გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2019
საქმის ნომერი
330210019002977340
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/9705-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

25 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,სა---------–-----------ა“

წარმომადგენელი - ნი----–-------–--–-–---–ი, იო------------ა

მოპასუხე - ზა----------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. ზა----------ისათვის შპს ,,სა---------–-----------ა“-ს სასარგებლოდ 3624,37 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 2638,38 ლარი, პირგასამტეხლო 985,99 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ზა----------ე იყო შპს ,,სა---------–-----------ა“-ში დასაქმებული კომერციული დეპარტამენტის დისტრიბუციის რეგიონული სამსახურის N136 ჯიხურის რეალიზატორის პოზიციაზე.

 

2019 წლის 29 მარტს ჩატარდა N136 ჯიხურის ინვენტარიზაცია, რა დროსაც ზა----------ეს დაუფიქსირდა 3952,90 ლარის დანაკლისი.

 

2019 წლის 29 მარტს ზა----------ესა და შპს ,,სა---------–-----------ა“-ს შორის გაფორმდა ვალის არსებობის აღიარების აქტი, სადაც ზა----------ემ აღიარა, რომ სრულად არ აქვს გადახდილი შპს ,,სა---------–-----------ა“-სთვის მის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება და ერიცხება დავალიანება 3952,90 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 10 აპრილს მოპასუხე ზა----------ეს დაუკავდა 2019 წლის მარტის თვის ანაზღაურებიდან 1314,52 ლარი და შესაბამისად დღეის მდგომარეობით მისი დავალიანება შეადგენს 2638,38 ლარს.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.4. პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხისა და მოგებახვედრილი ბილეთების გადაუცემლობის შემთხვევაში დააკისროს დასაქმებულს პირგასამტეხლო გადასაცემი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, ვინაიდან დასაქმებულმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დღეის მდგომარეობით მოვალეს შპს ,,სა---------–-----------ის“ მიმართ ერიცხება პირგასამტეხლო 2835,3 ლარის ოდენობით, საიდანაც მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ 985,99 ლარის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ზა----------ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირიდათი თანხის ნაწილში 2638,38 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზა----------ე იყო შპს ,,სა---------–-----------ა“-ში დასაქმებული კომერციული დეპარტამენტის დისტრიბუციის რეგიონული სამსახურის N136 ჯიხურის რეალიზატორის პოზიციაზე.

 

2019 წლის 29 მარტს ჩატარდა N136 ჯიხურის ინვენტარიზაცია, რა დროსაც ზა----------ეს დაუფიქსირდა 3952,90 ლარის დანაკლისი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 24-30);

- ანგარიში ჩატარებული მონიტორინგის შესახებ (ს.ფ. 16-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2019 წლის 29 მარტს შპს ,,-----------–--------------“ და ზა----------ეს შორის გაფორმდა ვალის აღიარების შეთანხმება, რომლის თანახმად, ზა----------ემ იკისრა 10 დღის ვადაში 3952,90 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 29.03.2019 წლის შეთანხმება (ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2019 წლის 10 აპრილს მოპასუხე ზა----------ეს დაუკავდა 2019 წლის მარტის თვის ანაზღაურებიდან 1314,52 ლარი, რომელიც ემსახურებოდა შპს ,,-----------–--------------“ და ზა----------ეს შორის ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სა---------–-----------ის 09/07/2019 წერილი (ს.ფ. 76);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. შპს ,,სა---------–-----------ის“ მიმართ არსებული დავალიანება დღეის მდგომარეობით განსაზღვრულია 3624,37 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 2638,38 ლარი, პირგასამტეხლო 985,99 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 32);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე შპს ,,სა---------–-----------ა“ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ შრომითი ხელშეკრულების 9.4. პუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს, ხოლო ვინაიდან დასაქმებულმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დღეის მდგომარეობით მოვალეს შპს ,,სა---------–-----------ის“ მიმართ ერიცხება პირგასამტეხლო 2835,3 ლარის ოდენობით, საიდანაც მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ 985,99 ლარის დაკისრებას.

 

მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 341-ე, 361-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე ზა----------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 2638,38 ლარის ოდენობით, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს მის მიმართ მითითებული ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ. ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანმხდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, სასამართლო განმარტავს, რომ ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, აბსტრაქტული (კონსტიტუციური) ან კაუზალური (დეკლარაციული). აბსტრაქტული, ანუ დამოუკიდებელი ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე.

 

სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც, სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანამდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას.

 

2019 წლის 29 მარტს შპს ,,-----------–--------------“ და ზა----------ეს შორის გაფორმდა ვალის აღიარების შეთანხმება, რომლის თანახმად, ზა----------ემ იკისრა 10 დღის ვადაში 3952,90 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, იგი ეფუძნება ვალის აღიარების ხელშეკრულებას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ზა----------ეს მოსარჩელე შპს ,,სა---------–-----------ის“ წინაშე ვალდებულება ნაწილობრივ აქვს შესრულებული, 1314,52 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ძირი თანხის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.

 

სსკ-ის 418-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოზე მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და ეფუძნება ვალის აღიარების ხელშეკრულებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2019 წლის 29 მარტის ვალის აღიარების ხელშეკრულება არ ყოფილა უზრუნველყოფილი პირგასამტეხლოთი, რადგან სახეზე არ არის პირგასამტეხლოზე კანონით დადგენილი სპეციალური ფორმით შეთანხმება. ამიტომ ვერ ჩაითვლება, რომ 2018 წლის 23 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო პირგასამტეხლოთი, შეიცვალა 2019 წლის 29 მარტის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნით და ეს უკანასკნელი მოთხოვნა უზრუნველყოფილია პირგასამტეხლოთი. აღნიშნული გამორიცხავს ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შპს ,,სა---------–-----------ას“ უარი უნდა ეთქვას ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. შპს ,,სა---------–-----------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 55 ლარი; (ს.ფ. 38)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ძირი თანხის ნაწილში 2638,38 ლარის ოდენობით, რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (3624,37 ლარი) 72,79%-ს შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 55 ლარის 72,79% - 40,03 ლარი.

 

ამდენად, სარჩელის ცნობის შემდეგ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 985,99 ლარს (3624,37-2638,38), ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხა - 14,97 ლარს (55-40,03).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 14,97 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-e, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,სა---------–-----------ა“-ს სარჩელი ზა----------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ზა----------ეს მოსარჩელე შპს ,,სა---------–-----------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2638,38 ლარის გადახდა.

 

2.1. შპს ,,სა---------–-----------ა“-ს უარი ეთქვას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. შპს ,,სა---------–-----------ა“-ს დაუბრუნდეს 2019 წლის 30 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 40,03 ლარი.

 

(გადახდის თარიღი - 30.04.2019; საგადახდო დავალება #317; გადამხდელი - შპს ,,სა---------–-----------ა“; გადამხდელის ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).

 

4. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი