გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002079142
საქმე №2-3454/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი - ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - ნ----- ბ-------ე
წარმომადგენელი - ქ--------- კ-------ა, დ----- მ---------ე
მოპასუხე - მ---- ა------ე
მოპასუხე - ხათუნა მ-------–--ე
წარმომადგენელი - თ------ გ-------ე
დავის საგანი - უძრავი ქონენის ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნ----- ბ-------ეს და მ---- ა------ეს შორის 2014 წლის 17 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------ ქN22, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0-----------.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მ---- ა------ეს და ხათუნა მ-------–--ეს შორის 2016 წლის 13 ნოემბერს რეგისტრირებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------ ქN22, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0-----------.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ და მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 17 იანვარს ნ----- ბ-------ეს და მ---- ა------ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმადაც ნ----- ბ-------ემ ქ. ბათუმში, ბ------ ქN22-ში მდებარე მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მიყიდა მ---- ა------ეს 10 000 აშშ დოლარად. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ უძრავი ქონების გამოსყიდვის ვადაზე, კერძოდ ხელშეკრულებით ნ----- ბ-------ე ვალდებული იყო სამი თვის განმავლობაში 2014 წლის 17 იანვრიდან 2014 წლის 17 აპრილამდე მ---- ა------ისათვის გადაეხადა 10 000 აშშ დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი ნ----- ბ-------ე ვალდებულებას ვერ შეასრულებდა აღნიშნულ ვადაში ნასყიდობის საგანი რჩებოდა მყიდველის, მ---- ა------ის საკუთრებაში და იგი გადაიფორმებდა უძრავ ქონებას მესაკუთრის თანხმობის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსტიდვის უფლებით.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
3.2.2. დადგენილია, რომ ნ----- ბ-------ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ანუ 2014 წლის 17 აპრილამდე არ ყოფილა გამოყენებული გამოსყიდვის უფლება და მის მიერ არანაირი თანხა მ---- ა------ისათვის დაბრუნებული არ ყოფილა, რის შემდეგაც ხელშეკრულების შესაბამისად სადაო უძრავი ქონება მ---- ა------ის 2014 წლის 17 იანვრის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა მ---- ა------ის საკუთრებაში. თუმცა დადგენილია, რომ სადაო უძრავ ქონებაში ცხოვრობდა მოსარჩელე ნ----- ბ-------ე და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებდა მას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მ---- ა------ის 28.05.2014წ. განცხადება.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
- შპს „ჯორჯიან ექსპრესის წერილი“.
3.2.3. 2016 წლის 7 ნოემბერს მ---- ა------ემ უკვე მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------ ქN22-ში აჩუქა მის ქალიშვილს ხათუნა მ-------–--ეს. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 11 ნოემბრიდან ზ/აღნიშნული სადაო უძრავი ქონება წარმოადგენს მოპასუხე ხათუნა მ-------–--ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებს. 07.11.2016წ.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
3.2.4. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის ივლისში ხათუნა მ-------–--ემ წერილი გაუგზავნა მოსარჩელე ნ----- ბ-------ეს და მოითხოვა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გათავისუფლება, ხოლო ვინაიდან ნ----- ბ-------ე ნებაყოფლობით არ ათავისუფლებდა უძრავ ქონებას, ხათუნა მ-------–--ემ სარჩელით მომართა სასამართლოს მისი უკანონო მფლობელობიდან სადაო უძრავი ქონების გამოთხოვის და ქონების მის მესაკუთრეზე დაბრუნების მოთხოვნით, რის შემდეგაც ნ----- ბ-------ემ აღძრა ცალკე სარჩელი ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
- შპს „ჯორჯიან ექსპრესის წერილი“.
3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 17 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა რეალურად სესხის ხელშეკრულებას და იგი მ---- ა------ეს წლების განმავლობში უხდიდა სარგებელს ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
- ქვითრები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ნ----- ბ-------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მისი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 56-ე, 68-ე, 69-ე, 183-ე, 3111-ე, 477-ე, 509-ე, 510-ე , 525-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102 და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება გამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. ამავე კოდექსის 510-ე მუხლის თანახმად გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 17 იანვარს ნ----- ბ-------ეს და მ---- ა------ეს შორის გაფორმებული იქნა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახადაც ნ----- ბ-------ემ ქ. ბათუმი, ბ------ ქN22-ში მდებარე მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მიყიდა მ---- ა------ეს 10 000 აშშ დოლარად. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ უძრავი ქონების გამოსყიდვის ვადაზე, კერძოდ ხელშეკრულებით ნ----- ბ-------ე ვალდებული იყო სამი თვის განმავლობაში 2014 წლის 17 იანვრიდან 2014 წლის 17 აპრილამდე მ---- ა------ისათვის გადაეხადა 10 000 აშშ დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი ნ----- ბ-------ე ვალდებლებას ვერ შეასრულებდა აღნიშნულ ვადაში ნასყიდობის საგანი რჩებოდა მყიდველის, მ---- ა------ის საკუთრებაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
დადგენილია, რომ ნ----- ბ-------ეს არ გამოუყენებია გამოსყიდვის უფლება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ანუ 2014 წლის 17 აპრილამდე და მას ქონების გამოსყიდვის სურვილი არც შემდგომი არ გამოუთქვამს. ასევე დადგენილია და მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ არც ვადის გასვლის შემდეგ არ დაუბრუნებია ნ----- ბ-------ეს ნასყიდობის საგნის ღირებულება. ვინაიდან გამყიდველმა არ გამოიყენა გამოსყიდვის უფლება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხელშეკრულების შესაბამისად სადაო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მ---- ა------ის საკუთრებაში ყოველგვარი შეზღუდვისა და აკრძალვის გარეშე.
ასევე დადგენილია, რომ შემდგომში მ---- ა------ემ 2016 წლის 7 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებით მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ბ------ ქN22-ში აჩუქა მის ქალიშვილს ხათუნა მ-------–--ეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლი კი განსაზღვრავს ჩუქების ხელშეკრულების ცნებას, რომლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავ ნივთებთან მიმართებაში წარმოდგენილი ფუნდამეტური ნორმის, 183-ე მუხლის იმპერატიულად განსაზღვრული მოთხოვნის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სამოქალაქო კოდექსის 3111-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.
ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით და აღნიშნული რეგისტრაციისათვის, საფუძვლის – უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემის მავალდებულებელი გარიგების დამოწმება სავალდებულოა, რასაც მოცემულ ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაო ნასყიდობის ხელშეკრულება და შემდგომში ჩუქების ხელშეკრულება დადებული იქნა კანონით დადგენილი წესით და უძრავ ნივთზე მოპასუხეების საკუთრების უფლება წარმოიშვა მათ მიერ ხელშეკრულებების ხელმოწერის და აღნიშნული ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რათა რომელიმე გარიგება ჩაითვალოს ბათილად უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადაოდ ხდის მასა და მ---- ა------ეს შორის 2014 წლის 17 იანვარს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით, ასევე სადაოდ ხდის შემდგომში მ---- ა------ესა და ხათუნა მ-------–--ეს შორის იმავე უძრავ ქონებზე გაფორმებულ 2016 წლის 7 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებას.
ზ/აღნიშნული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლად კი მოსარჩელე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლების დანაწესზე. კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ მასა და მ---- ა------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა დაფარულ გარიგებას, ვინაიდან მათ შორის დაიდო არა ნასყიდობის, არამედ პროცენტიანი სესხის ხელშეკრულება, რადგანაც ხელშეკრულების მხარეთა ნამდვილი ნება მიმართული არ იყო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემაზე, არამედ მხარეები ითვალისწინებდნენ თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობას სარგებელთან ერთად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად ასევე წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. ამასთან გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილი კი მიუთითებს, რომ წერილობითი ფორმის არსებობისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზ/აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის არც ერთი საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სადაო ხელშეკრულებები არ შეიძლება მივიჩნიოთ არც მოჩვენებით და არც თვალთმაქცურ გარიგებებად, ვინაიდან დადგენილია რომ ნ----- ბ-------ეს და მ---- ა------ეს შორის სადაო გარიგების დადების მიზანი იყო სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება გამოსყიდვის უფლებით, ასევე დადგენილია, რომ ნ----- ბ-------ეს არ უსარგებლია გამოსყიდვის უფლებით, რის გამოც ყოველგვარი შეზღუდვა სადაო უძრავ ქონებაზე მოიხსნა, რის შემდეგაც მ---- ა------ემ ზ/აღნიშნული ქონება აჩუქა მის ქალიშვილს ხათუნა მ-------–--ეს.
ამასთან საქმის მასალებით არ დასტურდება არანაირი ფაქტი იმის შესახებ, რომ სადაო ხელშეკრულებები დადებულია კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების საწინააღმდეგოდ, ან ისინი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს 54-ე და 56-ე მუხლით გათვალისწინებული სადაო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველი.
6.4. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ ნ----- ბ-------ის სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37 მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 740 ლარის ოდენობით.
7.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნ----- ბ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელე ნ----- ბ-------ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ ზ/აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, კერძოდ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს N306-უზრ/2017 განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ხათუნა მ-------–--ეს აეკრძალა ქ. ბათუმში, ბ------ ქN22-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ N0----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს ნ----- ბ-------ის სასარჩელო მოთხოვნები;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს N306-უზრ/2017 განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ხათუნა მ-------–--ეს აეკრძალა ქ. ბათუმში, ბ------ ქN22-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ N0----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე