გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/3958-18 27 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,გ-------ი’’
წარმომადგენელი - ლ-–-------ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-–-----------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის N0------- გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 19 ივლისის N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ 2017 წლის მაისი-ივნისის თვის გაწეული სამედიცინო მომსახურების დადასტურებისა და შესაბამისი თანხის ანაზღაურების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის N0------- გადაწყვეტილებით შპს ,,გ-------ის“ მოთხოვნა 2017 წლის მაისისა და ივნისის თვეების N2---------, N1---------, N2--------7, N4--------4, N1--------0, N11-------0, N3--------4, N3--------2 და N1-------6 სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ მიმწოდებლის მხრიდან არ მომხდარა საანგარიშგებო დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენა.
მტკიცებულება: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის N0------- გადაწყვეტილება, წერილი (ს.ფ. 15, 14).
3.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის N0------- გადაწყვეტილებაზე შპს ,,გ-------მა“ 2018 წლის 21 მარტს ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა. საჩივრის თანახმად, შპს ,,გ-------მა” სსიპ სოცილაური მომსახურების სააგენტოში შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაცია ნაბეჭდი სახით კურიერის მეშვეობით გადააგზავნა 2017 წლის 9 ივნისსა და 2017 წლის 10 ივლისს, თუმცა კურიერის გამოუცდელობის გამო მას მიუღია შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჩივრის მიხედვით, აღნიშნული ხარვეზის შესახებ ინფორმაცია კლინიკისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2017 წლის ნოემბერში, რის შემდეგაც მოხდა დოკუმენტების ხელახლა გაგზავნა შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით და გზავნილის მიმღების განცელარიისათვის 2017 წლის 29 ნოემბერს ჩაბარება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან შპს ,,გ-------ის“ მიერ დროულად მოხდა ანგარიშგების ელექტრონულ მოდულში მაის-ივნისის თვეების შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის გაგზავნა, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირი ინფორმირებული იყო დოკუმენტაციის არსებობასთან დაკავშირებით.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 125-128), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 19 ივლისის N0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 71-72).
3.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 19 ივლისის N0------- გადაწყვეტილებით შპს ,,გ-------ის“ 2018 წლის 21 მარტის N59 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, შპს ,,გ-------ის“ მიერ ანგარიშგების ელექტრონულ მოდულში მაისი-ივნისის თვეების შესრულებული სამუშაო ელექტრონული ფორმატით დადგენილების პირობების დაცვით იქნა გაგზავნილი, თუმცა, მიმწოდებლის მხრიდან ქაღალდმატარებელი საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენა და მიღება არ მომხდარა პროგრამის პირობების დაცვით.
მტკიცებულება: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 19 ივლისის N0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 71-72).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს. ამასთან, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან (ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი).
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცდა და აღნიშნული პროგრამით განსაზღვრულია მისი მოსარგებლეების, განმახორციელებლისა და მიმწოდებლის უფლებები და ვალდებულებები, ისევე, როგორც პროგრამის განხორციელების ძირითადი ნორმები.
მითითებული დადგენილების N1 დანართის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს (მე-3 და მე-4 მუხლები).
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას დაქვემდებარებული შემთხვევის დროული ანაზღაურება დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა პროგრამით განსაზღვრული მოცულობის შესაბამისად.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მიხედვით, სამედიცინო ვაუჩერის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება ხდება ვაუჩერული პროგრამის განხორციელების დადგენილი წესის შესაბამისად. მიმწოდებლები განმახორციელებელს წარუდგენენ საანგარიშგებო დოკუმენტაციას. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა, მისი წარდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია ამავე დადგენილების მე-13 მუხლში. მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები).
ამავე დანართის მიხედვით, განმახორციელებელი უფლებამოსილია ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად დადგენილი წესით. ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი, გარდა ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-11 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი).
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართის მიხედვით, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და/ან ელექტრონული სახით, ამავე მუხლში მოყვანილი პირობებით. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:
ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს:
ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს;
ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;
ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას;
ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით);
გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით) (მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).
ამავე დანართის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად (მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი).
ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის თანახმად (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ), განმახორციელებელთან წარადგინოს დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით. ამასთან, ეს ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების და/ან შესაბამის ხელშეკრულებებში ბოლო 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაქსიმუმ 10 - პროცენტიანი გადახრით.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის დასრულებიდან 3 კალენდარული თვის ვადაში სააგენტოს სათანადო დოკუმენტაცია წარუდგინოს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წლის მაისი-ივნისის სამედიცინო შემთხვევებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა შპს ,,გ-------მა’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ანგარიშების ელექტრონული მოდულის მეშვეობით წარუდგინა კანონით დადგენილ ვადაში, თუმცა საანგარიშგებო დოკუმენტაციის 3 თვის ვადაში, კერძოდ - სექტემბერ-ოქტომბერში მიწოდების ფაქტი არ დასტურდება.
მითითებული ნორმებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო გადაწყვეტილებებით მართლზომიერად იქნა მიჩნეული, რომ შპს ,,გ-------ის’’ მიერ მაისი-ივნისში გაწეული სამედიცინო მომსახურება (შემთხვევათა რეესტრის N2---------, N1---------, N2--------7, N4--------4, N1--------0, N11-------0, N3--------4, N3--------2 და N1-------6) არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. ამდენად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის N0------- გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 19 ივლისის N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს სარჩელის წარდგენის ეტაპზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,გ-------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია