განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
330100119003040252
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2623-19

(#------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი ანნა ქოჩიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ--------------–---

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ---------------- - დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ვ---------–--------------------------------------------;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 9 მაისს, 09:00 საათზე, ქ. თბილისში, რ---------------------ს მიმდებარედ არსებულ სავაგონო დეპოში გაჩერებული სს ,,ს----------–---------------“ შვილობილი კომპანიის შპს ,,ჯ-----------------------“ კუთვნილ №---- არაფუნქციონირებადი ელმავლიდან ბ----------------მ ე.წ. მკვნეტარას გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოჭრა და ფარულად დაეუფლა ელმავალში არსებულ სადენს, რაც შეინახა მის სარგებლობაში, იმავე ტერიტორიაზე არსებულ №---- ვაგონის №1 კუპეში. აღნიშნულის შემდეგ, იმავე დღეს დაახლოებით 10:40 საათზე, ბ---------------- კვლავ შევიდა, ქ. თბილისში, რ---------------------ს მიმდებარედ არსებულ სავაგონო დეპოში გაჩერებული სს ,,ს----------–---------------“ შვილობილი კომპანიის შპს ,,ჯ-----------------------“ კუთვნილ №---- არაფუნქციონირებად ელმავალში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღ,დეგო მისაკუთრების მიზნით კვლავ ცდილობდა იქ არსებული ელექტრო სადენის დაუფლებას, რასაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეესწრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი და მის მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილზე იქნა გაჩერებული.

 

ბ----------------- აღნიშნული ქმედებით სს ,,ს----------–---------------“ შვილობილ კომპანია შპს ,,ჯ-----------------------“ მიადგა 15 ლარის და 40 თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ბ----------------- სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ბ----------------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ფრიდონ ფარცვანიას გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - დ--------------–---–--, დ--------------–--, ა-–---------–------ და ი-–------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებს, ბ----------------- პირადი ჩხრეკის ოქმს და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ბ----------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმს და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებს, ბ----------------- სარგებლობაში არსებულ ვაგონის კუპეში ჩატარებულ ამოღების ოქმს და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას, სასაქონლო ექსპერტიზის №--------------- დასკვნას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ ბ----------------ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ბ----------------- მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობა გამოიხატა ქ. თბილისში, რ---------------------ს მიმდებარედ არსებულ სავაგონო დეპოში გაჩერებულ სს ,,ს----------–---------------“ შვილობილი კომპანიის შპს ,,ჯ-----------------------“ კუთვნილ №---- არაფუნქციონირებად ელმავალში, იქ არსებული ელექტრო სადენის დაუფლებაში, თუმცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეესწრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი და მის მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილზე იქნა გაჩერებული. შესაბამისად, ბ----------------ს მსჯავრი უნდა დაედოს დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ქმედების ფარულად განხორციელების მცდელობა დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, ბ---------------- სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ბ----------------- მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობა არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ----------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება- ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რომლისთვისაც ბ---------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4 პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გამოძიების საწყის ეტაპიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა მის მიერ განზრახული ქმედების ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაც გამოიხატა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელის მიერ მისთვის ხელშეშლაში. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული ავლენს სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, ბ----------------- კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ არ არსებობს ბ----------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბ----------------- ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბ----------------ს ჯარიმა განუსაზღვროს, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ü ერთი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ü ბ----------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი საკანცელარიო დანა, ორი ცალი ქანჩი, ერთი ცალი მკვნეტარა - განადგურდეს;

ü ელმავის დათვალიერებისას ამოღებული ხელთათმანები, ელექტროსადენების დამცავი იზოლაციები და მცირე ზომის ელსადენი - დაუბრუნდეს კანონიერ მფოლებს;

ü ბ-----------------გან ამოღებული ელექტროსადენი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ბ----------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 10 00 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

ü ერთი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ü ბ----------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი საკანცელარიო დანა, ორი ცალი ქანჩი, ერთი ცალი მკვნეტარა - განადგურდეს;

ü ელმავის დათვალიერებისას ამოღებული ხელთათმანები, ელექტროსადენების დამცავი იზოლაციები და მცირე ზომის ელსადენი - დაუბრუნდეს კანონიერ მფოლებს;

ü ბ-----------------გან ამოღებული ელექტროსადენი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი