გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2019
საქმის ნომერი
080210017001916482
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1123-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11.07.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩ-------ე

სხდომის მდივანი - გიორგი ე----

 

მოსარჩელე - ა---- ლ-----ა

მესამე პირი მოსარჩელის მხარეს - არკადი ლ-----ა

წარმომადგენელი - მ--–------ გ----------ე

მოპასუხე - რ--------- მ---ი

მესამე პირი მოპასუხის მხარეს - ანა ლ-----ა

წარმომადგენელი - ა-–------------------–-–---–ი

 

დავის საგანი - მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა; სამკვიდროს მიღებაზე განცხადების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე რ--------- მ---ს ჩამოერთვას 2016 წლის 29 მარტს გარდაცვლილი ო----- ლ-----ას დანაშთ ქონებაზე კანონიერი მემკვიდრეობის უფლება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი რ--------- მ---ის მიერ, ნოტარიუს თამარ ჩაფიძის სახელზე დაწერილი განცხადება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, რეგისტრაციის №---------;

 

დავის არსი:

 

მოსარჩელის განმარტებით, მისი მამა, ო-----ი ლ-----ა გარდაიცვალა 2016 წლის 29 მარტს. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე შვილი: ა---- ლ-----ა, არკადი ლ-----ა და ანა ლ-----ა. სამივემ კანონის დაცვით მიმართეს ნოტარიუს თამარ ჩაფიძეს სამკვიდროს მიღებაზე. კერძოდ, ა---- ლ-----ამ მიმართა გარდაცვლილი მამის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილზე სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ნოტარიუსმა უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ სამკვიდროს მიღებაზე განცხადება ასევე დაწერილი აქვს მამის ყოფილ მეუღლეს, რ--------- მ---ს. მოპასუხე რ--------- მ---სა და ო----- ლ-----ას შორის 2009 წლიდან ქორწინება შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, კერძოდ, მოპასუხე ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, გ--–-------. II შეს. №13-ში ხოლო ო----- ლ-----ა დავით გ-------–---–-ს ქ. №8-ში.

 

მესამე პირმა, მოსარჩელის მხარეს არკადი ლ-----ამ, მხარი დაუჭირა სარჩელს და განმარტა, რომ მისი მამა, ო-----ი ლ-----ა და რ--------- მ---ი ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე და მას ო-----ი ლ-----ას სამკვიდროდან წილი არ ერგება. მისივე განმარტებით, წინააღმდეგი არ არის ანა ლ-----ამ მიიღოს მამის, ო-----ი ლ-----ას დანაშთი სამკვიდროს წილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე რ--------- მ---მა არ ცნო სარჩელი.

რ--------- მ---ის განმარტებით, ო-----ი ლ-----ასთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდა ო-----ი ლ-----ას სახლში. თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი ანა ლ-----ა, რომლის აღზრდაზე ასევე ზრუნავდა ა---- ლ-----ა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მეუღლის, ა---- ლ-----ას სახელზე რეგისტრირებული, თანაცხოვრებისას შეძენილი ავტომანქანა, მინი ვენი TOYOTA (NOAN), რომელსაც ფლობს მისი შვილი ანა ლ-----ა, თუმცა საჭიროებისას თვითონაც იყენებს მას. ცოლ - ქმრული ურთიერთობა არასდროს გაუწყვეტიათ, თუმცა თვითონ ცხოვრობდა მოხუც დედასთან ქ. ქუთაისში, გ--–-------.მე-2 შესახ. №13-ში, სადაც ხშირად დადიოდა ო-----ი ლ-----ა, მიჰქონდა პროდუქტები და ეხმარებოდა. მითითებული სახლი ვალების გამო გაიყიდა, ხოლო ის გამოსახლებული იქნა. ანა ლ-----ა შემდეგ ცხოვრობდა ქუთაისში, დ. გ-------–---–-ს №8-ში, მაგრამ იქ ვერ მიდიოდა, ვინაიდან იყო ო-----ი ლ-----ას მეორე ცოლი და მასთან არ ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება ო-----ი ლ-----ას შვილებს - ა---- და არკადი ლ-----ებს.

 

მესამე პირის პოზიცია:

მესამე პირმა მოპასუხის მხარეს ანა ლ-----ამ, წარმოადგინა შესაგებელი და არ ცნო სარჩელი.

მესამე პირის განმარტებით, მამას, ო-----ი ლ-----ას არ გაუწყვეტია ოჯახური ურთიერთობა დედასთან და მუდამ ეხმარებოდა მას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ ო-----ი ლ-----ა და რ--------- მ---ი 1995 წლის 7 ნოემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა. (ტ.1.ს/ფ.92)

 

3.1.2. დადგენილია, რომ ო-----ი ლ-----ას და რ--------- მ---ს რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ ერთი შვილი ანა ლ-----ა, რომელიც ცხოვრობს რ--------- მ---თან.

მტკიცებულება: სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. დადგენილია, რომ ო-----ი ლ-----ა გარდაიცვალა 2016 წლის 29 მარტს;

მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა; (ტ.1.ს/ფ. 14)

 

3.1.4. დადგენილია, რომ ა---- ლ-----ას სახელზე რეგისტრირებული, რ--------- მ---თან თანაცხოვრებისას შეძენილი ავტომანქანას, მინი ვენი თOYOთA (NOAN), ფლობს ანა ლ-----ა.

მტკიცებულება: შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. დადგენილია, რომ ო-----ი ლ-----ას დარჩა სამი შვილი, პირველი რიგის მემკვიდრე: ა---- ლ-----ა; არკადი ლ-----ა და ანა ლ-----ა;

მტკიცებულება: დაბადების მოწმობის ასლები; (ტ.1.ს/ფ. 15)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ ო-----ი ლ-----ას სამივე მემკვიდრემ, შვილებმა, კანონის დაცვით მიმართეს ნოტარიუს თამარ ჩაფიძეს სამკვიდროს მიღებაზე. კერძოდ, ა---- ლ-----ამ მიმართა გარდაცვლილი მამის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილზე სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ნოტარიუსმა უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ სამკვიდროს მიღებაზე განცხადება ასევე დაწერილი აქვს მამის ყოფილ მეუღლეს, რ--------- მ---ს;

მტკიცებულება: სარჩელი; ნოტარიუსის უარი; (ტ.1.ს/ფ. 16-17)

 

3.2.2. მოსარჩელის და მესამე პირის არკადი ლ-----ას განმარტებით, მოპასუხე რ--------- მ---ს და ო-----ი ლ-----ას შორის 2009 წლიდან ქორწინება შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. კერძოდ, მოპასუხე ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, გ--–-------. II შეს. №13-ში ხოლო ო----- ლ-----ა დავით გ-------–---–-ს ქ. №8-ში;

მტკიცებულება: სარჩელი; მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმედ დაკითხულმა ვახტანგი აბულაძემ განმარტა, რომ ო-----ი ლ-----ა იყო მისი მეზობელი. რ--------- მ---ი არის ო-----ი ლ-----ას მეორე ცოლი და ერთად ცხოვრობდნენ რამდენიმე ხნით. ჰყავთ საერთო შვილი ანა ლ-----ა, რომელიც ფლობს ანა ლ-----ას სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანას, მინი ვენის TOYOTA (NOAN).

მოწმის განმარტებით, არ სიამოვნებდათ ო-----ი ლ-----ას შვილებს - ა---- და არკადი ლ-----ებს რ---------ის ო-----ი ლ-----ასთან ცხოვრება.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.4. მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმედ დაკითხულმა მიმოზა ოთხოზორიამ განმარტა, რომ ო-----ი ლ-----ა იყო მისი მეზობელი. რ--------- მ---ი ო-----ის ოჯახში, ქუთაისში, დ. გ-------–---–-ს №8-ში, უნახავს რამდენიმე თვით, არის ო-----ი ლ-----ას მეორე ცოლი და ერთად ცხოვრობდნენ რამდენიმე ხნით. ო-----ის და რ--------- მ---ის ჩხუბი და რაიმე კონფლიქტი არ გაუგია.

არ იცის რ---------ის და ო-----ი ლ-----ას შვილებს - ა---- და არკადი ლ-----ებს შორის კონფლიქტის შესახებ.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.5. მოპასუხის შუამდგომლობით მოწმედ დაკითხულმა მაყვალა იაშვილმა განმარტა, რომ არის რ--------- მ---ის ნათესავი. რ---------ს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ო-----ი ლ-----ას ნათესავებთან. რ--------- მ---ი დედასთან ცხოვრობდა გ--–-------უჩაზე, სადაც ო-----ი ლ-----ა გარდაცვალებამდეც 2016 წელს ნახა. ო-----ის რ---------თან მიჰქონდა პროდუქტები. მოწმის განმარტებით, როგორც რ--------- მ---ის ნათესავი, ო-----ის დაკრძალვაზე იყო.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.5. მოწმედ დაკითხულმა კობა ბეშკენაძემ განმარტა, რომ ო-----ი ლ-----ას იცნობს ბავშვობიდან. რ---------ი და ო-----ი იყვნენ ცოლ-ქმარი. ერთად ცხოვრობდნენ, შემდეგ რ---------ი გადავიდა საცხოვრებლად ვანში. ო-----ი წუხდა ოჯახზე და ამბობდა თუ რატომ ვერ ,,დაალაგა“ ოჯახური ურთიერთობა. ის ეწევა მგზავრების მომსახურებას ,,ტაქსაობს“ და ო-----ი რამდენჯერმე მიიყვანა რ---------ის სახლში.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.6. მოპასუხის შუამდგომლობით მოწმედ დაკითხულმა ნათელა ფოჩხუამ განმარტა, რომ არის რ--------- მეხის მამიდაშვილი. ო-----ი და რ---------ი 30 წელი ცხოვრობდნენ ერთად რეგისტრირებულ ქორწინებაში. რ---------ის ნათესავებისათვის იყო ოჯახის სიძე. ო-----ი რ---------თან მანქანით მოდიოდა და მოქონდა პროდუქტი.

რ---------ი ო-----ის დაკრძალვაზე არ იყო, რადგან ო-----ის შვილებთან არ ჰქონდა ჯანსაღი ურთიერთობა და ამის გამო, რ---------ი ო-----ის დაკრძალვაზე არ იყო. ო-----ის ორმოცის სუფრიდან პროდუქტები (პურმარილი) რ---------ს გაუგზავნეს.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.7.სასამართლო აღნიშნავს - საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-4 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.

 

3.2.8. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

შესაბამისად, დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენს სსსკ-ში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ო-----ი ლ-----ას და რ--------- მ---ს შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის მტკიცების ტვირთი, მოსარჩელის მხარესაა, რომელმაც ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზეც სათანადოდ ვერ დაასაბუთა აღნიშნული გარემოება.

 

სასამართლო მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე მიუთითებს, რომ მოპასუხე რ--------- მ---ის მხრიდან მოწმეთა ჩვენების გაზიარებით უდავოდ დგინდება შემდეგი: „მიუხედავად იმისა, რომ რ--------- მ---ი მეუღლის სახლიდან წამოვიდა, მისი ქორწინება ო-----ი ლ-----ასთან არასდროს არ შეწყვეტილა, ისინი ყოველთვის ერთ ოჯახად იყვნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ, რ--------- მ---ის ნათესავებში ო-----ი ლ-----ა მიღებული იყო ტრადიციულ სიძედ. ო-----ი ლ-----ას სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ნივთით, ავტომანქანით, დღემდე სარგებლობს რ--------- მ---ი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „ოჯახი, როგორც სამართლებრივი კავშირი, მაშინაც ინარჩუნებს თავის სახეს, როცა პირველი გაგებით (როგორც სოციოლოგიური) იგი უკვე აღარ არსებობს. მაგალითად, შესაძლებელია, მეუღლეები ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ ერთად, არც ოჯახის აღდგენა შედის მათ მიზნებში, მაგრამ ვიდრე განქორწინება არ მომხდარა, სამართლებრივი კავშირი ერთმანეთთან კვლავ შენარჩუნებულია. მათ შეუძლიათ ერთმანეთს მოსთხოვონ მატერიალური დახმარება, მოითხოვონ ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა და სხვა.“ (იხ. რ.შენგელია, ე.შენგელია საოჯახო სამართალი (თეორია და პრაქტიკა) მე-2 გამოცემა, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2011,14).

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---- ლ-----ას სარჩელი უსაფუძვლოა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე,1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 1421-ე, 1424-ე, 1452-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103, 105-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: ,,საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებელის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებელის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებელის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება - ეს არის ნებითი მოქმედება, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს თანხმობას, მიიღოს მამკვიდრებელის კუთვნილი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და თავისი ბუნებით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მემკვიდრის თანხმობის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამკვიდროს მიმღებ პირად. იმისათვის, რომ სამკვიდროს მიღება იყოს ნამდვილი და წარმოშობდეს მემკვიდრეთა უფლებებს სამკვიდროზე, იგი, როგორც ყველა სხვა გარიგება, უნდა პასუხობდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

6.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონით მემკვიდრეობა, ვინაიდან 2016 წლის 29 მარტს გარდაცვლილ ო-----ი ლ-----ას ანდერძი არ დაუტოვებია.

დადგენილია, რომ 2016 წლის 29 მარტს გარდაცვლილ ო-----ი ლ-----ას დარჩა სამი შვილი, პირველი რიგის მემკვიდრე: ა---- ლ-----ა; არკადი ლ-----ა და ანა ლ-----ა;

დადგენილია, რომ ო-----ი ლ-----ას სამივე მემკვიდრემ, შვილებმა, კანონის დაცვით მიმართეს ნოტარიუს თამარ ჩაფიძეს სამკვიდროს მიღებაზე. კერძოდ, ა---- ლ-----ამ მიმართა გარდაცვლილი მამის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილზე სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ნოტარიუსმა უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ სამკვიდროს მიღებაზე განცხადება ასევე დაწერილი აქვს მამის ყოფილ მეუღლეს, რ--------- მ---ს;

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 29 მარტ გარდაცვლილი ო-----ი ლანაჩავას სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, ნოტარიუსს მიმართა ასევე ო-----ი ლანაჩავასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა რ--------- მ---მა, რისი უფლებაც მას აქვს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის თანახმად.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

როგორც აღინიშნა, თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მამკვიდრებელის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს.

-ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ რ--------- მ---ი, ო-----ი ლ-----ასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და, როგორც აღინიშნა, კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების შესახებ, რაც კანონშესაბამისი ქმედებაა. გარდა ამისა, დადგენილია, რომ იგი დღემდე სარგებლობს ო----- ლანაჩავას სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ნივთით.

 

6...სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე 1341-ე მუხლთან მიმართებით (იხ. სუსგ № ას-187-174-2015, 22, 07.2015წ.), კერძოდ, „საკასაციო პალატისათვის მინიჭებული ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების როლის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის გამოყენებისათვის და შესაბამისად, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევისათვის, ამავე ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განმსაზღვრელია არა ის გარემოება არსებობდა თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის რეგისტრირებული ქორწინება, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კონკრეტული ფაქტობრივი საფუძვლების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს შორს ცოლ-ქმრული ურთიერთობის ფაქტობრივად არარსებობაზე“.

როგორც აღინიშნა, რ--------- მ---ს და ო-----ი ლ-----ას რეგისტრირებული ქორწინებიდან შეეძინათ ერთი შვილი, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას. რ--------- მ---ის მეუღლის ოჯახიდან წასვლა განაპირობა ო-----ი ლ-----ას წინა ქორწინებიდან შეძენილ შვილებთან რთულმა ურთიერთობამ (რაც ნაწილობრივ იგრძნობოდა საქმის განხილვისას). სასამართლოს დადგენილად მიჩნია, რომ ო-----ი ლ-----ა ზრუნავდა. შვილის - ანა ლ-----ას აღზრდა განვითარებაზე და ნაკლებ სავარაუდოა აღნიშნულ საკითხში რ--------- მ---ის როლის იგნორირება. სასამართლო სხდომაზე ანა ლ-----ა დედის რ--------- მ---ის მხარეს ჩაერთო მესამე პირად და ცალსახად დაადასტურა ო-----ი ლ-----ას და რ--------- მ---ის თანაცხოვრება.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------- მ---ს უფლება აქვს მიიღოს მეუღლის დანაშთი სამკვიდროდან კუთვნილი წილი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება.

 

ამდენად, სარჩელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისითაც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგან 1341-ე მუხლის ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა მეუღლეები განქორწინებული არ იყვნენ, მაგრამ ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს მაინც ჩამოერთმევა მემკვიდრეობის უფლება გარდაცვლილი მეუღლის ქონებაზე. ეს მაშინ, როცა სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს მემკვიდრეობის უფლება შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1995 წლის 07 ნოემბრიდან რ--------- მეხი და ო-----ი ლ-----ა რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ და ასეთად არის რეგისტრირებული დღემდე, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მეუღლეთა განქორწინების ანდა ქორწინების შეწყვეტის შესახებ. ქორწინების რეგისტრაცია რ--------- მ---ს და ო-----ი ლ-----ას შორის არ გაუქმებულა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სურვილი მეუღლეებს არასდროს არ ჰქონიათ.

 

6.7. მოპასუხის მხრიდან მოწმეთა ჩვენების გაზიარებით, უდავოდ დგინდება შემდეგი: „მიუხედავად იმისა, რომ რ. მ---ი მეუღლის სახლიდან წამოვიდა, მათი ქორწინება არასდროს არ შეწყვეტილა, ისინი ყოველთვის ერთ ოჯახად იყვნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ, რ--------- მ---ის ნათესავებში ო-----ი ლ-----ა მიღებული იყო ტრადიციულ სიძედ. ო-----ი ლ-----ა მიდიოდა რ--------- მ---ის სახლში (იხ. მოწმე კობა ბეშკენაძის ჩვენება). ო-----ი ლ-----ას სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ნივთით, ავტომანქანით, დღემდე სარგებლობს რ--------- მ---ი.

 

როგორც აღინიშნა, „ოჯახი, როგორც სამართლებრივი კავშირი, მაშინაც ინარჩუნებს თავის სახეს, როცა პირველი გაგებით (როგორც სოციოლოგიური) იგი უკვე აღარ არსებობს. მაგალითად, შესაძლებელია, მეუღლეები ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ ერთად, არც ოჯახის აღდგენა შედის მათ მიზნებში, მაგრამ ვიდრე განქორწინება არ მომხდარა, სამართლებრივი კავშირი ერთმანეთთან კვლავ შენარჩუნებულია. მათ შეუძლიათ ერთმანეთს მოსთხოვონ მატერიალური დახმარება, მოითხოვონ ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა და სხვა.“ (იხ. რ.შენგელია, ე.შენგელია საოჯახო სამართალი (თეორია და პრაქტიკა) მე-2 გამოცემა, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2011,14).

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ რ. მ---სა და ო. ლ-----ას შორის ქორწინება კვლავ რეგისტრირებულია და იგი გაუქმებული არ არის. მოწმეთა ჩვენებებით კი უდავოდ დასტურდება, რომ ო. ლ-----ა მიდიოდა რ. მ---თან, ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, როგორც ცოლ-ქმარი და მათ შორის ამგვარი ურთიერთობა ო-----ი ლ-----ას გარდაცვალებამდე არ გაწყვეტილა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დადასტურდა ერთ-ერთი მეუღლისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის კანონით განსაზღვრული მეორე აუცილებელი გარემოება, – მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე არანაკლებ სამი წლისა, ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტა და მეუღლეთა ცალ-ცალკე ცხოვრება.

 

6.8. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ქორწინება ოჯახის საფუძველია. ოჯახში პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე, პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისთვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს (სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი).

 

ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა ორმხრივ, პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. სწორედ ამიტომ მოცემული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია შევეხოთ იმ საკითხის გადაწყვეტას, რაც შეეხება ქორწინებიდან გამომდინარე მემკვიდრეობის ურთიერთობებს.

მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს პირადი ქონებრივი ხასიათის უფლებას, ერთ-ერთი ან თუნდაც რამდენიმე მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება, არ ნიშნავს სხვა მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღებას. სწორედ ამ უფლების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ წესებსა და პირობებს, რასთანაც დაკავშირებულია და რაც განსაზღვრავს გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდროს მიღებას.

 

როგორც აღინიშნა, კანონმდებელი ქორწინებად მიიჩნევს ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. თეორიულად, ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა იმით შემოიფარგლება, რომ მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები (სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხ.). ამდენად, კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზანი, რაც მეუღლეთა მიერ ოჯახის შექმნაში უნდა გამოიხატოს მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტით არ მიიღწევა. ამის კონკრეტული გამოვლინებაა ფიქციური ქორწინებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები. როგორც კანონმდებელი განმარტავს ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია „ოჯახის შექმნის მიზანი”. სწორედაც თუ ქორწინებას არ ახლავს ოჯახის შექმნის მიზანი და მისი განხორციელება, იგი ფიქტიური ურთიერთობაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, არ დამდგარა რ--------- მ---სა და ო-----ი ლ-----ას შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილობის საკითხი და ცხადია ვერც დადგებოდა იგი, რადგან რ--------- მ---ს და ო-----ი ლ-----ას ფაქტობრივად არ გაუწყვეტიათ ცოლ-ქმრული ურთიერთობა. ეწეოდნენ საერთო საოჯახო საქმიანობას და ერთობლივად ზრდიდნენ შვილს - ანა ლ-----ას, ხოლო როგორც აღინიშნა, მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ რ--------- მ---ი სხვა მისამართზე იყო რეგისტრირებული საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია კონფლიქტის არსებობა რ--------- მ---სა და პირველი ქორწინებიდან ო-----ი ლ-----ას ვაჟებს - არკადი და ა---- ლ-----ებს შორის და ცხადია აღნიშნული გარემოება რ--------- მ---ის მიერ ო-----ი ლ-----ას ოჯახის დატოვების საფუძველი გახდა.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოხმობილი ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ, რ--------- მ---ს და ო-----ი ლ-----ას შორის ქორწინების სამი წლის მანძილზე ფაქტობრივად შეწყვეტის და ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად - პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე, როგორც სოციალურად დაუცველი გათავისუფლებულის სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხი:

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე 257-258-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდეს ა---- ლ-----ას სარჩელი.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩ-------ე