გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.07.2019
საქმის ნომერი
120210019003039874
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3039874-2/371-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ივლისი, 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე - დ-------- გ-----–-–---–ი;

მოპასუხე - სს ,,ლ-------------ი’’;

წარმომადგენელი - ლ--–---------–---–ი, ლ--–---------ა;

დავის საგანი - მორალური ზინაის დაკისრება და ჩამოჭრილი თანხების უკანდაბრუნება;

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე სს ,,ლ-------------ს’’ დ-------- გ-----–-–---–ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს მისი საბანკო ანგრიშიდან უკანონოდ ჩამოჭრილი, მითვისებული თანხა - 733,18 ლარის ოდენობით, რომელიც არ წარმოადგენდა მოსაჩელის საკუთრებას,ასევე, მოპასუხე სს ,,ლ-------------ს’’ მისივე უკანონო ქმედების გამო დ-------- გ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის სახით 200 (ორასი) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

არის სამი არასრულწლოვანი ბავშვის დედა. მისი შვილი მ---- გ-----–-–---–ი არის შშმ პირი და მას ეძლევა სახელმწიფოსაგან სოციალური პაკეტი თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელეს მესამე შვილის ი-–-- გ-----–-–---–ის დაბადების გამო სახელმწიფო მესამე ბავშვის სასარგებლოდ, ყოველთვიურად ურიცხავს თვეში 150 (ასორმოცდაათი) ლარს, რომელიც ხმარდება ბავშვის კვებისა და ჰიგიენისათვის საჭირო ნივთების შეძენას. სს ,,ლ-------------ი’’ 2018 წლის ოქტომბრის თვიდან თებერვლის თვემდე მისი შვილებისათვის დარიცხული თანხებიდან თვითნებურად აჭრიდა თავდებობის ხელშეკრულების ფარგლებში თანხებს, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს 733,18 ლარს.

მის საბანკო ანგარიშზე დარიცხული თანხები არ არის მისი საკუთრება და მათი ბანკის მხრიდან ჩამოჭრა და დაკავება იყო და არის კანონდარღვევა, რაც მათთვის ცნობილია, მათი მხრიდან უკანონო მოქმედების განხორციელების შედეგად წაერთვა შესაძლებლობა ბავშვებს დაახარჯოს მათთვის სახელმწიფოსაგან დანიშნული მიზნობრივი დახმარება, ვალებით ყიდულობს შვილებს წამლებსა და საჭმელს, რომ იარსებონ, აღნიშნული კი გაუგონარი უგულებელყოფაა ბავშვთა უფლებების, ამის გამო იგი ჩავარდა მძიმე მორალურ სტრესში, როდესაც ვერ უზრუნველყოფდა საარსებო მინიმუმით მასზე დამოკიდებულ ბავშვებს, მოსარჩელეს ყოვლად დაუშვებელად მიაჩნია მათი საარსებოდ აუცილებელი სახსრების გარეშე დატოვება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს ანგარიშიდან ნამდვილად ჩამოეჭრა თანხა 733.18 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება, ანგარიშზე არსებულ თანხას, მოპასუხის განმარტებით: პირის სახელზე გახსნილი ანგარიში წარმოადგენს მის პირად ანგარიშს და ნებისმიერი ტიპის თანხა, რომელიც მოხვდება ანგარიშზე ეკუთვნის ანგარიშის მფლობელს, ამ შემთხვევაში დ-------- გ-----–-–---–ს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 12 ივლისს სს ,,ლ-------------სა’’ და მ---------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1-------, აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დაიდო თავდებობის ხელშეკრულება დ-------- გ-----–-–---–თან. სესხი გაიცა 1200 ლარის ოდენობით. მოცემული თავდებობის ხელშეკრულების 8.2 და 8.2.1 მუხლების თანახმად, თავდების მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თავდები აცხადებს თანხმობას ბანკის უფლებამოსილებაზე, ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა გადასახდელი და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულების დასაფარად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 12 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1-------;

2017 წლის 12 ივლისის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება;

ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

3.1.2. დ-------- გ-----–-–---–ი 2018 წლის 10 იანვრიდან რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის პირველი, მეორე, მესამე და მომდევნო შვილის დაბადებისათვის ფულადი დახმარების პროგრამაში და დღეის მდგომარეობით ყოველთვიურად მესამე შვილზე ღებულობს 150 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ გაცემული ცნობაN0---------;

 

3.1.3. დ-------- გ-----–-–---–ი სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან იღებს შვილზე მ---- გ-----–-–---–ზე სოციალურ პაკეტს თვეში 200 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ გაცემული ცნობა N0---------;

 

3.1.4. მოსარჩელე დ-------- გ-----–-–---–ს ჰყავს სამი შვილი 2----–-–---------------------------–- ს-------- გ-----–-–---–ი, 2----–-–---------------- დაბადებული მ---- გ-----–-–---–ი და 2018 წლის 8 იანვარს დაბადებული ი-–-- გ-----–-–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

დაბადების მოწმობები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. მოსარჩელე დ-------- გ-----–-–---–ა მიიღო მორალური ტრავმა;

მორალური ზიანის კომპენსაცია ხდება ფულადი სახით. არც სამოქალაქო კოდექსი, არც სხვა კანონები არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ზუსტ წესს. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით სასამართლო, პირველ რიგში, მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს. ბრალი სამოქალაქო სამართალში არის პასუხისმგებლობის პირობა და არა ზომა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაშვებულია გამონაკლისი, ამიტომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ზიანის მიმყენებლის დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. ფიზიკური ტანჯვა ივარაუდება მხოლოდ სიცოცხლის, სხეულის დაზიანებისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობის დასასაბუთებლად უნდა დამტკიცდეს ფიზიკური ტანჯვის ხარისხი.

კონკრეტულ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის, სასამართლომ უნდა დაადგინოს პირის ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ფიზიკური და სულიერი ტკივილის ხარისხი, ზიანის მიმყენებლის ბრალი (იმ შემთხვევებში, როცა ეს პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა) და სხვა ყურადსაღები გარემოებები. თავისი არსით არაქონებრივი ანუ მორალური ზიანი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად კი არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფის გამო. ვსაუბრობთ რა არაქონებრივ ზიანზე, მხედველობაშია მისაღები კონკრეტული საზოგადოების მორალური სტანდარტები. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიულ საფუძვლებს.

მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასათვალიწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ჰყავს სამი შვილი, ანუ პირები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან მშობელზე და თავის მხრივ მშობელს შვილების მიმართ აკისრია ვალდებულებები, უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოს ისინი საარსებო მინიმუმით რათა მოხდეს მათი ფსიქიკური და ფიზიკური განვითარება. აღნიშნული ვალდებულებების ფარგლებში, სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, ზრუნავს რა არასრულწლოვან ბავშვებზე აძლევს გარკვეულ მიზნობრივ კომპენსაციას მშობელს. მოსარჩელეს ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონეა (ესაჭიროება სპეციალური საკვები, მედიკამენტი და ჰიგიენის საგნები) და სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იღებს სოციალურ პაკეტს არასრულწლოვანი შშმ ბავშვის სპეციალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ასევე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მესამე შვილის დაბადების გამო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსიდან გამომდინარე ფულად დახმარებას ყოველთვიურად 150 ლარს ბავშვის დაბადებიდან ორი წლის განმავლობაში. საბანკო დაწესებულების უკანონო ქმედების გამო, დედამ ვერ შესძლო მასზე დამოკიდებული ბავშვების უზრუნველყოფა საარსებო მინიმუმით, მას უწევდა თანხის სხვა პირებისაგან სესხება ან კონსიგნაციით აუცილებელი საკვებისა და მედიკამენტების შეძენა, მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად საბანკო დაწესებულების მიერ გრძელ;დებოდა დარიცხული მიზნობრივი დახმარების ცამოჭრა და ეს გარემოება გრძელდებოდა თვეების განმავლობაში რაც იწვევდა სტრესს და მძიმე მორალურ მდგომარეობაში აყენებდა მოსარჩელეს.

მოპასუხე მხარის მიერ რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარცელის მიერ მითიტებული ზემოაღნიშნული გარემოებები არ ასახავს რეალურ ვითარებას საქმის განხილვის დროს არ წარმოდგენილა. გონივრული განსჯის შედეგად სასამართლო ადგენს, რომ ამგვარ ვითარებაში მისი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიადგებოდა მორალური ზიანი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992, 408-ე, 409-ე, 413-ე მუხლებით

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8-ე, მე-10-ე, 115-ე, 325-ე მუხლებით;

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პრეზუმირებულია ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის და სახელშეკრულებო დებულებების შინაარსის განსაზღვრისას ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

2017 წლის 12 ივლისს სს ,,ლ-------------სა’’ და მ---------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1-------, აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დაიდო თავდებობის ხელშეკრულება დ-------- გ-----–-–---–თან. სესხი გაიცა 1200 ლარის ოდენობით. მოცემული თავდებობის ხელშეკრულების 8.2 და 8.2.1 მუხლების თანახმად, თავდების მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თავდები აცხადებს თანხმობას ბანკის უფლებამოსილებაზე, ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა გადასახდელი და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულების დასაფარად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანამხად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

მოცემულ შემთხვევაში, სს „ლ-------------ი“ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა, რომლის მიერ განისაზღვრა ხელშეკრულების პირობები.

მართალია, მოსარცელე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა ამ პირობებს, მაგრამ გამსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობები იმთავითვე განესაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში გამსესხებელს არ გაუთვალისწინებია. გამსესხებელმა უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.

სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

ამავე კანონის 45-ე მუხლი განსაზღვრავს, იმ ქონებას, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება. აღნიშნული მუხლის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღას არ ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება.

აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ იძულებითი აღსრულების შემთხვევაშიც კი, არსებობს გარკვეული ქონება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სს ,,ლ-------------ი'' იძულებითი აღსრულების პირობებში ვერ დაიკმაყოფილებდა მოთხოვნას ბადრი გოგოხიას მოსარჩელის ანგარიშზე არსებული სოციალური შემწეობის თანხიდან.

განსახილველ შემთხვევაში, ბანკმა განსაზღვრა მისი უფლებამოსილება მსესხებლის ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოეწერა ყველა გადასახდელი და მიემართა თანხა არსებული ფულადი ვალდებულებების დასაფარად, რასაც კრედიტორი ახორციელებდა მოსარჩელის სს „ლიბერთში ბანკში“ დარიცხული მიზნობრივი დახმარების, დევნილთა ყოველთვიურად დარიცხული შემწეობისაგან. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს, მაგრამ აღნიშნული პირობები უნდა იყოს კანონშესაბამისი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ-------------მა“ უგულვებელყო სსკ-ის მე-8, 115-ე და 325-ე მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მოთხოვნები და არაკეთილსინდისიერად განახორციელა მოსარჩელის სახელზე დარიცხული ყოველთვიური დევნილთა შემწეობის ჩამოჭრა, მათ შორის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულების შესასრულებლად. ვინაიდან დარიცხული თანხები წარმოადგენდა კონკრეტული მიზნობრიობის შემწეობას და განსაზღვრული იყო შშმ პირის სტატუსის მქონე ბავშვის რჩენისათვის და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მშობლის დახმარება მესამე შვილის რჩენისათვის. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სს „ლ-------------ის“ მიერ ჩამოჭრილი თანხის 733,18 ლარის ანაზღაურებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ შეფასებას მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის დანაწესს და აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც.

ქონებრივი ზიანისაგან განსხვავებით, არაქონებრივი ზიანის დროს მისი შეფასების მასშტაბები თვით დაზარალებულის სუბიექტშია, რის გამოც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც დაზარალებულის სუბიქტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, არაქონებრივი ხასიათის უფლების შელახვის დროს, ეს არაქონებრივი ურთიერთობანი თავისთავად მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს და არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ასეთი ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია (იხ. სუსგ Nას-1149-1169-2011; 25 თებერვალი, 2013 წელი).

დადგენილია, რომ მოპასუხე მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგად, მოსარჩელემ მიიღო მორალური ტრავმა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-11981 მუხლების თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. არასრულწლოვანს აქვს მშობელთა/სხვა კანონიერ წარმომადგენელთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის უფლება. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას.

მითითებული ნორმები ავალდებულებს მშობელს იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე, ხოლო სახელმწიფო კონკრეტული პროგრამების ფარგლებში ხელს უწყობს მშობლებს შეასრულოს მათზე დაკისრებული მოვალეობები, შესაბამისად, სოციალური პაკეტით მოსარჩელის სახელზე განსაზღვრული თანხა განკუთვნილი იყო ბავშვების საჭიროებებისათვის, რომელთა უკანონო შეწყვეტა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოსარჩელეს აყენებდა მძიმე მორალურ ტრავმას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, მხედველობაშია მისაღები ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხი რაც გამოიხატა მოპასუხის უფლების არამართლზომიერად გამოყენებაში. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ განიცადა მორალური ზიანი, რაც გამოიხატება მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად მოსარჩელის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაყენებით, რა დროსაც იგი ვერ ასრულებდა მისივე ვალდებულებას მცირეწლოვანი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 200 ლარი უნდა ჩაითვალოს იმ ობიექტურ და სამართლიან ანაზღაურებად, რაც მოახდენს მოპასუხის უკანონო ქმედების გამო მოსარჩელის მიერ განცდილი მორალური ტანჯვის კომპენსაციას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დ-------- გ-----–-–---–ის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დ-------- გ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე სს ,,ლ-------------ს’’ დ-------- გ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 733.18 ლარის ანაზღაურება.

3. მოპასუხე სს ,,ლ-------------ს’’ დ-------- გ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

4. მოპასუხე სს ,,ლ-------------ს’’ (ს/კ 2--------) მოსარჩელე დ-------- გ-----–-–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი