გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
330210116001390828
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/14595-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 მაისი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - შპს „Li---------m”

წარმომადგენელი - ან---------------ი, გი------------------ა

მოპასუხე - შპს „კა------------------–---------კ“

წარმომადგენელი - ნიკ---–-----------–---–ი, ნი----–---------–--ე, ნი-----–--------------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „კა------------------–---------კს“ შპს „Li---------m“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 50 000 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე ახორციელებს სამედიცინო ტექნიკის იმპორტს შემდეგი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. მხარეებს შორის ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დი----------------დან განეხორციელებინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტექნიკის იმპორტი.

 

შეთანხმების (ელექტრონული ფოსტით არსებული მიმოწერის) შესაბამისად, ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტით, ვინაიდან ტექნიკის ხასიათიდან გამომდინარე, საზღვაო ტრანსპორტირება უარყოფითად აისახებოდა და იწვევდა პრობლემას დასველებისა და დატენიანების სახით. გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა შეთანხმებული საზღაური 5050 ევრო.

 

მოპასუხემ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დანადგარების იმპორტი განახორციელა საზღვაო გზით, რამაც დამატებით გამოიწვია მისი დასველება და გამოუსადეგარი გახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

 

მას შემდეგ, რაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა მოპასუხის მიერ ტექნიკის საქართველოში ჩამოტანის შესახებ, იმავე დღეს 20---–-–-------------რს, მხარეებმა განახორციელეს ტვირთის დათვალიერება. რის შედეგადა აღმოჩდა, რომ მოპასუხის მიერ ტვირთის სათანადო პირობებში გადაზიდვის პირობების დარღვევის გამო ტვირთი იმყოფებოდა დაზიანებულ მდგომარეობაში, განადგურებული იყო ცალკეული დეტალები, რამაც გამოიწვია მათი ღირებულების შემცირება ან/და სრულად მწყობრიდან გამოსვლა.

 

20---–-–-------------რს გაფორმდა შეთანხმება ტრანსპორტირებისას მოპასუხის მიერ დაზიანებული ტვირთის გადაადგილების და დასაწყობების შესახებ. ამავე შეთანხმებით დაზიანებულ ტექნიკაზე დეტალური ექსპერტიზა უნდა განეხორციელებინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

 

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ტექნიკის გარკვეული ნაწილის აღდგენა შესაძლებელია, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან, ხოლო ნაწილის აღდგენა ეკონიმიკური თვალსაზრისით არამიზანშეწონილია. ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, დასტურდება, რომ მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ვინაიდან ზიანის დადგომა გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს შპს „კა------------------–---------კი“.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და გამორიცხა მისი ბრალეულობის საკითხი ზიანთან მიმართებით.

 

მოსარჩელე ახორციელებს სამედიცინო ტექნიკის იმპორტს, თუმცა ეს არის მეორადი ტექნიკა და ხშირ შემთხვევაში დაზიანებული, რომელსაც იძენს ღია აუქციონზე და შემდგომ რეალიზაციას ახდენს საქართველოში. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება მხოლოდ სახმელეთო გზით ტვირთის ტრანსპორტირების თაობაზე. მხოლოდ ერთ ელექტრონული წერილი, ვერ შექმნის რეალურ სურათს, შეთანხმებული პირობების შესახებ.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი შეთანხმება არ ადასტურებს, რომ ტვირთის დაზიანება მოხდა მოსარჩელის ბრალეულობით. ის მხოლოდ ადგენს დაზიანებული ტვირთის გადაადგილების და დასაწყობების ფაქტს. ასევე არ დასტურდება, რომ ტვირთის დაზიანება მოხდა ტრანსპორტირების დროს. რაც იძლევა ვარაუდს, რომ ტვირთი დაზიანებული იყო შეძენისას.

 

წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მხოლოდ ტვირთის დაზიანების ხარისხს და მოცულობას, თუმცა არ საუბრობს იმაზე როდის იქნა მიყენებული დაზიანებები და გამოწვეულია თუ არა ისინი შეუსაბამო ტრანსპორტირებით. ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება ზიანის ოდენობის თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო გარემოებაა, რომ შპს „Li---------m”-ი ახორციელებს სამედიცინო ტექნიკის იმპორტს და შემდგომ მათ რეალიზაციას საქართველოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ 83-109)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. ასევე უდავო გარემოებაა, რომ მხარეები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეთანხმდნენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტექნიკის იმპორტის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხე არ არის პასუხისმგებელი სამედიცინო ტექნიკის დაზიანების შედეგად წარმოშობილ ზიანზე.

 

მოპასუხემ სრულად გამორიცხა მისი ბრალეულობის საკითხი მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორს) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.

 

ექსპერტის დასკვნაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას განეკუთვნება და წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ განხორციელებულ შეფასებას.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 მაისის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს „ლინემა ფარმი“-სთვის ნაწილობრივ სახმელეთო და ნაწილობრივ საზღვაო გზით ინგლისიდან ტრანსპორტირებული შემდეგი სამედიცინო დანიშნულების აპარატურა:

 

საოპერაციო მიკროსკოპი ZE-----------------O, 2 ცალი შპ---–------------------Y 31--------); ხე-–---------------------------ტი NE-------------------T - არიან დაზიანებული როგორც მექანიკური ზემოქმედებით, ასევე კორპუსის შიგნით წყლის მოხვედრით. აღნიშნული აპარატების აღდგენა სრულად შესაძლებელია და მიზანშეწონილიც.

 

ხე-–---------------------------ტი ST------------------E, დე--------–-------------------------------------------r არიან დაზიანებული მათზე მექანიკური ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული აპარატების აღდგენა ეკონომიკური თვალსაზრისით არამიზანშეწონილია.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა წინამდებარე დასკვნის შემდეგი ექსპერტი ზუ---------–-----ი, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის მიერ შედგენილ დასკვნას და დამატებით განმარტა, რომ დაზიანების ის ტიპაჟი რაც აღენიშნებოდა ტექნიკას, მაღალი ალბათობით ეს არ მოხდებოდა ნივთების გადატანის დროს. შესაძლებელია რომ აღნიშნული ასევე გამოეწვია ტრანსპორტირების დროს ტვირთის არასათანადოდ დამაგრებასაც. სასამართლო შენიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსპერტმა მტკიცებით ფორმაში ვერ დაადასტურა, რა გახდა ნივთების დაზიანების მიზეზი.

 

უდავო გარემოებაა, რომ მხარეები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეთანხმდნენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული (შპს H--------სგან შესყიდული) ტექნიკის იმპორტის თაობაზე.

 

საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ღია აუქციონის პირობები, რომლის მიხედვით, ნებისმიერი პირი, რომელიც აუქციონის დარბაზში იმყოფება ვაჭრობის დაწყებამდე, პროცესში ან შემდეგ მიიჩნევა, რომ იმყოფება საკუთარი სურვილით და რისკით. ტერმინი „აუქციონის დარბაზი“ ნიშნავს ადგილს, სადაც H----------------- ატარებს ვაჭრობას. აღნიშნულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ რაიმე მოთხოვნა ამ პრეტენზია ორგანიზატორების მიმართ, რაიმე ზარალსა თუ დანაკარგზე, რაც მათ შეიძლება მიადგეთ ნებისმიერ დროს დარბაზში ყოფნისას. ნივთების გადატანისას აუქციონის ორგანიზატორების სათავსოსათვის მიყენებული ნებისმიერი ზარალისათვის პასუხისმგებლები იქნებიან მყიდველები.

 

სასამართლო საქმის განხილვისას ექსპერტიზის ჩვენების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზის შედეგად მიდის დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სამედიცინო ტექნიკის დაზიანების შედეგად გამოწვეული ზიანი უშუალო და პირდაპირ კავშირშია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასთან. მეტიც, ღია აუქციონის პირობების მიხედვით, ირკვევა, რომ მოსარჩელე ახორციელებდა მეორადი ტექნიკის იმპორტს, რომელიც მაღალი ალბათობით შეძენის პროცესშივე შეიძლებოდა ყოფილიყო დაზიანებული. ამავე პირობების შესაბამისად, „ღია აუქციონში მონაწილე პირი იმყოფება საკუთარი სურვილით და რისკით“. ამასთან, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ტექნიკა შეძენის დროს, რომ ტექნიკა მიუხედავად იმისა რომ იყო მეორადი, დაუზიანებელი და ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა 25.05.2016 წელი

- ექსპერტის ზუ---------–-----ის ჩვენება (იხ.სხდომის ოქმი 22.03.2019)

 

3.2.2. 20---–-–-------------რს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, დაზიანებული ტვირთის გადაადგილების და დასაწყობების შესახებ, რომლითაც მოსარჩელის კუთვნილი, ტრანსპორტირებისას დაზიანებული ტვირთი დასაწყობდა შპს „Li---------m”-ის საწყობში, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული შემდგომი დაზიანება და დანესტიანება.

 

მოპასუხე მხარემ სადავოდ მიიჩნია დოკუმენტში მითითებული ჩანაწერი ტრანსპორტირებისას დაზიანებულ ტვირთთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შპს „კა------------------–---------კის“ დირექტორი დოკუმენტის შედგენისას დაეთანხმა ტვირთის დასაწყობებას შემდგომში დეტალური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, რაც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტის შეფასებას, როგორც მოპასუხის ბრალეული ქმედებისა და მათ მიერ ტექნიკის დაზიანების აღიარებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება (ს.ფ 24)

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ფაქტი იმისა, რომ ზიანი დადგა დადასტურებულ უნდა იქნეს საამისოდ ვარგისი მტკიცებულებით, კერძოდ თუ რა მდგომარეობში იმყოფებოდა ტექნიკა შეძენის დროისათვის და რა სახისა და ოდენობის ზიანი განიცადა ტექნიკამ ტრანსპორტირების დროს და რომ ზიანი დადგა მოპასუხის ბრალეული ქმედებით.

 

მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება მხოლოდ სახმელეთო გზით ტვირთის ტრანსპორტირების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი საპრეტენზიო წერილით მოსარჩელე უთითებს სწორედ სახმელეთო გზით ტვითის ტრანსპორტირების თაობაზე მხრეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე, რასაც სადავოდ მიიჩნევს მოპასუხე იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ ასეთი შეთანხმება მხრეებს შორის არ არსებობდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საპრეტენზიო წერილი (ს.ფ.26)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა).

 

ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა გადაზიდვის ხელშეკრულება. კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს, მათ შორის ტვირთის გაგზავნის წესს. ის რომ ტვირთი თავისი მახასიათებლების გათვალისწინებით საჭიროებდა სახმელეთო გზით ტრანსპორტირებას, მოსარჩელისავე განმარტებით წარმოადგენდა ხელშეკრულების არსებით პირობას, რაც არ არის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებით და რაც სადავოდ გახადა მოპასუხემ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 691-ე მუხლის თანახმად, გამგზავნი ვალდებულია გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ტვირთის შესახებ.. თუ ეს ვალდებულება არ არის შეტანილი ზედნადებში, მაშინ გამგზავნსა და მიმღებს ევალებათ სხვა საშუალებით დაამტკიცონ, რომ გადამზიდველმა ზუსტად იცოდა ტვირთის სახეობა და მოსალოდნელი საფრთხე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რომ ტვირთის ტრანსპორტირება მხოლოდ სახმელეთო გზით უნდა განხორციელებულიყო წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

3.2.3. შპს „Li---------m-ს” მოპასუხის მიერ მისთის მიყენებული ზიანის (50 000 ლარი) განმსაზღვრელი ზუსტი, უტყუარი და სათანადო ხარისხის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლოს მიიჩნია, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს.

 

საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა ტვირთის დაზიანების ანგარიში, რომელიც მოსარჩელის მიერ გაეგზავნა შპს „ლინემაფარმს“. აღნიშნული ანგარიში მოსარჩელის განმარტებით მომზადდა სამედიცინო ტექნიკის ინჟინერ-სპეციალისტების მიერ.

 

საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სადავო მტკიცებულება ზიანის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია და მათივე მომზადებული დოკუმენტი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მოპასუხის მიერ. თუმცა მოსარჩელის მტკიცებით, სწორედ აღნიშნული ანგარიში შეიცავს ზიანის ოდენობის გაანგარიშების თაობაზე ინფორმაციას.

 

საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 693-ე მუხლის თანახმად, ტვირთის დაზიანებისას გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური, რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება და რომელიც გამოითვლება 692-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში დადგენილი ტვირთის ღირებულების მიხედვით.

2. ზიანის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომელიც:

ა. უნდა გადახდილიყო ტვირთის მთლიანად დაკარგვისას, თუკი მთელი ტვირთი დაზიანების შედეგად მთლიანად გაუფასურდა;

ბ. უნდა გადახდილიყო ტვირთის გაუფასურებული ნაწილის დაკარგვისას, თუკი დაზიანების შედეგად გაუფასურდა ტვირთის მხოლოდ ერთი ნაწილი.

 

შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ტვირთის დაზიანების შესახებ ანგარიშში მითითებული დაზიანებული ტექნიკის ოდენობა და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ტექნიკის ოდენობა ერთმანეთისაგან განსხვავდება. ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტი ინფორმაციული შინაარსის მატარებელია და არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დაზიანებული ტექნიკის შეფასება განახორციელეს შესაბამისი ცოდნით აღჭურვილმა სპეციალისტებმა (დოკუმენტი ხელმოუწერელია) რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას ზიანის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლომ უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ.

 

მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქმეში არაა წარმოდგენილი ინვოისი, რომელშიც მითითებული იქნებოდა შეძენილი სამედიცინო ტექნიკის აღწერილობა და ღირებულება, ასევე არაა წარმოდგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მოსარჩელის მიერ განხორციელდა თუ არა ტექნიკის რეალიზაცია და რამდენად რეალურია ზიანი.

 

მოსარჩელემ გარდა იმისა, რომ სათანადოდ ავერ ზიდა მტკიცების ტვირთი მიყენებულ ზიანსა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის თვალსაზრისით, ასევე მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპის გათვალისწინებით ვერ ზიდა მტკიცების ტვირთი ზიანის ოდენობის დაანგარიშებასთან დაკავშირებითაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 27-37)

- საპრეტენზიო წერილი (ს.ფ 26)

- ექსპერტის ჩვენება (22.03.2019წ, სხდომის ოქმი)

- მხარეთა ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები;

- ტვირთის დაზიანების ანგარიში(ს.ფ. 181-182)

- სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ.82-109)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე, 105-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

უდავო გარემოებაა, რომ შპს „Li---------m”-ი ახორციელებს სამედიცინო ტექნიკის იმპორტს და შემდგომ მათ რეალიზაციას საქართველოში.

 

მხარეები შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეთანხმდნენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტექნიკის იმპორტის თაობაზე.

 

სარჩელით შპს „Li---------m”-ი მოითხოვს სამედიცინო ტექნიკის დაზიანების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას მოპასუხის მხრიდან, რომელიც მისი მტკიცებით გამოწვეულია ტრანსპორტირების პირობების დარღვევის შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს, იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, ვალდებულის ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენცის

(ძალაშია 1999 წლის 2 ნოემბრიდან რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის

1999 წლის 22 ივლისის N 2289 დადგენილებით) მე-6 მუხლის თანახმად,საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვისას ივსება ზედნადები, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

a) ზედნადების შედგენის თარიღსა და ადგილს;

b) გამგზავნის დასახელებას და მისამართს;

c) გადამზიდავის დასახელებას და მისამართს;

d) ტვირთის მიღების ადგილს, თარიღს და მიტანის ადგილს;

e) მიმღების დასახელებას და მისამართს;

f) ტვირთის მახასიათებლობის მიღებულ აღნიშვნებს, შეფუთვის სახეობას, ხოლო სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნებს;

g) სატვირთო ადგილების რაოდენობას, მათ სპეციალურ მარკირებას და ნუმერაციას;

h) ტვირთის ბრუტო წონის მონაცემებს ან სხვა საზომ ერთეულებში გამოხატული ტვირთის რაოდენობის აღნიშვნებს;

i) გადაზიდვის გადასახდელებს (გატანის, დამატებით გადასახდელებს, საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები) და სხვა გადასახდელებს რომელთა გადახდევინება ხორციელდება ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის ადგილზე მიტანამდე;

j) ინსტრუქციების საბაჟო და სხვა ფორმალობების შესასრულებლად;

k) მითითებას, რომ გადაზიდვა ხორციელდება მიუხედავად ნებისმიერი შენიშვნისა, რომელიც შეესაბამება ამ კონვენციის დებულებებს;

2. საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს:

a) მითითებას, რომ გადატვირთვა აკრძალულია;

b) გადასახდელებს, რომლებიც გამგზავნმა უნდა გადაიხადოს;

c) გადასახდელებს, რომლებიც უნდა იქნას გადახდილი ტვირთის ჩაბარებისას;

d) ტვირთის განცხადებულ ღირებულებას და თანხა, რომელიც მიწოდებისადმი სპეციალური ინტერესს წარმოადგენს;

e) გამგზავნის ინსტრუქციებს გადამზიდავისათვის ტვირთის გადაზიდვის შესახებ;

f) შეთანხმებულ ვადას, რომელშიც უნდა განხორციელდეს გადაზიდვა;

g) გადამზიდავისათვის გადაცემული დოკუმენტების ნუსხას.

 

ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ზედნადებში შეიტანონ სხვა მონაცემებიც, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ასეთი ზედნადები წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას ტვირთის ტრანსპორტირების წესების დარღვევასთან დაკავშირებით.

 

ამავე კონვენციის მე-17 და მე-18 მუხლები მუხლები განსაზღვრავენ გადამზიდავის პასუხისმგებლობას. მე-17 მუხლი შეიცავს ამ მიზნით სპეციალურ ჩამონათვალს, ხოლო მე-18 მუხლის მე-5 მუხლის თანახამად, გადამზიდავს არ შეუძლია მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის “f” ქვეპუნქტი გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, თუ არ დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა მასზე დაკისრებული ყველა ღონისძიება და დაიცვა მისთვის მიცემული ყველა მითითება და რომ იგი მოქმედებდა მისთვის მიცემული სპეციალური ინსტრუქციების თანახმად.

 

იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხის ბრალეული ქმედების და მისთვის მიცემული სპეციალური ინსტრუქციების დარღვევის თაობაზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს მოპასუხის ბრალი, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; დამდგარი ზიანი; მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული ნორმის დეფინიციაში ჩამოყალიბებულ კონსტრუქციას. ასევე საგულისხმოა, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი არ გულისხმობს და არ არის მოწოდებული დასაჯოს ზიანის მიმყენებელი, მისი დანიშნულებაა იმ დანაკლისის შევსება-აღდგენა, რომელიც განიცადა კრედიტორმა. როგორც აღინიშნა, პასუხისმგებლობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი ტექნიკის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეული ქმედებით. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს მოსარჩელის მტკიცების ხარისობრივ ნაკლზე და ამავდროულად სადავო გარემოების დადასტურების მაღალ სტანდარტზე, რაც გამოხატული უნდა იქნეს სარჩელში დასახელებული გარემოებების სათანადო ხასიათის მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, რომ მოსარჩელისთვის დამდგარი ზიანი დაკავშირებულია შპს „კა------------------–---------კ“ ქმედებით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „Li---------m”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „Li---------m-ს“ შპს „კა------------------–---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ღირებულების 500 ლარის ანაზღაურება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი