გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.07.2019
საქმის ნომერი
340210019002987447
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340210019002987447

საქმე №2/334-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31.07.2019 წელი, ქ. გურჯაანი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი

 

მოსარჩელე - სს „თი---ი ბა---“

წარმომადგენელი - თე--------- ია–---–ი

 

მოპასუხე - ნი-- მე-–-–---–ი

წარმომადგენელი - ლო-–- ტუ--–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხე ნი-- მე-–-–---–ს მოსარჩელე სს „თი---ი ბა---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 8651,81 ლარის გადახდა,მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2013 წლის 26 სექტემბერს, სს „თი---ი ბანკს“ და ნი-- მე-–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლს თანახმად, მოპასუხეზე გაიცა სესხი 6100 ლარის ოდენობით, 1446 დღით.

 

მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ შესრულებულა. მოპასუხის დავალიანება ბა---ს წინაშე შეადგენს 8651,81 ლარის, ძირითადი თანხაა 5422,44 ლარი, პროცენტი - 1229,37 ლარი და პირგასამტეხლო 2000 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მას 10 000 ლარი აქვს მოსარჩელისათვის გადახდილი და ვალდებულება ხარვეზით, მაგრამ მაინც შეასრულა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2013 წლის 26 სექტემბერს, სს,, თი---ი ბანკს“ და მოპასუხე ნი-- მე-–-–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც, მოპასუხემ სესხად მიიღო 6100 ლარი, 1446 დღით, 2017 წლის 01 ოქტომბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22);

- თანხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23-24).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოპასუხის დავალიანება სს „თი---ი ბა---ს“ მიმართ შეადგენს 8451,81 ლარს.

 

მოპასუხემ წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცებულებებად წარმოადგინა გადახდის ქვითრები, რომელიც, მხარის მითითებით ადასტურებს ვალდებულების შესრულების ფაქტს.

 

მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, მისთვის მოპასუხე მხრისგან თანხების ჩარიცხვის ფაქტი, თუმცა განმარტა რომ ნი-- მე-–-–---–ს სს „თი---ი ბა---ს“ მიმართ რამოდენიმე ვალდებულება გააჩნდა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ჩარიცხული თანხები მიემართებოდა სხვადასხვა საბანკო პროდუქტის დასაფარად. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ თანხების შეტანით სრულდებოდა სხვა ვალებულებებიც, რომელიც ნი-- მე-–-–---–ს გააჩნდა ბა---ს წინაშე.

 

აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა ნი-- მე-–-–---–ის მიმდინარე ანგარიშის (სესხის დასაფარად) ამონაწერი 2012 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 08 ივლისამდე და სხვადასხვა სახის საბანკო ხელშეკრულების ასლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2013 წლის 26 სექტემბრის №1-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნი-- მე-–-–---–მა შეასრულა, ეკისრება მოპასუხეს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვალდებულების შესრულების მტკიცებულებად წარმოადგინა ნი-- მე-–-–---–ის სესხის მომსახურე ანგარიშის 2012 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 08 ივლისის პერიოდის ამონაწერი, საიდანაც ნამდვილად დასტურდება მომსახურე ანგარიშზე სხვადასხვა ოდენობის თანხის ჩარიცხვა, მაგრამ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული ამონაწერის იმ რეკვიზიტებზე, სადაც მითითებულია თანხის შეტანის დანიშნულება. კერძოდ, აღნიშნულ ამონაწერზე დაყრდნობით დგინდება, რომ კონკრეტულად №1-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით შეტანილი თანხები ვერ ფარავს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნი-- მე-–-–---–ს, გარდა №1-------------- ხელშეკრულებისა, კიდევ არაერთი სხვა ვალდებულება გააჩნდა სს „თი---ი ბა---ს“ წინაშე და ამ ამონაწერში დაფიქსირებული გადახდები ხმარდებოდა სწორედ ამ სხვა ვალდებულებების დაფარვას.

 

ამასთან, აღნიშნულ ამონაწერზე დაყრდნობით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2015 წლის 21 დეკემბრის საბანკო ოპერაციაზე, რომლის თანახმად, ნი-- მე-–-–---–ის ანგარიშზე მა---ა ტე----–---–მა ჩარიცხა 200 ლარი №1-------------- სესხის დასაფარად, იმავე დღეს კი აღნიშნული თანხა მიქცეული იქნა ნი-- მე-–-–---–ის №78------------- ვალდებულების შესასრულებლად. სასამართლო განამრტავს, რომ აღნიშნული 200 ლარის შენატანი იყო კონკრეტული დანიშნულებით ჩარიცხული მოპასუხის ანგარიშზე, ამიტომ მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება მიემართა სხვა ვალდებულბის შესასრულებლად. შესაბამისად, მოცემული თანხა უნდა ჩაითვალოს ნი-- მე-–-–---–ის 2013 წლის 26 სექტემბრის №1-------------- ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულების ანგარიშში.

 

ამდენად, სასამართლოში მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ნი-- მე-–-–---–ს სრულად არ შეუსრულებია მოსარჩელის მიმართ ვალდებულება. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს დარჩენილი გადასახდელი თანხის ანაზღაურება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლო თვლის, რომ სს „თი---ი ბა---ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელემ ნი-- მე-–-–---–თან დადო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ იკისრა სესხად გადაცემული თანხის, დარიცხული სარგებლის, სადაზღვევო პრემიის და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნჯიშნული კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტი სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობაა, რომლის საფუძველზეც, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ფულის სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, მსესხებელი კი ვალდებულია გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა. ამდენად, სესხის ხელშეკრულება განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომელის საფუძველზეც, გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხის შეთანხმებული ოდენობა, ხოლო მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შესაბამის ვალუტაში, სასყიდლიანი სესხის შემთხვევაში კი ასევე გადაიხადოს შეთანხმებული სარგებელი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ნი-- მე-–-–---–თან, 26.09.2013 წელს, დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მან სესხად მიიღო 6100 ლარი. აგრეთვე დადასტურდა, რომ სესხი სარგებლიანი იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხად გადაცემული თანხის დაბრუნება, სარგებელთან ერთად, გადახდის გრაფიკის მიხედვით, 1446 დღის განმავლობაში ყოველთვიურად უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, სახეზეა სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება და ვინაიდან დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ნი-- მე-–-–---–ს, როგორც მსესხებელს, უნდა დაეკისროს სესხად მიღებული ძირითადი თანხის და დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით, მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად კი მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ხელშეკრულების დანართში (გრაფიკში) მითითებულ ვადაში უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა, დარიცხული სარგებელი და დაზღვევის საფასური. ნი-- მე-–-–---–ს გრაფიკით გათვალისწინებული გადახდა უწევდა 2014 წლის ივნისის თვეში, გადასახდელი თანხა კი 171.90 ლარს შეადგენდა, საიდანაც ძირი თანხა იყო 101.80 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 66.78 ლარი და სიცოცხლის დაზღვევა - 3.38 ლარი. მსესხებელმა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა, რის გამოც მას, ხელშეკრულების მიხედვით, დაერიცხა 20 ლარი პირგასამტეხლო, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5%. მოსარჩელე ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს - 2000 ლარის გადახდევინების დაკისრებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრება, ვინაიდან, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, ამავე კოდექსის 419-ე მუხლით, კრედიტორს შეუძლია ვალდებულების შესრულებასთან ერთად პირგასამტეხლოს გადახდაც მოითხოვოს, თუკი პირგასამტეხლო ვალდებულების დროში შესრულებისთვის არის გათვალისწინებული და მოვალე ვალდებულებას დადგენილ დროში არ ასრულებს. გამომდინარე აქედან, 2000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს, მის მიერ საფოსტო მომსახურების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ მოსარჩელეს არ აქვს მითითებული კონკრეტული თანხა, ასევე არ აქვს წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება საფოსტო მომსახურების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე გადასახდელი თანხით განისაზღვრება („ა“ ქვეპუნქტი), ხოლო ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელებზე, არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით („დ“ ქვეპუნქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი განისაზღვრა 8651,81 ლარი და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 260 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 8451,81 ლარის ოდენობით, ამიტომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სადავო თანხის შესაბამისი, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 253,85 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე სს „თი---ი ბა---ს“ სარჩელი მოპასუხე ნი-- მე-–-–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხე ნი-- მე-–-–---–ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე სს „თი---ი ბა---ს“ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდა 8451,81 (რვაათას ოთხას ორმოცდათერთმეტი ლარი, ოთხმოცდაერთი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხე ნი-- მე-–-–---–ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე სს „თი---ი ბა---ს“ (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის ანაზღაურება 253,85 (ორას ორმოცდაცამეტი ლარი, ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

1.3. მოსარჩელე სს „თი---ი ბანკს“ (ს/ნ 2--------) უარი ეთქვას საფოსტო მომსახურების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე