განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002870461
საქმეN1-148/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18.07.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: პა-----–-–--–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ზა-------------ძე
მამის სახელი: ალ-----
დაბადებული: 0--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: ქართველი
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ქობულეთი, რუ-------–-------------------
ბრალდებულის ადვოკატი - და--------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------
1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზა---------------ეს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. ბრალდების არსი:
2019 წლის 21 იანვარს, საღამოს საათებში, ქალაქ ქობულეთში, რუ-------–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ზა-------------ძემ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ თავის მეუღლეს ნო----------–--ლს მინის ნატეხის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ნო----------–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ზა-------------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-1 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ზა-------------ძემ ჩაიდინა ძალადობა კერძოდ:
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. დაზარალებულმა ნო----------–--ლმა საქმის განხილვისას განაცხადა, რომ მეუღლესთან ზა-------------ძესთან აქვს ბოლო პერიოდში უთანხმოება; ყავს ორი შვილი ლუ------------ძე 14 წლის და ზუ------------ძე 7 წლის; ზა-------------ძეს აქვს პათოლოგიური სიმთვრალე, ძალიან ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას; 2014 წელს ზა-------------ძემ იძალადა მასზე, მაგრამ იმ დროს პოლიციის განყოფილებაში არ განუცხადებია, შეურიგდა და კვლავ ერთად ცხოვრობდნენ; ბოლოს 2018 წლის დეკემბრის თვეში უთანხმოება მოუვიდათ და დაცილდნენ, იმ პერიოდში ბინა ქირით ვერ იშოვა და წავიდა კახეთში მშობლებთან; სწავლის დასაწყისისთვის ჩამოვიდა, 2019 წლის 21 იანვარს ზა-------------ძე მივიდა მასთან სახლში, იყო ძალიან აგრესიული და ნასვამ მდგომარეობაში; შესვლისთანავე დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება, თუ რატომ გამოცვალა ტელეფონის ნომერი, რომ იყო არაქალი და თითქოს ყავდა სხვა მამაკაცი; სამზარეულოს კარი ჩაიმტვრა, აიღო მინის ნატეხი და დაემუქრა, რომ მოკლავდა და დაჩეხავდა, შეშინებული შევარდა სააბაზანოში, ჩაკეტა კარი, ამ დროს მოვიდა მისი უფროსი შვილი და ჩადგა შუაში , ანუ დაუდგა მამამისს წინ და შეაჩერა; თავად გამოვიდა სააბაზანოდან, სწრაფად უმცროს შვილთან ერთად დატოვა ბინა და ღამით მივიდა ახლობლის მე-------------ის სახლში; იქ გაათია ღამე და მეორე დღეს განაცხადა პოლიციის განყოფილებაში; იმ დროს როცა ზა-------------ძე მოვიდა, უმცროსი შვილი იჯდა კომპიუტერთან მეორე ოთახში და ის დაინახავდა და გაიგონებდა, რაც შეეხება უფროს შვილს, ის შემოვიდა იმ დროს, როცა მინის ნატეხით ხელში ზა-------------ძე ემუქრებოდა, რომ მოკლავდა და დაჩეხავდა, ამ დროს დაუდგა მამას წინ და შეაჩერა; აქამდე არ აცხადებდა ზა-------------ძის ქმედებების შესახებ, ამჟამადაც არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას, რადგან ის ბავშვების მამაა და მათ პატივს სცემს; უბრალოდ მასთან ურთიერთობა აღარ ჰქონდეს; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 13:44:16სთ-13:52:55სთ);
2.2. ბრალდებულმა ზა-------------ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ თურქეთში დადიოდა სამუშაოდ; გარკვეული თანხა დააგროვა და ერთერთ სამშენებლო კომპანიაში შეიტანა; როცა დაბრუნდა თურქეთიდან, არ მოეწონა მათი საქმიანობა და მოისურვა თანხის დაბრუნება, რამაც გაანერვიულა მისი მეუღლე ნო----------–--ლი; არ ამხელდა და შემდეგ გაიგო, რომ თანხა მიუცია მისი დედისთვის, საზღვარგარეთ წასასვლელად; ამაზე მოუვიდათ უთანხმოება; არ სურდა მასთან კონტაქტი და ტელეფონის ნომერიც გამოცვალა; იმყოფებოდა აღმოსავლეთში მშობლების სახლში, როცა დაბრუნდა ქობულეთში 2019 წლის 21 იანვარს საღამოს მივიდა ბინაში, სიტყვიერი შეურაცხყოფა ნამდვილად მიაყენა, ეკითხებოდა რატომ გამოიცვალა ნომერი; ამ დროს გაიქცა და ჩაიკეტა სააბაზანოში; რაც შეეხება სამზარეულოს კარს ის გასვლისას გაედო გვერდით, მიენარცხა კედელს და მინა ჩამოვარდა, მას მინა არ ჩაუმტვრევია; თავად დაიწყო ბავშვთან ერთად მისი აკრეფა და დასუფთავება, ამ დროს ნო----------–--ლი გამოვიდა სააბაზანოდან ბავშვს მოკიდა ხელი და გაიქცა სახლიდან; გინება ნამდვილად იყო , შეურაცხყოფა მიაყენა ნო----------–--ლს ის სიცოცხლის მოსპობით მეუღლეს არ დამუქრებია; იქვე იყო უფროსი ბავშვი, ის შეესწრო ამ ფაქტს; ფიქრობს, რომ ტელეფონის ნომერი გამოცვალა ალბათ იმიტომ, რომ არ მოეკითხა ეს თანხა; მას ნო----------–--ლი თვითონ ემუქრებოდა რომ პოლიციაში განაცხადებდა მას დააწერინებდა, წარმოდგენილი აქვს ამონაწერი; თვითონ ყოველთვის საქმიანობს, აქვს შემოსავალი და მისი მეუღლის ოჯახის დახმარება მას არ სჭირდებოდა; ის ოჯახს არჩენდა და არჩენს; თანხა მეუღლის სახელზე ჰქონდა შეტანილი, თუმცა მისი იყო, მის გარეშე ისე, რომ არ გააგებინეს, გამოიტანეს და გახარჯეს; ეს იყო მხოლოდ უთანხმოების მიზეზი და თავად ნო----------–--ლი არიდებდა თავს ამაზე საუბარს და ტელეფონის ნომერიც ამ მიზეზით გამოცვალა ალბათ; იმ დღეს ხმამაღალი საუბარიც არ ყოფილა ბავშვებს ხილი მიუტანა და კითხა ტელეფონის ნომერი რატომ გამოცვალა; სამზარეულოს მინა კიდე განმარტავს, რომ ჩაიმტვრა, გვერდი გაარტყა, კარი მიენარცხა კედელს და მინა ნაჭრებად იყო ჩასმული, პატარა ლურსმნებით გამაგრებული და ჩამოვარდა ძირს; შემდეგ ის ლუ-----ან ერთად აკრიბა, კარებზე ხელიც არ მიურტყამს; ხელი არ მიურტყამს, უფროსი შვილი იქ იყო იმ დღეს კომპიუტერს თამაშობდა, იქ იყო უმცროსიც; უთანხმოების დროს გვერდით ოთახში იყვნენ; კარიც ღია იყო ჩანდა ყველაფერი და ესმოდათ; (იხ ოქმი 15.07.2019წ 12:17:17 სთ-12:24:19სთ);
2.3. მოწმის სახით დაკითხვისას მე-------------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 21 იანვარს ღამით მივიდნენ მასთან სახლში ნო----------–--ლი თავისი უმცროსი შვილით; მეორე დღეს დილით წავიდა სამსახურში, იმ ღამით მას უთხრა, რომ ზა-------------ძესთან კონფლიქტი მიუხდა, უფროსი შვილი, ლუ------------ძე გადაეფარა და ამის შემდეგ დაანება თავი; ზა-------------ძე მთვრალი იყო და ცდილობდა მინის ნაჭერით დაეზიანებინა ; მთელი ღამე ნერვიულობდა და მეორე დღეს სად წავიდა და რა განაცხადა არ იცის; მისთვის ცნობილია, რომ ადრეც ჰქონიათ კონფლიქტი; რა სიტყვებით დაემუქრა ნო----------–--ლს მისთვის არ უთქვამს და არ იცის; (იხ ოქმი 0--07.2019წ 13:25:55სთ-13:32:19სთ);
2.4. საქმის განხილვისას დაცვის მხარემ ბრალდების მხარის ნაწილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო:
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. 2019 წლის 22 იანვარს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ნო----------–--ლის განცხადება, მასზედ, რომ მას 2019 წლის 21 იანვარს მეუღლე ზა-------------ძემ მასთან სახლში მისვლისას კარის მინა ჩაამტვრია და გატეხილი მინით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ არ წავიდოდა და იძულებული გახდა უმცროს შვილთან ერთად ზუ------------ძესთან ერთად წასულიყო სახლიდან (იხ სფ. 1,2) ;
2.6. საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას გამოკითხულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით არასრუწლოვნები ლუ------------ძე და ზუ------------ძე, რომლებიც მხარეთა მიერ უდავოდაა მიჩნეული;
2.7. ლუ------------ძის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ სწავლობს მე-9 კლასში, სახლში ბრუნდება საღამოს; რადგან დადის ფეხბურთზე; იმ დღეს 2019 წლის 21 იანვარს, როცა სახლში დაბრუნდა იქნებოდა დაახლოებით 22:00 საათი დაწყებული, როცა შევიდა სახლში, დაინახა, რომ მისი მამა - ზა-------------ძე იყო გაბრაზებული და ექაჩებოდა სამზარეულოს კარს, რომელიც გამოაღო, იქედან გამოვარდა მისი დედა, ის ჩადგა მათ შორის, კითხა თუ რა ხდებოდა, მისმა დედამ ნო----------–--ლმა კი ჩაკიდა მის უმცროს ძმას ხელი და ისე, რომ არაფერი არ უთქვამს მისთვის, - წავიდა; მამას კითხა და უპასუხა, რომ დედამისმა ტელეფონის ნომერი გამოცვალა, რომ არ დაერეკა მისთვის და მიეწერა, რის გამოც ის იყო გაბრაზებული და იგინებოდა დედის მისამართით; დედას და მის ძმას აღარ გაყოლია, მიწერა ტელეფონზე და იქედან შეიტყო, რომ იმყოფებოდა მისი ძმის ნათლიას სახლში , იმიტომ წავიდა, რომ მამამისი მოკვლით ემუქრებოდა; თვითონ იმ ღამით სახლში დარჩა; აზუსტებს, რომ როცა საღამოს სახლში მივიდა, მამამისი ზა-------------ძე იგინებოდა დედის მისამართით, ამ დროს კიდევ სახლში იყო მისი უმცროსი ძმა ზუ------------ძე; ამ დროს მის მამას დედისთვის არ მიუყენებია რაიმე სახით ფიზიკური შეურაცხყოფა; მხოლოდ აგინებდა, როცა მივიდა დედამისი გავიდა მის უმცროს ძმასთან ერთად სახლიდან და კონფლიქტიც დასრულდა; მას მამისთვის შუშის ნატეხი ხელში არ დაუნახავს; მშობლებს შორის კონფლიქტსაც პირველად შეესწრო; მის მიმართაც ორივენი არიან მზრუნველები და შვილების მიმართ არასდროს მიუყენებიათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; (იხ ს.ფ.22-23);
2.8. ზუ------------ძის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 21 იანვარს საღამოს სახლში იყო დედასთან ერთად; მისი მამა ზა-------------ძე იმყოფებოდა სამუშაოზე, ხოლო მისი ძმა ლუ------------ძე წასული იყო ფეხბურთზე სავარჯიშოდ; თავად კომპიუტერზე მულტფილმებს უყურებდა, საღამოს მამა მოვიდა გაბრაზებული, მივიდა დედამისთან და უყვირა, თუ რატომ გამოცვალა ტელეფონის ნომერი, მოულოდნელად გატეხა კარის მინა ხელით, მისი დედა ამის გამო იყო შეშინებული, რის გამოც წაიყვანა სახლიდან მის ნათლიასთან; იმ საღამოს მამას -ზა-------------ძეს დედამისი არც უცემია და არც ჩამტვრეული შუშით დაუზიანებია; ის მხოლოდ უყვიროდა მის დედას, ნო----------–--ლს და აგინებდა, როცა ხელი ჩაკიდა და მიყავდა სახლიდან, მაშინ მოვიდა ლუკა - მისი ძმა; მანამდე სახლში მხოლოდ სამნი იყვნენ, თვითონ და მისი დედა და მამა; (იხ ს.ფ.17-18);
2.9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 იანვარს, ქ. ქობულეთში, რუ-------–------------------------ში, ზა-------------ძის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ იქნა ამოღებული.
2.10 ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ზა-------------ძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 2019 წლის 25 ინვარს 21:20 საათზე, ქ. ქობულეთში, რუ-------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, (იხ დაკავების ოქმი, ს .ფ.53-57) ;
2.11. სხვა მტკიცებულებებს სასამართლო არ მომოიხილავს, რადგან ისინი არ შეიცავენ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას;
2.12. საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, და შესაბამისად, პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
2.13. სასამართლო საქმის განხილვით, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით და ანალიზით მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზა-------------ძის მხრიდან მუქარის ჩადენის ფაქტს და რაც შესაძლებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას; ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგინდა ზა-------------ძის მიერ 2019 წლის 21 იანვარს მეუღლის - ნო----------–--ლის მიმართ ბრალის შესახებ დადგენილებით აღწერილი გარემოებები: სიცოცხლის მოსპობის მუქარის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ფაქტები; გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებებითაც ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება ზა-------------ძის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, მოცემულ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1- ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ მუქარა რამაც დაზარალებულის გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
3.3. სასამართლო მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომელთა დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას (იხ. სუსგ #141აპ.-16. 25.07.2016წ.), თუმცა როცა დაზარალებულის გარდა საქმის განხილვისას გამოსაკვლევად წარმოდგენილია სხვა პირდაპირი მტკიცებულებები, სასამართლო მათ აფასებს ერთობლიობით; კონკრეტულ შემთხვევაში კი ისინი დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებასთან არ მოდიან შესაბამისობაში, კერძოდ; დაზარალებული საქმის განხილვისას აჩვენებს, რომ მას შუშის ნატეხით დაემუქრა რა ზა-------------ძე სიცოცხლის მოსპობით, მან მუქარა აღიქვა რეალურად და ჩაიკეტა სააბაზანოში; ბრალდებული უარყოფს მუქარას და ადასტურებს კონფლიქტს; მან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა მის მიმართ მუქარა არ განუხორციელებია, საგულისხმოა, რომ როგორც დაზარალებული , ისე ბრალდებული, თვითმხილველებად ასახელებენ ამ დროს მათთან მყოფ ბავშვებს; ბავშვების ჩვენების თანახმად კი ზუ------------ძე აჩვენებს, რომ მამა მოვიდა სახლში და დედას უყვირა, თუ რატომ გამოცვალა ტელეფონის ნომერი, შუშა ჩაიმტვრა და დედას შეეშინდა და შევიდა სააბაზანოში; ხოლო ლუ------------ძის ჩვენებით ის მივიდა იმ დროს, როცა მისი მამა ზა-------------ძე იდგა აბაზანის კართან, ცდილობდა გაღებას გაიღო გააღო კარი, გამოვიდა მისი დედა, და ისე, რომ არაფერი უთქვამს წავიდა სახლიდან და თან წაიყვანა მისი უმცროსი ძმა; საღამოს მიწერა დედას და ამ დროს უთხრა მამის მხრიდან მუქარის შესახებ; ბრალდებულის და დაზარალებულის განმარტებით უმცროსი შვილი ზუ------------ძე იყო სახლში გვერდით ოთახში და ესმოდა ყველაფერი; ზუ------------ძე არ აჩვენებს, რომ მამა დაემუქრა, თუ მან გაიგონა ტელეფონთან დაკავშირებით მამის ყვირილი, უნდა გაეგონა მუქარაც, რაც მას შეაშინებდა ასევე; რაც შეეხება მეორე შვილთან მიმართებით, ბრალდებული აჩვენებს, რომ ლუკა იყო სახლში, დაზარალებული აჩვენებს, რომ ის მოვიდა იმ დროს, როცა ზა-------------ძე მას შუშის ნატეხით ხელში ემუქრებოდა მოკვლით; ზუ------------ძის ჩვენებით მისი ძმა მოვიდა იმ დროს, როცა დედას ის მიყავდა სახლიდან; თუ დაზარლებულის ჩვენებას გაიზიარებს სასამართლო, - ლუკას უნდა დაენახა ზა-------------ძე შუშის ნატეხით ხელში და გაეგონა მუქარა, თუმცა ლუ------------ძე არ აჩვენებს, რომ მან გაიგონა მუქარა; შეურაცხყოფას არ უარყოფს არც ბრალდებული და არც მისი შვილები; აღსანიშნავია, რომ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის დროსაც არსებობდა ასეთი სახის უზუსტობები და წინააღმდეგობები, ის სათანადოდ გამოკვლეული და დადასტურებული არ არის, საქმის განხილვისას ასეთივე სახით დადგინდა უზუსტობა, რომლის აღმოფხვრაც სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ მოხდა; ასევე სასამართლოს არ უდასტურდება რა ვითარებაში ჩაიმტვრა კარის მინა, აქაც არ არის ბრალდების მხარის მიერ პირდაპირი მტკიცებულება და მოწმეთა მიერ ამ ფაქტზე სხვადასხვაგვარადაა მითითებული ; დაუდასტურებელია ზა-------------ძემ გაუფრთხილებლობით, განზრახ ჩაამტვრია მინა, ასევე დაუდასტურებელია ის დაემუქრა თუ არ შუშის ნატეხით ხელში ნო----------–--ლს;
საყურადღებოა, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი არსებობს თანხასთან დაკავშირებით და იმ დღესაც აღნიშნული გახდა დასაბუთებული ვარაუდით კამათის მიზეზი; მუქარის განხორციელება კი არ დასტურდება;
3.4 სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.
3.5. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ზა-------------ძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.);
მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ზა-------------ძემ განახორციელა მუქარა დაზარალებულ ნო----------–--ლის მიმართ; რამაც მას გაუჩინა საფუძვლიანი შიში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს.
3.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზა-------------ძის მიმართ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მისი მხრიდან 2019 წლის 21 იანვარს ნო----------–--ლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს; რადგან ზა-------------ძის მიერ ნო----------–--ლის მიმართ მუქარის თაობაზე ინფორმაციის მომცემია მხოლოდ ლუკა მგზავრიძის და ზუ------------ძის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულის და ბრალდებულის ჩვენებები, რომლებიც არ წარმოადგენს ურთიერთშეთანხმებულს და არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობის მომცემი. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზა-------------ძის მიერ 2019 წლის 21 იანვარს მეუღლის - ნო----------–--ლის მიმართ მუქარის ეპიზოდთან მიმართებით არ არსებობს გონივრული ეჭვის ბარიერის გადამლახავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ზაზა მგზავრძის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობის საფუძველი გახდებოდა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ზა-------------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს ზა-------------ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ზა-------------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ზი------------ეს (პ/ნ 3----------) მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკში“ გადახდილი გირაოს თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (დოკუმენტის N1/1---- თარიღი 29/01/2019წ)
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე