გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/18181-19
330210019002945970
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.07.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე
მოსარჩელე - შპს ,,სე--------------------r"
წარმომადგენელი - ნო------------–-–---–ი
მოპასუხე - შპს ,,სა---------–----------------------------------ა"
წარმომადგენელი - ვა---------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,სა---------–----------------------------------ას" შპს ,,სე--------------------r"-ის სასარგებლოდ დაეკისროს ფრენებზე გაწეული დანახარჯების სახით 2 123 412 ლარის გადახდა;
1.2. შპს ,,სა---------–----------------------------------ას" შპს ,,სე--------------------r"-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 01 თებერვლიდან 2019 წლის 01 აპრილის ჩათვლით პერიოდისათვის სარგებლის - 244 855 ლარის, ხოლო დავის დასრულებამდე თვეში - 12 287 ლარის გადახდა;
1.3. შპს ,,სა---------–----------------------------------ას" შპს ,,სე--------------------r"-ის სასარგებლოდ დაეკისროს ფაქტიურად შესრულებული ფრენა-საათების ღირებულების სახით 156 066 აშშ დოლარის - შესაბამისი გაცვლითი კურსით - 424 889,68 ლარის გადახდა;
1.4. შპს ,,სა---------–----------------------------------ას" შპს ,,სე--------------------r"-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების და სხვა ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი საბანკო გარანტიების მომსახურეობაზე 2018 წლის 16 თებერვლამდე ბანკებისათვის გადახდილი სარგებლის სახით 41 078 ლარის ანაზღაურება;
1.5. შპს ,,სა---------–----------------------------------ას" შპს ,,სე--------------------r"-ის სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის 135 130 აშშ დოლარის ანაზღაურება;
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე კომპანია არის საქართველოს ფარგლებში სხვა და სხვა სახის საჰაერო მომსახურების, მათ შორის შიდა საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების განმახორციელებელი ფაქტიურად ერთადერთი ავიასაწარმო. მოსარჩელე კომპანიამ მონაწილეობა მიიღო მოპასუხის მიერ 2017 წლის 20 აპრილს გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ელექტრონული ტენდერში #170005906 ორი ტიპის, მცირე (მინიმუმ 15 ადგილიანი) და საშუალო (მინიმუმ 30 ადგილიანი) ზომის საჰაერო ხომალდებით რეგულარული და ჩარტერული რეისების შესრულების მიზნით დადგენილი მარშრუტებით მომდევნო სამი წლისათვის, მათ შორის მცირე ზომის საჰაერო ხომალდით მომსახურება არაუმეტეს 2808 ფრენა/საათის ოდენობით, და საშუალო ზომის საჰაერო ხომალდით მომსახურეობა არაუმეტეს 1692 ფრენა/საათის ოდენობით. ორივე შემთხვევაში 1 (ერთი) ფრენა - საათის ღირებულება შეადგენდა 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარს დღგ–ს გარეშე, ხოლო შესყიდვის ჯამური ღირებულება გამოიხატებოდა 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარით დღგ-ს გარეშე.
მოპასუხემ დაარღვია საკუთარი ვალდებულებები, როგორც ტენდერის მომზადება - გამოცხადების ეტაპზე, ისე მოსარჩელისაგან მომსახურეობის მიღების დროს, რამაც მოსარჩელეს მიაყენა ზიანი.
მოპასუხის არაჯეროვანი და ზიანის მომტანი მოქმედება მოსარჩელეს დაყოფილი აქვს შემდეგ ჯგუფებად:
1. 2017 წლის 20 აპრილის #170005906 ტენდერის მოსამზადებელი ეტაპი. მითითებული ტენდერის საბოლოო მიზანი იყო ერთის მხრივ ხელისუფლების მიერ საქართველოს მთიანი რეგიონების მოსახლეობის ყოფითი პრობლემების გადაჭრა, ხოლო მეორეს მხრივ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ანუ მოპასუხის მიერ გამოცხადებული ტენდერიც და შემდგომში შესასრულებელი პროგრამაც მოპასუხის პირადი ინიციატივიდან კი არ გამომდინარეობს, ან სულაც მისი ბიზნეს-ინტერესია, ეს გახლავთ კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელმწიფო პროგრამა. რაც შეეხება მოპასუხის როლს ტენდერის გამოცხადებაში და შემდგომ კონტროლში, მომხდარია სახელმწიფოს მიერ მასზე უფლებამოსილების დელეგირება, და სხვა დროს მსგავსი შესყიდვებთან დაკავშირებული მოქმედებები შეიძლება დაევალოს სულ სხვა უწყებას, მაგალითად საავიაციო დეპარტამენტს, რაც უფრო ლოგიკურიც იქნებოდა. აქედან გამომდინარე ტენდერის ყველა ეტაპზე მოპასუხეს მკაცრად უნდა ეხელმძღვანელა სახელმწიფო რეგულაციებით. ასე, მაგალითად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ტენდერის მომზადების ეტაპზე ოპასუხეს ჯერ წინასწარ უნდა ჩაეტარებინა ბაზრის გამოკვლევა, რათა გამოვლენილიყო მომსახურეობის ყველა პოტენციალური მომწოდებელი, და განსაზღვრულიყო სამომავლო ხელშეკრულების პირობები, მათ შორის განსაზღვრულიყო ღირებულება. რა თქმა უნდა აქ უეჭველად იგულისხმება სამართლიანი და კონკურენტული საბაზრო პირობები, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებში შედის. იბადება კითხვა - რა ინფორმაციას ფლობდა მოპასუხე უკვე ტენდერის მომზადების ეტაპზე, და კიდევ რა ინფორმაცია ესაჭიროებოდა მას დამატებით? თუ გავითვალისწინებთ, რომ ანალოგიური ტიპის მომსახურეობას მოპასუხისათვის მცირე ზომის საჰაერო ხომალდით მოსარჩელე უკვე ახორციელებდა ჯერ კიდევ 2014 წლის 15 ივნისიდ #1/107-2014 საჰაერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხეს ფაქტიურად არც დამატებითი ინფორმაცია ესაჭიროებოდა და არც მისი მოძიება. ერთადერთი რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხეს გახლდათ ის, რომ იმ დროს ჯერ მოქმედ ტენდერს ეწურებოდა ვადა, და სწორედ ამიტომ ცხადდებოდა ახალი ტენდერი. აქედან გამომდინარე მოპასუხეს ახალი ტენდერის მომზადების ეტაპზევე უკვე შეეძლო დაყრდნობოდა წინა (ჯერ მიმდინარე) ტენდერის პირობებს. ფასების კუთხით კი წინა ტენდერით 1 (ერთი) ფრენა-სათის ღირებულება შეადგენდა 3100 (სამი ათასი ასი) აშშ დოლარს. სამწუხაროდ მოპასუხემ, არჯეროვანად მიუდგა საკუთარ ვალდებულებებს, საკითხი შეისწავლა ზერელად (თუ საერთოდ შეისწავლა) და ახალი ტენდერი გამოაცხადა სრულებით გაუგებარ და დემპინგურ ფასში - 1 ფ/საათი 1000 აშშ დოლარი. რა გათვლებს ემყარებოდა მოპასუხე მოსარჩელისათვის უცნობია, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არანაირი გათვლა არც გაკეთებულა. თავად მოპასუხე გახლავთ სა---------–----------------------------------ა, რომელშიც შედიან თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის და სხვა აეროპორტები. თავისთავად ამ აეროპორტებიდან სრულდება მრავალი საავაციო რეისი, და ვის, თუ არა აეროპორტისთვის, ცნობილია თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ფრენები. რომც არ მივიღოთ მხედველობაში, მაგალითისთვის, ყველაზე ძვირი კომპონენტი - საავიაციო საწვავის ღირებულება, რა ღირს საქართველოს აეროპორტებში თვითმფრინავის დაჯდომა-აფრენის და სხვა მომსახურეობის ღირებულება მოპასუხისთვის ხომ ზედმიწევნით კარგად იყო ცნობილი? ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ვარაუდობს, რომ 1 ფ/საათისთვის 1000 აშშ დოლარის დაწესება არის შეგნებული მოქმედება, რომელიც მიმართული იყო მხოლოდ გამოსაცხადებელი ტენდერის ჩაშლისაკენ. ტენდერის ჩაშლა კი გარდაუვალი იყო, და ეს ჩანს თუნდაც იქედან, რომ ტენდერში საბოლოოდ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ მოსარჩელემ. ხოლო მოსარჩელის მონაწილეობა ტენდერში განპირობებული იყო სულ სხვა ფაქტორებით და არა შემოთავაზებული ფასით. როგორ იქნებოდა მისაღები 1 ფ/საათში 1000 აშშ დოლარის შემოთავაზება, როდესაც მხოლოდ საოპერაციო ხარჯები ამ თანხას აღემატება თითქმის 900 აშშ დოლარით, და მოსარჩელე უკვე ასრულებდა ფრენებს სამჯერ მეტ თანხაში? აქედან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხის მოქმედებამ სერიოზულად დაარღვია, მათი დაცვის ნაცვლად, სახელმწიფოს ინტერესებიც, მათ შორის საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის და დაბალანსების პრინციპის დაუცველობის გამო.
2. მოსარჩელის ტენდერში მონაწილეობის მიღების გარემოებები. მოპასუხემ ტენდერი გამოაცხადა ბაზრზე არსებული მდგომარეობის შესწავლის გარეშე და ფაქტიურად ყველა დააყენა ფაქტის წინაშე. ასეთ პირობებში მოსარჩელის მონაწილეობა ტენდერში იყო გამორიცხული. მოსარჩელე მრავალჯერ შეხვდა მოპასუხის იმჟამინდელ დირექტორს ქ-ნ ქ. ალექსიძეს, რათა მიეღო ყველა განმარტება ტენდერის ირგვლივ, რასაც ასევე ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. უფრო მეტიც, შეხვედრები გაიმართა საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. როგორც მოპასუხის დირექტორის, ისე მოსარჩელის მიერ მითითებული სხვა თანამდებობის პირებისაგან დაყენებული იყო წინადადება, რომ მიეღოთ მონაწილეობა ტენდერში, ხოლო ყველა პრობლემური საკითხი, მათ შორის ღირებულების სიმცირის პრობლემა გადაწყდებოდა მუშა პროცესში, ანუ ზეპირი შეთანხმების თანახმად, პრემიერიც და ეკონომიკის მინისტრიც მხარს დაუჭერდნენ მოპასუხეს მომსახურების ღირებულების გადასინჯვის შემთხვევაში. ამასთან ერთად ფასების გადასინჯვის საკითხის განხილვა მოხდებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პირველი თვის ანგარიშფაქტურების ანალიზის საფუძველზე. ყველა მითითებულ პირთან შეხვედრები განპირობებული იყო ასევე იმით, რომ ახალი ტენდერის ჩაშლის შემთხვევაში უკვე მიმდინარე ანალოგიური მომსახურეობა, რომელსაც მოსარჩელე ახორციელებდა 2014 წლის 15 ივნისის Nო1/107-2014 საჰაერო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, შეწყდებოდა ვადის გასვლის და დაფინანსების ამოწურვის გამო 2017 წლის 10 აგვისტოსთვის, ანუ ტურისტული სეზონის პიკზე. რა თქმა უნდა ეს მოპასუხის ინტერესებში არ შედიოდა, ვინაიდან ტურიზმის ხელშეწყობის ნაცვლად ის ფაქტიურად საბოტაჟს უწევდა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა მოსარჩელემ ტენდერში მონაწილეობის მიღება და აღმოჩნდა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ერთადერთ მონაწილედ. მოსარჩელე მხარე მოპასუხის ხელმძღვანელობას მრავალჯერ შეხვდა ახალ ტენდერში გამარჯვების შემდეგაც. მოსარჩელისათვის სრულებით მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ შემდგომში მოპასუხემ ფაქტიურად ხელი შეუწყო მათი გაკოტრების პროცესს.
3. მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების გარემოებები. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ მოპასუხესთან დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #1/82-2017 (იხ. დანართი 3), ხოლო 2017 წლის 25 ივლისს მოპასუხემ უკვე მიაწოდა ამ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ფრენების განრიგიც. ფრენების გრაფიკს მოსარჩელისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან მათ გათვლებით, კეთილსინდისიერი თანამშრომლობის შემთხვევაში, ოპტიმალური დატვირთვის პირობებში, თუ შესრულდებოდა მხოლოდ ობიექტურად საჭირო რეისები, რეისების ჯამური რაოდენობა იქნებოდა ნაკლები, რაც ავტომატურად შეამცირებდა ზარალს. ანუ თუ თვეში გადასახდელ 124 000 აშშ დოლარის პირობებში შეასრულებდნენ არა 124 ფ/საათს, არამედ 70 ფ/საათს, რა შემთხვევაშიც 1 ფ/საათის ღირებულება იქნებოდა დაახლოებით 1750 აშშ დოლარი. ამ პირობებში რომ მოხდარიყო ფასების გადასინჯვა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროპორციით - 1 ჯერზე 10%, შეიძლება ითქვას, რომ ზარალი საერთოდ არ იქნებოდა ან მინიმალურ ზღვარზე დავიდოდა. ამ დროს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესასრულებელი ფრენების გეგმა-გრაფიკი აღმოჩნდა სრულებით გაუთვლელი და დემპინგური ფასების პირობებში მოსარჩელისათვის დამანგრეველი. ნაცვლად იმისა, რომ მოპასუხეს მიეღო მხედველობაში არსებული მდგომარეობა, როდესაც ყოველ ფრენა-საათს მოსარჩელე ნაწილობრივ საკუთარი სახსრებით ასრულებდა, მან გაზარდა შესასრულებელი ფრენების რაოდენობა, რითაც შესაბამისად გაიზარდა მოსარჩელის საკუთარი დანახარჯებიც. მაგალითად, საშუალო ზომის საჰაერო ხომალდით „შესყიდვის ობიექტის აღწერის“ 1.2.2. პუნქტის თანახმად (იხ. დანართი 6), სულ 3 წლის განმავლობაში უნდა შესრულებულიყო არაუმეტეს 1692 ფრენა - საათისა“, ანუ 1 წლის განმავლობაში არაუმეტეს 564 ფსაათი, თვეში არაუმეტეს 47 ფ/საათი. იმის გათვალისწინებით, რომ დანაწესი არ შეიცავდა ქვედა ანუ „მინიმალურ“ ზღვარს, გასული წლების მოსარჩელის პრაქტიკის გათვალისწინებით, მაქსიმალური ტურისტული ნაკადების პირობებში რეალურად შესრულებული გადაზიდვების მოცულობის ანალიზის საფუძველზე ყველა ობიექტური პარამეტრების გათვალისწინებით (უამინდობა) მივიჩნიეს, რომ ხელშეკრულების მთელი ვადის განმავლობაში, რეალურად შესრულდებოდა 1350-1450 ფრენა/საათი, მგზავრებით დატვირთვის არანაკლებ 70% პირობებში. მსარჩელე ვერ წარმოიდგენდა, რომ ს/ხომალდი ძალიან ხშირად თითქმის ცარიელი იფრენდა. ამ დროს მოსარჩელის მიერ ოპერირებად ს/ხომალდებს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულთან შედარებით 10% მეტი მგზავრების გადაყვანა შეეძლო, ასეთი მგზავრები რომ ყოფილიყო. უფრო მეტიც, ადგილი ქონდა რეისებს, რომელზედაც დატვირთვა 0% დან (ანუ არცერთი მგზავრი) 13 %-მდე მერყეობდა. სწორედ ასეთ პირობებში, დაინახა რა, რომ სარეისო ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ მოსარჩელე ფარავდა, მოპასუხემ მოითხოვა შესასრულებელი რეისების ზრდა, და ამ დატვირთვას ინარჩუნებდა მიუხედავად მოსარჩელის პოზიციისა. ფრენების დაწყებიდანვე, დატვირთვის მაქსიმალური ზრდის შედეგად, 1 წელის განმავლობაში შესასრულებელი რეისების უდიდესი წილი შესრულებული იყო ოპერირების დაწყებიდან 6 თვის თავზე - ამ დროისთვის მოსარჩელეს უკვე ნაფრენი ქონდა 447,83 საათი, რაც წლიური ფრენა საათის 79,2 % –ს შეადგენდა. სწორედ ამ მოკლე პერიოდზე მოვიდა წლიური სარეისო ხარჯების ბიუჯეტის 80%–ზე მეტი, რომლის უდიდეს ნაწილს ფარავდა მოსარჩელე. მოპასუხის ახირების გამო მოსარჩელეს ევალებოდა შეესრულებინა რეისები, რომლებიც ობიექტურად არ უნდა შესრულებულიყო ელემენტარულად მგზავრთა არასაკმარისობის გამო. ასე მოიქცეოდა წინდახედული, საკუთარ საქმეებზე მზრუნველი მეწარმე კი რა, ალბათ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი. საინტერესო ის არის, რომ მოპასუხის პოზიცია გაუმართლებელი იქნებოდა მაშინაც, თუ ტენდერით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნებოდა ფრენების სამართლიანი ღირებულება. მაშინ ზარალს ნახავდა უკვე სახელმწიფო, რომელსაც მოუწევდა საბიუჯეტო სახსრებით მოპასუხის ავანტიურისტული გეგმის დაფინანსება. ამ შემთხვევაში კი ზარალი ნახა მხოლოდ მოსარჩელემ და მოპასუხის ასეთმა მიდგომამ კომპანია გაკოტრების ზღვრამდე მიიყვანა. სულ ასეთ „მომსახურეობაში“, თითქმის ცარიელი თვითმფრინავების ფრენებში, მოსარჩელემ გადაიხადა საკუთარი სახსრები 860 020 აშშ დოლარის ოდენობით. ზიანი უფრო დიდი იქნებოდა, მათ რომ მოპასუხის მიერ შედგენილი თბილისი ბათუმი–თბილისის გეგმა–განრიგი სრულად შეესრულებინათ. ასე მაგალითად, მოსარჩელემ განრიგით გათვალისწინებული 259 ორმხრივი ავიარეისის ნაცვლად, შეასრულა 223 ავიარეისი იმ მიზეზის გამო, რომ 36 შეუსრულებულ რეისზე მგზავრობის მსურველი საერთოდ არ აღმოჩნდა. სწორედ ნაკლები რაოდენობის შესრულებული რეისების გამო მივიღეს საშუალო დატვირთვა 68,67 % ოდენობით. არადა მოსარჩელეს რომ გეგმით გათვალისწინებული ის 36 რეისიც შეესრულებინა, საშუალო დატვირთვა უკვე 64%-ზე და უფრო დაბლაც ჩამოვიდოდა. სწორედ ამაში მდგომარეობდა მოპასუხის ფრენების გეგმის პარადოქსულობა - რაც უფრო მეტი ფრენა შესრულდება, მით უფრო დაბალი იქნება ყოველი რეისის შევსებადობა და მეტი - მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი.
4.ზიანის მომყენებელი კონკრეტული გარემოებები. ტენდერის პირობების თანახმად 1 ფრენა საათის ღირებულება 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი იყო, ხოლო მხოლოდ პირდაპირი სარეისო და საექსპლოატაციო ღირებულება კი 1968,98 აშშ დოლარს შეადგენდა. ანუ ტენდერის ფასსა და რეალურ ხარჯებს შორის სხვაობა უდრიდა არანაკლებ 968,98 აშშ დოლარს ერთ ფრენა-საათზე. სწორედ ამ სხვაობის დაფარვა უწევდა მოსარჩელეს საკუთარი სახსრებით და ეს თანხა იყო მათი პირდაპირი მატერიალური ზიანი. მოსარჩელე ვარაუდობდა, რომ მოპასუხე გამოიჩენდა კეთილსინდისიერებას და ერთობლივად მივიღებდით ზომებს ზიანის შემცირებისათვის. ამის შესაძლებლობას იძლეოდა მოქმედი კანონმდებლობაც და დადებული ხელშეკრულებაც, საჭირო იყო მხოლოდ მოპასუხის ნება. მაგალითისთვის შესაძლებელი იყო ერთ ჯერზე ერთი ფრენა - საათის ღირებულება გაზრდილიყო 10%-ით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გათვლების თანახმად, 10%-ნი ცვლილების შემთხვევაში ერთჯერადაც კი მისცემდა საგრძნობ შედეგს, ხოლო თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ასეთი ზრდის შესაძლებლობის ჯერადობა კანონმდებლობით პირდაპირ არ იზღუდება, მოპასუხის მხრიდან საკითხისადმი ჯეროვანი მიდგომის შემთხვევაში, ზიანი აღარც იარსებებდა. ასევე, მოსარჩელის მიერ შეთავაზებული ხარჯების ოპტიმიზაციის სხვა წინადადებების გაზიარების შემთხვევაში, მოსარჩელის ხელშეკრულებიდან გასვლის საკითხიც დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. ამ დროს მოპასუხეს რომ შეეძლო წამოსულიყო ამ ელემენტარულ დათმობებზე ჩანს იქედან, რომ მოსარჩელის ხელშეკრულებიდან გასვლისთანავე მოპასუხემ პირდაპირი შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მოახდინა ანალოგიური მომსახურეობის შესყიდვას მოსარჩელის შვილობილი კომპანიისაგან, სადაც იგივე ბათუმის მიმართულების ერთი ორმხრივი რეისის ღირებულება შეადგენს უკვე 5300,00 (ხუთიათას სამასი) აშშ დოლარს, რაც 1 ფრენა საათზე გადაანგარიშებით შეადგენს 2650 (ორიათასექვსასორმოცდაათი) აშშ დოლარს, ხოლო მცირე ზომის საჰაერო ხომალდით (არანაკლებ 15 ადგილი) შესრულებული ორმხრივი რეისების ფასი მიმართულებების მიხედვით მერყეობს 2430 აშშ დოლარიდან 3550 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც შესაბამისად 1 ფრენა საათის საფასურის თვალსაზრისით შეადგენს 1940 – 2095 აშშ დოლარს (დანიშნულების აეროპორტების სპეციფიკის გათვალისწინებით). ანუ თუ მოპასუხეს შეეძლო ხელშეკრულების დადება რეალურ საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, როდესაც მას ეს დასჭირდა შპს „აკ-ეარ ჯორჯია“-ს შემთხვევაში, მოსარჩელის ხელშეკრულების ფარგლებში რატომ თქვა უარი ყველა ჩვენი წინადადების განხილვაზე და ამით ხელი შეუწყო ზიანის მიღებას და მოსარჩელის მიზანმიმართულ გაკოტრებას.
მოსარჩელის ყველა წინადადება და შეთავაზება რეაგირების გარეშე რჩებოდა, მოპასუხე ალბათ მათ არც კი იხილავდა და მას ამოძრავებდა ერთი მიზანი - მოსარჩელე კომპანიის გაკოტრება ან მაქსიმალური ზიანის მიყენება. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ოპერირების მეშვიდე თვეს, ზიანი უკვე აღემატებოდა 2,5 მლნ ლარს და კომპანია ჯამურად ვალაუვალი ხდებოდა. ამის შემდგომ, ვინაიდან მოპასუხის მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდებოდა, კომპანიის გაკოტრებისაგან გადარჩენის მიზნით, მოსარჩელემ მიიღო ხელშეკრულებიდან ვადამდე გასვლის გადაწყვეტილება. ამდენი ხნის განმავლობაში ცალმხრივად მიმდინარე მიმოწერაში მოპასუხე მხოლოდ ამ ერთადერთ წინადადებას გამოეხმაურა. თანხმობასთან ერთად, ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ დაუყოვნებლივ აამოქმედა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიები და უაქცეპტო წესით ჩამოჭრა საბანკო ანგარიშებიდან 135 130,65 აშშ დოლარის ექვივალენტი 332 705,17 ლარი „სებ“ –ის გაცვლითი კურსის შესაბამისად, მათ შორის ამ თანხაში შედის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის სანქცია 3% ოდენობით. მოპასუხემ არ იკმარა ეს ნაბიჯიც, და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო პრობლემის არსი და მიზეზები, დააყენა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მოსარჩელე კომპანიის შავ სიაში შეყვანის მოთხოვნა. ეს რომ განხორციელებულიყო, კომპანია საბოლოოდ განადგურებოდა. სახელმწიფო შესყიდვის სააგენტომ გულმოდგინეთ შეისწავლა საკითხი, ჩაწვდა პრობლემატიკის არსს და არ გაიზიარა მოპასუხის მოთხოვნა. მოსარჩელე თვლის, რომ ეს არის მოპასუხის ბრალეულობის და არამართებულად მოქმედების კიდევ ერთი დადასტურება.
გარდა ამისა, მოპასუხემ არასრულად აანაზღაურა მოსარჩელის მიერ შესრულებული ავიარეისები ფაქტიურად განხორციელებული ფრენა - საათების მიხედვით. ამის შესახებ მოსარჩელე ატყობინებდა მას ჯერ კიდევ 2017 წლის 29 ნოემბერს #175/02-17 წერილით. კერძოდ, იმ დროისთვის მოპასუხის მიერ არ ანაზღაურდა 1 ფრენა საათისთვის გათვალისწინებული თუნდაც იგივე მიზერული 1000 აშშ დოლარის პირობებშიც კი 156,04 ფრენა - საათი, რომლის ღირებულება შეადგენდა 156,066 აშშ დოლარს. მოსარჩელის ეს მოთხოვნაც დარჩა რეაგირების გარეშე, რაც მოპასუხის მოქმედების ჩვეული ტაქტიკა აღმოჩნდა.
ამრიგად მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხის მოქმედებების გამო მას მიადგა პირდაპირი მატერიალური ზიანი, რომელის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა მოპასუხე ჯეროვანად რომ მოპყრობოდა საკუთარ მოვალეობებს. მოპასუხის ბრალეული ქმედების და უმოქმედების გამო წარმოშობილი ზარალი 2018 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 860 019,90 (რვაასსამოციათასცხრამეტი აშშ დოლარი და 90 ცენტი) აშშ დოლარს. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელემ ხელშეკრულება ვერ შეასრულა მოპასუხის ბრალეული ქმედების გამო, საფუძველს მოკლებული იყო მოპსუხის მოთხოვნა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული 135 130,65 (ასოცდათხუთმეტი ათას ასოცდაათი აშშ დოლარი და 65 ცენტი) აშშ დოლარის მიღების შესახებ, რაც განხორციელდა კიდევაც. ასევე მოპასუხემ რეაგირების გარეშე დატოვა მოსარჩელის მოთხოვნა დამატებით აენაზღურებინა ფაქტიურად შესრულებული 156,04 ფრენა - საათი ღირებულებით 156,066 აშშ დოლარი სებ–ის კურსით 2,7225 რაც შეადგენდა 424 889,68 (ოთხასოცდაოთხი ათას რვაასოთხმოცდაცხრა ლარი და 68 თეთრი) ლარს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჯამურად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ შეადგენს 2 409 345 ლარს და 291 196 აშშ დოლარს. მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეს დავის დასრულებამდე სარგებლის სახით დაერიცხოს თვეში 12 287 ლარი, სანამ მოპასუხე არ აუნაზღაურებს მის მიერ გაწეულ დანახარჯებს 2 123 412 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. შპს ,,სა---------–----------------------------------ამ" წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელემ ნამდვილად მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა 2017 წლის 20 აპრილს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერ #170005906-ში, თუმცა სრულიად გაუგებარია მისი პოზიცია შესყიდვის სავარაუდო ფასთან მიმართებით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ფასისა და მიწოდების ძირითადი პირობების განსაზღვრისას შპს „სა---------–----------------------------------ა“ დაეყრდნო სწორედ სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცებამდე ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგებს და ფასი, რომლის რომლითაც გამოცხადდა ტენდერი, შესაბამისობაში იყო კვლევის ფარგლებში მიღებულ შედეგებთან. ბაზრის კვლევა ჩატარდა ამისათვის დადგენილი ყველა შესაბამისი წესის დაცვით. კვლევის შედეგად დაფიქსირდა კონკრეტული ფასი და პირობები, რომელიც შემდგომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად და მის პირობებად განისაზღვრა. გამომდინარე აქედან, შპს „სა---------–----------------------------------ას", როგორც სახელმწიფო შემსყიდველს უფლებაც არ ქონდა ელექტრონული ტენდერი მეტი ფასითა და სხვა პირობებით გამოეცხადებინა. გაუგებარია რა ვალდებულებების დარღვევებზე მიუთითებს მოსარჩელე. მოსარჩელე ნამდვილად ასრულებდა ფრენებს 2014 წლის 15 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ფრენა-საათების ღირებულება 3 100 (სამი ათას ასი) აშშ დოლარი იყო. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბაზრის კვლევის შედეგად დაფიქსირდა ის ფასი და პირობები, რომელიც შემდგომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად და მის პირობებად განისაზღვრა.
მოპასუხე არ ეთანხმება ასევე, მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 23 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით ერთი ფრენა/საათის ღირებულება შეადგენდა 1000 აშშ დოლარს. მოპასუხის განმარტებით, ფასის ერთეულად ხელშეკრულებით განსაზღვრული, საერთოდ არ იყო ფრენა/საათი. შემსყიდველი ხელშეკრულების ფასს იხდიდა ყოველთვიურად წინასწარ განსაზღვრული თანხის (125 000 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე) ანაზღაურების სახით. ფრენა/საათები თითოეული საჰაერო ხომალდისათვის განსაზღვრული იყო ჯამური მაქსიმუმის სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა არც მომხდარიყო ყველა ფრენა/საათის გამოყენება, შესაბამისად, ფრენა/საათის ღირებულება შესაძლოა გამოსულიყო ბევრად მეტი, ვიდრე 1000 აშშ დოლარი.
მოსარჩელესთან, როგორც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულთან, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. მას მიეწოდა შესასრულებელი ფრენების განრიგი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იყო ხელშეკრულების პირობებთან. ხელშეკრულების მიხედვით განრიგს განსაზღვრავდა მოპასუხე. გაუგებარია, რატომ მიიჩნევს მოსარჩელე მას დაუსაბუთებლად, და მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებითვე, კერძოდ კი, პირველი დანართის 2.4 პუნქტით, თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ ფრენები თვეებზე გადანაწილდებოდა არათანაბრად. მოსარჩელეს განრიგთან დაკავშირებული პრეტენზია არ გამოუთქვამს მანამდე, სანამ არ აღმოჩნდა, რომ არსებობდა სახელშეკრულებო ვალდებულებათა
შეუსრულებლობის საფრთხე მისი მხრიდან.
შესაბამისად მოპასუხისათვის გაურკვეველია რაზე დაყრდნობით ანგარიშობს მოსარჩელე ფრენა/საათის ღირებულებას და დამდგარ ზიანს. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მხარეები ვალდებულნი არიან, ურთიერთობა წარმართონ მისი პირობებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა მოპასუხე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის საკითხთან მიმართებით. როგორც მხარეთა შორის გაფორმებული No1/82-2019 ხელშეკრულებით, ასევე კანონმდებლობით, მკაცრად რეგლამენტირებულია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პირობების, განსაკუთრებით კი ხელშეკრულების ღირებულების, შეცვლის წესი. შესყიდვის ღირებულება შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 10%-ით მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლით დადგენილი წესით. ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად ამ მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობები კი მათ შემთხვევაში არ არსებობდა. ამასთანავე, მომსახურების გაწევისა და ანაზღაურების წესი დადგენილი იყო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 19 აპრილის N776-ე განკარგულებით. შესაბამისად, მოპასუხეს არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად.
ქვეყნის შიდა ავიარეისების შესრულების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის N362-ე განკარგულების საფუძველზე შიდა ფრენების განხორციელების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (შესყიდვის გამარტივებული საშუალების გამოყენებით) დროებით, ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისა და გამარჯვებულის მიერ ფრნების დაწყებამდე, 2018 წლის 22 თებერვალს, დაიდო შპს „აკ ეარ ჯორჯიასთან". ამ ხელშეკრულების პირობები, მათ შორის ანაზღაურების წესი, განსხვავდებოდა მოსარჩელესთან არსებული ხელშეკრულების პირობებისგან. ეს მიდგომა ეფუძნებოდა ხელშეკრულების გაფორმებამდე ბაზრის შესწავლას, კვლევასა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის N362-ე განკარგულებას. შესაბამისად, ხელშეკრულების ფასის შესახებ ინფორმაციაც მომდინარეობდა ამ კვლევებიდან და ვერ იქნებოდა ცნობილი კვლევების განხორციელებამდე.
2018 წლის პირველ თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი მათ შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მხარეებმა აქტით დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი იყო მხოლოდ მიმწოდებლის (მოსარჩელის) მიერ ვალდებულებათა დარღვევა. ამასთანავე, მოსარჩელეს გააჩნდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება მოპასუხის მიმართ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გადახდილი ავანსის ნაწილის (რომლის შესაბამისი შესრულებაც მიმწოდებლის მხრიდან არ განხორციელებულა), ზედმეტად გადახდილი დღგ-სა და ბილეთების რეალიზაციის იმ თანხის ოდენობით, რომლის გაქვითვა ან შემსყიდველისათვის დაბრუნება არ მომხდარა. დავალიანება დადასტურებულია მხარეთა შორის 2018 წლის 29 იანვარს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით N7-1. მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ფულადი დავალიანებისა და ვალდებულებათა შეუსრულებლობის საფუძველზე მოხდებოდა მოპასუხის მიერ მისი უფლებების გამოყენება, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიებიდან, როგორც ბენეფიციარს.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე უთითებს საქართველოს სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების არც ერთი აღნიშნული კრიტერიუმი არ არსებობს, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შპს „სა---------–----------------------------------ა“ 2017 წლის 23 ივნისის No1/82-2019 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან შეწყვეტამდე მოქმედებდა მისი ყველა პირობის სრული დაცვით. პირის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვა კონტრაჰენტთან ურთიერთობაში შეუძლებლია წარმოადგენდეს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. ამასთანავე, ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ზიანი არსებობს. მოპასუხეს მიაჩნია, რომ ან შემთხვევაში ზიანი დაუსაბუთებელია. რაც შეეხება სარეგბლის დაკისრებას, მოპასუხე თვლის რომ ვინაიდან არ არსებობს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების დამდასტურებელი მტკიცებულები. შესაბამისად, სრულიად დაუსაბუთებელია ასეთი ზიანის თანხაზე თეორიულად მისაღები სარგებლის მოთხოვნაც. გარდა ამისა, მოპასუხისათვის გაუგებარია რა პრინციპზე დაყრდნობითაა გაანგარიშებული და საიდან მომდინარეობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხების ოდენობები.
რაც შეეხება ფაქტიურად შესრულებული ფრენა-საათების ღირებულების ანაზღაურებას, მოპასუხე თვლის, რომ მოპასუხის ყველა ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შესრულებულია, კერძოდ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ერთადერთი გარიგება - 2017 წლის 23 ივნისის No1/82-2019 ხელშეკრულება. მოპასუხე ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან შეწყვეტამდე მოქმედებდა მისი ყველა, მათ შორის ანგარიშსწორების, პირობის სრული დაცვით. მოსარჩელისათვის სრულად ანაზღაურებულია მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდის შესაბამისი ოდენობით, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც შემსყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა მიმწოდებლისათვის ყოველთვიურად წინასწარ განსაზღვრული თანხა, კერძოდ, 125 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე. ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული არანაირი სხვაგვარი გარიგება მხარეთა შორის არ ყოფილა.
მოპასუხეს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის პრეტენზია, როგორც მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის გამოყენებასთან, ასევე გარანტიების გაცემის საფასურად გარანტებისათვის გადახდილი თანხების მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გარანტიის შემსყიდველისათვის წარდგენის მიზანი მდგომარეობს ამ უკანასკნელის მოთხოვნების უზრუნველყოფაში იმ შემთხვევისათვის, როდესაც მიმწოდებელი ვერ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი სადავო არ გამხდარა. მხარეთა შორის 2018 წლის პირველ თებერვალს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება #1/82-2019-ის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებითაც კი ცალსახადაა დადასტურებული, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ ვალდებულებათა დარღვევით. მხარეები იქვე დამატებით ადასტურებენ, რომ ამ მდგომარეობაში შემსყიდველი მიმართავს: გარანტს საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხების სრული ოდენობით განაღდების მოთხოვნით, რაც მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული შედეგების კომპენსირების საშუალებას წარმოადგენს. დავალიანების არსებობა დადასტურებულია მხარეთა შორის 2018 წლის 29 იანვარს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით N7-1-ითაც. ყოველივე ამის შემდგომ, მოპასუხისათვის გაურკვეველია, რატომ მიიჩნევს მოსარჩელე, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ გარანტიების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 20 აპრილს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების უფლების მოსაპოვებლად. აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე. ტენდერის გამოცხადებას წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 19 აპრილის განკარგულება, რომლითაც შპს ,,სა---------–----------------------------------ას“ ეთხოვა თბილისის, ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისისა და ნებისმიერი სხვა ადგილობრივი დანიშნულების ადგილის მიმართულებით და პირიქით, მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, ასევე ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ავიარეისების ორგანიზება, რისთვისაც დაევალა ავიარეისების მომსახურების შესყიდვა ტენდერის მეშვეობით. ამავე განკარგულებით განისაზღვრა ის ძირითადი პირობები, რომლის დაცვითაც უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და ყოველთვიური მომსახურების ღირებულება, არაუმეტეს 125 000 აშშ დოლარის ოდენობით, დღგ-ს გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მთავრობის განკარგულება (ს.ფ. 155-157).
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2017 წლის 23 ივნისს შპს ,,სა---------–----------------------------------ას“ და შპს ,,სე--------------------r"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N1/82-2017 საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა რეგულარული და ჩარტერული ავიარეისები შემსყიდველთან შეთანხმებული გრაფიკის, ჯერადობის და მარშრუტის მიხედვით.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღრა 4 500 000 აშშ დოლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ს გათვალისწინებით 5 310 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მომსახურების ერთეულის ფასი - ერთი თვის ღირებულება შეადგენს 125 000 აშშ დოლარის ექვივალენტს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ს გათვალისწინებით 147 500 აშშ დოლარის ექვივალენტს საქართველოს ეროვნული ვალუტაში.
მხარეთა შეთანხმებით მომსახურების გაწევის ვადები და ზოგადი წესი განისაზღვრება დანართ N2-სა და ამ ხელშეკრულების სხვა შესაბამის პუნქტებში გაწერილი პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი და ანგარიშსწორების პირობები, კერძოდ 3.1. პუნქტის თანახმად ,,შესყიდვის ობიექტის - მომსახურების მიღება, ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, ფორმდება ორმხრივი ,,მიღება-ჩაბარების“ აქტით, ,,მიმწოდებლის“ მიერ განხორციელებული ფრენების, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის და ნაფრენი საათების გათვალისწინებით, რის საფუძველზეც ,,მიმწოდებელი“ ,,შემსყიდველს“ წარუდგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას. ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ყოველთვიურად, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საანგარიშო თვის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ორმხრივად ხელმოწერილი ,,მიღება-ჩაბარების“ აქტის და შესაბამისად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 5 (ხუთი) საბანკო დღეში...“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება N1/82-2017 (ს.ფ. 40-48);
- ხელშეკრულების დანართები (ს.ფ. 49-53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. შპს ,,სა---------–----------------------------------ას“ და შპს ,,სე--------------------r"-ს შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა სს ,,ბა------------“-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით, კერძოდ 2017 წლის 22 ივნისს N5649-06/17 საბანკო გარანტიით და 2017 წლის 28 ივნისის N5670-06/17 საბანკო გარანტიით.
2017 წლის 22 ივნისს N5649-06/17 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 159 300 აშშ დოლარი. ხოლო 2017 წლის 28 ივნისის N5670-06/17 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 885 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტიის ხელშეკრულებები (ს.ფ. 54-56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 2018 წლის 01 თებერვალს შპს ,,სა---------–----------------------------------ას“ და შპს ,,სე--------------------r"-ს შორის გაფორმდა აქტი 2017 წლის 23 ივნისის N1/82-2017 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
მითითებული აქტით განისაზღვრა შემდეგი:
1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით, 2018 წლის 01 თებერვლიდან შეწყდეს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2017 წლის 23 ივნისს გაფორმებული N1/82-2017 ხელშეკრულება საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
2. მხარეები ადასტურებენ, რომ N1/82-2017 ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, მიმწოდებელს ფულადი ვალდებულება შემსყიდველის მიმართ შეადგენს 1 772 110,90 ლარს, რაც დასტურდება მხარეთა შორის 2018 წლის 31 იანვარს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით და რომელიც უზრუნველყოფილია სს ,,ბა------------ს“ (გარანტი) საბანკო გარანტია N5670-06/17-ით (2017.06.28);
3. ვინაიდან მიმწოდებელი ვერ მოახდენს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ვერ დაფარავს მე-2 პუნქტში მოცემულ ვალდებულებას, შემსყიდველი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავს სს ,,ბა------------“-ს (გარანტი) საბანკო გარანტიის N5670-06/17 (2017.06.28) მე-2 პუნქტში მითითებული თანხების ეკვივალენტური ოდენობით განაღდების მოთხოვნით.
4. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში შევიდა ცვლილება, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება უნდა დაკორექტირდეს და განისაზღვროს 4 504 354,84 აშშ დოლარის ექვივალენტის საქართველოს ეროვნულ ვალუტაშ ოდენობით. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებისა და ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების შეცვლის საფუძველზე კორექტირებას, კერძოდ კი შემცირებას, ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია N5649-06/17 (22.06.2017). კანონმდებლობაში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე და ხელშეკრულების ჯამური ღირებულების შემცირების საფუძველზე 3% შეადგენს 135 130,65 აშშ დოლარს, ნაცვლად 159 300 აშშ დოლარისა.
5. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება N1/82-2017 წყდება მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით, წარმოდგენილი შესაბამისი საბანკო გარანტიაც (N5649-06/17) ექვემდებარება განაღდებას მე-4 პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ოდენობით. შემსყიდველი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავს სს ,,ბა------------“-ს (გარანტი) საბანკო გარანტიის N5649-06/17 (22.06.2017) მე-4 პუნქტში მითითებული თანხების ეკვივალენტური ოდენობით განაღდების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 166-167);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აქტის გაფორმებამდე 2018 წლის 29 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N7-1, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელის ჯამური ფულადი ვალდებულება შემსყიდველის მიმართ საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის 2054977,40 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 168-169);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. შპს ,,სა---------–----------------------------------ამ“ მიმართა სს ,,ბა------------ს“ და მოითხოვა N5649-06/17 საბანკო გარანტიის თანხის ნაწილის 135 130,65 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც ბანკის მხრიდან დაკმაყოფილებული იქნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02.02.2018 წლის N84 წერილი (ს.ფ. 90-1);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები არ დავობენ სხვა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები (სამართალდარღვევის შემადგენლობა), კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი, ზიანი სხვა არაფერია თუ არა პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ქონებრივი დანაკლისი, როდესაც არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ზიანის არსებობის ფაქტი, რაც გამორიცხავს მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტს, რომ ზიანი მას წარმოეშვა მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით, კერძოდ არ ჩაატარა ბაზრის გამოკვლევა სამომავლო ხელშეკრულების პირობების დადგენის მიზნით და არ განახორციელა ფრენა-საათის ღირებულების გაზრდა 10%-ით, სასამართლო არ იზიარებს, რადგან ხელშეკრულების გაფორმების დროს, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ფასისა და მიწოდების ძირითადი პირობების განსაზღვრისას შპს „სა---------–----------------------------------ა“ დაეყრდნო სწორედ სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცებამდე ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგებს და ფასი, რომლითაც გამოცხადდა ტენდერი, შესაბამისობაში იყო კვლევის ფარგლებში მიღებულ შედეგებთან. ბაზრის კვლევა ჩატარდა ამისათვის დადგენილი ყველა შესაბამისი წესის დაცვით. კვლევის შედეგად დაფიქსირდა კონკრეტული ფასი და პირობები, რომელიც შემდგომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად და მის პირობებად განისაზღვრა. გამომდინარე აქედან, შპს „სა---------–----------------------------------ას", როგორც სახელმწიფო შემსყიდველს უფლებაც არ ქონდა ელექტრონული ტენდერი მეტი ფასითა და სხვა პირობებით გამოეცხადებინა.
მოსარჩელე მხარეს აღნიშნული გარემობის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით შემოიფარგლა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით.
ამასთან საგულისხმოა, რომ ტენდერის გამოცხადებას წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 19 აპრილის განკარგულება, რომლითაც შპს ,,სა---------–----------------------------------ას“ ეთხოვა თბილისის, ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისისა და ნებისმიერი სხვა ადგილობრივი დანიშნულების ადგილის მიმართულებით და პირიქით, მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, ასევე ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ავიარეისების ორგანიზება, რისთვისაც დაევალა ავიარეისების მომსახურების შესყიდვა ტენდერის მეშვეობით. ამავე განკარგულებით განისაზღვრა ის ძირითადი პირობები, რომლის დაცვითაც უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და ყოველთვიური მომსახურების ღირებულება, არაუმეტეს 125 000 აშშ დოლარის ოდენობით, დღგ-ს გარეშე.
სწორედ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 19 აპრილის განკარგულებით დადგენილი პირობებით იქნა ტენდერი გამოცხადებული, რაც შემდგომში აისახა მხარეთა შორის დადებულ სახელშეკრულებო პირობებში.
მოპასუხე არ ეთანხმება ასევე, მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 23 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით ერთი ფრენა/საათის ღირებულება შეადგენდა 1000 აშშ დოლარს. მოპასუხის განმარტებით, ფასის ერთეულად ხელშეკრულებით განსაზღვრული, საერთოდ არ იყო ფრენა/საათი. შემსყიდველი ხელშეკრულების ფასს იხდიდა ყოველთვიურად წინასწარ განსაზღვრული თანხის (125 000 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე) ანაზღაურების სახით. ფრენა/საათები თითოეული საჰაერო ხომალდისათვის განსაზღვრული იყო ჯამური მაქსიმუმის სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა არც მომხდარიყო ყველა ფრენა/საათის გამოყენება, შესაბამისად, ფრენა/საათის ღირებულება შესაძლოა გამოსულიყო ბევრად მეტი, ვიდრე 1000 აშშ დოლარი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 23 ივნისს შპს ,,სა---------–----------------------------------ას“ და შპს ,,სე--------------------r"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N1/82-2017 საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა რეგულარული და ჩარტერული ავიარეისები შემსყიდველთან შეთანხმებული გრაფიკის, ჯერადობის და მარშრუტის მიხედვით.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღრა 4 500 000 აშშ დოლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ს გათვალისწინებით 5 310 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად მომსახურების ერთეულის ფასი - ერთი თვის ღირებულება შეადგენს 125 000 აშშ დოლარის ექვივალენტს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ს გათვალისწინებით 147 500 აშშ დოლარის ექვივალენტს საქართველოს ეროვნული ვალუტაში.
მხარეთა შეთანხმებით მომსახურების გაწევის ვადები და ზოგადი წესი განისაზღვრება დანართ N2-სა და ამ ხელშეკრულების სხვა შესაბამის პუნქტებში გაწერილი პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი და ანგარიშსწორების პირობები, კერძოდ 3.1. პუნქტის თანახმად ,,შესყიდვის ობიექტის - მომსახურების მიღება, ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, ფორმდება ორმხრივი ,,მიღება-ჩაბარების“ აქტით, ,,მიმწოდებლის“ მიერ განხორციელებული ფრენების, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის და ნაფრენი საათების გათვალისწინებით, რის საფუძველზეც ,,მიმწოდებელი“ ,,შემსყიდველს“ წარუდგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას. ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ყოველთვიურად, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საანგარიშო თვის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ორმხრივად ხელმოწერილი ,,მიღება-ჩაბარების“ აქტის და შესაბამისად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 5 (ხუთი) საბანკო დღეში...“
ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები აქარწყლებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 23 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით ერთი ფრენა/საათის ღირებულება შეადგენდა 1000 აშშ დოლარს. ხელშეკრულებით დასტურდება, რომ შემსყიდველი ხელშეკრულების ფასს იხდიდა ყოველთვიურად წინასწარ განსაზღვრული თანხის (125 000 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე) ანაზღაურების სახით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს მიეწოდა შესასრულებელი ფრენების განრიგი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იყო ხელშეკრულების პირობებთან. ხელშეკრულების მიხედვით განრიგს განსაზღვრავდა მოპასუხე.
რაც შეეხება ხელშეკრულების ღირებულების გაზრდას, როგორც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ასევე კანონმდებლობით, მკაცრად რეგლამენტირებულია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პირობების, განსაკუთრებით კი ხელშეკრულების ღირებულების, შეცვლის წესი. შესყიდვის ღირებულება შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 10%-ით მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლით დადგენილი წესით.
ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად ამ მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობებზე კი მოსარჩელეს არ მიუთითებია. ამასთანავე, მომსახურების გაწევისა და ანაზღაურების წესი დადგენილი იყო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 19 აპრილის N776-ე განკარგულებით. შესაბამისად, მოპასუხეს არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად.
ამასთან საგულისხმოა, რომ 2018 წლის პირველ თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი მათ შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მხარეებმა აქტით დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი იყო მხოლოდ მიმწოდებლის (მოსარჩელის) მიერ ვალდებულებათა დარღვევა. ამასთანავე, მოსარჩელეს გააჩნდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება მოპასუხის მიმართ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გადახდილი ავანსის ნაწილის (რომლის შესაბამისი შესრულებაც მიმწოდებლის მხრიდან არ განხორციელებულა), ზედმეტად გადახდილი დღგ-სა და ბილეთების რეალიზაციის იმ თანხის ოდენობით, რომლის გაქვითვა ან შემსყიდველისათვის დაბრუნება არ მომხდარა. დავალიანება დადასტურებულია მხარეთა შორის 2018 წლის 29 იანვარს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით N7-1. მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ფულადი დავალიანებისა და ვალდებულებათა შეუსრულებლობის საფუძველზე მოხდებოდა მოპასუხის მიერ მისი უფლებების გამოყენება, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიებიდან, როგორც ბენეფიციარს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ შპს ,,სა---------–----------------------------------ას“ ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელისათის მიყენებულ ზიანის დადგომაში, ვინაიდან იმ ხელშეკრულების პირობები არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების ფასის გაზრდის ვალდებულებას; შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სე--------------------r"-ის უარი უნდა ეთქვას ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 01 თებერვალს შპს ,,სა---------–----------------------------------ა“-სა და შპს ,,სე--------------------r"-ს შორის გაფორმდა აქტი 2017 წლის 23 ივნისის N1/82-2017 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
მითითებული აქტით განისაზღვრა შემდეგი:
1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით, 2018 წლის 01 თებერვლიდან შეწყდეს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2017 წლის 23 ივნისს გაფორმებული N1/82-2017 ხელშეკრულება საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
2. მხარეები ადასტურებენ, რომ N1/82-2017 ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, მიმწოდებელს ფულადი ვალდებულება შემსყიდველის მიმართ შეადგენს 1 772 110,90 ლარს, რაც დასტურდება მხარეთა შორის 2018 წლის 31 იანვარს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით და რომელიც უზრუნველყოფილია სს ,,ბა------------ს“ (გარანტი) საბანკო გარანტია N5670-06/17-ით (2017.06.28);
3. ვინაიდან მიმწოდებელი ვერ მოახდენს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ვერ დაფარავს მე-2 პუნქტში მოცემულ ვალდებულებას, შემსყიდველი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავს სს ,,ბა------------“-ს (გარანტი) საბანკო გარანტიის N5670-06/17 (2017.06.28) მე-2 პუნქტში მითითებული თანხების ეკვივალენტური ოდენობით განაღდების მოთხოვნით.
4. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში შევიდა ცვლილება, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება უნდა დაკორექტირდეს და განისაზღვროს 4 504 354,84 აშშ დოლარის ექვივალენტის საქართველოს ეროვნულ ვალუტაშ ოდენობით. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებისა და ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების შეცვლის საფუძველზე კორექტირებას, კერძოდ კი შემცირებას, ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია N5649-06/17 (22.06.2017). კანონმდებლობაში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე და ხელშეკრულების ჯამური ღირებულების შემცირების საფუძველზე 3% შეადგენს 135 130,65 აშშ დოლარს, ნაცვლად 159 300 აშშ დოლარისა.
5. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება N1/82-2017 წყდება მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით, წარმოდგენილი შესაბამისი საბანკო გარანტიაც (N5649-06/17) ექვემდებარება განაღდებას მე-4 პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ოდენობით. შემსყიდველი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავს სს ,,ბა------------“-ს (გარანტი) საბანკო გარანტიის N5649-06/17 (22.06.2017) მე-4 პუნქტში მითითებული თანხების ეკვივალენტური ოდენობით განაღდების მოთხოვნით.
ამდენად, მხარეთა მიერ ხელმოწერილი აქტით განსაზღვრულია, რომ 2017 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება შეწყდა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ვალდებულების დარღვევისას და ნორმის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. დასახელებული ნორმა ადგენს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს ვალდებულებით ურთიერთობაში და მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას თუკი დადგინდა, რომ მისი ქმედება ბრალეული/მართლსაწინააღმდეგო იყო, მას მოჰყვა ზიანი და არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ 2018 წლის 01 თებერვალს ხელმოწერილი აქტით დასტურდება, რომ ხელშეკრულება შეწყდა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რაც მოპასუხე მხრეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან ათავისუფლებს.
გარდა ამისა, დადგენილია რომ შპს ,,სა---------–----------------------------------ას“ და შპს ,,სე--------------------r"-ს შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა სს ,,ბა------------ს“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით, კერძოდ: 2017 წლის 22 ივნისს N5649-06/17 საბანკო გარანტიით და 2017 წლის 28 ივნისის N5670-06/17 საბანკო გარანტიით. 2017 წლის 22 ივნისს N5649-06/17 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 159 300 აშშ დოლარი. ხოლო 2017 წლის 28 ივნისის N5670-06/17 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 885 000 აშშ დოლარი.
წარმოდგენილი სარჩელით შპს ,,სერვისეირი“ ზიანის ანაზღაურების სახით ითხოვს საბანკო გარანტიებზე დარიცხული თანხის 41078 ლარის და შესრულების გარანტიის თანხის 135 130 აშშ დოლარის დაკისრებას.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,სა---------–----------------------------------ას“ მიერ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვა განპირობებული იყო შპს ,,სერვისეირი“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულება შეწყდა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რაც მხარეებმა 2018 წლის 01 თებერვლის აქტზე ხელმოწერით დაადასტურეს. ამავე აქტით განისაზღვრა, რომ ვინაიდან ხელშეკრულება N1/82-2017 წყდება მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით, წარმოდგენილი შესაბამისი საბანკო გარანტიაც (N5649-06/17) ექვემდებარება განაღდებას მე-4 პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ოდენობით. შემსყიდველი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავს სს ,,ბა------------“-ს (გარანტი) საბანკო გარანტიის N5649-06/17 (22.06.2017) მე-4 პუნქტში მითითებული თანხების ეკვივალენტური ოდენობით განაღდების მოთხოვნით.
შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, მოპასუხის როლი მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ნაწილში არ იკვეთება, რაც გამორიცხავს აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.
ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ განახორციელა მის მიერ სარჩელში მითითებული სადავო გარემოებების მტკიცების ვალდებულება, რადგან შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა მისთვის მიყენებული ზიანის არსებობა, აღნიშნული ზიანის გამომწვევი მიზეზი და მისი ოდენობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. რაც შეეხება ფაქტიურად შესრულებული ფრენა-საათების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემობებს აქარწყლებს საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 29 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი და 2018 წლის 01 თებერვლის შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
ამასთან, მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომელიც ეხება 2017 წლის 01 დეკემბრამდე 756,50 ფრენა-საათის შესრულებას. მოსარჩელე აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით უთითებს მის მიერ 2017 წლის 29 ნოემბერს მოპასუხისათვის გაგზავნილ წერილზე, თუმცა მხარეთა შორის დეკემბრის თვეში შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით შესრულებული ფრენა-საათი ოდენობა განსაზღვრულია 415,29 საათით (ს.ფ. 218-219), ხოლო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდა 2018 წლის 31 იანვარს, შესრულებული ფრენა-საათი ოდენობა განსაზღვრულია 456,58 საათით.
გარდა ამისა, მხარებმა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებით განსაზღვრეს მხარეთა ვალდებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს გააჩნდა შემსყიდველის მიმართ ფულადი ვალდებულება.
ასეთი პირობებში კი დაუსაბუთებელია, მოსარჩელე მხარის განმარტება რომ მიღება-ჩაბარების და ხელშეკრულების შეწყვეტის აქტებით განსაზღვრული შესრულებული ფრენა-საათების გარდა, ასანაზღაურებელი დარჩა ფაქტიურად შესრულებული 156,04 ფრენა-საათის ღირებულება 156 066 აშშ დოლარი.
ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი და ანგარიშსწორების პირობები, კერძოდ 3.1. პუნქტის თანახმად ,,შესყიდვის ობიექტის - მომსახურების მიღება, ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, ფორმდება ორმხრივი ,,მიღება-ჩაბარების“ აქტით, ,,მიმწოდებლის“ მიერ განხორციელებული ფრენების, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის და ნაფრენი საათების გათვალისწინებით, რის საფუძველზეც ,,მიმწოდებელი“ ,,შემსყიდველს“ წარუდგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას. ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ყოველთვიურად, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საანგარიშო თვის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ორმხრივად ხელმოწერილი ,,მიღება-ჩაბარების“ აქტის და შესაბამისად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 5 (ხუთი) საბანკო დღეში...“
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის სრულად არის ანაზღაურებული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდის შესაბამისი ოდენობით, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც შემსყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა მიმწოდებლისათვის ყოველთვიურად წინასწარ განსაზღვრული თანხა, კერძოდ, 125 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე. ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული არანაირი სხვაგვარი გარიგება მხარეთა შორის არ ყოფილა.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ არც ამ მოთხოვნის ნაწილში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15 წ.).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,სა---------–----------------------------------ას“ ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელისათის მიყენებულ ზიანის დადგომაში. შესაბამისად მოსარჩელე უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე. რაც ასევე გამორიცხავს სარგებლის (მიუღებელი შემოსავლის) დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ გაუგებარია რა პრინციპზე დაყრდნობითაა გაანგარიშებული და საიდან მომდინარეობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხების ოდენობები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით; (ს.ფ. 110).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა შპს ,,სერვისეირი"-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,სე--------------------r"-ს სარჩელი შპს ,,სა---------–----------------------------------ა"-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე