გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.07.2019
საქმის ნომერი
210210019002982675
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210019002982675

საქმე №2/379-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: ა---------– კ-----–---–ი;

წარმომადგენელი: ვ----– უ-------–---–ი;

მოპასუხე: გ------- ხ-------–---–ი;

წარმომადგენელი: შ--–-- ხ----------–---–ი;

 

დავის საგანი: დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

1.1. მოპასუხე გ------- ხ-------–---–ს მოსარჩელე ა---------– კ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის 6 216 (ექვსი თას ორას თექვსმეტი) ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე გ------- ხ-------–---–ს მოსარჩელე ა---------– კ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ღირებულება 315 (სამას თხუთმეტი) ლარის და ჩატარებული დიაგნოსტიკის და ტომოგრაფიის ღირებულება 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელე ა---------– კ-----–---–ის წარმომადგენლებმა განმარტა, რომ 2017 წლის 05 სექტემბერს, ქალაქ საგარეჯოში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გ------- ხ-------–---–მა სახის არეში მუშტის დარტყმით დაზიანება მიაყენა ა---------– კ-----–---–ს, რომელმაც ამ ძალადობის შედეგად მიიღო ნაკლებად მძიმე დაზიანება. მანვე განმარტა, რომ დარტყმამ გამოიწვია ქვედა ყბის კბილების ამოვარდნა და მასზე დამაგრებული პროთეზის გატეხვა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენით გ------- ხ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩადენილი დანაშაულისათვის მოპასუხეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

მოსარჩელე მხარე ითხოვს ჩატარებული და ჩასატარებელი მკურნალობის, კერძოდ პროთეზირებაზე აუცილებელი ხარჯების დაკისრებას, რაც შეადგენს 6 216 (ექვსი თას ორას თექვსმეტი) ლარს. საქმის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მორიგების წინადადებად შესთავაზა მოპასუხეს, რომ სარჩელის მოთხოვნის შემცირება, თუ მოპასუხე დათანხმდებოდა შემცირებული თანხის 4 000 ლარის გადახდას, რაზეც უარი მიიღო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ დაადასტურა სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, დაადასტურა, რომ ჯანმრთელობის ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, თუმცა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხეს მომხდარი ინციდენტის შედეგად ამოუვარდა არა ოთხი კბილი არამედ ორი, რამაც გამოიწვია ქვედა ყბის პროთეზის მორყევა და არა გატეხვა. მანვე განმარტა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მიყენებული ზიანის და მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯების ზუსტ ოდენობას. ამდენად, მოპასუხე მხარე ვერ ადასტურებს მიყენებული ზიანის ოდენობას, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენით გ------- ხ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩადენილი დანაშაულისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

განაჩენით დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 05 სექტემბერს, ქალაქ საგარეჯოში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გ------- ხ-------–---–მა სახის არეში მუშტის დარტყმით დაზიანება მიაყენა ა---------– კ-----–---–ს, რომელმაც ამ ძალადობის შედეგად მიიღო ნაკლებად მძიმე დაზიანება, რასაც თან მოჰყვა ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მყარი დაკარგვა ერთ მესამედზე ნაკლებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენი;

 

3.2. შპს „ ვ.პ. დ------–-ს “ მიერ 2019 წლის 05 აპრილს გაცემული ინვოისის თანახმად ა---------– კ-----–---–ისათვის ჩასატარებელი სამედიცინი მომსახურების, კერძოდ დენტალური იმპლანტაცის ღირებულება შეადგენს 6 216 (ექვსი თას ორას თექვსმეტი) ლარს.

 

3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურების კუთხით მოსარჩელემ სრულყოფილად მოახდინა მასზე სსსკ-ის 102-ე მუხლით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მოპასუხემ, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, საპასუხო დამაჯერებელ არგუმენტებზე ვერ მიუთითა.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის არგუმენტს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მიყენებული ზიანის და მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯების ზუსტ ოდენობას. ასეთი დოკუმენტი მოსარჩელემ წარმოადგინა, კერძოდ სპეციალიზირებული სამკურნალო დაწესებულების (სტომატოლოგიური კლინიკის) მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოწერილი ინვოისი (დენტალური იმპლანტაციაზე) 6 216 ლარზე. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით: ა---------– კ-----–---–ის ქვედა ყბაზე მეორადი იდენტიის მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს და მკურნალობის ერთ-ერთ ვარიანტად იმპლანტებზე მორგებული მთლიანი ფირფიტოვანი პროთეზის დამზადება განიხილება.

 

ამის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარეს არანაირი ალტერნატიული დოკუმენტი მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლომ ამისი დრო და საშუალება მისცა. ამრიგად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მითითებული ზიანის ოდენობას.

 

მოსარჩელის დღეის მდგომარეობით ქვედა ყბის პროთეზირება ჩატარებული არა აქვს და ქვედა ყბის ფუნქციის აღდგენისათვის პროთეზირების ოპერაციის ღირებულება შეადგენს 6 216 (ექვსი თას ორას თექვსმეტი) ლარს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 102-103-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად: პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს ნორმები განსაზღვრავს აუცილებელ წინაპირობებს, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ამ ფაქტს მოპასუხე თვითონაც არ უარყოფს. ამრიგად, არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხემ დაადასტურა სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, აღიარა, რომ ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, თუმცა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხეს მომხდარი ინციდენტის შედეგად რა ოდენობის ზიანი მიადგა უტყუარად დადგენილი არ არის და ამისი მტკიცებულება მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ყველა წინაპირობები, დადგენილად მიაჩნია ზიანის ოდენობა და თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრული მოცულობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელის ფასი შეადგენს 6 216 (ექვსი თას ორას თექვსმეტი) ლარს და ექსპერტიზის და სამედიცინო მკურნალობის ხარჯის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ბ “ და „ გ “ პუნქტის შესაბამისი სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მას უდნა დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 186 ლარი და 48 თეთის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 992-ე , 412-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.მოსარჩელე ა---------– კ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1.მოპასუხე გ------- ხ-------–---–ს მოსარჩელე ა---------– კ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის 6 216 ( ექვსი თას ორას თექვსმეტი) ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე გ------- ხ-------–---–ს მოსარჩელე ა---------– კ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ღირებულება 315 (სამას თხუთმეტი) ლარის და ჩატარებული დიაგნოსტიკის და ტომოგრაფიის ღირებულება 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხე გ------- ხ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 186.48 ლარის (ას ოთხმოც და ექვსი ლარის და 48 თეთრის) ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე