გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/391-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ივლისი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - ხ--------- ს------ი;
წარმომადგენელი - ნ----------------ე;
მოპასუხე - რ-------- კ-------------ი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. რ-------- კ-------------ს მოსარჩელე ხ--------- ს------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1750 ლარის გადახდა.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის აგვისტოში მოსარჩელემ შვილიშვილთან ა------------–-----თან ერთად მოპასუხისაგან შეიძინა სათიბელა მანქანა 1750 ლარად. ადგილზე შეამოწმეს, რომ ძრავა გამართული იყო და გამყიდველმა რ-------- კ-------------მა უთხრა, რომ რაიმე პრობლემის შემთხვევაში უკან დაიბრუნებდა. თუმცა, სახლში მიტანისთანავე სცადეს თივის გათიბვა, მაგრამ მანქანამ თივა ვერ გათიბა და აღმოჩნდა, რომ არის მხოლოდ გაზონის საკრეჭი. იმ დღესვე უკან მიიტანა ნაყიდი ნივთი, აუხსნა რ-------- კ-------------ს ვითარება და სთხოვა ნივთის უკან დაბრუნება, რაზეც მიიღო უარი. გამყიდველისვე თანდასწრებით ქალაქგარეთ სცადეს თივის გათიბვა და აღმოჩნდა, რომ მანქანა დაახლოებით თიბავდა ერთ მეტრს და ჩერდებოდა, რადგან არ შეეძლო ხშირი და უხეში ბალახის გათიბვა. მიუხედავად იმისა, რომ რ-------- კ-------------მა შეიყვანა შეცდომაში არ მიაწოდა სწორი მახასიათებლები დანადგარის შესახებ, მან მაინც არ დაიბრუნა უკან ნივთი. მას შემდეგ არ უხმარია და მზად არის დაუბრუნოს უკან გამყიდველს თუ იგი უკან დაუბრუნებს გადახდილ თანხას 1750 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ მითითებული ნივთი იყიდა არა მისგან პირადად არამედ ი/მ ს------ კ-------------ისაგან, რომელიც არის მისი დედა, ხოლო თავად წარმოადგენდა მის მინდობილ პირს, რის გამოც ჰქონდა ნივთის გაყიდვის უფლება. იგი არის მინდობილი პირი და ასევე გამყიდველი. მყიდველს შეეძლო ადგილზევე შეემოწმებინა მანქანის მონაცემები. ნივთის უკან დაბრუნება შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მანქანის ძრავი იქნებოდა დაზიანებული რაც არ ყოფილა. ი/მ ს------ კ-------------ი და შესაბამისად, რ-------- კ-------------ი არ აწარმოებს ამ ტექნიკას, არის მხოლოდ გამყიდველი, შესაბამისად, პასუხს ვერ აგებს მონაცემებზე. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ქალაქგარეთ შემოწმების დროს აშკარა იყო, რომ სათიბელას შეეძლო თივის გათიბვა, მაგრამ იმის გამო, რომ მოსარჩელე მოხუცია, მას თვითონ არ შეუძლია ამის კეთება, რადგან საჭიროებს ძალას და სათანადო ტექნიკას. უკან დაბრუნების დროს მან დაურეგულირა სათიბელა მანქანის ნაწილები, მოიყვანა წესრიგში და გამოსცადა კიდეც ქალაქგარეთ. თუ მოსარჩელე ვერ ხმარობს ამ ნივთს ეს არ არის მისი ბრალი. ამასთან, მოსარჩელემ ამ ნივთში გადაიხადა 1580 ლარი, რადგან ზოგადად ამ ნივთს ამ ფასში ჰყიდიან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის აგვისტოს თვეში რ-------- კ-------------ის მეშვეობით ქ.ახალციხეში თ------–---–ის ქ.N2--ში მდებარე ი/მ ს------ კ-------------ის მაღაზიაში ხ--------- ს------მა შვილიშვილთან ა------------–-----თან ერთად შეიძინა ბალახის საცელი. ხ--------- ს------ის მიერ ტექნიკურად დათვალიერდა ბალახის საცელი, რ-------- კ-------------ის მიერ გაიმართა ტექნიკურად, მისი ძრავი და სხვადასხვა ნაწილები იყო ქარხნული. მოხდა ტრაქტორის ძრავის და სხვა ფუნქციების შემოწმება და იგი იყო მუშა მდგომარეობაში. ადგილზე დაიქოქა, მოსარჩელეს გადაეცა საცელი მოწყობილობის ტექნიკური პასპორტი. უშუალოდ, ზეპირი ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სას. სხდომის ოქმი);
3.1.2. საცელი მანქანის შეძენის დღესვე ხ--------- ს------მა მიმართა რ-------- კ-------------ს და მოსთხოვა საცელი მანქანის უკან დაბრუნება და გადახდილი თანხის ანაზღაურება, რადგან თვლიდა, რომ დანადგარი განკუთვნილი იყო მხოლოდ ბალახის გაზონის მოსათიბად და არ შეეძლო თივის გათიბვა. რ-------- კ-------------მა ნივთის დაბრუნებაზე უთხრა უარი, იმ მოტივით, რომ მის მიერ შეძენილი მანქანა არ იყო ნაკლის მქონე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.სას. სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. ხ--------- ს------მა 2017 წლის აგვისტოს თვეში შეიძინა სათიბელა მანქანა ი/მ ს------ კ-------------ისაგან 1580 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სას. სხდომის ოქმი);
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები;
3.2.2. მას შემდეგ რაც მოსარჩელემ ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს, მანქანა-დანადგარის შესაძლებლობების შემოწმების მიზნით სცადეს თივის გათიბვა ქ.ახალციხის მახლობლად, სადაც ბალახის საცელი ასრულებდა მისი დანიშნულების შესაბამის სამუშაოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სას. სხდომის ოქმი);
3.2.3. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელის მიერ საცელი მანქანის შეძენის დროს გამყიდველმა რ-------- კ-------------მა არ მიაწოდა დანადგარის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ან არ მისცა საშუალება გასცნობოდა დანადგარის ტექნიკურ მახასიათებლებს. ამასთან, მხარეთა შორის არ შედგენილა რაიმე დოკუმენტი, სადაც იქნებოდა მითითებული, თუ რა შემთხვევაში ჰქონდა გამყიდველს გაყიდული ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. მოსარცელემ მიუთითა, რომ მას სურდა შეეძინა ბალახის საცელი დანადგარი, ოღონდ უფრო მძლავრი ფუნქციებისა და შესაძლებლობების მქონე და არა ბალახის გაზონის საცელი დანადგარი, რომელიც მიჰყიდა რ-------- კ-------------მა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გარემოება სადაც იგი მიუთითებს, რომ გამყიდველმა შეიყვანა შეცდომაში წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.
ამასთან, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პიველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების - მოპასუხის მხრიდან მისი მოტყუების მტკიცება, რომელიც მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა. უფრო მეტიც, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები და თავადვე მიუთითა, რომ მას ჰქონდა საცელი მოწყობილობის მახასიათებლების გაცნობის შესაძლებლობა, სპეციალისტის მეშვეობით მხოლოდ ნივთის შეძენის შემდეგ გაარკვია, რომ არსებობდა სხვა სახის დანადგარი, რომელიც უფრო მეტი სიმძლავრის იქნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ დანადგარის შეძენის დროს მან მყიდველს გააცნო, რომ სხვა საცელი მოწყობილობაც ჰქონდა მაღაზიაში გასაყიდად, ოღონდ ის იყო 6000 ლარის ღირებულების, რის შემდეგაც მოსარჩელემ თავად არჩია შერჩეული ნივთის ყიდვა. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ დანადგარის ძრავი და სხვა ყველა ფუნქცია მუშა მდგომარეობაშია, გამართულია და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილი ბალახის საცელი დანადგარი არ არის ნაკლის მქონე და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით გათვალისწინებული ხეშეკრულების მოშლის საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ შეძენილი სადავო ნივთი არ არის ნაკლის მქონე და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 487-ე, 488-ე, 490-ე, 491-ე, 352-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 2017 წლის აგვისტოს თვეში, ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რა დროსაც გამყიდველმა ი/მ ს------ კ-------------მა უშუალოდ რ-------- კ-------------ის მეშვეობით ხ--------- ს------ს პირდაპირ მფლობელობაში გადასცა ნასყიდობის საგანი, მოძრავი ნივთი – ბალახის საცელი, ხოლო მყიდველმა გადაიხადა საფასური და მიიღო ნაყიდი ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამავე კოდექსის 490–ე მუხლის პირველი ნაწილით თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასაწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
მხარეთა განმარტებით 2017 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელის მიერ ტრაქტორის შეძენისას ნივთის გადაცემის მომენტისათვის ნასყიდობის საგანი იყო ნივთობრივად უნაკლო. მყიდველმა შეამოწმა, მოიწონა მისი მდგომარეობა, ხარისხი და მიიღო ნაყიდი ნივთი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ საცელი დანადგარით სარგებლობისას იგი აღმოჩნდა ნივთობრივად ნაკლის მქონე, რის გამოც მის მიერ ვერ მოხდა ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენება, კერძოდ, თივის გათიბვა. თავად მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ როდესაც ნივთის უკან დასაბრუნებლად მიბრინდა მაღაზიაში, რ-------- კ-------------თან ერთად სცადეს მისი გამოცდა უშუალოდ ბალახის გათიბვის გზით. ნივთი გაიტანეს ქალაქგარეთ და სცადეს თივის გათიბვა. ამ ფაქტს ესწრებოდა მოსარცელის შვილიშვილი, ხოლო თავად მოსარჩელე ადგილზე არ იყო. როგორც შვილიშვილმა განუმარტა სათიბი დანადგარი თიბავდა თივას. მაგრამ მოსარცელის განმარტებით გამოსაცდელ ადგილზე იყო გამშრალი ბალახი, რის გამოც მანქანამ ადვილად გათიბა, მაგრამ ნედლი თივის გათიბვა დანადგარს არ შეუძლია. მოპასუხე მხარე კი განმარტავს, რომ მანქანას შეუძლია შესრულოს მისი დანიშნულების შესაბამისი ფუნქცია, რაც დადასტურდა ადგილზე შემოწმებით. ნივთის უკან მიტანის შემდეგ მან მხოლოდ დაარეგულირა საცელი პირები, რის შემდეგაც მან შესძლო ბალახის გათიბვა. თუ მოსარჩელეს ხანდაზმული ასაკის გამო არ შეუძლია შეძენილი ნივთის მოხმარება, ეს ვერ გახდება თანხის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად მანქანა ვერ ჩაითვლება ნაკლის მქონედ ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იგი ვარგისია ჩვეულებრივი (დანიშნულებისამებრ) სარგებლობისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.
ამავე კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
სასამართლო მიუთითებს, რომ სათიბი დანადგარის საცელი პირები საჭიროებდა რეგულირებას, რაც განხორციელდა მოპასუხის მიერ, რის შემდეგაც საცელი დანადგარი გაიმართა ტექნიკურად და შეასრულა თავისი ფუნქცია, რაც მდგომარებს ბალახის გათიბვაში. მოსარჩელე თავადვე არ უარყოფს, რომ საცელი დანადგარი არის გამართულ მდგომარეობაში, თუმცა მას სურდა შეეძინა უფრო მძლავრი საცელი დანადგარი. დასახელებული მიზეზი ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნასყიდობის საგანი ნივთობრივად უნაკლოა, შესაბაისად არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელესთვის ნასყიდობის ფასის უკან დაბრუნების წინაპირობა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ოთარ აბულაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხ--------- ს------ის სარჩელი მოპასუხე რ-------- კ-------------ის მიმართ 1750 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი