და რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

 

რაც შეეხება სადავო ტექნიკის ნამუშევარ მოტო საათებსა და მის ცვალებადობას, სასამართლო საქმის სრულყოფილი გამოკვლევის, საქმეში არსებული მტკიცებულებების, ასევე მოწმეთა დაკითხვის, ექსპერტის დაკითხვისა და მხარეთა ახსნა-განმარტების შეფასების შედეგად ასკვნის, რომ 2014 წლის წარმოების ექსკავატორზე, ელექტრო მაჩვენებლიანი მრიცხველის ჩვენების შესაცვლელად რაიმე მექანიკური ჩარევა პრაქტიკულად შეუძლებელია (იხ. ექსპერტ და-------------–აძის ჩვენება). უდავოა, რომ მისი ოდენობის შეცვლისთვის საჭიროა გარკვეული ვადის გასვლა, ანუ გარკვეული რაოდენობით რაიმე სახის სამუშაოს შესრულება (სვლა, თუნდაც გათხრითი სამუშაოს შესრულება, ან ადგილზე დაქოქოლ მდგომარეობაში ყოფნა), რაც უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული რაიმე კონკრეტული მტკიცებულებით. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ექსკავატორი ლაფეტიდან თავისით გადმოვიდა და შემდეგ თავისით შედგა ლაფეტზე, თუმცა ეს მოძრაობა რამდენად შეცვლიდა მის მრიცხველზე ნამუშევარი მოტო საათების ოდენობას, თუნდაც მეათედის პირობებში დადგენილი არ არის. შესაბამისად მრიცხველის გაუმართაობაზე მითითება მაშინ, როდესაც მოპასუხის მხრიდან არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეს მოძრაობა საკმარისი იყო ამ მაჩვენებლის შესაცვლელად, ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებდ, იმისთვის, რომ სასამართლომ მხოლოდ ახსნა-განმარტებით მიიჩნიოს დადგენილად ის გარემოება, რომ მრიცხველი დაზიანებული იყო, ან ხელოვნურად მოხდა მასზე რაიმე ჩარევა.

 

ამდენად, მხარეებმა, მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს მათი პოზიციის სათანადოდ დადასტურება.

 

3.2.5. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, მასზედ, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად მას მიადგა ზიანი 32 116.05 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა, როგორც ახალი ძრავის შეძენის ფაქტი, ისე მისი გამოცვლის აუცილებლობა და ამ ოდენობით ხარჯის გაწევის მიზნობრიობა (დასაბუთება იხილეთ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტში).

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა შპს ,,დ---ს“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 317-ე, 408-ე, 411-ე, 477-ე, 495-ე, 629-ე, 646-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.1. სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებაზე, რომლისთვისაც დამახასიათებელია ის, რომ ამ ურთიერთობის მონაწილე მხარეები სარგებლობენ რა ნების ავტონომიით, მისი გამოვლენის თანაბარი შესაძლებლობები ეძლევათ. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის და ამ შესაძლებლობების გამოვლენის ყველაზე გავრცელებული და მიღებული ფორმა კი ხელშეკრულებაა. თავისუფალი მეწარმეობის პირობებში ხელშეკრულების თავისუფლება ის შესაძლებლობაა, რომელშიც ურთიერთობის თითოეულ მხარეს ფართო ასპარეზი აქვს, თავისუფლად განკარგოს მის ხელთ არსებული რესურსები და საკუთარი პასუხისმგებლობით შეთანხმდეს იმგვარ სახელშეკრულებო პირობებზე, რაც მისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი და მომგებიანია, მხოლოდ იმ დათქმით, რომ ხელშეკრულება კანონით აკრძალული ურთიერთობის წარმოშობისკენ არ იქნება მიმართული. ამავე დროს, სახელშეკრულებო ურთიერთობებში მხარეები კერძოსამართლებრივი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი მორალურ-სამართლებრივი კატეგორიით - კეთილსინდისიერებით იბოჭებიან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლისას, რომელთაგან ერთ-ერთი სახელშეკრულებო ურთიერთობაც არის, ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობები ყოველთვის ვერ სრულდება მხარეთა მიერ დასახული მიზნების ზედმიწევნით მიღწევით. ურთიერთობების ბოლოს, რიგ შემთხვევებში, მხარეებს ახალი ვალდებულებები უჩნდებათ; ზოგჯერ სახელშეკრულებო ურთიერთობა ზიანის მიყენებით სრულდება, რაც მხარეებს შორის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს.

 

სასამართლომ განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს. ამ ნორმის თანახმად, „ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.“

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი. მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. შეთანხმება. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 26 აპრილს მოპასუხის ერთ-ერთ სერვის ცენტრში მოსარჩელის კუთვნილ ექსკავატორს გაეწია ავტოტექმომსახურება, შეცვლილ იქნა ძრავის ზეთი და ფილტრი. მხარეებმა, ასევე, უდავოდ დაადასტურეს, რომ მათ შორის არსებობდა საქმიანი კავშირები. ამ ურთიერთობის შეფასების შედეგად, სასამართლო ასკვნის, რომ 2017 წლის 26 აპრილს მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ მორიგი ავტოტექმომსახურების გაწევაზე, კერძოდ, ძრავის ზეთისა და შესაბამისი ფილტრის შეცვლაზე.

 

6.3. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებითა (ელ - 0---------) და საგადასახადო ანგარიშფაქტურით (ეა-1---------) დასტურდება, რომ მომსახურების გაწევასთან ერთად, 2017 წლის 26 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს სხვა საქონელთან ერთად მიეწოდა ზეთის ფილტრი o-----, საქონლის ფასი განისაზღვრა 30 ლარით, დღგ-ს ჩათვლით. მოპასუხემ საქონელი მიიღო და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გონივრულ ვადაში დაადასტურა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე მხარეთა ვალდებულებები განისაზღვრა ნარდობის და ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი“.

 

მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა და მოსარჩელისგან მოპასუხეს მიეწოდა საქონელი, მათ შორის, ზეთის ფილტრი o----- და ანგარიშსწორების მიზნისთვის, გაეგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

სამოქალაქო კოდექსოს 361-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

რაც შეეხება მოპასუხის მიერ მომსახურების გაწევის მიზნისთვის ნაკლის მქონე ნივთის მიღებას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის მიხედვით, „თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში, ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.“

 

სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც აღინიშნა, მხარეებს შორის შეთანხმებული ხელშეკრულების საგანი იყო სამუშაოს შესრულება, რომელთან ერთადაც, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოხდა საქონლის მიწოდება. ამ შემთხვევაში სასამართლო შეაფასებს ნდობის მომენტს, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეებს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე და პარტნიორული ურთიერთობის გათვალისწინებით წარმოეშვებათ და, რაც მოპასუხეს ავალებდა, გამოეჩინა სათანადო გულისხმიერება ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას.

 

მხარეებს შორის არსებული ნდობიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო, იმგვარი გულისხმიერება გამოეჩინა, რომ შესაცვლელი ძრავის ფილტრის მოდელზე მოსარჩელესთან შეთანხმების არარსებობის პირობებში, მოპასუხისთვის სამუშაო შეესრულებინა საშუალო ხარისხის მასალით მაინც.

 

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს შესრულებისას საქონლის მიწოდება სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა, როგორც ცალკე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მხარებს შორის შეთანხმებული ნარდობის ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ ფარგლებში, როგორც სამუშაოს შესრულების ვალდებულება, რომელსაც მენარდე ასრულებს საკუთარი მასალით. ამ ნორმის თანახმად, „თუ მენარდე სამუშაოს ასრულებს თავისი მასალით, იგი პასუხს აგებს უხარისხო მასალისათვის“.

 

სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ მოსარჩელეს არ გამოუჩენია განსაკუთრებული გულისხმიერება და რაიმე ფორმით არ მოუთხოვია მოპასუხისთვის სამუშაოს შესრულება სპეციალური სპეციფიკაციის მქონე ფილტრით (იხ. 3.2.1., 3.2.4. პუნქტები). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ვალდებულება იყო შეერჩია ისეთი ხარისხის საქონელი, რომელიც უპასუხებდა შესასრულებელი სამუშაოს მოთხოვნებს და არ იქნებოდა უხარისხო.

 

6.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლო, „თე-----------------–--------------ის“ 18.01.2019 წლის N 01-005 წერილზე დაყრდნობით ასკვნის, რომ მოპასუხე მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ მოსარჩელეს შესთავაზა სარქველიანი ფილტრი, რომელიც უზრუნველყოფს ზეთის შეკავებას ძრავის ჩაქრობის შემდეგ, თუმცა აღნიშნული წერილი არ მიუთითებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ექსკავატორის ფილტრის შეცვლისას ეს სპეციალური სარქველი უნდა ეყენოს ფილტრის ღიობის ყელში, თუ ღიობის სიღრმეში.

 

6.5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 13/06/2017 წ. N5--------- ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნასა და მისი ავტორის, და-------------–აძის მიერ, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაზე დაყრდნობით, სასამართლო ასკვნის, რომ J-- მარკის ექსკავატორის ქარხნული წარმოების ზეთის ფილტრს სარქველი არ აქვს დამონტაჟებული ზეთის სამოძრაო ღიობის ყელში. ექსპერტის დასკვნით „ძრავის დაზიანება გამოწვეულია სარქველიანი ფილტრის მიერ, ვინაიდან მან ვერ უზრუნველყო ზეთის საჭირო რაოდენობით გატარება და ძრავის დეტალების სათანადო შეზეთვა“. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ნათლად და არაორაზროვნად განმარტა, რომ ექსკავატორის ძრავის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია ზეთის სათანადო რაოდენობით გატარების ვერუზრუნველყოფამ, რის გამოც არ მოხდა ძრავის დეტალების სათანადოდ შეზეთვა.

 

მოპასუხის მიმართ, რომელიც წარმოადგენდა ავტოტექმომსახურების სფეროში მოქმედ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას, რომელთანაც მოსარჩელეს პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებდა, მოსარჩელეს გააჩნდა ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მას აკისრებდა: სპეციალურ ცოდნის და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, სამუშაოს ხარისხიანი მასალით შესრულების ვალდებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, კერძოდ, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული სახელშკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხის მიერ არასათანადო მასალის შერჩევასა და მიწოდებაში ბრალეულია მოპასუხე, რადგან მან სათანადო გულისხმიერება არ გამოიჩინა ფილტრის შერჩევისას, შეთავაზებული ფილტრის სპეციფიკაციასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციის მოპოვების და მოსარჩელისთვის მიწოდების გარეშე შეარჩია ძრავის ის დეტალი, რის შედეგადაც ძრავა მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან .

 

6.6. სასამართლო ასევე შეაფასებს შერეული ბრალის შესაძლო არსებობის საკითხს: როგორც ექსპერტმა და-------------–აძემ სასამართლოს წინაშე დაკითხვისას დაადასტურა, ძრავის მუშაობის შედეგად ფარულ მომენტებს აქვს ადგილი და ძრავში ზეთის მიწოდებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობა შესაძლებელია, იმწუთიერად ცხადად არ გამოვლინდეს. ექსპერტმა სასამართლოს უჩვენა, რომ ფილტრის მუშაობის შედეგით წარმოქმნილი იმგვარი უწესივრობის შესახებ, როგორსაც მოცემულ საქმეში ჰქონდა ადგილი, ინფორმაცია, ციმციმა მაშუქისა და ხმოვანი სიგნალის მეშვეობით, ექსკავატორის ოპერატორს, როგორც წესი, არ მიეწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ თვით მოსარჩელის წარმომადგენლის - ექსკავატორის ოპერატორის მიერ დროული რეაგირებაც ვერ გახდებოდა ზიანის აცილების პირობა.

 

უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედ მეწარმე სუბიექტს და მიწოდებული საქონლის ნაკლის შემოწმების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, მას დაუყოვნებლივ ეკისრებოდა, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 13/06/2017 წ. N5--------- ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ და-------------–აძის ჩვენებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზეთის ფილტრის ნაკლის აღმოჩენა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელი იყო, ასეთი სპეციალური ცოდნა კი მოცემულ შემთხვევაში მოეთხოვება სამუშაოს შემსრულებელს, მაგრამ არა შემკვეთს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის კუთვნილი ექსკავატორის ძრავის დაზიანება მოპასუხის გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგს წარმოადგენს (იხ, 3.2. პუნქტი).

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით კი, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.“ ამგვარია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელიქტური პასუხიხმსგებლობის საფუძველი და შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მხარე მეორეს, თავის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით აყენებს ზიანს, შედეგად, ზიანის მიმყენებელს წარმოეშვება მისი ანაზღაურების ვალდებულება.

 

ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები სადავოდ ხდიან პირის გარკვეული მოქმედების შედეგად ზიანის გამოწვევის ფაქტს, აუცილებელია დადგინდეს, რომ: მოსარჩელის მიერ დასახელებულმა ვალდებულმა პირმა ნამდვილად განახორციელა კონკრეტული ქმედება, ეს ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო, ამ ქმედებისას პირი მოქმედებდა გარკვეული განზრახვით ან გაუფრთხილებლობით მაინც და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის მიერ განცდილ ზიანს შორის (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ., მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინება საქმეზე №ას-430-2019, §§ 23-24, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება საქმეზე №ას-482-2019, §§ 57-58, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება საქმეზე №ას-153-2019, §§ 46-47 იქვე არსებული მითითებით).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი განსაზღვრავს ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზემოთგანვითარებული დასაბუთებით დადგენილია, რომ არსებობს მოპასუხის გაუფრთხილებელი ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის მიერ განცდილ ზიანს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ განსახილველ დავაში დადასტურებულია დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლის სამივე ელემენტის არსებობა და შესაბამისად მოპასუხე წარმოადგენს ვალდებულ პირს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის გამო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის დადგენისას უნდა დადასტურდეს არამხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი, არამედ ზიანის მოცულობა და მოპასუხის პასუხისმგებლობის ფარგლები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებაში საქმეზე №ას-78-2019, §13.2. საკასაციო სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის ნორმატიული მიზანი და მიუთითა, რომ „ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა (შდრ. სუსგ №ას-167- 163-2016, 01.07.2016).

 

ანალოგიური დასკვნა იხ. ასევე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განჩინებაში საქმეზე №ას-153-2019, §57, მასში არსებული მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განჩინებაში საქმეზე №ას-1982-2018, §14.2., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებაში საქმეზე №ას-1342-2018, §22.3. და სხვ. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მართალია ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, მაგრამ იმ ქონებრივი დანაკლისის ფარგლებში, რითაც შემცირდა ექსკავატორის ღირებულება მოსარჩელისთვის ნაკლიანი ნივთის მიწოდების გამო.

 

6.8. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს არ წარუდგინა რაიმე პრეტენზია ნასყიდობის საგნის, ძრავის ზეთის ფილტრის, ნაკლთან დაკავშირებით. სანაცვლოდ, მან გასწია გაცილებით დიდი ოდენობის ხარჯი და მთლიანად შეცვალა ექსკავატორის ძრავი. ძრავის შესაცვლელად მოპასუხემ გადაიხადა 32 115.05 ლარი, რაც მრავალჯერ აღემატება ძრავის ზეთის ფილტრის და მის შესაცვლელად გაწეული სამუშაოს ფასს.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხისთვის ზიანის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის აპრილის ბოლოს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შესაძლებელი უნდა გამხდარიყო ზეთის ფილტრის ნაკლის შეფასება, მიიღო 2017 წლის 13 ივნისს. ამ თარიღის შემდეგ, მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა ზეთის ფილტრის ნაკლის გამო მოპასუხისთვის პრეტენზიის წარდგენის ფაქტი. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ არაგონივრულად მოკლე დროში, 2017 წლის 30 ივნისს, შეიძინა ძვირადღირებული ახალი ძრავი. ამ ვითარებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, მეწარმე სუბიექტმა, არ იმოქმედა სათანადო გულისხმიერებით და ნივთის ნაკლის გამოსწორების ნაცვლად, ახალი ძრავის შეძენით, გასწია ხარჯი, ისე, რომ სათანადოდ არ შეუფასებია, ამ ხარჯის გაწევის გონივრულობა.

 

იმავდროულად მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რა ღირებულებით შემცირდა ექსკავატორის ძრავის ფასი მოპასუხის ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის გამო. შესაძლებელი იყო თუ არა ამ ნაკლის აღმოფხვრა ძრავის შეცვლის გარეშე და რა ხარჯებთან იქნებოდა ეს დაკავშირებული. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ტექნიკა შეძენილი იყო არა გაყიდვის მიზნით, არამედ კონკრეტული საამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, მოსარჩელის მხოლოდ განმარტება მასზედ, რომ ძრავის შეკეთება არაგონივრულად შეამცირებდა მოსარჩელის აქიტვს მოკლებულია საფუძველს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ექსკავატორის ახალი ძრავის ღირებულების 32 116.05 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ამ ნაწილში მოთხოვნა არ ამართლებს სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის დანაწესს.

 

6.9. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ასანაზღაურებლად 15 300 ლარის, როგორც მოსარჩელის მიერ დამატებით გაწეული ხარჯის, მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ სამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ის 408-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, საერთოდ ვერ იქნებოდა სავარაუდო მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდევი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში (იხ. 6.7. პუნქტი).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ გასწია დამატებითი ხარჯი მოპასუხის მხრიდან ექსკავატორის ძრავის იმგვარი დაზიანების გამო, რომლის შედეგადაც ის სრულიად გამოუსადეგარი გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს მაისსა და ივნისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესასრულებელი ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვის 15-მდე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მას მოუხდა დაზიანებული ექსკავატორის სანაცვლო ტექნიკის იჯარით აღება. საქმეში წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების, მოსარჩელესა და შპს „ახ--–------ცეს“ შორის 2017 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ, დროებით სარგებლობაში, იჯარით მიიღო სამშენებლო ტექნიკა H------- S-100.

 

წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა (ეა-7--------2 და ეა-7---------) და საგადახდო დავალებებით (გადახდის თარიღები 08/06/2017 და 13/07/2017), სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნამდვილად გასწია ხარჯი 15 300 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიერ ზემოთ ჩამოყალიბებული დასკვნიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული მეორადი ზიანი გამოიხატა მოსარჩელის კუთვნილი ძვირადღირებული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით სანაცვლო სამშენებლო ტექნიკის საიჯარო ღირებულების გადახდაში. სწორედ ამის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკის დაზიანების შემდგომ პერიოდში, მოსარჩელეს ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შესასრულებელი ჰქონდა ვადამოსული სამუშაოები, მას მოუწია დამატებითი ხარჯის გაღება. ეს დამატებითი ხარჯი კი უშუალოდ იყო გამოწვეული მოსარჩელის კუთვნილი ექსკავატორის დაზიანებით.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელემ გაიღო დამატებითი ხარჯი 15 300 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 1 423 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „ვი----–----------------ს“ მოსარჩელე შპს „დ---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 459 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის (15 300 ლარი) პროპორციულად, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

7.2. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე და საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

7.3. რადგან სარჩელი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს ექსპერტიზის ხარჯი გაწეული აქვს პირველი მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელიც არ დაკმაყოფილდა, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის შუამდგომლობა მის მიერ გაწეული საექსპერტო ხარჯების მოსარჩელეზე დაკისრების შესახებ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით შპს „ვი----–----------------ს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა, შეიცვალა უზრუნველყოფის საგანი და საბოლოოდ ყადაღა დაედო შპს „ვი----–----------------ის“ საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა რეკვიზიტებია:

 

- ავტომობილი - FORD, მოდელი - T--------------------------------------------------------------------–---–-------------------------–-------------------------------------–-------------------------------, გამოშვების წელი: 2009;

 

- სატვირთო - MAN, მოდელი - ME18.2-----------------------------------------------–----------------------–---–--------------------------–-------------------------------------–-------------------------------, გამოშვების წელი - 2005;

 

- ავტომობილი - FORD, მოდელი - T--------------------------------------------------------------------------------–---–-------------------------–-------------------------------------–-------------------------------, გამოშვების წელი: 2002;

 

- ავტომობილი - FORD, მოდელი - T-----------------------------–----------------------------–---–-------------------------–-------------------------------------–-------------------------------, გამოშვების წელი: 2002.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის 1-ლი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „დ---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შპს „ვი----–----------------ს“ შპს ,,დ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 15 300 ლარის გადახდა.

 

3. არ დაკმაყოფილდეს შპს „დ---ს“ სარჩელი 32 615.05 ლარის შპს „ვი----–----------------ისთვის“ მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში.

 

4. მოპასუხე შპს „ვი----–----------------ს“ მოსარჩელე შპს „დ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 459 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და საჩივრის წარმოდგენის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხდდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე