განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/333-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ე--------
სტაჟიორ-პროკურორები - თ-----------------ე, ნ-----------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ----------–---------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ლ----–-------------–-).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (ორი ეპიზოდი); ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ადვოკატი - ნ-----------------–----ე, დ----------------ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, ა----–-----–---------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „-----–--------––-- არსებულ მაღაზია „--–---------------- გ-----------------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „--–------------ კუთვნილ სპორტულ ფეხსაცმელს, ღირებულს 44 ლარად;
1.2. 2018 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, ვ-----–---------------- სავაჭრო ცენტრ „-----–----–--------––-- მდებარე „--–------------ მაღაზიაში, გ-----------------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მაღაზია შპს „--–------------ კუთვნილ სპორტულ ფეხსაცმელს, ღირებულს 53 ლარად;
1.3. 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისში, ბ------სა და ლ----–---ას ქუჩების კვეთასთან არსებული გაჩერების მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-----------------–---–ი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-----–-–-----–--ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, ღირებულს 550 ლარად;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები (ქურდობის ეპიზოდების ნაწილში), თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ბრალდებულმა გ-----------------–---–მა გამოძიების მიმდინარეობისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სრულად ცნო.
2.3. გ-----------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, (ქურდობის ეპიზოდებში) გარდა თავად ბრალდებულის მიერ გამოძიების მიმდინარეობისას გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილი ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - გ-------------ს, დ------------ის, მ----------------ს, გ--–----------ის და მ---------------ს გამოკითხვის ოქმებს; პირადი ჩხრეკის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ამოღების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. მხარეთა მიერ ქურდობის ორივე ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება მიჩნეულ იქნა უდავოდ, რის გამოც სასამართლო მათზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.5. 2018 წლის 30 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, დ--------------------------------–------------–--ის გამომძიებელ თ--------------ის მიერ, დაზარალებულ ე-–----------–--ის, თარჯიმან თ---------ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. თბილისი, დ------------------------------–----–---ას ქუჩების კვეთაზე, სადაც მდებარეობს ავტობუსის გაჩერება. დაზარალებულის განმარტებით, სწორედ აღნიშნული გაჩერების მიმდებარე ტერიტორიაზე გამოსტაცა ახალგაზრდა მამაკაცმა მობილური ტელეფონი. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტ- კრიმინალისტების მიერ.
2.6. დაზარალებულ ე-–----------–-–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, იმყოფებოდა ქ. თბილისში, ბ------სა და ლ----–---ას ქუჩების კვეთაზე არსებულ ავტობუსის გაჩერებაზე, რა დროსაც მას მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ინგლისურ ენაზე სთხოვა მობილური ტელეფონიდან დარეკვა. დაზარალებულმა მობილურ ტელეფონზე კოდი მოხსნა და გადასცა ახალგაზრდა მამაკაცს, რის შემდეგაც იგი გაიქცა. დაზარალებული დაახლოებით სამასი მეტრი მისდევდა გაქცეულს, თუმცა ვერ დაეწია. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულმა გასტაცა ი------–-- წარმოების „------- მოდელის მობილური ტელეფონი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1000 შ----–-- დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას თავისუფლად ამოიცნო პიროვნება, რომელმაც მობილური ტელეფონი გასტაცა და მიუთითა, რომ მოწმის სახით დაკითხვისას, აღნიშნული პიროვნება იჯდა ბრალდებულის სკამზე. მოწმემ მომხდარის შესახებ განაცხადა პოლიციაში, სადაც აღწერა პიროვნება, რომელმაც ტელეფონი გასტაცა და მიუთითა ადგილზე, სადაც დანაშაული მოხდა. დაზარალებულის განმარტებით, პიროვნება რომელმაც მობილური ტელეფონი წაართვა, იყო დაახლოებით 20 წლის, ჰქონდა გრძელი თმა და ეცვა ზოლებიანი ტანსაცმელი.
2.7. 2018 წლის 1 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა - ე-–----------–-–--მა, მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან რიგით მესამე პიროვნება, გ-----------------–---–ი, სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, თმით, ცხვირით, წარბებით, წვერით და საერთო იერით.
2.8. მოწმე ლ-------------ს განმარტებით, 2018 წლის ნოემბრის თვეში, ვ-----–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში, დაახლოებით 150 ლარად შეიძინა მისთვის უცნობი კომპანიის მიერ გამოშვებული მობილური ტელეფონი, რომელსაც ყუთი არ მოჰყვებოდა, თუმცა ახლდა საგარანტიო ფურცელი; შეძენილი მობილური ტელეფონი დედამისს გაუგზავნა სოფელში, რომელმაც ჩადო საკუთარი სიმბარათი და შვილიშვილს გაატანა სკოლაში. მეორე დღეს, მოწმეს დაურეკეს პოლიციიდან და შეძენილი მობილური ტელეფონის მიტანა სთხოვეს. მოწმემ დაადასტურა გამოძიებისთვის მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის სისწორე და განმარტა, რომ ვინაიდან მობილური ტელეფონი მაღაზიაში შეიძინა და თან საგარანტიო ფურცელი მოჰყვებოდა, ეჭვი არაფერში შეჰპარვია. მობილური ტელეფონი გამომძიებელმა ამოიღო კანონის შესაბამისად.
2.9. მოწმე ლ-------------ს ჩვენების თანახმად, 2018 წელს (თვე და რიცხვი არ ახსოვს), მისმა შვილმა - ლ-------------მ, თბილისში შეიძინა შავი ფერის, თხელი მობილური ტელეფონი და საჩუქრად გადასცა მას. შეძენილ მობილურ ტელეფონს მხოლოდ საგარანტიო ფურცელი მოჰყვებოდა. მოწმემ მობილურ ტელეფონში სიმბარათი მოათავსა და შვილიშვილს ათხოვა. იმავე დღეს, მას დაუკავშირდნენ პოლიციიდან, დაიბარეს გამოკითხვაზე და მობილური ტელეფონის პოლიციაში მიტანაც სთხოვეს. მოწმემ დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონი საგარანტიო ქვითართან ერთად, ნებაყოფლობით წარადგინა პოლიციაში, სადაც გამოიკითხა მოწმის სახით და შედგა ამოღების ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი.
2.10. მოწმე დ---------------ის განმარტებით, ქ. თბილისში, ც-----------------ში (თ-----------------–-------------ში), სავაჭრო ცენტრ „----––-- ფლობს მაღაზიას, სადაც ახორციელებს მობილური ტელეფონების შეძენა-რეალიზაციას. 2018 წლის ნოემბრის თვეში, მას დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც კითხვები ჰქონდა კონკრეტულ მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ დ---------------ის მიერ შეძენილი და გამოძიებისთვის საინტერესო მობილური ტელეფონი, პრობლემატური იყო. 2018 წლის 30 ნოემბერს მოწმე გამოიკითხა, რა დროსაც გამოძიებას სრულად მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. მან აღწერა პიროვნება, რომელმაც მობილური ტელეფონი მიჰყიდა და გამომძიებელს წარუდგინა გ-----------------–---–ის პირადობის მოწმობის ასლი, ბრალდებულის ხელით შესრულებული მინაწერით. მოწმის განმარტებით, გამოძიებისთვის საინტერესო მობილური ტელეფონი იყო შავი ფერის, უცხო კომპანიის მიერ წარმოებული და შეიძინა 100 ლარად. გამყიდველმა პირმა მას წარუდგინა პირადობის მოწმობა და მოხსნა მობილური ტელეფონის კოდი; ასევე ტელეფონში აღმოჩნდა ბრალდებულის რამდენიმე ფოტოსურათი, რის გამოც დ---------------ეს გამყიდველი პირის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შეჰპარვია და შეიძინა მობილური ტელეფონი. მოწმემ ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული პიროვნების ამოცნობის ოქმის სისწორე და განმარტა, რომ მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო ბრალდებული, რომელიც იქნებოდა დაახლოებით 25-30 წლამდე ასაკის (ზუსტად არ იცის).
2.11. 2018 წლის 1 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე დ---------------ემ მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე და მარცხნიდან რიგით მეორე პიროვნება - გ-----------------–---–ი, სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, თმით, ცხვირით, წარბებით და საერთო იერით.
2.12. 2018 წლის 1 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, დ--------------------------------–------------–--ის გამომძიებელ თ--------------ის მიერ, ექსპერტების - გ-----------ისა და შ--–-----------–ის მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც, ბრალდებულმა გ-----------------–---–მა მიუთითა ნ----------------–----–---ას ქუჩების კვეთასთან მდებარე გაჩერებაზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც, 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე ახალგაზრდა მამაკაცს გამოართვა მობილური ტელეფონი და გაიქცა. ასევე ბრალდებულის მითითებით მივიდნენ, ქ. თბილისში, თ-----------------–-------------–- მდებარე მაღაზიასთან, სადაც მან განაცხადა, რომ სწორედ იქ ჩააბარა უცხო მოქალაქისგან გატაცებული მობილური ტელეფონი. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
2.13. 2018 წლის 30 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, დ--------------------------------–------------–--ის გამომძიებელ თ--------------ის მიერ, მოწმე ლ-------------საგან ამოღებულ იქნა ,-------- ფირმის მობილური ტელეფონი და საგარანტიო ქვითარი, გაცემული 2018 წლის 28 ნოემბერს.
2.14. 2018 წლის 30 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, დ--------------------------------–------------–--ის გამომძიებელ რ-------------ის მიერ, დ---------------ისაგან ამოღებულ იქნა გ-----------------–---–ის პირადობის მოწმობის ასლი.
2.15. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–---------------–-------------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ P--------- ბრენდის მოდელი „-------- მობილური ტელეფონის (ყუთის, დამტენის და ყურსასმენების გარეშე) საბაზრო ღირებულება, ექსპლოატაციური ცვეთის გათვალისწინებით, 2018 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 550 ლარს.
2.16. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - ლ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას.
2.17. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–----------------------- სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ-----------------–---–ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებით აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში, მას განუვითარდა და ამჟამად უგრძელდება მწვავე პოლიმორფული ფსიქოზური აშლილობა შიზოფრენიის სიმპტომებით. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ბრალდებულს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად, იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (---------------–---–--------–------------------------------–----------------–--–------------------------- გამოჯანმრთელებამდე ან მისი ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაგრძელდეს საერთო წესით.
2.18. ექსპერტმა -ა------------–--ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.19. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, დ--------------------------------–------------–--ის დეტექტივ - გამომძიებელმა - რ-----------ემ და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა - ვ--–--------------–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ბრალდებულ გ-----------------–---–ის დაკავების კანონიერება და განმარტეს, რომ ბრალდებული დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მშვიდ ვითარებაში, ქ. თბილისში, ჩ------ ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების შესახებ შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც გაეცნო გ-----------------–---–ი და მოაწერა ხელი; რაიმე პრეტენზია მისი მხრიდან დაფიქსირებული არ ყოფილა. დაკავებულს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა; სხეულზე ჰქონდა კათეტერი, რომელიც კლინიკაში ამოუღეს.
2.20. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, დ--------------------------------–------------–--ის ინსპექტორ - გამომძიებელმა - მ-----–---------–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მიღებული ოპერატიული ინფორმაციისა და მის მიერ შედგენილი პატაკის სისწორე.
2.21. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, დ--------------------------------–------------–--ის გამომძიებელმა - თ--------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული, ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების სისწორე. მოწმის განმარტებით, გამოძიების მიმდინარეობისას საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა. მის მიერ გამოკითხულ იქნა გ-----------------–---–ი, რა დროსაც ბრალდებულმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ განახორციელა ძარცვა და სურვილი გამოთქვა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, რომლის ფარგლებშიც მიუთითა დანაშაულის ადგილზე და მაღაზიაზე, სადაც მოახდინა მობილური ტელეფონის რეალიზაცია.
2.22. მხარეთა მიერ გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებათა ნუსხაში 5.1. პუნქტად მითითებული მობილური ტელეფონი.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული გ-----------------–---–ის მიერ ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (ორი ეპიზოდი) და ძარცვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარა დაუფლების ჩადენა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, ა----–-----–---------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „-----–--------––-- არსებულ მაღაზია - „--–---------------- გ-----------------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „--–------------ კუთვნილ სპორტულ ფეხსაცმელს, ღირებულს 44 ლარად; იმავე დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, ვ-----–---------------- სავაჭრო ცენტრ „-----–----–--------––-- მდებარე „--–------------ მაღაზიაში, გ-----------------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მაღაზია - შპს „--–------------ კუთვნილ სპორტულ ფეხსაცმელს, ღირებულს 53 ლარად; ასევე, 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისში, ბ------სა და ლ----–---ას ქუჩების კვეთასთან არსებული გაჩერების მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-----------------–---–ი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა-----–-–-----–--ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, ღირებულს 550 ლარად;
3.8. განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის ვერსია და არ გაიზიარა მისი პოზიცია გ-----------------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე (ძარცვის ნაწილში), ვინაიდან აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს და მხოლოდ ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ემსახურება მიზნად. სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს, გ-----------------–---–მა მობილური ტელეფონი გასტაცა ე-–----------–-–--ს, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთი ჩააბარა ქ. თბილისში, თ-----------------–-------------–- მდებარე დ---------------ის მაღაზიაში. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ სწორედ ბრალდებულმა გასტაცა მობილური ტელეფონი. ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ე-–----------–-–--ი და გ-----------------–---–ი ერთმანეთს არ იცნობდნენ; შესაბამისად, გამოირიცხება რაიმე დაინტერესება ბრალდებულის პიროვნებით, რაც დაზარალებულის ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. გამოძიების მიმდინარეობისას, დაზარალებულმა მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო ბრალდებული. გარდა აღნიშნულისა, მოწმე დ---------------ემ დაადასტურა, რომ სწორედ გ-----------------–---–მა მიუტანა გასაყიდად მობილური ტელეფონი, აჩვენა პირადობის მოწმობა და დაუტოვა პირადობის მოწმობის ასლი, რომელზეც ხელი მოაწერა. მოწმემ ასევე კატეგორიულად განმარტა, რომ წარდგენილი სამი ახალგაზრდა მამაკაციდან ამოიცნო პიროვნება, რომელმაც მობილური ტელეფონი მიუტანა.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ორობიექტიანია და ნორმის დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ, ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთანავე, დამნაშავე აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
3.10. ძარცვის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენებითა და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ-----------------–---–მა, ე-–----------–-–--ს ხელიდან გასტაცა მისი კუთვნილი, 550 ლარად ღირებული ,-------- მოდელის მობილური ტელეფონი, რაც აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, მნიშვნელოვანი ზიანისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 150 ლარს.
3.11. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას. გ-----------------–---–ის მიერ, მაღაზია ,---–------------ მიმართ განხორციელებული ქურდობის ეპიზოდები შეიცავს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ყველა ობიექტურ და სუბიექტურ ნიშნებს.
3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.13. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ-----------------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, გ-----------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან ექვს წლამდე. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, მის ფსიქიკურ დაავადებას, რომელიც განვითარდა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ გ-----------------–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები; შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გ-----------------–---–ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გ-----------------–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდა უნდა განესაზღვროს შპს ,----------------–---–--------–------------------------------–----------------–-–------–--------------------- გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- გ-----------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული წითელი და ლურჯი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, გ-----------------–---–ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დ------------ისგან ამოღებული სასიგნალო მოწყობილობა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------------------–--აში; ლ-------------სგან ამოღებული ,-------- ფირმის მობილური ტელეფონი და საგარანტიო ბარათი - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- დ---------------ისგან ამოღებული პირადობის მოწმობის ქსეროასლი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით (სავაჭრო ცენტრ ,------–----–--------––-- არსებული ,---–------------ მაღაზიის ეპიზოდი);
2. გ-----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით (სავაჭრო ცენტრ ,-----–--------––-- არსებული ,---–------------ მაღაზიის ეპიზოდი);
3. გ-----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
5. გ-----------------–---–ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვროს შპს ,----------------–---–--------–------------------------------–----------------–-–------–--------------------- გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.
6. გ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრის 22:45 საათიდან.
7. მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს. ასევე გაუქმდეს მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- გ-----------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული წითელი და ლურჯი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, გ-----------------–---–ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დ------------ისგან ამოღებული სასიგნალო მოწყობილობა, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------------------–--აში; ლ-------------სგან ამოღებული ,-------- ფირმის მობილური ტელეფონი და საგარანტიო ბარათი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- დ---------------ისგან ამოღებული პირადობის მოწმობის ქსეროასლი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე