გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.07.2019
საქმის ნომერი
080310019002975621
კატეგორია
დავის ტიპი
საერთო სახელმწოფო და ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებით
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/196-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25.07.2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - მ--–--------------

სხდომის მდივანი - გ-------------

 

მოსარჩელე - რ-------- ფ-----------

წარმომადგენელი - ე------ ტ--–-----

მოპასუხე - ს----------–------------------------------–--------–----------------

წარმომადგენელი - შ------------–--–---–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 03 იანვრის გადაწყვეტილება №2----------;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №-----

1.3. დაევალოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მოსარჩელის კუთვნილ ,,V--’’-ის მარკის №A------- (შასის ნომერი X--------------) ავტომანქანასთან მიმართებაში გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათები;

 

დავის არსი:

 

სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე რ-------- ფ----------- არის რუსეთის მოქალაქე. 2007 წელს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მაისის №307 ბრძანებულების თანახმად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2018 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელე ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოში მისი კუთვნილი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ,,V--’’-ის მარკის №A------- ავტომანქანით, გამოშვების წელი 2002 (შასის ნომერი X--------------), ამავდროულად მასთან ერთად შემოვიდა N--------- სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც შემოტანილ იქნა მის კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი, აღწერილი 31 ერთეულის ოდენობით და რომელიც დალუქულ მდგომარეობაში იყო საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი შემოტანისას. ამ ნივთების ჩამონათვალი შეადგენდა 20 000 რუსულ რუბლს, რაც ქართულ ლართან მიმართებაში შეადგენდა 5000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან უნდა გათავისუფლებულიყო როგორც ის 31 ერთეული ნივთი, ასევე რ-------- ფუტკარაძის ავტომანქანა. საბაჟო გამშვები პუნქტის ყაზბეგის კონტროლის ზონაში შემოსვლისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ შემოდიოდა საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად (თუმცა იმ მომენტისათვის არ ჰქონდა მიღებული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და რომ სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათებით. სწორედ სგპ ყაზბეგის ზონაში შემოსვლისას მოსარჩელის განცხადების საფუძველზე გამშვები პუნქტის სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირმა უთხრა, რომ შეეძლო აერჩია ტერმინალი ქ. თბილისში, ქ. ბათუმში სადაც მომსახურეობა მისი თქმით იყო უფასო და ქალაქ ქუთაისში სადაც მომსახურეობა ფასიანი იყო. მოსარჩელე, რომელსაც სურდა ესარგებლა გარკვეული შეღავათებით, როგორც 31 ერთეულ ნივთზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე, აირჩია ტერიტორიულად მის საცხოვრებელ ადგილთან (ზესტაფონი სოფ. ზედა საქარა), ყველაზე ახლოს მყოფი თუნდაც ფასიანი მომსახურების ტერმინალი, სადაც მოსარჩელე გამოცხადდა იმავე 26 ოქტომბერს დილის 11:00 საათზე, კუთვნილ ავტომანქანასთან და რუსეთის ფედერაციიდან სატვირთო ავტომანქანა ვოლვოს მეშვეობით შემოტანილ სხვადასხვა დასახელების ნივთებთან ერთად, სადაც სათანადო უფლებამოსილების მქონე პირებმა შეავსებინეს განაცხადი, როგორც ავტომანქანაზე ასევე შემოტანილი 31 დასახელების ნივთზე. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე შეღავათის გავრცელების საკითხის გადასაწყვეტად რ-------- ფ----------- გააგზავნეს ქ. ქუთაისის მომსახურეობის სააგენტოში, სადაც დაუდასტურეს, რომ მას შეეძლო ესარგებლა კანონით მინიჭებული შეღავათებით. ანალოგიური მოთხოვნით დააფიქსირა მოსარჩელის მისვლა იმავე შემოსავლების სამსახურში 2018 წლის 29 ოქტომბერს მას შემდეგ რაც ქუთაისში მდებარე იუსტიციის სახლში აიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. აღმოჩნდა, რომ 31 დასახელების ნივთი დაექვემდებარა შეღავათს, რაც შეეხება ავტომანქანა ნივაზე შეღავათების გავრცელებას, აღნიშნული შემოსავლების სამსახურმა საერთოდ რეაგირებას გარეშე დატოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა საბაჟო დეპარტამენტის უფროსს განცხადებით და ითხოვა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათებით. 2019 წლის 03 იანვრის შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილი №2---------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მითითებული შეღავათების მისაღებად მას უნდა ესარგებლა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 30 კალენდარულ დღეში, რაც მოსარჩელეს თითქოსდა დარღვეული ჰქონდა 2018 წლის 13 დეკემბრისათვის (განცხადების შეტანის დროისათვის). რ-------- ფ-----------მ აღნიშნული ჩათვალა რა მისი უფლების დარღვევად 2019 წლის 22 იანვარს შეიტანა განცხადება (საჩივარი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში იმ საფუძვლით, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა აიღო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 მაისის №307 ბრძანებულების საფუძველზე. საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება მოსარჩელემ მიიღო 2018 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემულ იქნა მოსარჩელის სახელზე შესაბამისი დოკუმენტი-პირადობის მოწმობა (2018 წლის 29 ოქტომბერს), რაც იმის უტყუარ დასტურს წარმოადგენდა, რომ რ-------- ფუტკარაძის მიმართებაში როგორც საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიმღები პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად დაწესებული შეღავათების გასავრცელებლად მოსარჩელეს მიმართული ჰქონდა და აქვს კანონით განსაზღვრულ ვადებში და რომ ამ პროცედურების განსახორციელებელი ვადებიც არ დაურღვევია. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 მარტის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა რ-------- ფუტკარაძის საჩივარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილის მიერ 2019 წლის 27 მარტს გამოცემულ იქნა №7562 ბრძანება, რომლის მიხედვითაც რ-------- ფუტკარაძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივარში საერთოდ არაა საუბარი იმ საფუძველზე, რაც მითითებულ იქნა მოსარჩელის მიერ საბაჟო დეპარტამენტის №2---------- წერილთან დაკავშირებით და საერთოდ არ უმსჯელია დავების განხილვის საბჭოს მოსარჩელის მიერ საჩივარში მითითებულ საფუძველზე და რ-------- ფ-----------ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს იმ საფუძვლით, რომ თითქოსა და მას არ განუცხადებია სგს ყაზბეგის კონტროლის ზონაში შემოსვლისას საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლის თაობაზე და რომ მას სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათებით. აღნიშნულის უკანონობას ადასტურებს მოსარჩელის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს ელექტრონულად დარეგისტრირებული განცხადება, 2018 წლის 29 ოქტომბერს პირადობის მიღების შემდეგ დარეგისტრირებული განცხადება. 2018 წლის 13 დეკემბერს დარეგისტრირებული მოსარჩელის წერილობითი განცხადება და განცხადებაზე დართული საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირის განაცხადი საქართველოში შემოსატანი საქონლის, კონკრეტულად კი ა/მ ნივის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2019 წლის 28 მაისს წარმოადგინა შესაგებელი და არ ცნო სარჩელი.

 

მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, 2018 წლის 26 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის’’ კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ,,V--’’-ის მარკის №A------- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა რ-------- ფ----------- (პ/ნ 1----------). ამასთან იმავე დღეს №B204XT16 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა აღნიშნული პირის კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომელზეც გამოწერილ იქნა №69101/D72916 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.

 

აღსანიშნავია, რომ რ-------- ფ-----------ს სგპ ,,ყაზბეგის’’ კონტროლის ზონაში შემოსვლისას არ განუცხადებია, რომ საქართველოში შემოდიოდა მუდმივ საცხოვრებლად და სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ‘’დ.ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით.

 

ვინაიდან მომჩივანს საქართველოში შემოსვლისას არ განუცხადებია, რომ შემოდიოდა მუდმივ საცხოვრებლად და სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ‘’დ.ე’’ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათებით, ამასთან, მის მიერ არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი გარანტია, საბაჟო დეპარტამენტმა ვერ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე’’ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ იმპორტის გადახდისგან განთავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ‘’თ’’ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ გარანტიის წარდგენა სავალდებულოა საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ‘’დ.ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ‘’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კი ასეთ შემთხვევაში გარანტიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს თავდებობის ხელშეკრულება. ასეთი ხელშეკრულება რ-------- ფ-----------ს არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ რ-------- ფ----------- არის რუსეთის მოქალაქე. 2007 წელს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მაისის №307 ბრძანებულების თანახმად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

მტკიცებულება: პასპორტი; საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება; (ტ.1.ს.ფ.19-22);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელე რ-------- ფ-----------, ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოში მისი კუთვნილი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ,,V--’’-ის მარკის №A------- ავტომანქანით, გამოშვების წელი 2002 (შასის ნომერი X--------------), ამავდროულად მასთან ერთად შემოვიდა N--------- სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც შემოტანილ იქნა მისი კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი, აღწერილი 31 ერთეულის ოდენობით და რომელიც დალუქულ მდგომარეობაში იყო საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი შემოტანისას. ნივთების ჩამონათვალი შეადგენდა 20 000 რუსულ რუბლს, რაც ქართულ ლართან მიმართებაში შეადგენდა 5000 ლარს;

მტკიცებულება:

- 2007 წლის 22 მაისის 06/01-10-1763 წერილი;

- 2007 წლის 15 მაისის №307 ბრძანება;

- ა/მ ტექ პასპორტი;

- შემოტანილი ნივთების ნუსხა.

- მხარის ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან უნდა გათავისუფლებულიყო როგორც 31 ერთეული ნივთი, ასევე რ-------- ფუტკარაძის ავტომანქანა. საბაჟო გამშვები პუნქტის ყაზბეგის კონტროლის ზონაში შემოსვლისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ შემოდიოდა საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად (თუმცა იმ მომენტისათვის არ ჰქონდა მიღებული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და რომ სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათებით. სგპ ყაზბეგის ზონაში შემოსვლისას მოსარჩელის განცხადების საფუძველზე გამშვები პუნქტის სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირმა უთხრა, რომ შეეძლო სურვილის მიხედვით აერჩია ტერმინალი ქ. თბილისში, ქ. ბათუმში სადაც მომსახურეობა მისი თქმით იყო უფასო და ქალაქ ქუთაისში სადაც მომსახურეობა ფასიანი იყო. მოსარჩელე, რომელსაც სურდა ესარგებლა გარკვეული შეღავათებით, როგორც 31 ერთეულ ნივთზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე, აირჩია ტერიტორიულად მის საცხოვრებელ ადგილთან (ზესტაფონი სოფ. ზედა საქარა), ყველაზე ახლოს მყოფი თუნდაც ფასიანი მომსახურების ტერმინალი;

მტკიცებულება: სარჩელი; მხარის ახსნა-განმარტება;

 

3.2.3. დადგენილია, რომ ქუთაისში შემოსავლების სამსახურში, მოსარჩელე გამოცხადდა იმავე 26 ოქტომბერს დილის 11:00 საათზე, კუთვნილ ავტომანქანასთან და რუსეთის ფედერაციიდან სატვირთო ავტომანქანა ვოლვოს მეშვეობით შემოტანილ სხვადასხვა დასახელების ნივთებთან ერთად, სადაც სათანადო უფლებამოსილების მქონე პირებმა შეავსებინეს განაცხადი, როგორც ავტომანქანაზე ასევე შემოტანილი 31 დასახელების ნივთზე. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე შეღავათის გავრცელების საკითხის გადასაწყვეტად რ-------- ფ----------- გააგზავნეს ქ. ქუთაისის მომსახურეობის სააგენტოში, სადაც დაუდასტურეს, რომ მას შეეძლო ესარგებლა კანონით მინიჭებული შეღავათებით. ანალოგიური მოთხოვნით დააფიქსირა მოსარჩელის მისვლა იმავე შემოსავლების სამსახურში 2018 წლის 29 ოქტომბერს მას შემდეგ რაც ქუთაისში მდებარე იუსტიციის სახლში აიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. აღმოჩნდა, რომ 31 დასახელების ნივთი დაექვემდებარა შეღავათს, რაც შეეხება ავტომანქანა ნივაზე შეღავათების გავრცელებას, აღნიშნული შემოსავლების სამსახურმა საერთოდ რეაგირებას გარეშე დატოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა საბაჟო დეპარტამენტის უფროსს განცხადებით და ითხოვა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათებით.

მტკიცებულება:

- 2018 წლის 13 დეკემბრის განცხადება; (ტ.1.ს.ფ.25);

- ინფორმაცია საქონლის შესახებ; (ტ.1.ს.ფ.23);

- ა/მ ტექ პასპორტი; (ტ.1.ს.ფ.24);

- პირადობის მოწმობა; (ტ.1.ს.ფ.18);

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2019 წლის 03 იანვრის შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილი №2---------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მითითებული შეღავათების მისაღებად მას უნდა ესარგებლა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 30 კალენდარულ დღეში, რაც მოსარჩელეს თითქოსდა დარღვეული ჰქონდა 2018 წლის 13 დეკემბრისათვის (განცხადების შეტანის დროისათვის). რ-------- ფ-----------მ აღნიშნული ჩათვალა რა მისი უფლების დარღვევად 2019 წლის 22 იანვარს შეიტანა განცხადება (საჩივარი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში იმ საფუძვლით, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა აიღო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 მაისის №307 ბრძანებულების საფუძველზე. საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება მოსარჩელემ მიიღო 2018 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემულ იქნა მოსარჩელის სახელზე შესაბამისი დოკუმენტი-პირადობის მოწმობა (2018 წლის 29 ოქტომბერს), რაც იმის უტყუარ დასტურს წარმოადგენდა, რომ რ-------- ფუტკარაძის მიმართებაში როგორც საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიმღები პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად დაწესებული შეღავათების გასავრცელებლად მოსარჩელეს მიმართული ჰქონდა და აქვს კანონით განსაზღვრულ ვადებში და რომ ამ პროცედურების განსახორციელებელი ვადებიც არ დაურღვევია;

მტკიცებულება:

- 2018 წლის 13 დეკემბრის განცხადება;(ტ.1.ს.ფ.25);

- შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 03 იანვრის №2---------- წერილი; (ტ.1.ს.ფ.27);

- 2019 წლის 22 იანვრის განცხადება; (ტ.1.ს.ფ.28-29);

 

3.2.5. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 მარტის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა რ-------- ფუტკარაძის საჩივარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილის მიერ 2019 წლის 27 მარტს გამოცემულ იქნა №7562 ბრძანება, რომლის მიხედვითაც რ-------- ფუტკარაძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივარში საერთოდ არაა საუბარი იმ საფუძველზე, რაც მითითებულ იქნა მოსარჩელის მიერ საბაჟო დეპარტამენტის №2---------- წერილთან დაკავშირებით და საერთოდ არ უმსჯელია დავების განხილვის საბჭოს მოსარჩელის მიერ საჩივარში მითითებულ საფუძველზე და რ-------- ფ-----------ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს იმ საფუძვლით, რომ თითქოსა და მას არ განუცხადებია სგს ყაზბეგის კონტროლის ზონაში შემოსვლისას საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლის თაობაზე და რომ მას სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათებით. აღნიშნულის უკანონობას ადასტურებს მოსარჩელის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს ელექტრონულად დარეგისტრირებული განცხადება, 2018 წლის 29 ოქტომბერს პირადობის მიღების შემდეგ დარეგისტრირებული განცხადება. 2018 წლის 13 დეკემბერს დარეგისტრირებული მოსარჩელის წერილობითი განცხადება და განცხადებაზე დართული საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირის განაცხადი საქართველოში შემოსატანი საქონლის, კონკრეტულად კი ა/მ ნივის შესახებ;

მტკიცებულება: 2019 წლის 27 მარტის ბრძანება; (ტ.1.ს.ფ.30-32);

 

3.2.6. მოწმედ დაკითხულმა ფრიდონ ფ-----------მ განმარტა, რომ რ-------- ფ----------- არის მისი ძმა, რომელიც 2018 წლის 26 ოქტომბერს, რუსეთიდან მუდმივ საცხოვრებლად დაბრუნდა საქართველოში. მოწმის განმარტებით, რ-------- ფ-----------ს ახლდა შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში, სადაც რ-------- ფ-----------მ უფლებამოსილ პირს განუცხადა, რომ მუდმივ საცხოვრებლად შემოდიოდა საქართველოში და სურდა ესარგებლა საგადასახადო შეღავათებით ავტომანქანაზე.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს საგადასახდო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ- სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მითითებულ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 03 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება №2----------, და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 მარტს მიღებული ბრძანება №7562, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

 

6.3. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.

 

6.4. სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის პოზიციას და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახდო კოდექსის პირველი მუხლი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

6.5. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი’’-ს კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ,,V--’’-ის მარკის №A------- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მოსარჩელე რ-------- ფ----------- (პ/ნ 1----------). ამასთან იმავე დღეს № B204XT161 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა აღნიშნული პირის კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომელზეც გამოწერილ იქნა №69101/D72916 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.

 

6... მოცემულ შემთხვევაში სადავოა საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსული პირის მიერ, კანონით დადგენილი წესით განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი საქართველოში შემოდიოდა მუდმივ საცხოვრებლად და სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით, რაც ითვალისწინებს გარკვეული რაოდენობის შემოტანილი საქონლის (ნივთის), საბაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებას.

საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რ-------- ფუტკარაძის მიერ საქართველოში შემოსვლისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, ხოლო სს კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. საქონლის დეკლარირება კი არის ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. შესაბამისად, ვინაიდან მან არ შეავსო საბაჟო დეკლარაცია, მასზედ ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათი.

გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის № 290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გარანტიის წარდგენა სავალდებულოა საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კი ასეთ შემთხვევაში გარანტიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს თავდებობის ხელშეკრულება, რაც ასევე არ იქნა წარდგენილი რ-------- ფუტკარაძის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ - რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ,,V--“-ის მარკის №A 5---- 72 მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლის განზრახვით, რ-------- ფ-----------ს არ განუხორციელებია.

 

6.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ იმპორტის გადახდისგან განთავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2018 წლის 26 ოქტომბრისთვის, რ-------- ფ-----------ს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჯერ კიდევ არ გააჩნდა (2018 წლის 29 ოქტომბერს მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გამოცემული შესაბამისი დოკუმენტი -პირადობის ელექტრონული მოწმობა), საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათის მისაღებად მას უნდა წარმოედგინა შესაბამისი გარანტია ან თავდებობის ხელშეკრულება.

დადგენილია, რომ მომჩივანმა მხოლოდ 2018 წლის 13 დეკემბერს მიმართა №252381/21-11 წერილობითი განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ,,V--’’-ის მარკის №A------- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად.

6.9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 60-ე მუხლით - ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანით. საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.

ადგილობრივი გადასახადის გადახდისათვის საგადასახადო შეღავათი დგინდება შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანით.

აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.

 

6.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. სასამართლო ასევე უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სადავო გარემოებების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საკუთარი შინაგანი რწმენით, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოახდინოს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევა და მათი რეალური შეფასება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60.1 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 03 იანვრის №2---------- გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 27 მარტის №7562 ბრძანება, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების სათანადო კვლევის და შეფასების საფუძველზე და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ-------- ფუტკარაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. /ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე მ--–--------------