გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2019
საქმის ნომერი
190210019002962519
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/670-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივლისი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "ს----------–---------ი"

წარმომადგენელი გიორგი პაპკიაური

მოპასუხეები ზ----- ს----------–ი

წარმომადგენელი მამისა ჯაფარაშვილი

ო----- ჩ-----–--ე

ლ---- ს----------–ი

მ------ წ----–-–---–ი

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ზ----- ს----------–ის, ო----- ჩ-----–--ის, ლ---- ს----------–ის და მ------ წ----–-–---–ისათვის 41 137.90 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება;

1.2. დაკისრებული თანხის გადახდევინება ზ----- ს----------–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (კოდი 8-----------) რეალიზაციის გზით, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის, განხორციელდეს მოვალეების სხვა ქონების რეალიზაცია.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 22 იანვარს სს „ს----------–--------სა“ და ზ----- ს----------–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც დამტკიცა საკრედიტო ხაზი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 29 იანვარს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ზ----- ს----------–მა მიიღო სესხი 22 000 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 60 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 13.5%, პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია საკომისიო კრედიტის თანხის 1% მაგრამ არანაკლენ 50 ლარისა.

 

2016 წლის 22 იანვარს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს “ს----------–---------სა” და დ-------- მამედოვს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა დ-------- მამედოვის კუთვნილი უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 8-----------). 2016 წლის 28 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ამ ქონების მესაკუთრე გახდა ზ----- ს----------–ი.

 

2016 წლის 29 იანვარს ბანკსა და ო----- ჩ-----–--ეს, ლ---- ს----------–ს და მ------ წ----–-–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ზ----- ს----------–ის საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების საკითხში. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხაა 44 000 აშშ დოლარი.

 

მსესხებელმა არ შეასრულა გრაფიკით დადგენილი წესით კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხეს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ყოველწლიურად წელიწადში ერთხელ თანხის გადახდით. 2017 წლის 21 მარტის შემდეგ გადახდები არ განუხორციელებია. მოპასუხეების დავალიანებაა ძირითადი თანხა 20 764.20 აშშ დოლარი, სარგებელი 5 305.72 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 15 067.98 აშშ დოლარი. 2017 წლის 27 ივნისს მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, რომლითაც განესაზღვრათ ვალდებულების შესრულების დამატებითი ვადა, 1 კვირა და განემარტათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, თანხმობა განაცხადეს სესხის ძირითადი დავალიანების გადახდაზე, ხოლო პროცენტის და პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვეს, რადგან იგი უსამართლოდ დიდი ოდენობისაა.

 

ზ----- ს----------–ის განმარტებით, მას სესხი წელიწადში ერთხელ გადახდით უნდა დაებრუნებინა. 2017 წლის 21 მარტს გადაიხადა ბოლო შენატანი. იმის გამო, რომ თანხა ყოველწლიური გადახდით უნდა დაებრუნებინა, ბანკს 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე, ანუ 2017 წელს მისაღები სარგებელი ეკუთვნის. ბანკს თავისი უფლება მართლზომიერად უნდა გამოეყენებინა, მან იცოდა მსესხებლის გადახდისუუნარობის შესახებ და განზრახ გააჭიანურა სარჩელის შეტანა სარგებლის გაზრდის მიზნით. მოთხოვნილი პირგასამტეხლო აშკარად მაღალია, თითქმის სესხის თანხას მოითხოვს, რის გამოც მოთხოვნა სამართლიანი არ არის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 22 იანვარს სს „ს----------–--------სა“ და ზ----- ს----------–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც დამტკიცა საკრედიტო ხაზი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 29 იანვარს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ზ----- ს----------–მა მიიღო სესხი 22 000 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 60 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 13.5%, პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია საკომისიო კრედიტის თანხის 1%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. მოპასუხეს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ყოველწლიურად წელიწადში ერთხელ თანხის გადახდით. 2017 წლის 1 თებერვალს უნდა გადაეხადა 5 502.55 აშშ დოლარი, 2018 წლის 1 თებერვალს – 6632.50 აშშ დოლარი, 2019 წლის 1 თებერვალს - 6 592.50 აშშ დოლარი, 2020 წლის 3 თებერვალს – 6 493.14 აშშ დოლარი, 2012 წლის 1 თებერვალს – 6 807.78 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-32, 43. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 84-89. ტომი 1)

 

3.1.2. 2016 წლის 22 იანვარს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ს----------–---------სა“ და დ-------- მამედოვს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა დ-------- მამედოვის კუთვნილი უძრავი ქონება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–-----------–-–- მდებარე 3200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (კოდი 8-----------). 2016 წლის 28 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ამ ქონების მესაკუთრე გახდა ზ----- ს----------–ი. ბანკის იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 33-39. ტომი 1)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 40. ტომი 1)

 

3.1.3. 2016 წლის 29 იანვარს ერთის მხრივ სს ს----------–--------სა და მეორეს მხრივ ო----- ჩ-----–--ეს, ლ---- ს----------–ს და მ------ წ----–-–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ზ----- ს----------–ის საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების საკითხში. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხაა 44 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 48-65. ტომი 1)

 

3.1.4. მსესხებელს ბანკისათვის სრულად არ დაუბრუნებია მიღებული კრედიტის თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი. მსესხებელმა არ შეასრულა გრაფიკით დადგენილი წესით კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. 2017 წლის 21 მარტის შემდეგ გადახდები არ განუხორციელებია. მსესხებელს გადახდილი აქვს სულ 5 395.97 აშშ დოლარი. საიდანაც ძირითადი თანხაა 1 235.80 აშშ დოლარი, პროცენტი 3002.55 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 937.62 აშშ დოლარი. თანხა გადახდილია 2017 წლის 16 თებერვალს, 24 თებერვალს, 6 მარტს და 21 მარტს. მოპასუხეების დავალიანებაა 2018 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით არის ძირითადი თანხა 20 764.20 აშშ დოლარი, სარგებელი 5 305.72 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 15 067.98 აშშ დოლარი, ჯამურად 41 137,90 აშშ დოლარი. 2017 წლის 27 ივნისს მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც განესაზღვრა ვალდებულების შესრულების დამატებითი ვადა, 1 კვირა და განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 42. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (25.07.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

- წერილის ასლი (ს.ფ. 45. ტომი 1)

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 462. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან მოპასუხეებს ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებიათ, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულია და უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 873-ე, 361-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 286-ე, 289-ე, 300-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო მიაჩნია, რომ მოპასუხეების ო----- ჩ-----–--ის, ლ---- ს----------–ის და მარიან წ----–-–---–ის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, საქმეზე გამოტანილი უნდა იქნას საერთო გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, რადაგან დავის საგნის გათვალისწინებით მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობს. განსახილველი სარჩელით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია სესხის სოლიდარულად დაკისრება. ამდენად, მოპასუხეების მიმართ მოთხოვნას აქვს საერთო საფუძველი და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. მოპასუხე ო----- ჩ-----–--ეს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2019 წლის 29 ივნისს (სარჩელი და სასამართლო უწყება ჩიაბარ დეიდაშვილმა გიორგი იაშვილმა. ს.ფ.126). ლ---- ს----------–ს სასამართლო უწყება ჩაბარდა პოლიციის მეშვეობით 2019 წლის 14 ივლისს პირადად (ს.ფ. 154). მოპასუხე მ------ წ----–-–---–ი არის მოპასუხე ზ----- ს----------–ის მეუღლე, რომლის მეშვეობით მას ეცნობა სხდომის თარიღი.

 

6.1. სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის საკრედიტო ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 22 იანვარს დადებული საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც მოპასუხეებს ჯეროვნად არა აქვთ შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული.

 

სადაო არ არის, რომ მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დაცვით კრედიტი არ დააბრუნა. კრედიტის დაბრუნების მიზნით მსესხებელმა გადაიხადა სულ 5 395.97 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1 235.80 აშშ დოლარი, პროცენტი 3002.55 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 937.62 აშშ დოლარი. სესხად გაცემულია 22 000 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხის დასაბრუნებლად გადახდილია 1235,80 აშშ დოლარი, რითიც შემცირდა ძირითადი თანხა და გადასახდელი დარჩა ძირითადი თანხა 20 764,20 აშშ დოლარი, რომლის დაკისრებასაც მოითხოვს მოსარჩელე.

 

მოპასუხე ზ----- ს----------–მა წერილობით შესაგებელში და სხდომაზე ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის გადახდის მოთხოვნის ნაწილში, რაც მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე ზ----- ს----------–ს უნდა დაეკისროთ 20 764,20 აშშ დოლარის გადახდა.

 

რაც შეეხება სხვა მოპასუხეებს. მ------ წ----–-–---–თან, ლ---- ს----------–თან და ო----- ჩ-----–--ესთან ბანკის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც მათ იკისრეს ზ----- ს----------–ის საკრედიტო ვალდებულების შესრულება მსესხებლის თანაბარწილად ზღვრული პასუხისმგებლობის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა თავდებებისათვის თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ არამარტო მიღებული სესხის თანხის დაბრუნება, არამედ სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდაც, რადგან ხელშეკრულების მიხედვით სესხი სარგებლიანია, ხოლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულია მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც, რადგან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა. პროცენტის დაბრუნება ძირითად თანხასთან ერთად მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა, რაც მან უპირობოდ უნდა შეასრულოს.

 

მოპასუხე სესხის სარგებლის დაკისრების მოთხოვნას არ ეთანხმება იმის გამო, რომ ბანკმა გააჭიანურა სარჩელის აღძვრა, რის გამოც ბანკს სარგებლის მოთხოვნა შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტამდე განვლილი პერიოდისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად (2017 წლის 13 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს, იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი. 3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს. 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი. 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ. 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მოპასუხის მიერ კრედიტის პერიოდულად დაბრუნება, წელიწადში ერთხელ თანხის გაახდით, რაც მსესხებელმა არ დაიცვა. მან შენატანი მხოლოდ 2017 წელს გადაიხადა დაგვიანებით. საქმეში წარმოდგენილი წერილით, 2017 წლის 27 ივნისს ბანკმა მსესხებელს აცნობა, რომ მას გააჩნდა დავალიანება ძირითადი თანხა 20 764.20 აშშ დოლარი, სარგებელი 1143.20 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 619.46 აშშ დოლარი. წერილში მითითებული თანხა არის გრაფიკით 2017 წელს გადასახდელი შენატანის დავალიანება. გრაფიკის მიხედვით 2017 წელს გადასახდელი პროცენტი იყო 3002.55 აშშ დოლარი, ხოლო გადახდების ისტორიის მიხედვით პროცენტის სახით 2017 წელს გადახდილია 3002.55 აშშ დოლარი, ამ ოდენობის თანხა ბანკს მიღებული აქვს პროცენტის დაფარვის დანიშნულებით. გადახდების ისტორიის მიხედვით, მსესხებელმა გადაიხადა ძირითადი თანხა 1235.80 აშშ დოლარი, რაც არის გრაფიკით გათვალისწინებულზე ნაკლები, რადგან გრაფიკის მიხედვით 2017 წელს გადასახდელია ძირითადი თანხა 2500 აშშ დოლარი. ამდენად, მსესხებელმა 2017 წელს ნაწილობრივ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, გადაიხადა არასრული თანხა და დაგვიანებით.

 

873-ე მუხლის საფუძველზე ბანკს უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება სულ ცოტა გადახდის ორი ვადის გადაცილების შემთხვევაში. შესაბამისად, ბანკს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოეშვა მას შემდეგ, რაც მსესხებელმა 2017 წლის შემდეგ გადახდის მომდევნო ვადა არ დაიცვა, რადგან მოვალემ 2017 წელსაც დაგვიანებით და არასრულად განახორციელა შენატანი. ამდენად, ბანკს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოეშვა 2018 წლის თებერვლის შემდეგ, რადგან მსესხებელს 1 თებერვალს უნდა გადაეხადა შენატანი. განსახილველი სარჩელი აღძრულია 2019 წლის აპრილში, ხოლო დავალიანება დაანგარიშებულია 2018 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. გრაფიკით გათვალისწინებული 2017 წლის პროცენტის შენატანი გადახდილია სრულად, 2018 წელს გადასახდელი პროცენტია 2632,50 აშშ დოლარი, 2019 წელს გადასახდელი პროცენტია 2092,50 ლარი. სარჩელის აღძვრით ბანკმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება და მოითხოვს სარჩელის შემოტანამდე გადაუხდელ პროცენტს. გრაფიკის მიხედვით, 2017 წლის შემდეგ სარჩელის აღძვრამდე გადასახდელი პროცენტის ოდენობაა 4725 აშშ დოლარი და არა სარჩელში მითითებული თანხა - 5 305,72 აშშ დოლარი.

 

873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორის ინიციატივით საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, როცა 2 კვირიანი დამატებით ვადის შემდეგაც არ შესრულდება ვალდებულება. მოპასუხეს დამატებითი ვადის მიცემასთან დაკავშირებული გარემოებები სადაოდ არ გაუხდია, მისი განმარტებით, ბანკმა სარჩელის აღძვრა გააჭიანურა და მოითხოვს გაზრდილ პროცენტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის პოზიცია 2017 წლის დეკემბრამდე დარიცხული პროცენტის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 3,1,2,3 პუნქტის მიხედვით, საპროცენტო სარგებლის, როგორც მიუღებელი სარგებლის დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.

 

ხელშეკრულების ამ პირობის მიხედვით, მსესხებლის მიერ სარგებლის გადახდის ვალდებულება ძალაშია იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ სრულდება და ამის გამო ბანკი წყვეტს ხელშეკრულებას. შესაბამისად, 873-ე მუხლის და ხელშეკრულების ამ პირობის საფუძველზე ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს დავის დაწყებამდე გადაუხდელი პროცენტი, რომლის ოდენობა ამ საქმეში არის 4725 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია და უნდა შემცირდეს შემდეგი საფუძვლების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს. სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლოს დაკისრება 15 067.98 აშშ დოლარის ოდენობით. პირგასამტეხლო დარიცხულია 2018 წლის არის 21 დეკემბრამდე პერიოდში, რაც არის 2017 წლის 21 მარტის შემდეგ დარიცხული პირგასამტეხლო, რადგან 2017 წელს დაგვიანებით თანხის გადახდის გამო დარიცხული პირგასამტეხლო გადახდილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება. პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების თავის არიდების სურვილით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასმატეხლოს შემცირების საფუძველია არა მარტო რაოდენობრივი კრიტერიუმი (მაგალითად დიდი თანხა), არამედ საქმის გარემოებებისადმი პირგასამტეხლოს თანხის შეუსაბამობა. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. კანონით გათვალისწინებულია საქმის გარემოებებისადმი შეუსაბამო პირგასამტეხლოს შემცირება, შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის ყველა გარემოების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის დაკმაყოფილებას მიიღოს ვადის გადაცილებისათვის დამატებითი ფინანსური რესურსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს გონივრულობის და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით. სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში. ამ პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სამართლიანობა, გონივრულობა ვალდებულების დარღვევის გარემოებების შესაბამისად, რაც არ ნიშნავს პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმების ნამდვილობის შემოწმებას და მის ბათილობას. 420-ე მუხლის მიზანია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა თანასწორობის ფარგლებში მხარეთა სამართლიანი ინტერესების დაკმაყოფილება.

 

განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 20 764.20 აშშ დოლარი, ხოლო გადასახდელია სარგებელი 4 725 აშშ დოლარი, ჯამურად დასაბრუნებელია 25 489,20 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 15 067.98 აშშ დოლარი, რაც არის სესხის დავალიანების 60%-მდე თანხა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განასაზღვრისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.

 

პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია გონივრული და სამართლიანი თანხის დადგენა, რაც ნიშნავს არა მარტო მოვალის ინტერესების გათვალისწინებას და მისთვის შეღავათის დადგენას, არამედ კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის გათვალისწინებასაც, რადგან პირგასამტეხლო არის მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი კრედიტორისათვის ასანაზღაურებელი ფულადი გადასახდელი. პირგასამტეხლოს ორგვარი ფუნქცია აქვს. იგი როგორც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, მოვალეს უბიძგებს სამომავლოდ ფინანსური სანქციის დაკისრების თავიდან აცილების მიზნით იზრუნოს ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად. ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ფუნქცია არის მოვალისათვის ვალდებულების დარღვევის გამო ფინანსური სანქციის დაკისრება, რის გამოც მისი მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასეთ შემთხვევაში კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ არის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება მოვალისათვის ფინანსური სანქციის დაკისრების გზით. ამდენად, პირგასამტეხლო გონივრულია თუ იგი ერთდროულად უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას და მოვალისათვის ვალდებულების დარღვევის გამო ადექვატური სანქციის დაკისრებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში მოთხოვნილ პირგასამტეხლოს თანხას არ გააჩნია ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია და მას მოვალის დასჯის მიზანი აქვს. მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ყოველწლიურად თანხის გადახდით, რაც ჯეროვნად არ შეასრულა. მან მხოლოდ ერთი წლის შენატანი გადაიხადა არასრულად და დაგვიანებით, თუმცა ეს არ ამართლებს მეტისმეტად მაღალი თანხის პირგასამტეხლოს მოთხოვნას. პირგასამტეხლოს შემცირების დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სესხი სანივთო უზრუნველყოფის საშუალებით არის უზრუნველყოფილი, იპოთეკით დატვირთულია მსესხებლის კუთვნილი უძრავი ნივთი, რომლის რეალიზაციის გზით შესაძლებელია ბანკის მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილება, თუკი მოვალე სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ კრედიტის თანხას არ დააბრუნებს. არსებული საკრედიტო დავალიანების პირობებში 15 067,98 აშშ დოლარის მოვალისათვის დაკისრება გაართულებს ვალდებულების შესრულებას, რაც კრედიტორის ინტერესშიც არ შედის, რადგან კრედიტორის ინტერესი თავისთავად იპოთეკის საგნის რეალიზაციით მოთხოვნის დაკმაყოფილება არ არის. კრედიტორის ინტერესია მოვალისგან თანხის მიღება, რაც მოთხოვნილი პირგასამტეხლოს პირობებში შესაძლებელია ვერ შესრულდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 2500 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯამურად გადასახდელი საკრედიტო დავალიანების 25 489,20 აშშ დოლარის 10%-ის ოდენობით თანხის პირგასამტეხლო გონივრული და სამართლიანი ოდენობაა, რადგან მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას უზრუნველყოფს და მოპასუხისათვის დაკისრებული ისეთი ფულადი სანქციაა, რაც ვალდებულების შესრულებას არ გაართულებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელი კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

 

2016 წლის 22 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულების 8,4 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული ქონება ან რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალეებთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამ ნორმების საფუძველზე, იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სს „ს----------–--------ის“ წინაშე საკრედიტო ვალდებულება მოპასუხეებს შესრულებული არა აქვთ, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ.

 

მოსარჩელე მოითხოვს, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება განხორციელდეს მოვალის და თავდებების სხვა ქონებაზე.

 

მხარეებს შორის 2016 წლის 22 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მსესხებლის ნებისმიერი ქონების რეალიზაცია და არა მარტო იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამდენად, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით ბანკის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის სხვა ქონების რეალიზაციაც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდებობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის პირადი საშუალება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავდები პირადად, მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს ვალდებულების შესრულებისათვის, თუკი ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. ამ შემთხვევაში ნიზამი ო----- ჩ-----–--ე, ლ---- ს----------–ი და მარიმ წ----–-–---–ი არიან სოლიდარული თავდებები, რადგან მათ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრეს ზ----- ს----------–ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. ამდენად, თავდებობის, როგორც ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალების არსი ის არის, რომ თავდები ვალდებულების შესრულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ამ შემთხვევაში სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თავდებები პასუხს აგებენ საკრედიტო ვალდებულებისათვის მთელი თავისი ქონებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უნდა განხორციელდეს მოპასუხეების - მოვალის და თავდებების სხვა ქონების რეალიზაცია.

 

(მოვალის სხვა ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ იხ. სასამართლო პრაქტიკა სუსგ №ას-1498-1418-2017, 8 ივნისი 2018 წელი; №ას-828-786-2013, 24 იანვარი, 2014 წელი).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3 307,50 ლარი, რომელიც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, რადგან სსსკ 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხის დაკისრების დროს განმსაზღვრელია, თუ რა ზომით დაკმაყოფილდა სარჩელი. სარჩელის ფასია 41 137,90 აშშ დოლარი. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 27 989,20 აშშ დოლარის გადახდა, რაც არის სასარჩელო მოთხოვნის 69,4%.

 

სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 307,50 ლარის 69,4% არის 2 295,40 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლ----დ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოპასუხე ზ----- ს----------–მა ცნო სესხის ძირითადი თანხის 20 764,20 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის გადასახდელი თანხის 71%. მოსარჩელისთვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 2 295,40 ლარის 71% არის 1629,73 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სს ს----------–--------ს, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ბანკისათვის 665,67 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 54-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ს----------–--------ის“ სარჩელი;

 

1.1. ზ----- ს----------–ს, ო----- ჩ-----–--ეს, ლ---- ს----------–ს და მ------ წ----–-–---–ს დაეკისროთ სს ს----------–--------ისათვის სოლიდარულად 28 567,92 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს ზ----- ს----------–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–-----------–-–- მდებარე 3200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (კოდი 8-----------) რეალიზაციის გზით, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის, განხორციელდეს მოპასუხეების ზ----- ს----------–ის, ო----- ჩ-----–--ის, ლ---- ს----------–ის და მ------ წ----–-–---–ის სხვა ქონების რეალიზაცია.

1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის 13 148,7 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში;

 

2. ზ----- ს----------–ს, ო----- ჩ-----–--ეს, ლ---- ს----------–ს და მ------ წ----–-–---–ს დაეკისროს სს „ს----------–--------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 665,67 ლარის გადახდა;

 

3. სს ს----------–--------ს დაუბრუნდეს 2018 წლის 24 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1629,73 ლარი (საგადასახადო დავალება N1439), რომელიც გადახდილია შემდეგ ანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300036150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი