გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2019
საქმის ნომერი
190210018002334331
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/733-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ივლისი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "მ-------–----ი"

წარმომადგენელი თეონა კავთელაძე

მოპასუხე ხ------- ჯ------ე

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ხ------- ჯ------ისათვის 420 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 5 მაისს შპს მოზოსა და ხ------- ჯ------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N 81534, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 250 ლარი 30 დღის ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 30 დღეზე 18%-ს - 45 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1,5%.

 

მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მას 2016 წლის 5 ივნისიდან დაერიცხა პირგასამტეხლო, რამაც შეადგინა 515 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2018 წლის 19 თებერვალს. მოსარჩელემ მოითხოვა 810 ლარის დაკისრება, საიდანაც 250 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 45 ლარი სარგებელი, 515 ლარი პირგასამტეხლო, რაც სასამართლო სხდომაზე შეამცირა და საბოლოოდ მოითხოვა 125 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდაზე, ხოლო პირგასამტეხლო არ ცნო, რადგან მოსარჩელე მაღალ თანხას მოითხოვს, რისი გადახდის შესაძლებლობა არა აქვს. მოპასუხემ მოითხოვა დაკისრებული თანხის განაწილვადება, რადგან გააჩნია სხვადასხვა საკრედიტო ვალდებულებები, რომლის გადახდა სასამართლო გადაწვეტილებით ყოველთვიურად აქვს დაკისრებული და შეუძლია სადაო სესხი გადაიხადოს ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 5 მაისს შპს მოზოსა და ხ------- ჯ------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N 81534, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 250 ლარი 30 დღის ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 30 დღეზე 18%-ს - 45 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1,5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-28. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)

 

3.1.2. ხ------- ჯ------ემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მას 2016 წლის 5 ივნისიდან დაერიცხა პირგასამტეხლო, რამაც შეადგინა 515 ლარი. პირგასამტეხლოს დარიცხავ შეწყდა 2018 წლის 19 თებერვალს. მოპასუხის დავალიანებაა 810 ლარის დაკისრებას, საიდანაც 250 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 45 ლარი სარგებელი, 515 ლარი პირგასამტეხლო, რაც სასამართლო სხდომაზე შეამცირა და საბოლოოდ მოითხოვა 125 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

– სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი1)

– შესაგებელი (ს.ფ. 47-56. ტომი 1)

– მოსარჩელის განმარტება (11.07.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.3. 2018 წლის 31 დეკემბერს წერილობით დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით შპს მოზომ ხ------- ჯ------ის მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს პრობლემური აქტივების ბიუროს, რომელმაც 2019 წლის 24 აპრილს წერილობით დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით ხ------- ჯ------ის მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს მ-------–----ს“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

– მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 75-76 ტომი1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სასესხო ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განწილვადების შესახებ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე და 263-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება. ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2016 წლის 5 მაისს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 250 ლარი 30 დღის ვადით. სესხი სარგებლიანია და სარგებელი შეადგენს 45 ლარს. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, მან არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა 2016 წლის 6 ივნისამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ასეთი გარემოებები საქმიდან არ გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.

 

მოპასუხემ ცნო სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების მოთხოვნა. განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ, რაც სარჩელის დაკმაყოფილების და ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია სსსკ 208-ე მუხლის საფუძველზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1,5%-ს.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია ძირითადი თანხის დავალიანების 1,5%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში მოთხოვნილია 125 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სესხი საერთოდ არ დააბარუნა, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მეტისმეტად მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება ისეთ ვითარებაში, როცა სესხის თანხა არ არის მაღალი, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის სესხის თანხის 50%.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხად გაცემული თანხის ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას გაართულებს. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველდღიურად სესხის გადაუხდელი ნაწილის 0,05%-ის ოდენობით, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 0,125 ლარს, ხოლო 603 ვადაგადაცილებული დღისათვის 75,37 ლარს შეადგენს.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხაა 370,37 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 250 ლარი, პროცენტი 45 ლარი, პირგასამტეხლო 75,37 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 420 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 370,37 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 88%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 88% არის 44 ლარი, რაც სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა აუნაზღურდეს მოსარჩელეს და განაწილდეს მხარეებს შორის.

 

დაკისრებული თანხიდან 370,37 ლარიდან მოპასუხემ ცნო 295 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის გადასახდელი თანხის 79%. ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის 44 ლარის 79% არის 34,76 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

ხ------- ჯ------ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად მოსარჩელისათვის 9,24 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. დავის საგნის ღირებულებაა 420 ლარი, რომლის 4%-ია 16,8 ლარი. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებას ამ საქმეზე უწევს შპს ჯიელჯი, რომლისთვისაც 2017 წლის 9 ნოემბერს გადახდილია 42 ლარი, რაც აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ პროცენტს. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯიდან უნდა აუნაზღაურდეს თანხა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, რაც არის 14,85 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდა უნდა განწილვადდეს 8 თვის განმავლობაში თანხის თანაბრად გადახდით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე კომპანია სისი ლოუნის სასარგებლოდ ყოველთვიურად იხდის 65 ლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რადგან მისი განმარტებით მუშაობს ქალაქ რუსთავის მერიაში, მისი ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი 600 ლარს არ აღემატება, საიდანაც იხდის ბინის ქირის ხარჯებს. ეს გარემოება მოსარჩელეს სადაოდ არ გაუხდია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების წესის დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას სადაო თანხის მოცულობა და ის, თუ რა პერიოდულობით მოითხოვს მოპასუხე თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას, რის შედეგად უნდა შეფასდეს გადახდის პერიოდულობის გონივრულობა. ამ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არის 370,37 ლარი, ასევე მის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელია სახელმწიფო ბაჟი 9,24 ლარი და იურიდიული ხარჯი 16,8 ლარი, ამდენად, საერთო ჯამში გადასახდელია 396,41 ლარი. ამ თანხის 8 თვის განმავლობაში თანაბარწილად გადახდის შემთხვევაში ყოველთვიურად გადასახდელი თანხაა 49,55 ლარი. სადაო თანხის მოცულობიდან გამომდინარე მისი განწილვადებით 8 თვის მანძილზე გადახდა არ მიაყენებს ზიანს მოსარჩელის მართლზომიერ ინტერესს - დროულად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენისთვის მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის და სადაო თანხის ერთდროულად გადახდის თუნდაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მისი რეალურად აღსრულების გარანტიას არ ქმნის. მოპასუხეს არ გააჩნია იმდენი შემოსავალი, საიდანაც დაკისრებული თანხის ერთბაშად გადახდევინება იქნება შესაძლებელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების მიზნის მიღწევისათვის უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების წესი, რაც გულისხმობს დაკისრებული სესხის თანხის და სასამართლო ხარჯების 8 თვეზე განწილვადებას ყოველთვიურად 49,55 ლარის გადახდით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 230-ე, 243-244-ე, 247-ე, 251-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 64-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს მ-------–----ის სარჩელი;

 

1.1. ხ------- ჯ------ეს დაეკისროს შპს მ-------–----ისათვის 370,37 ლარის გადახდა;

 

2. ხ------- ჯ------ეს დაეკისროს შპს შპს მ-------–----ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 9,24 ლარის, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 16,8 ლარის გადახდა;

 

3. შპს მ-------–----ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟიდან 34,76 ლარი, რომელიც შპს მოზოს მიერ 2018 წლის 16 თებერვალს გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150. ბანკის კოდი TRESGE22. (საგადასახადო დავალება N75);

 

4. დაკმაყოფილდეს ხ------- ჯ------ის შუამდგომლობა და დაკისრებული სესხის და სასამართლო ხარჯების საერთო თანხის 396,41 ლარის გადახდა განწილვადდეს 8 თვის ვადით ყოველთვიურად 49,55 ლარის გადახდით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. გადაწყვეტილება აღსრულების წესის დადგენის, აღსრულების განწილვადების შესახებ საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი