გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/23707-18
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.07.2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე მ---- წ------ელი,წარმომადგენელი გ------- ვ-------ე,მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,მოპასუხე ლ-–- ქ--------ე,დავის საგანი: თანხის გადასახდელად დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 სასტიკი საყვედურის გამოცხადების საფუძველზე შრომის ანაზღაურებიდან უკანონოდ დაკავებული ხელფასის 50 %-ის 1500 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ერთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 17.07.2018 წლის #0------- ბრძანებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მ---- წ------ლის მიმართ დისციპლინური სასჯელის ზომის გამოყენების შესახებ, სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს - მ---- წ------ელს გამოეცხადა სასტიკი საყვედური და შრომის ანაზღაურებიდან დაუკავდა 50% - 1500 ლარის ოდენობით, რასაც საფუძვლად დაედო სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის N04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 25 მაისის სხდომის N3 ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
17.07.2018 წლის ბრძანების ასლი ს. ფ. 50.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. მოსარჩელეს გასაჩივრებული ბრძანების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის დაკავების შემდეგ დარჩენილ ხელფასიდან დაუკავა 50% - 1500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. თბილსიის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.07.2019 წლის #2/23707-18 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი გადაჩივრებული ბრძანება მოსარჩელისათვის დისციპლინარული სახდელის სახით სასტიკი საყვედურის შეფარდების და შრომის ანაზღაურებიდან 50%-ის დაკავების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასამართლოს გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება ს. ფ. 382-400.
3.1.4. მხარეებს შორის 01.02.2019 წლიდან შეწყვიტილია შრომითი ურთიერთობა დასაქმებულის ინიციატივით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, 10.07.2019 წელის გადაწყვეტილებით არ მომხდარა მოსარჩელის მიერ სარჩელით დაყენებული ერთ-ერთი საარჩელო მოთხოვნის გადაწყვეტა მოპასუხისათვის უკანონოდ დაკავებული ხელფასის 50%-ის 1500 ლარის ოდენობით დაკისრების საკითხი, რის გამოც საქმეზე სასამართლოს ინიციატივით გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტტილება, რითაც სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე მ---- წ------ლის სასარგებლოდ დაბეგრილი ხელფასიდან დაკავებული 1500 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 33-ე, 44-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 261.1 მუხლით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე საპროცესო კოდექსის 261.2 მუხლით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
ამავე კოდექსის 261.4 მუხლით დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.
საქართველოს შრომის კოდექსის 33.1 მუხლით დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლით შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ დამატებითი გადაწყვეტიელბის გამოტანის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელით დაყენებული ორი მოთხოვნიდან რაზეც მხარეებმა გააკეთეს ახსნა-განმარტება ძირითადი გადაწყვეტილების გამოტანისას, საქმის განმხილველმა სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე და 10.07.2019 წლის ძირითადი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება მოსარჩელისათვის დისციპლინური სასჯელის სახით სასტიკი საყვედურისა და შრომის ანაზღაურების 50%-ის დაკავების შესახებ მართლსაწინააღმდეგოა, რის გამოც ბათილად ცნო გასაჩირებული ბრძანება დისციპლინური სასჯელის შეფარდების შესახებ, რის ნაწილსაც წარმოადგენს შრომის ანაზრაურებიდან დასაქმებულისათვის 50%-ის დაკავება. აქვე აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული ნების გამოვლენა აღსრულებულ იქნა და მოსარჩელეს ხელფასის დაბეგვრის შემდგომ დაუკავდა 50% რომელიც 1500 ლარია, ვინაიდან სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება დისციპლინარული სასჯელის შეფარდების შესახებ, მოსარჩელის ხელფასიდან დაკავებული 1500 ლარი ექვემდებარება მოსარჩელისათვის უკან დაბრუნებას შრომის კოდექსის 33.1 და 44-ე მუხლებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლის შესაბამისად. რადგან მხარეები აღარ იმყოფებიან შრომით ურთიერთობაში, მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას უკან დაუბრუნოს შრომის ანაზღაურების დარიცხვასთან ერთად ხელფასიდან დაკავებული ფული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რის გამოც მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ დისციპლინარული სასჯელის ფარგლებში დაკავებული 1500 ლარის გადახდა (დაბრუნება) უნდა დაეკისროს მოპასუხე მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებული არიან საპროცესო ხარჯების გადახდისაგან მოსარჩელე ამ კატეგორიის საქმეებზე შრომის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, ხოლო მოპასუხე როგორც საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება მხოლოდ ბიუჯეტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 261-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მ---- წ------ლის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე მ---- წ------ლის სასარგებლოდ დაბეგრილი ხელფასიდან დაკავებული 1500 ლარის გადახდა.
2. მხარეები გათავისუფლებული არიან საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი