გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
140210018002503219
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002503219

საქმე №2/1139-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე

მოსარჩელე _ დ--–---ა მ----------ი

წარმომადგენელი – გ--------ა ქ------------ე

მოპასუხე _ ფ------–ი ნ-------ი

წარმომადგენელი - ია რ-----–---–ი

დავის საგანი _ საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ნივთების დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოსარჩელისა და არასრულწლოვანი ბავშვებისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა;

 

1.2. მოპასუხის საცხოვრებელ ბინაში არსებული მოძრავი ნივთების უკან დაბრუნება;

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ფ------–ი ნ-------თან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდშიც შეეძინათ ორი შვილი - მ-----მ და მ--–--ზ ნ-------ები. მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობის გამო იგი იძულებული გახდა მიეტოვებინა მეუღლის საცხოვრებელი სახლი და არასრულწლოვან შვილებთან ერთან საცხოვრებლად დაბრუნებულიყო მშობლების საცხოვრებელ სახლში, სადაც მას ოჯახის მრავალრიცხოვანობის გამო არ აქვს საკმარისი ფართი, რის გამოც გადაწყვიტა შვილებისათვის საცხოვრებელი ფართი მოითხოვოს მოპასუხისაგან. ამასთან ერთად, იგი ითხოვს მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში მისი კუთვნილი უძრავი ნივთების დაბრუნებას, ვინაიდან იგი ეკუთვნის მას და არსებობს მოპასუხის მიერ აღნიშნული ნივთების განადგურების საშიშროება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. , კერძოდ, მისი განმარტებით, არასრულწლოვან შვილებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მივიდნენ მასთან, მაგრამ საცხოვრებელი სახლიდან ოფიციალურად ფართის გამოყოფა სამართლებრივად უსაფუძვლოა და ფაქტობრივადაც შეუძლებელია, ვინაიდან საცხოვრებელი სახლი არის მისი მშობლების აშენებული და წარმოადგენს მათ საკუთრებას. მისივე განმარტებით, მოსარჩელეს შეუძლია წაიღოს ის ნივთები, რომლებიც მან მიიტანა მზითვის სახით კერძოდ, პლაზმური ტელევიზორი, ერთი ცალი სარეცხის მანქანა, მარმარილოს საწერი მაგიდა, რბილი ავეჯის სამეული, კედელი ე.წ. „სტენკა“, სამზარეულოს დივანი, ოთხი ცალი ხალიჩა, ექვსი ცალი რბილი საკამი და მაგიდა, ორი ცალი საწოლი, რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დ--–---ა მ----------ი და ფ------–ი ნ-------ი 2002 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში;

 

3.1.2. მხარეებს ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ-----მ ნ-------ი და მ--–--ზ ნ-------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დაბადების მოწმობები;

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩევს გარემოებას, რომ მხარეთა თავდაპირველი სარცხოვრებელი სახლი მდებარე კასპი, სოფელი ფერმა, საიდანაც მოსარჩელე ითხოვს ფართის გამოყოფას, რეგისტრირებულია არა მოპასუხის, არამედ მისი დედის - ნარგიზი მამედოვის სახელზე;

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1158-1159-ე, 1160-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 1169-ე მუხლებით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

საკუთრების უფლება გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა ინდივიდუალური ქონების დეფინიციას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეული მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით და ჩუქებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

დადგენილია, რომ დ--–---ა მ----------ი და და ფ------–ი ნ-------ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2002 წლიდან და საცხოვრებელი სახლი, მდებარე კასპი, სოფელი ფერმა, საიდანაც მოსარჩელე ითხოვს ფართის გამოყოფას, რეგისტრირებულია მოპასუხის დედის სახელზე.

 

დამკვიდრებული პრაქტიკით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას, რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომლებიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს, რა დროსაც ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. ქონების თანასაკუთრებად მიჩნევის საკითხის დადგენისას განმსაზღვრელია უძრავი ქონების მეუღლეების მიერ ერთობლივად, რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში საერთო შრომით, სახსრებით შეძენის ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად, უსაფუძვლოა მოთხოვნა მოპასუხე ფ------–ი ნ-------ის მიმართ საცხოვრებელი ფართის გამოყოფის დავალდებულების შესახებ.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხის საცხოვრებელ სახლში მისი კუთვნილი ნივთების უკან დაბრუნებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მტკიცების საგანი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და დავის გადაწყვეტის მიზნით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების საგანში შედის მოძრავი ნივთების დაუფლების ფაქტი, რომლის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, ვინაიდან მოპასუხემ უარყო აღნიშნული მოძრავი ნივთების არსებობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი; სუსგ №ას-279-264-17, 21.04.17 „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული“).

 

სასამართლო განმარტავს, რომ იგი თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას.

 

სასამართლო აფასებს რა, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რომელსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა, მიიჩნევს, რომ იგი ვერ გამოდგება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარის მტკიცებულებად, რამდენადაც შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ ობიექტურ მტკიცებულებად ვერ განიხილავს და მხოლოდ მათზე დაყრდნობით ვერ დაასკვნის მოთხოვნის მართებულობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3. მუხლის თანახმად , თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთების არსებობის ფაქტი, გარდა გამონაკლისი ნივთებისა, მნიშვნელოვანია აღნიშნული დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ არის სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3. მუხლისა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილას, ხოლო მოსარჩელე უნდა გათავისუფლეს სახლმწიფო ბაჟის გადავადებული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 53-ე, 55-ე, 1991, 243-ე, 244-ე, 248-249-e, 257-ე, 364-ე, 369-e მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ფ------–ი ნ-------ს დაევალოს მოსარჩელე დ--–---ა მ----------ს გადასცეს შემდეგი მოძრავი ნივთები: პლაზმური ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მარმარილოს საწერი მაგიდა, რბილი ავეჯის სამეული, კედელი - ე.წ. „სტენკა“, სამზარეულოს დივანი, ოთხი ცალი ხალიჩა, მაგიდა და ექვსი ცალი რბილი საკამი, ორი ცალი საწოლი;

 

2. სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე