განაჩენი

სისხლის სამართლის 25.07.2019
საქმის ნომერი
080100119003065793
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/510-19 (N 041260519001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - გ-------- ტ---–--ე

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ზ----- დ--------

 

ბრალდებული მ------ დ---–ი

მამის სახელი: ზ------

დაბადების თარიღი: 2-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული: ქ.ქუთაისი, რ---------–ის გამზ. #134

ფაქტიურად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------ს #10

 

სხდომის სახე: ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 25 მაისს, ღამის საათებში, ქუთაისში, ჟ----–- შ--------ს ქუჩა #2/38-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ------ დ---–მა მეუღლეს - მ--- დ---–ს გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით ორივე ფეხის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა მ------ დ---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს საქმის არსებითი განხივლის დროს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ დ---–მა ჩაიდინა: ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. მ------ დ---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა.

 

3.2. მ------ დ---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ი-ს 531-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით- მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად:

 

1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:

 

ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.

 

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ------ დ---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არაა ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, მან ითანამშრომლა გამოძიებასთა და დანაშაულის ჩადენის იარაღთან ერტად გამოძიცხადდა გამოძიების მწარმოებელ ორგანოში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ დ---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე პირობითი მსჯავრი, 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური, პროპორციული და ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვას, ტარება და გამოყენება, რამეთუ ქმედება განხორციელებულია იარაღის გამოყენებით. ასევე, ვინაიდან დანაშაული განხორციელებულია სანადირო თოფის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს ამოღებული სანადირო თოფის და ვაზნების საპროცესო კონფისკაცია. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------ დ---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით და (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის და (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მ------ დ---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 27 მაისიდან 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით.

 

მ------ დ---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მ------ დ---–ს 3 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვა, ტარება და გამოყენება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს ამოღებული სანადირო თოფის და ვაზნების საპროცესო კონფისკაცია.

 

პირობითი მსჯავრისა აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, სისხლისმაგვარი ლაქა და ერთი მცირე ზომის ლითონის ფრაგმენტი, რომელიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. ერთი ცალი დისკი, დაერთოს საქმეს შენახვის ვადით, ხოლო ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი