გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.07.2019
საქმის ნომერი
130210019002913219
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2-214-19

130210019002913219

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.08.2019 წ. ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე - სს "ლიბერთი ბანკი"

წარმომადგენელი - ლალი გვაზავა

მოპასუხე - ნ------------ძე 5700

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა: - მოპასუხე ნ------------ძეს სს "ლიბერთი ბანკის" სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 2540 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1025.85 ლარი, პროცენტი - 1174.83 ლარი, ჯარიმა - 340 ლარი.

 

მოპასუხე ნ------------ძეს სს "ლიბერთი ბანკის" მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 50 ლარის გადახდა.

12119

სასარჩელო განცხადების მიხედვით, 2016 წლის 24 ნოემბერს, სს "ლიბერთი ბანკის" ნ------------ძეზე საკრედიტო განაცხადის საფუძველზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 103 %-ით, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული კრედიტის თანხის 1%. 2018 წლის 24 იანვრიდან მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის სარჩელით განსაზღვრული თანხის დაკისრებას.

 

2.1. მოპასუხის პიოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ნ------------ძემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი ძირი თანხის ფარგლებში, რაც შეეხება სარგბელს და პირგასამტეხლოს ოდენობას, აღნიშნული მიიჩნია შეუსაბამოდ მაღლად, რის გამოც ამ ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 24 ნოემბერს, სს "ლიბერთი ბანკის" ნ------------ძეზე საკრედიტო განაცხადის საფუძველზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა103 %-ით, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული კრედიტის თანხის 1%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტება

- საკრედიტო ხელშეკრულება

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2018 წლის 24 იანვრიდან, მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სს "ლიბერთი ბანკის" სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი.

 

კანონები, რომლითაც იხელმძღანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 403-ე,404-405-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 873-ე, მუხლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. მოსარჩელემ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ არსებით გარემოებაზე, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს, სს "ლიბერთი ბანკის" ნ------------ძეზე საკრედიტო განაცხადის საფუძველზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა103 %-ით, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული კრედიტის თანხის 1%. 2018 წლის 24 იანვრიდან მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისათვის სარჩელით განსაზღვრული თანხის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ" პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა სს "ლიბერთი ბანკს". მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი შეეტანა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

მოპასუხეს სადავო არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას ვალდებულება არ შეუსრულებია. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სს "ლიბერთი ბანკს" წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა ვალის დაბრუნება.

 

5.2 მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან. ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

სსკ 420 მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის აშკარად შეუსაბამო, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და არა დასჯის ღონისძიებას, მან არ უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს "ლიბერთი ბანკის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე ნ------------ძეს (პ/ნ 5----------) სს "ლიბერთი ბანკის" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2300 (ორიათას სამასი) ლარის და 68 თეთრის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1025 (ერთი ათას ოცდახუთი) ლარი და 85 თეთრი, პროცენტი- 1174 (ერთი ათას ასცამოცდათოთხმეტი) ლარი და 83 თეთრი და პირგასამტეხლო- 100 (ასი) ლარი.

3. მოპასუხე ნ------------ძეს (პ/ნ 5----------) სს "ლიბერთი ბანკის" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 50 ლარის გადახდა.

4.გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი