გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
330210019002893643
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სესხი
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5151-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 ივლისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი

მოსარჩელე სს მი----------------------------–----------------------------–-“

წარმომადგენელი კო----------ე ნა--------

მოპასუხე მ--- მე-----–-–---–ი

წარმომადგენელი მი----ნ უგ------–---

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ--- მ------–-–---–- სს მი----------------------------–----------------------------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1751.63 აშშ დოლარი და 1663.99 ლარი.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ--- მე-----–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარემ დაგირავებული ნივთების რეალიზაცია მოახდინა შეუსაბამოდ დაბალ ფასებში, რითაც მსესხებელს მიადგა მატერიალური ზიანი. ამასთან, მოსარჩელის მითითება, რომ ნივთების გასხვისებით მიღებულმა თანხებმა შეუძლებელი გახადა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ოთხ შემთხვევაში ნივთები გაიყიდა სრულად შეუსაბამო ფასად, ხოლო ერთ შემთხვევაში სავაჭრო წარმომადგენლის მეშვეობით საბაზრო შეფასებაზე ნაკლები საწყისი ფასით.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს მი---------------- ორგანიზაცია „მიკ---------------------–ს“ და მ--- მ------–-–---–- შორის დაიდო სალომბარდო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით მსესხებელს #DNMO.0009946.003 ხელშეკრულების მიხედვით გადაეცა სესხი 460 აშშ დოლარი, #DNMO.0009946.002 ხელშეკრულებით 700 აშშ დოლარი, DNMO.0009946.004 ხელშეკრულებით 1500 აშშ დოლარი, DNMO.0009946.001 ხელშეკრულებით 3025 ლარი, ხოლო DNMO.0009946.006 ხელშეკრულებით 470 ლარი.

 

ჯამში მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 2600 აშშ დოლარი და 3495 ლარი.

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული იქნა მოპასუხის კუთვნილი ძვირფასი ლითონები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალომბარდო ხელშეკრულებები (ს.ფ 16; 21; 24; 28; 31)

- ფასეულობის შეფასებისა და დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ 17; 22; 25; 29; 32)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხემ 2017 წლის 16 თებერვლიდან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც სრულყოფილად შესრულებული არ არის.

 

სალომბარდო ხელშეკრულების მე-18 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ მსესხებელი გაფრთხილებიდან ორი კვირის ვადაში, ვერ გადაიხდის კრედიტს, პროცენტს ან/და პირგასამტეხლოს (მისი არსეობისას) ან რომელიმე გადასახდელი თანხის ნაწილს, მსესხებელი ამ ხელშეკრულებით დავალებას აძლევს მისოს მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხა, მსესხებლის სახელით მიმართოს მისი დავალიანების დასაფარად.

 

2016 წლის 2 დეკემბრის #DNMO.0009946.003 სალომბარდო ხელშეკრულებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 501.18 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 24 აპრილს პირდაპირი მიყიდვის გზით, მოსარჩელის მიერ რეალიზებული იქნა დაგირავებული ნივთი (ძვირფასი ლითონი). რეალიზაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო 473.58 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ ვერ უზრუნველყო მოპასუხის ვალდებულების სრულად შესრულება, რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება დარჩა 27.60 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 16 დეკემბრის #DNMO.0009946.002 სალომბარდო ხელშეკრულებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 757.75 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 6 აგვისტოს პირდაპირი მიყიდვის გზით, მოსარჩელის მიერ რეალიზებული იქნა დაგირავებული ნივთი (ძვირფასი ლითონი). რეალიზაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო 650 ლარი, რომელიც დაკონვერტირდა იმავე დღის კურსით და შეადგინა 265.31 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ ვერ უზრუნველყო მოპასუხის ვალდებულების სრულად შესრულება, რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება დარჩა 492.44 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 17 დეკემბრის #DNMO.0009946.004 სალომბარდო ხელშეკრულებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 1623.75 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 13 ივლისს ელექტრონული აუქციონის საშუალებით, მოსარჩელის მიერ რეალიზებული იქნა დაგირავებული ნივთი (ძვირფასი ლითონი). რეალიზაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო 960 ლარი, რომელიც დაკონვერტირდა იმავე დღის კურსით და შეადგინა 392.16 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ ვერ უზრუნველყო მოპასუხის ვალდებულების სრულად შესრულება, რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება დარჩა 1231.59 აშშ დოლარი.

 

2017 წლის 13 თებერვლის #DNMO.0009946.001 სალომბარდო ხელშეკრულებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 3454.56 ლარი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 4 დეკემბერს პირდაპირი მიყიდვის გზით, მოსარჩელის მიერ რეალიზებული იქნა დაგირავებული ნივთი (ძვირფასი ლითონი). რეალიზაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო 1950 ლარი. აღნიშნულმა თანხამ ვერ უზრუნველყო მოპასუხის ვალდებულების სრულად შესრულება, რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება დარჩა 1504.56 ლარი.

 

2017 წლის 14 თებერვლის ##DNMO.0009946.006 სალომბარდო ხელშეკრულებით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 549.43 ლარი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 14 აგვისტოს პირდაპირი მიყიდვის გზით, მოსარჩელის მიერ რეალიზებული იქნა დაგირავებული ნივთი (ძვირფასი ლითონი). რეალიზაციის შედეგად მოსარჩელემ მიიღო 390 ლარი. აღნიშნულმა თანხამ ვერ უზრუნველყო მოპასუხის ვალდებულების სრულად შესრულება, რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება დარჩა 159.43 ლარი.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ ლარში დასახელებულ დავალიანებას (1663.99) უნდა გამოკლდეს 182.98 ლარი და გადასახდელად განისაზღვროს 1481.01 ლარი.

 

აღნიშნული მსჯელობა ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

საქმეში დაცულია 2016 წლის 16 დეკემბრის ფასეულობის შეფასების და დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელემ მესაკუთრისგან, მოპასუხე მ--- მე-----–-–---–--გან ჩაიბარა საყურე წყვილი 18 ბრილიანტით, სუფთა წონით 5 გრამი, სინჯი 583, საყურე წყვილი თვლიანი 18 ბრილიანტით და ბეჭედი თვლიანი 18 ბრილიანტით. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ 2018 წლის 6 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით მოახდინა მხოლოდ ორი ნივთის რეალიზაცია (საყურე წყვილი თვლიანი 18 ბრილიანტით და ბეჭედი თვლიანი 18 ბრილიანტით). რაც შეეხება დაგირავებულ ნივთს - საყურე წყვილი 18 ბრილიანტით, წონით 5,2 გრამი, სინჯი 583, მისი შემადგენელი ოქროს ლითონი მოპასუხეს არ გადაცემია და ამავე ლითონის რეალიზაციის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

2018 წლის 4 დეკემბრის ოქროს ნაკეთობის გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელემ ერთი გრამი ოქრო გაასხვისა 35.19 ლარად. კერძოდ, ამავე აქტის შესაბამისად დგინდება, რომ მოსარჩელემ გირავნობით დატვირთა 55.40 გრამი ძვირფასი ნივთები, რომელთა გასხვისების ღირებულება ჯამში განისაზღვრა 1950 ლარით (1950:55.40=35.19).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმავე პრინციპის გამოყენებით, მოსარჩელის ეროვნულ ვალუტაში განსაზღვრულ დავალიანებას უნდა გამოაკლდეს 5,2 გრამი წონის ოქროს ნივთის ღირებულება, რომელიც მოსარჩელე მხარის მიერ განსაზღვრული ღირებულების მიხედვით არის (5.2X35.19) 182.98 ლარით და გადასახდელ ვალდებულებად განისაზღვროს 1481.01 ლარით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე მხარემ დაგირავებული ნივთების რეალიზაცია მოახდინა შეუსაბამოდ დაბალ ფასებში, რითაც მსესხებელს მიადგა მატერიალური ზიანი. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიული მტკიცებულება, რომელიც განსაზღვრავს სარეალიზაციოდ გატანილი ნივთების ღირებულებას მ--- მე-----–-–---–-- მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ მიიჩნია სარწმუნოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულებები ოქროს ნაკეთობის გადაცემის შესახებ (ს.ფ 18; 23; 30; 33; )

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 26)

- ფასეულობების შეფასებისა და დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 22)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 276-ე, 316-ე, 361-ე, 623-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის პირველი ნაწილით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს ეკისრება ვალდებულება, დააბრუნოს სესხად მიღებული თანხა, ხოლო გამსესხებელს კი აქვს უფლება მოითხოვოს მის მიერ გადაცემული თანხა.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება. სესხის ხელშეკრულების მიზანია საკუთრების უფლების მოპოვება ნასესხებ ფულზე ან ნივთზე. მსესხებელს უფლება აქვს ნასესხები ქონება განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ და მის გამცემს უფლება აქვს უკანვე მოითხოვოს იგი. ამდენად სესხის გაცემისას მსესხებელი ხდება ნასესხები ფულის ან ნივთის მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, სესხის დაბრუნებისას მსესხებელმა უნდა დააბრუნოს არა იგივე ნივთი, რომელიც გაიცა არამედ მსგავი - იგივე სახის, ხარისხისა და რაოდენობის.

 

დადგენილია, რომ სს მი---------------- ორ-------–-----იკ---------------------–ს“ და მ--- მ------–-–---–- შორის დაიდო სალომბარდო ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით მსესხებელს #DNMO.0009946.003 ხელშეკრულების მიხედვით გადაეცა 460 აშშ დოლარი, #DNMO.0009946.002 ხელშეკრულებით 700 აშშ დოლარი, DNMO.0009946.004 ხელშეკრულებით 1500 აშშ დოლარი, DNMO.0009946.001 ხელშეკრულებით 3025 ლარი, ხოლო DNMO.0009946.006 ხელშეკრულებით 470 ლარი. ჯამში მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 2600 აშშ დოლარი და 3495 ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დაგირავებული იქნა მოპასუხის კუთვნილი ძვირფასი ლითონები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოსარჩელემ სესხის თანხა სრულად გადასცა მოპასუხეს, თუმცა მას სესხის დაფარვის ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სალომბარდო ხელშეკრულების მე-18 პუნქტის საფუძველზე მოახდინა დაგირავებული ძვირფასი ნივთების რეალიზაცია, რომელმაც სრულად ვერ უზრუნველყო სალომბარდო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება.

 

კერძოდ, გირავნობის საგნების რეალიზაციის შედეგად მოსარჩელე კომპანიის მიერ მიღებული თანხები ჯამში შეადგენს 1131.05 აშშ დოლარს და 2340 ლარს. მოსარჩელემ გადასახდელად დარჩენილი დავალიანება განსაზღვრა 1751.63 აშშ დოლარის და 1663.99 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ დაგირავებული ქონების ნაწილი - 5,20 გრამი ოქროს ნაკეთობა მაია მ------–-–---–- არ გადაეცა და არც მისი რეალიზაცია განხორციელებულა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნილ ვალდებულებას უნდა გამოაკლდეს 5,20 გრამი ოქროს ნაკეთობის ღირებულება, რომელიც შეადგენს (5.2X35.19) 182.98 ლარს და საბოლოოდ ეროვნულ ვალკუტაში მ--- მე-----–-–---–-- დავალიანება განისაზღვროს 1481.01 ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით, ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ხელშეკრულების მე-10 მუხლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს მოსარჩელის მოთხოვნას, მისო უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა მეტია მისოს მოთხოვნაზე, მისო ვალდებულია სხვაობა დაუბრუნოს მსესხებელს. ვინაიდან დაგირავებული ნივთების რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ იქნა დაკმაყოფილებული სახელშეკრულებო პირობის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მ--- მ------–-–---–- დაეკისროს 1751.63 აშშ დოლარის და 1481.01 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ნაწილი - 185.65 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. სს მი----------------------------–----------------------------–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე მ--- მ------–-–---–- სს მი----------------------------–----------------------------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1751.63 აშშ დოლარის და 1481.01 ლარის გადახდა.

3. სს მი----------------------------–----------------------------–-ს“ მოთხოვნა მოპასუხისთვის 182.98 ლარის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. მოპასუხე მ--- მ------–-–---–- სს მი----------------------------–----------------------------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 185.65 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე