გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002536099
საქმე №3/457-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - ე-–-----ა ჩ--------ე
წარმომადგენელი - ი--------------------–--ე
მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - თ----------------------------------–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 13 ივნისის N196 განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ე-–-----ა ჩ--------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე-–-----ა ჩ--------ისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------აში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ე-–-----ა ჩ--------ე ცხოვრობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ბ------აში. იგი მრავალი წელის მანძილზე ფლობდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთს (ს.კ. 2-.09.4-.1--. დაზუსტებული ფართობი: 1--8.00კვ.მ.) აღნიშნული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არის მიწის ნაკვეთი (220.89 კვ.მ.), რომელსაც როგორც მოსარჩელე ე-–-----ა ჩ--------ე ასევე, მისი წინაპრები ფლობდნენ წლების მანძილზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე აშენებული იყო შენობა, რომელსაც ჰქონდა ბეტონის საძირკველი და ამოშენებული იყო ბლოკით ნახევრამდე, აღნიშნული შენობა წარმოადგენდა ხის კონსტრუქციას, რომელიც დროთა განმავლობაში დაინგრა, ხოლო მის ადგილას მოსარჩელე ე-–-----ა ჩ--------ის მიერ აშენებული იქნა ბლოკის შენობა.
აღნიშნულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ე-–-----ა ჩ--------ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც მასალები გადაუგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 13 ივნისის N196 განკარგულებით ე-–-----ა ჩ--------ეს უარი უთხრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------აში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
მოპასუხემ უარს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ე-–-----ა ჩ--------ეს, რომელიც ითხოვდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, შეძენილი ჰქონდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით, დამოწმების თარიღი 07.02.2014.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქმეში წარმოდგენილი წყალტუბოს რაიონის სოფელ ბ------ოს კომისიის მიერ 1992 წლის 2- ოქტომბრის N271 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით ი---- შ--–--ს ძე ჩ--------ეს გადაეცა მიწის ნაკვეთი - 0,62 ჰექტარი ოთხ ნაკვეთად წყალტუბოში, სოფელ ბ------აში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1992 წლის 2- ოქტომბრის N271 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ. 238);
3.2. საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 17 სექტემბრის საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წყალტუბოს რაიონის გ-------ს საკრებულოს სოფელ ბ------ას 1996-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ი---- შ--–--ს ძე ჩ--------ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი---- შ--–--ს ძე ჩ--------ე - ოჯახის უფროსი; ლ-----ა დ-------ის ასული ჩ--------ე - ცოლი; ე-–-----ა ი----ს ძე ჩ--------ე - შვილი; მ------ა ი----ას ასული ჩ--------ე - რძალი; ი---- ე-–-----ას ძე ჩ--------ე - შვილიშვილი; ლ--–----–------ს ასული ჩ--------ე - შვილიშვილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 17 სექტემბრის საარქივო ცნობა (იხ. ს.ფ. 231);
3.3. 2012 წლის 15 სექტემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე წყალტუბო, საკრებულო გ-------, ს/კ 2-.09.4-.1--. დაზუსტებული ფართი - 1--8,00 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება ი---- ჩ--------ის (პ/ნ 5----------) სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი: საკომლო წიგნის ჩანაწერი, პირადი განცხადება.
2012 წლის 18 ოქტომბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე წყალტუბო, საკრებულო გ-------, ს/კ 2-.09.4-.1--. დაზუსტებული ფართი - 1--8,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობი - 226,57კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 354.98კვ.მ. თანასაკუთრების უფლებით ირიცხება: ე-–-----ა ჩ--------ის (პ/ნ 5----------), ი---- ჩ--------ის (პ/ნ 5----------), ლ-----ა ჩ--------ის (პ/ნ 5----------), ლ--–-----------ის (პ/ნ 5----------), მ------ა ჩ--------ის (პ/ნ 5----------) და ი---- ჩ--------ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი: საარქივო ცნობა NAA2012033328-03 17.09.2012, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N271, პირადი განცხადება.
2012 წლის 18 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ,,მჩუქებლები“: ი---- ჩ--------ემ (პ/ნ 53001026902), ე-–-----ა ჩ--------ემ (პ/ნ 5----------), ლ-----ა ჩ--------ემ (პ/ნ 5----------), ლ--–-----------ემ (პ/ნ 5----------) და მ------ა ჩ--------ემ (პ/ნ 5----------) უძრავი ნივთი, მდებარე: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ბ------ა, ს/კ 2-.09.4-.1--. სასოფლო სამეურნეო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ფართობით 1--8კვ.მ., შენობა 22,57კვ.მ. აჩუქეს ი---- ჩ--------ეს (პ/ნ 5----------).
2012 წლის 24 ოქტომბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე წყალტუბო, სოფელი ბ------ა, ს/კ 2-.09.4-.1--. დაზუსტებული ფართი - 1--8,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობი - 226,57კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 354.98კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება ი---- ჩ--------ის (პ/ნ 5----------) სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი: საარქივო ცნობა NAA2012033328-03 17.09.2012, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება 18.10.2012;
2014 წლის 13 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე წყალტუბო, სოფელი ბ------ა, ს/კ 2-.09.4-.1--. დაზუსტებული ფართი - 1--8,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობი - 226,57კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 354.98კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება ე-–-----ა ჩ--------ის (პ/ნ 5----------) სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება 07.02.2014;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 269-278);
- 2012 წლის 18 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 283-284);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 15-16);
3.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს ე-–-----ა ჩ--------ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წყალტუბო სოფელი ბ------აში მდებარე უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სუბსიდირების პროექტი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ელ ვერსია; თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაზე გადაგზავნის თაობაზე; განცხადება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადებები, აზომვითი ნახაზი (იხ. ს.ფ. 49-57);
3.5. დადგენილია, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, N892017262756 განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე (წყალტუბო, სოფელი ბ------ა), ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის, უფლება რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, წყალტუბოს რაიონის გუმბრის კოლმეურნეობის 1986 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო (სახნავი) მიწის ფართობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 5390/17 სამსახურებრივი ბარათი (იხ. ს.ფ. 58);
3.6. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში ე-–-----ა ჩ--------ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე: წყალტუბო, სოფელი ბ------ა განსახილველად გადაუგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N57106 მიმართვა, N28703 მიმართვა, N14681 (იხ. ს.ფ. 43, 67, 77);
3.7. დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ,,ს----------------------იდან’’, შპს ს----------–-------------------–--–---–---------------------იიდან, სს ,,ს--–-----იდან’’ და შპს ,,ე------------------------დან გამოითხოვა ე-–-----ა ჩ--------ის მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი კომუნიკაციების არსებობის თაობაზე ინფორმაცია.
დადგენილია, რომ ე-–-----ა ჩ--------ის მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შპს ,,ს----------------------ი იმერეთის რეგიონალური ოფისის ექსპლოატაციაში არსებული ბ/აირის მილსადენი არ გადის.
დადგენილია, რომ ე-–-----ა ჩ--------ის მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სს ,,ს--–-----ის’’ კუთვნილი კომუნიკაციები არ გადის.
დადგენილია, რომ ე-–-----ა ჩ--------ის მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ს----------–-------------------–--–---–---------------------იის ბალანსზე რიცხული წყალსადენ-წყალარინების ქსელები განთავსებული არ არის.
დადგენილია, რომ ე-–-----ა ჩ--------ის მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული ენერგო პრო ჯორჯიას კუთვნილი ელექტრონული ქსელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა N32/70 (იხ. ს.ფ. 68);
- მიმართვა N32/67 (იხ. ს.ფ. 67);
- მიმართვა N32/68 (იხ. ს.ფ. 70);
- მიმართვა N32/69 (იხ. ს.ფ. 71);
- შპს ,,ს----------------------ის’’ N 0-SGG-S-ID-2018-3-7/01 წერილი (იხ. ს.ფ. 73);
- სს „ს--–-----ის“ 180/24-6 წერილი (იხ. ს.ფ. 76);
- სს „ე------------------------ს“ წერილი (იხ. ს.ფ. 86);
- ს----------–-------------------–--–---–---------------------იის N4780/35 წერილი (იხ. ს.ფ. 88);
3.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 02 მარტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ე-–-----ა ჩ--------ეს დაუდგინა ხარვეზი და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, აბონენტად აყვანის ქვითრის, ან/და ნოტარიულად დამოწმებული მოწმის ჩვენების წარდგენისათვის განესაზღვრა 5 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N 32/84 წერილი (იხ. ს.ფ. 104);
3.9. საქმეში წარმოდგენილია ს-----------------–---–ისა და ა---------– ჩ--------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლის თანახმადაც ე-–-----ა ჩ--------ე (პ/ნ 5----------) 1980 წლიდან დღემდე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით 220,89 კვ.მ და მასზე აშენებული შენობა-ნაგებობას, მიმდებარე მისამართზე: წყალტუბო ს. ბ------ა მიწის ნაკვეთი ს/კ N 2-.09.4-.1---ით მომიჯნავედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (იხ. ს.ფ. 17-22);
3.10. საქმეში წარმოდგენილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად, 2018 წლის 14 მაისს ი-----–--–--–--------ემ და ვ---------------ემ დაათვალიერა ე-–-----ა ჩ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის 1--8 კვ.მ. მიმდებარედ თვითნებურად დაკავებული ფართობი 221 კვ.მ.
დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს და მოქცეულია ერთიან სივრცეში, ნაკვეთზე განთავსებულია სხვადსხვა ჯიშის ხილის ხეები და დამხმარე სამეურნეო ნაგებობა. ნაკვეთზე რაიმე სხვა შენობა ან ხაზოვანი ნაგებობა განთავსებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აქტი N2 (იხ. ს.ფ. 108);
3.11. დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გაიმართა სხდომა, სადაც განიხილეს ე-–-----ა ჩ--------ის განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
დადგენილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2018 წლის 13 ივნისს მიიღო N196 განკარგულებით ე-–-----ა ჩ--------ეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------აში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უთქვა უარი.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ე-–-----ა ჩ--------ის საკუთრება (ს/კ 2-.09.4-.1--) რომლის მომიჯნავედაც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს მხარე, წარმოადგენს 1--8,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მას შეძენილი აქვს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რაც შეეხება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მდგარ შენობას (დამხმარე ნაგებობას) აგებულია 2007 წლის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N196 განკარგულება (იხ. ს.ფ. 11-12);
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-–-----ა ჩ--------ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 13 ივნისის განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ე-–-----ა ჩ--------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე-–-----ა ჩ--------ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 13 ივნისის N196 განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ე-–-----ა ჩ--------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
მითითებული ნორმატიული აქტის 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, ე-–-----ა ჩ--------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე: წყალტუბო, სოფელი ბ------აში მდებარე მიწის ნაკვეთზე ფართობით -220,89 კვ.მეტრი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მიმართვით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ე-–-----ა ჩ--------ის მიერ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარდგენილი დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე: წყალტუბო, სოფელი ბ------ა საერთო ფართობი - 220,89 კვ.მეტრი. შესაბამისად, აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება.
6.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი (მოსარგებლე) არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა; ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო(აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს თავად განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ ე-–-----ა ჩ--------ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: 1. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. სუბსიდირების პროექტი; 3. საკადასტრო აზომვითი ნახაზი; 4. თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის შესახებ; 5. ელ. ვერსიები; 6. განცხადება. ასევე განცხადებას ერთვოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე წყალტუბო, სოფელი ბ------ა (ს.კ 2-.09.4-.1--); ე-–-----ა ჩ--------ის მიერ კომისიაში დამატებით წარდგენილი იქნა ს-----------------–---–ის და ა---------– ჩ--------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები.
6.4. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის მე-3 თავით მოწესრიგებულია კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები. კერძოდ, მე-11.1 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. კერძოდ, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ორი გარემოება: 1. ე-–-----ა ჩ--------ის საკუთრება (ს/კ 2-.09.4-.1--), რომლის მომიჯნავედაც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს მხარე, წარმოადგენს 1--8,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მას შეძენილი აქვს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 7 თებერვალს და 2. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მდგარ შენობა (დამხმარე ნაგებობა) აგებულია 2007 წლის შემდეგ.
სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს კომისიის მიერ უარის თქმის იმ საფუძველზე, რომლითაც დაინტერესებულ პირს ე-–-----ა ჩ--------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მდგარი შენობა (დამხმარე ნაგებობა) აგებულია 2007 წლის შემდეგ. აღნიშნულ გარემოება მითითებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმში, სადავო განკარგულებაში და ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების ახსნა-განმარტებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შენობა-ნაგებობის აშენების დროსთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ადგილი არ ჰქონია ამ გარემოებათა და წარდგენილი დოკუმენტების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. კერძოდ, დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში ასევე, წარმოდგენილია მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი განმარტება, რომლის თანახმად, ე-–-----ა ჩ--------ე სადავო მიწის ნაკვეთს და მასზე აშენებულ შენობა-ნაგებობას ფლობს 1980 წლიდან, რაც მათ მიერ ასევე, დადასტურებული იქნა საქმის განხილვის დროს, როდესაც განმარტეს, რომ მიწის ნაკვეთს ჩ--------ეების ოჯახი ფლობს გასული საუკუნიდან მოყოლებული და რომ, მასზედ განთავსებული იყო დამხმარე შენობა-ნაგებობა (საღორე), რომელსაც ჰქონდა ბეტონის იატაკი და კედლებიც სანახევროდ ასევე, ბეტონის იყო. მათივე განმარტებით (ასევე მოსარჩელის განმარტებითაც) დამხმარე შენობა, სიძველის გამო საჭიროებდა თავიდან აშენებას, რაც დაახლოებით 2014 წელს განხორციელდა. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელის და მისი ოჯახის მიერ ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობა დასტურდება ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებული ორთოფოტოზე ასახული ფუტკრის სკებით. 2010 წლის ორთოფოტოზე მოსარჩელის მიერ მითითებულ ადგილზე ასევე, იკვეთება შენობა-ნაგებობის კონტურები, რომელიც წინა წლების ორთოფოტოზე ხშირის გამწვანების გამო, არ იკვეთება. ამდენად, მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაშია კომისიის სხდომის ოქმში მოსარჩელის წარმომადგენლის დაფიქსირებულ პოზიციასთან. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე, ე-–-----ა ჩ--------ის საკუთრებაში არსებულ და უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთის (220,89 კვ.მ) მდებარეობის, ერთიან სივრცეში არსებობის საკითხზე და აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების აქტზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს და მოქცეულია ერთიან სივრცეში, ნაკვეთზე განთავსებულია სხვადსხვა ჯიშის ხილის ხეები და დამხმარე სამეურნეო ნაგებობა. ნაკვეთზე რაიმე სხვა შენობა ან ხაზოვანი ნაგებობა განთავსებული არ არის.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ყურადღება არ იქნა გამახვილებული მითითებულ ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებაზე, რის თაობაზეც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული განმარტება, თუ რატომ იქნა გაზიარებული დაინტერესებული პირის წარმომადგენლის განმარტება (თუნდაც იმ სახით, რაც წარმოდგენილია კომისიის სხდომის ოქმში) და არ იქნა დაზუსტებული, დაკონკრეტებული და გამოკვლეული საწინააღმდეგო გარემოებები.
6.5. რაც შეეხება სადავო განკარგულებაში მითითებულ უარის თქმის მეორე გარემოებას, რომლის თანახმად, ე-–-----ა ჩ--------ის საკუთრება (ს/კ 2-.09.4-.1--), რომლის მომიჯნავედაც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს მოსარჩელე, შეძენილი აქვს 2014 წელს, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლო მიუთითებს რომ უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბო, სოფელი ბ------ა (ს/კ 2-.09.4-.1--), საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით ირიცხება ელგუჩა ჩ--------ის სახელზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად უდევს ი---- ჩ--------ესა (შვილი) და ე-–-----ა ჩ--------ეს (მამა) შორის 2014 წლის 07 თებერვალს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება.
სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს შემდეგ გარემოებებზე: საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 17 სექტემბრის საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წყალტუბოს რაიონის გ-------ს საკრებულოს სოფელ ბ------ას 1996-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ი---- შ--–--ს ძე ჩ--------ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი---- შ--–--ს ძე ჩ--------ე - ოჯახის უფროსი; ლ-----ა დ-------ის ასული ჩ--------ე - ცოლი; ე-–-----ა ი----ს ასული ჩ--------ე - შვილი; მ------ა ი----ას ასული ჩ--------ე - რძალი; ი---- ე-–-----ას ძე ჩ--------ე - შვილიშვილი; ლ--–----–------ს ასული ჩ--------ე - შვილიშვილი.
აღნიშნული საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე, 2012 წლის 15 სექტემბერს უძრავი ქონება მდებარე წყალტუბო, საკრებულო გ-------, ს/კ 2-.09.4-.1--. დაზუსტებული ფართი - 1--8,00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა ი---- ჩ--------ის (პ/ნ 5----------, (შვილიშვილი)) სახელზე.
მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ იგივე უძრავი ქონება, 2012 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით საკუთრების უფლებით აღირიცხა ჩ--------ეების ოჯახის ყველა წევრის: ი---- ჩ--------ის (პ/ნ 5----------), ლ-----ა ჩ--------ის (პ/ნ 5----------), ლ--–-----------ის (პ/ნ 5----------), მ------ა ჩ--------ის (პ/ნ 5----------), ი---- ჩ--------ის და მათ შორის მოსარჩელე (ე-–-----ა ჩ--------ის (პ/ნ 5----------) სახელზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია - საარქივო ცნობა NAA2012033328-03 17.09.2012, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N271, პირადი განცხადება.
2012 წლის 18 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ი---- ჩ--------ემ (პ/ნ 53001026902), ლ-----ა ჩ--------ემ, ლ--–-----------ემ, მ------ა ჩ--------ემ და მათ შორის მოსარჩელე ე-–-----ა ჩ--------ემ (პ/ნ 5----------), იგივე უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქეს ი---- ჩ--------ეს (შვილიშვილი, პ/ნ 5----------). შესაბამისად, ი---- ჩ--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო შემდეგი უფლების დამდგენი დოკუმენტები: საარქივო ცნობა NAA2012033328-03 17.09.2012 და უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება 18.10.2012;
2014 წლის 13 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ იგივე უძრავი ნივთი ი---- ჩ--------ემ (შვილი) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (07.02.2014) გადასცა მამას ე-–-----ა ჩ--------ეს (პ/ნ 5----------).
მოსარჩელის განმარტებით, თავდაპირველად, ოჯახმა გადაწყვიტა მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება აღირცხულიყო მისი შვილის ი---- ჩ--------ის სახელზე. შემდეგ, უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო ოჯახის ყველა წევრზე და შემდეგ კვლავ, მისი შვილის სახელზე აღირიცხა. რაც შეეხება მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მოსარჩელის განმარტებით მასსა და შვილს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების მიზანი საბანკო დაწესებულებასთან ურთიერთობა წარმოადგენდა. მოსარჩელის განმარტებითვე, აღნიშნულ უძრავ ქონებას იგი ოჯახთან ერთად ფლობს გასული საუკუნიდან, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და უფლებაასაღიარებელი ნაკვეთი ერთიან სივრცეშია მოქცეული 1963 წელს აშენებული რკინის ღობით. ცხოვრობს და ყოველთვის ცხოვრობდა ამავე ნაკვეთზე არსებულ სახლში, სხვა საცხოვრებელი სახლი მას არ გააჩნია.
ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღიარების კომისიას უნდა გამოეკვლია ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, ვინაიდან საკომლო წიგნის ჩანაწერით დასტურდება მოსარჩელის კომლის წევრობა, რაც უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობასთან მიმართებაში საკუთრების უფლების საფუძველს წარმოადგენს და ადასტურებს უძრავი ნივთის 2007 წლამდე ფლობის ფაქტს.
ამდენად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, წყალტუბო, სოფელ ბ------აში (ს/კ 2-.09.4-.1--) მიმდებარე 220,89 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ე-–-----ა ჩ--------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე მსჯელობისას კომისიამ არ გაითვალისწინა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი სარგებლობა-ფლობისა და ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის ამსახველი დამადასტურებელი თუ საწინააღმდეგო მტკიცებულებები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ 2014 წელს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებაზე მითითებით გადაწყვეტილების მიღება არ შეესაბამება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად.
კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ ე-–-----ა ჩ--------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის დანაწესებით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, ე-–-----ა ჩ--------ე სარგებლობდა თუ არა თვითნებურად წყალტუბო, სოფელი ბ------აში მდებარე 220,89 კვ. მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, როგორც თვითნებურად დაკავებულით თუ მართლზომიერ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთის სახით, რამეთუ ამ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის 2018 წლის 13 ივნისის N196 განკარგულების გამოცემისას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევის გარეშე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ე-–-----ა ჩ--------ის განცხადების შემოწმებისას გამოიკვლიოს ის გარემოება, წარდგენილი განცხადება აკმაყოფილებს თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 2016 წლის 28 ივლისის N376 საქართველოს მთავრობის დადგენილებით - ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ განსაზღვრულ მოთხოვნებს, აღნიშნულის გამოკვლევის მიზნით იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია 2018 წლის 13 ივნისის N196 განკარგულება, რომლითაც ე-–-----ა ჩ--------ეს უარი ეთქვა წყალტუბო, სოფელი ბ------აში მდებარე 220,89 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მოპასუხე მხარეს – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე-–-----ა ჩ--------ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ე-–-----ა ჩ--------ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე - ე-–-----ა ჩ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-–-----ა ჩ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 13 ივნისის N196 განკარგულება, რომლითაც ე-–-----ა ჩ--------ეს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------აში მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე-–-----ა ჩ--------ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
3. მოპასუხეს - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე - ე-–-----ა ჩ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი