გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.07.2019
საქმის ნომერი
080210117002181619
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/3488-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,კ------------ი“

წარმომადგენელი - კ--- ჩ------

მოპასუხე - თ--- ნ------ე

წარმომადგენელი - დ----- გ--------ე

მოპასუხე - თ----–- გ--------ე

მოპასუხე - ა----------ე

მოპასუხე - თ------ გ--------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - თ--- ნ------ეს, თ----–- გ--------ეს, ა----------ეს და თ------ გ--------ეს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2015 წლის 15 აპრილის N2------------ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 4384.87 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც 3054.49 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 721.82 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, 17.68 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიო, 463.28 აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო, 127.60 აშშ დოლარი სადაზღვევო შესატანი).

 

მოსარჩელე მიუთითებს: 2015 წლის 15 აპრილს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-სა და თ--- ნ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2------------, რის საფუძველზეც მან ისესხა 4500 აშშ დოლარი (2.1. პუნქტი), 37 თვის ვადით, 2018 წლის მაისის ჩათვლით (3.1. პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (3.4., 5.1 5.2. პუნქტები). სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 2.05% (3.6 პუნქტი). სესხის ხელშეკრულების 3.14 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

2015 წლის 15 აპრილს თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეებმა თ----–- გ--------ემ, ა----------ემ და თ------ გ--------ემ იკისრეს ვალლდებულება: ძირითად მოვალეს თ--- ნ------ეს თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ 2015 წლის 15 აპრილის N2------------ სესხის ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე. (თავდებობა იკისრეს სესხის ძირითად თანხაზე - 4500 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 1997.85 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 229.68 აშშ დოლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე (საკომისიო) 42.93 აშშ დოლარზე, რაც ჯამში შეადგენს 6770.46 აშშ დოლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე), თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (თავდებობის ხელშეკრულების 3.2.პუნქტი), მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ (3.5. პუნქტი).

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ძირითადი მოვალის თ--- ნ------ის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, ის გაფრთხილებულია წერილობით, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს. ასევე თავდები პირები გაფრთხილებულნი იქნენ, რომ მსესხებელი არ ასრულებს ვალდებულებას და მათ მოსთხოვეს ვალდებულების შესრულება, მაგრამ მიუხედავად ამისა არც ისინი ასრულებენ თავდებობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას. მსესხებელმა 2016 წლის 5 სექტემბრის გადასახდელის 2016 წლის 20 სექტემბერს ნაწილობრივ გადახდის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა ფულადი ვალდებულებების შესრულება.

 

ამჟამად 2015 წლის 15 აპრილს N2------------ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 4981.24 აშშ დოლარი, საიდანაც 3054.49 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, 449 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, 23.99 აშშ დოლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა), 154.84 აშშ დოლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელ თანხის 0.27% 150 დღის განმავლობაში, 145.60 აშშ დოლარი სადაზღვევო შესატანი, 30.62 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიო.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე თ--- ნ------ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ მხოლოდ ძირი თანხის 2400 აშშ დოლარის ფარგლებში და განმარტა, რომ უნდა შემცირდეს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოც და ის დაანგარიშებულ უნდა იქნეს 0,07%-ით. ამასთან, საპროცენტო განაკვეთი და თანხის ჩათვლის წესი უსამართლოა. მოპასუხე თ--- ნ------ის მიერ გადახდილია დაახლოებით 2500 აშშ დოლარი, რაც არაა გათვალისწინებული ძირითადი თანხის კუთხით.

 

მას აქვს მძიმე სოციალური და ჯამრთელობის მდგომარეობა და თხოვა მოსარჩელეს შეედგინა ისეთი გრაფიკი, რომ თანხის გადახდა შეძლებოდა, თუმცა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ვალდებულების შესრულებაზე თავი არ აურიდებია, თხოვა ბანკს გაეზარდა თვეების რაოდენობა, რომელიც გამოიწვევდა ყოველთვიური შესატანის შემცირებას. რაც შეეხება თავდებთა მიმართ მოთხოვნას, იგი უსაფუძვლო და უკანონოა, ვინაიდან ხელშეკრულების მხარე არის თ--- ნ------ე, არ აქვს ადგილი სიმრავლეს ვალდებულებაში. თავდებებთან ერთად არ უსესხებია თანხა მოსარჩელისგან.

 

2.2. მოპასუხე თ----–- გ--------ემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელე ვალდებულია ყველანაირი ღონე იხმაროს თანხის მოპასუხე თ--- ნ------ისაგან ამოსაღებად.

 

2.3. მოპასუხეებს - ა----------ეს და თ------ გ--------ეს არც შესაგებელი წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულან თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. 2015 წლის 15 აპრილს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-სა და თ--- ნ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2------------, რის საფუძველზეც მან ისესხა 4500 აშშ დოლარი, 37 თვის ვადით, 2018 წლის მაისის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 2.05%. სესხის ხელშეკრულების 3.14 პუნქტის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახადელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2015 წლის 15 აპრილის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 21-23).

 

3.1.2. 2015 წლის 15 აპრილს თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეებმა თ----–- გ--------ემ, ა----------ემ და თ------ გ--------ემ იკისრეს ვალლდებულება: ძირითად მოვალეს თ--- ნ------ეს თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ 2015 წლის 15 აპრილის N2------------ სესხის ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე. თავდებობა იკისრეს სესხის ძირითად თანხაზე - 4500 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 1997.85 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 229.68 აშშ დოლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე (საკომისიო) 42.93 აშშ დოლარზე, რაც ჯამში შეადგენს 6770.46 აშშ დოლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე - თავდებობის ხელშეკრულების 2.1. და 3.1. პუნქტები. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (თავდებობის ხელშეკრულების 3.2.პუნქტი), მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ (3.5. პუნქტი).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ თავდებების განცხადებები (ს.ფ. 24-26).

- 2015 წლის 15 აპრილის თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ 27-29).

 

3.1.3. მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2016 წლის 20 სექტემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვათ თავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- სესხის გრაფიკი და გადახდის ისტორია (ს.ფ 21-23).

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ 31-44).

 

3.1.4. სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოპასუხეების დავალიანება სს ,,მიკროსაფინასო ორგანიზაცია კ-------ს“ მიმართ შეადგენს 4384.87 აშშ დოლარს, საიდანაც 3054.49 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, 721.82 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, 52.69 აშშ დოლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა), 410.59 აშშ დოლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27% 150 დღის განმავლობაში, 127.60 აშშ დოლარი სადაზღვევო შესატანი, 17.68 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- სესხის გრაფიკი და გადახდის ისტორია (ს.ფ 21-23).

 

3.1.5. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------მ'' 2016 წლის 9 სექტემბერს რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, ხოლო ამჟამად ის წარმოადგენს ბანკს და მისი საფირმო სახელწოდებაა სს ,,კ------------ი''.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერებს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდილი პირების რეესტრიდან (ს.ფ 57-61).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეთათვის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არაა. მოპასუხე ადასტურებეს, რომ მოსარჩელესთან აკავშირებს სახელშეკრულებო ურთიერთობა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბანკმა არასწორად მოახდინა მის მიერ გადახდილი თანხების პროცენტებში ჩათვლა, ამიტომ უნდა მიეცეს საშუალება თანდათანობით დაფაროს სესხი. სხვა მხრივ სადავოა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,კ------------ის'’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2015 წლის 15 აპრილს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-სა და თ--- ნ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2------------, რის საფუძველზეც მან ისესხა 4500 აშშ დოლარი, 37 თვის ვადით, 2018 წლის მაისის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 2.05%. სესხის ხელშეკრულების 3.14 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახადელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე თ--- ნ------ემ 2400 აშშ დოლარის ნაწილში ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ცნო შესაგებელით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეებს შორის 2015 წლის 15 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულია აშშ დოლარში.

 

ხელშეკრულების 7.1. და 7.4 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა. მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2016 წლის 20 სექტემბრის ნაწილობრივ გადახდის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვათ დავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

6.4. მოსარჩელე თანხის დაკისრებას თ--- ნ------ესთან ერთად სოლიდარულად ითხოვს თ----–- გ--------ეზე, ა----------ეზე და თ------ გ--------ეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 15 აპრილს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა'' და მოპასუხეებს თ----–- გ--------ეს, ა----------ეს და თ------ გ--------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მსესხებელთან ერთად მისმა თავდებებმა, მოპასუხეებმა თ----–- გ--------ემ, ა----------ემ და თ------ გ--------ემ სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება სესხის თანხის დაფარვაზე.

 

დადგენილია ასევე, რომ მოვალემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისა, იგი არ შეასრულეს მისმა თავდებმა პირებმაც.

 

6.5. მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, მასში აღნიშნული საპროცენტო განაკვეთით. გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 2.05%-ით.

 

ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, ,,გამსესხებლის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის საბანკო კრედიტის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად.

 

ამდენად, პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. ხელშეკრულების 5.1 და 5.2. პუნქტების თანახამდ, ,,გამსესხებლის’’ და ,,მსესხებლის’’ რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებული სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. 5.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.

 

მხარეებს შორის 2015 წლის 15 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულია აშშ დოლარში.

 

ამდენად, სიცოცხლის დაზღვევის თანხაზე შეთანხმება მოხდა სესხის ხელშეკრულებით და მათი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეებს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 15 აპრილს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა'' და მოპასუხე თ--- ნ------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმა, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში.

 

სასარჩელო მოთხოვნაში, პირგასამტეხლოს სახით სესხის ხელშეკრულებაზე მოსარჩელემ მოითხოვა ჯამურად 463.28 აშშ დოლარი, 0.27% ჯარიმა ძირ თანხაზე 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს (ჯარიმა) დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე, პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით, კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 0.27%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს, შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს (ჯარიმა) ოდენობა უნდა განისაზღვროს 2015 წლის 15 აპრილს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 100 აშშ დოლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებმა 2400 აშშ დოლარის თანხის ნაწილში ცნო სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, სესხის ძირი თანხის ბაჟი 193.6 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ოთხივე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ იმ თანხის (სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევისა და პირგასამტეხლის თანხის ნაწილის) ბაჟი, რომელიც დაკმაყოფილდა ანუ 130.81 ლარის ოდენობით, ხოლო დაუკმაყოფილებელი თანხის - 363.28 აშშ დოლარის ბაჟი 30.17 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში. ასევე ოთხივე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის - 50 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის - 21 ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების ხარჯის - 44 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე თ----–- გ--------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის, მდებარე: ქ. ქუთაისი, ს---–-------ას ქუჩა (ყოფილი მ–-----–ის ქუჩა) #73, მე-7 სართული, ბინა #41, ზონა: ქუთაისი - 0-, სექტორი - ვაკისუბანი -05, კვარტალი - 0-- ნაკვეთი - 0--- კოდი 0-----; საკადასტრო კოდი: 0-.05.0------------) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,კ------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. თ--- ნ------ეს, თ----–- გ--------ეს, ა----------ეს და თ------ გ--------ეს სს ,,კ------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4021,59 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 3054.49 აშშ დოლარი, პროცენტი - 721.82 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 17.68 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 100 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი -127.60 აშშ დოლარი).

1.2. სს ,,კ------------ის“ სარჩელი 363.28 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

1.3. თ--- ნ------ეს, თ----–- გ--------ეს, ა----------ეს და თ------ გ--------ეს სს ,,კ------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 130,81 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის - 21 ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების ხარჯის - 44 ლარის გადახდა.

1.4. მოსარჩელე სს ,,კ------------ს“ დაუბრუნდეს 2017 წლის 16 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (354.59 ლარიდან) ნაწილი - 193.6 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში JSCRGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3--------.

1.5. სს ,,კ------------ი“-ს მიერ გადახდილი ბაჟიდან 30.17 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

1.6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა