გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/13823-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - შ------- გ------, თ----- გ------
წარმომადგენელი - თ------ გ-------
მოპასუხე - ი----- ბ-----–---
წარმომადგენელი - ნ-----–- გ----------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის გადახდა;
1.2.დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უძრავი ქონების აღდგენისათვის გაწეული ხარჯის - 5 000 ლარის გადახდა.
(იხ. სასამართლო სხდომის 2019 წლის 25 მარტის და 2019 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმები).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
შ------- გ------ და თ----- გ------ - შემდგომში მოსარჩელეები, 1989 წლიდან ცხოვრობენ თბილისში, 9 ძ--- ქ---- N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც 2011 წლიდან საკუთრების უფლებით დარესტრირდა მოპასუხის სახელზე, ხოლო მანამდე მთელი ამ დროის განმავლობასი მოპასუზე ამ ქონების არაპირდაპირ მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენდა. მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეთა მიერ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოპასუხე თანახმა იყო გადაეცა მათთვის სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მიერ სრულად შესრულდა შეთანხმების პირობები თანხის გადაცემის ნაწილში, ხოლო მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელეები ითხოვენ გადახდილი თანხის, როგორც მოპასუხს მიერ უსაფუძვლოდ მღებულის უკან დაბრუნებას.
მოსარჩელეებმა ასევე მიუთითეს, რომ თბილისში, 2002 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა სადავო უძრავი ქონება. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგინდა მწვავე ავარიული მდგომარეობა. უძრავი ქონების შეკეთების მიზნით განხორციელდა აღდგენითი სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულებაა 5 000 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი პოზიციით სარჩელი არ ცნო და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ მიუთითა სარჩელის უსაფუძვლობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელეები დამახინჯებით გადმოსცემენ ფაქტებს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება მდებარე, თბილისში, 9 ძ--- ქ---- N---ში მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით ეკუთვნოდა ი----- ბ-----–---- ოჯახს. თავდაპირველად, ი----- ბ-----–---- დედას - ნ---- მ--------, ხოლო შემდგომ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღნიშნულ ქონებაზე დარეგისტრირდა ი----- ბ-----–---- საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტება:
- სამკვიდრო მოწმობა (ტომი 2, ს.ფ. 28-31);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ. 26-27);
3.1.2. თბილისში, 9 ძ--- ქ---- N---ში მდებარე სახლთმფლობელობაში ცხოვრობდა ჭ---–------ ოჯახი, რომლის მიმართაც ი----- ბ-----–---ს და მის დედას აწ. გადაცვლილ ნ---- მ-------- გააჩნდათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება. მხარეთა შეთანხმებით, თუ თ----- გ------ დაეხმარებოდა ი----- ბ-----–---- ოჯახს ჭ---–------ ვალის გასტუმრებაში, ნ---- მ--------, ჭ---–------ მიერ დაკავებულ ფართს გადასცემდა მას იგივე პირობებით. ამ მიზნით, 1991 წელს თ----- გ------მ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ნ---- მ-------- 10 000 მანეთი - 1993 წლამდე. თუმცა, ვინაიდან შემდგომში, მოპასუხემ, ვერ შეძლო ამ თანხის უკან დაბრუნება, შეთანხმდნენ, რომ გარკვეული თანხის დამატების სანაცვლოდ გ------ების ოჯახს საკუთრების უფლებით გადასცემდა მათ მეირ დაკავებულ ოთახებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმე ნოდარ ელიზბარაშვილის ჩვენება;
- მოწმე ნელი სიხარულიძის ჩვენება;
- ხელშეკრულება (ტ. 2. ს.ფ. 20);
- 21.0-.200- წლის განჩინება (ტ.3. 170-171).
3.1.3. თბილისში, 9 ძ--- ქ---- N---ში მდებარე სახლთმფლობელობაში თ----- და შ------- გ------ების მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ოთახების საკუთრების უფლებით შეძენის მიზნით, 2004 წლის 07 ოქტომბერს, ი----- ბ-----–---სა და თ----- გ------ს შორის დაიდო ხელწერილი, რომლის მიხედვით, ი----- ბ-----–--- ადასტურებს, რომ მის არაპირდაპირ მფლობელობაში არსებულ ფართს გადასცემს თ----- გ------ს 3500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. ასავე ადასტურებს იმასაც, რომ 2000 აშშ დოლარი მიიღო ხელწერილის დაწერისთანავე, ხოლო დანარჩენს შ------- გ------ გადაიხდიდა 2005 წლის 01 ნოემბრამდე. 2005 წლის 17 ივლისს შ------- გ------მ დამატებით გადაიხადა დარჩენილი 1500 აშშ დოლარიდან 1300 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები;
- ხელწერილი (ტ.2. ს.ფ.21-22)
3.1.4. 2005 წლის 01 ნოემბერს, შ------- გ------სა და მოპასუხეს შორის დამატებით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შ------- გ------მ მოპასუხეს ასესხა 3 500 აშშ დოლარი 2006 წლის 01 თებერვლამდე ვადით. აღნიშნული თანხა მოპასუხეს უკან არ დაუბრუნებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 24).
3.1.5. 2011 წლის 05 ივლისამდე სადავო ქონება ირიცხებოდა ი----- ბ-----–---- დედის, ნ---- მ--------ს სახელზე. სადავო ქონებაზე საბუთების მოწესრიგებაში ი----- ბ-----–---ს ეხმარებოდა შ------- გ------, რომელმაც ამ მიზნით დახარჯა თავისი კუთვნილი თანხა - 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოწმის დაკითხვის ოქმი (ტ.2. ს.ფ. 49-51)
3.1.5. 2013 წლის 6 აპრილს, ი----- ბ-----–---- წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა უფლებამოსილ ორგანოს და მოითხოვა მოსარჩელეეების გამოსახლება სადავო უძრავი ქონებიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული 2--- წლის 2- ივნისის ბრძანების თანახმად, არ დაკმაყოფილდა მოპასუხის ადმინისტრაციული საჩივარი და მოპასუხეს უარი ეთქვა მოსარჩელეების გამოსახლებაზე სადავო საცხოვრებელი სახლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ტომი 2, ს.ფ. 33-38)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგებები - 1991 წლის ხელშეკრულება, 2004 წლის 07 ოქტომბრის შეთანხმება და 2005 წლის 01 ნოემბრის ხელშეკრულება- ერთობლიობაში მიმართული იყო მხარეებს შორის სადავო ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისკენ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამდენად, მიუხედავად იმისა, თუ რას დავარქმევთ გარიგებას, განმსაზღვრელია ის მიზანი, რასაც ემსახურებოდა უშუალოდ გარიგების დადება და მხარეთა ნების გამოვლენა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ფაქტობრივად არ დავობენ მოსარჩელეთა მიერ მითითებული ოდენობით თანხების მოპასუხისთვის გადაცემის შესახებ და მოპასუხეც ადასტურებს ამ თანხების მიღებას. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დამაბრკოლებელ გარემოებას ის ფაქტი წარმოადგენდა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე, მოპასუხის საკუთრების უფლება წლების განმავლობაში არ იყო რეგისტრირებული. თუმცა, არ არის სადავო ის გარემოება, რომ სწორედ შ------- გ------- მონაწილეობითა და ფინანსური დახმარებით გახდა შესაძლებელი სადავო ქონების ი----- ბ-----–---- სახელზე აღრიცხვა.
ასევე საგულისხმოა, რომ სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით მხარეთა მოქმედებები და ზოგადად მოლაპარაკების პროცესი თითქმის 30 წელია გრძელდება. მეტიც, ამ დროის განმავლობაში ი----- ბ-----–--- არსებითად არც ყოფილა წინააღმდეგი საკუთრების უფლებით გადაეცა სადავო ქონება მოსარჩელეებისათვის და, არც იმას უარყოფდა, რომ მათგან მიღებული თანხები სწორედ ქონების გაყიდვას ემსახურებოდა. ამას ადასტურებს მხარეთა შესაძლო მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება (ს.ფ. ტ.3. ს.ფ.44); ი----- ბ-----–---- მოწმის დაკითხვის ოქმი (ტ.2. ს.ფ. 49-51) და ასევე მიმდინარე დავის ფარგლებშიც მხარეთა არა ერთი მცდელობა საქმე მორიგებით დაემთავრებინათ.
სასამართლოს რწმენას აღნიშნულთან მიმართებით ამყარებს ასევე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რომელთა უმრავლესობა ცალსახად მიუთითებს, რომ მოდავე მხარეებს შორის დადებული ყველა გარიგება დაიდო სადავო ქონების გასხვისების მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯერ თ----- გ------მ, ხოლო შემდგომ შ------- გ------მ, მოპასუხეს, 10 000 მანეთი და 3 5000 აშშ დოლარი გადასცეს მომავალში დასადები ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ღირებულების ანგარიშში. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ ვითარებაში, სახეზეა შესრულების კონდიქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ დავა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის „ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ტომი 2, ს.ფ.21);
- დადგენილება(ტომი 2, ს.ფ. 39-40);
- მოწმის დაკითხვის ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 49-51);
- განჩინება (ს.ფ. ტ.3. ს.ფ.44);
- მოწმეთა ჩვენება.
3.2.2. მოსარჩელეთა მიერ 1991 წელს მოპასუხისთვის გადაცემული 10 000 მანეთი, 16 000 აშშ დოლარის ექვივალენტია.
წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებაზე (ტომი 2, ს.ფ. 25) დაყრდნობით, მოსარჩელემ განმარტა, რომ 10 000 მანეთი დაახლოებით უტოლდება 16 000 აშშ დოლარს. განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხეს სადავო არ გაუხდია აღნიშნული მითითება. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაჟღერებულ შედავებას მოთხოვნილი თანხის ოდენობასთან მიმართებით სასამართლო ვერ მიიჩნევს არგუმენტირებულად და დასაბუთებულად.
3.2.3. სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 16 000 აშშ დოლარის და 3 500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმული არ არის.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მიუთითებს რა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე ეყდრნობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის დანაწესს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გასულია სამი წელი. მოპასუხის განმარტებით, გასულია არათუ ხანდაზმულობის სამ წლიანი, არამედ ზოგადი ვადაც კი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამდენად, ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშიებით და განმარტავს, რომ საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობისაა ის გარემოება, თუ როდის შეიტყო პირმა უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო. ამასთან, პირველი ელემენტის არსებობა (როდესაც არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე) გამორიცხავს მეორე ელემენტზე აპელირების საშუალებას (უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ).
დადგენილია, რომ მოპასუხე 2011 წლის 05 ივლისიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია უძრავი ქონების, მდებარე, თბილისი, ც---- ძ--- ქ---- N--, მესაკუთრედ. შესაბამისად, მიუხედავად თანხის გადაცემის დროისა, მოსარჩელეებს ლეგიტიმური მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ნასყიდობის საფუძველზე უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, შეიძლება წარმოშობოდათ სწორედ ამ დროიდან.
თუმცა, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საიდან შეიძლება მივიჩნიოთ დარღვეულად მოსარჩელეთა უფლებები სადავო ხელშეკრულებებთან მიმართებით, და როდის უნდა გამხდარიყო ცნობილი მათთვის, რომ მოპასუხე არ აპირებდა ქონების გადაცემას. საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის მოწმის გამოკითხვის ოქმში, ი----- ბ-----–--- არ უარყოფს ქონების გადაცემის მზაობას და პირდაპირ აცხადებს, რომ თანახმაა ქონების გადაცემაზე გარკვეულ პირობებზე შეთანხმების შემდეგ.
საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2--- წლის 2-.0- ბრძანება N---, საიდანაც ირკვევა, რომ ი----- ბ-----–---მ 2--- წლის 6 აპრილს მიმართა უფლებამოსილ ორგანოს მოსარჩელეთა გამოსახლების მოთხოვნით. ამასთან, საქმის მასალებიდან არ ჩანს თუ როდის ეცნობა ამ განცხადების შესახებ მოსარჩელეებს. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ 2--- წლის აპრილი, სწორედ ის პერიოდია, როცა მოსარჩელეებისათვის ალბათობის მაღალი ხარისხით უნდა გამხდარიყო ცნობილი, რომ ი----- ბ-----–--- აღარ აპირებს მოსარჩელეებისათვის ქონების საკუთრების უფლებით გადაცემას. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სწორედ 2013 წლის აპრილის თვიდან.
ამასთან, სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან, დავა ემყარება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებს, მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია 2018 წლის 11 მაისს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 16 000 აშშ დოლარის და 3 500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ არის ხანდაზმული.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს სწორედ მოპასუხის მხრიდან დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგად მის უსაფუძვლო გამდიდრებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ----- გ------მ მოპასუხეს გადასცა 16 000 აშშ დოლარის ექვივალენტის თანხა გამოხატული იმ დროინდელ ვალუტაში - 10 000 მანეთში, ხოლო შ------- გ------მ მოპასუხეს გადასცა 3 500 აშშ დოლარი. მოსარჩელეთა მიერ თანხების გადაცემა განხორციელდა მომავალში დასადები ნასყიდობის ხელშეკრულების ანგარიშში. ასევე არ არის სადავო, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.2. შ------- გ------- მოთხოვნა მოპასუხისათვის 500 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და ა აუნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, დადგენილია, რომ 011 წლის 05 ივლისამდე სადავო ქონება ირიცხებოდა ი----- ბ-----–---- დედის, ნ---- მ--------ს სახელზე. სადავო ქონებაზე საბუთების მოწესრიგებაში ი----- ბ-----–---ს ეხმარებოდა შ------- გ------, რომელმაც ამ მიზნით დახარჯა თავისი კუთვნილი თანხა - 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა„ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის “გ„ ქვეპუნქტის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები.
განსახილველ შემთხვევაში, არ არის სადავო, რომ შ------- გ------ დაინტერესებული იყო სადავო ქონებაზე ი----- ბ-----–---- საკუთრების უფლების რეგისტრაციაში და თავისი ინიციატივით გაიღო ხარჯი შედეგის დადგომისთვის. მართალია, მისარჩელისათვის სასურველი შედეგი არ დადგა - სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების თვალსაზრისით, თუმცა, სასამართლოს შეფასებით, მითითებული სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში, ეს არც დახარჯული თანხის უკან დაბრუნების საფუძველია.
6.3. მოსარჩელეები ასევე მოითხოვენ უძრავი ქონების აღდგენისათვის გაწეული ხარჯის - 5 000 ლარის დაკისრებას მოპასუხისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შესაძლებელია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. თუმცა, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან, მითითებული კოდექსის მე-4, მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით, კი წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
სასარჩელო მოთხოვნას უძრავ ქონებაზე ხარჯის გაღების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე ამყარებს წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს (ტომი 3, ს.ფ. 51-59; 114-119), რომლითაც განსაზღვრულია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2013 წლის მდგომარეობით. გარდა იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის სადავოდ გახდის პირობებში მოსარჩელე არ მიუთითებს უშუალოდ როდის და რა პერიოდშია მის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯი (სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ უძრავი ქონება საცხოვრებლად უვარგისი გახდა 2002 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ), აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით არსებითია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოთხოვნილი ოდენობით მოსარჩელეთა მიერ ხარჯის გაწევა. ხსენებული ექსპერტიზის დასკვნა და მასში მითითებული ღირებულებით არც შესაბამისობაშია სასარჩელო მოთხოვნის ოდენობასთან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე და, არც უძრავ ქონებაზე ხარჯის გაწევის ფაქტს ადასტურებს. აღნიშნული კი გამორიცხავს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების.
6.4. მოპასუხის ერთ-ერთი არგუმენტი მოსარჩელეთა პირველი სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან მიმართებაში, ეყრდნობა მითითებას საქმის წარმოების შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით (სსსკ-ის 272-ე მუხლის “ბ„ ქვეპუნქტი).
ამ თვალსაზრისით სასამართლო აფასებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო წარმოების მასალებს, საიდანაც დგინდება, რომ 2004 წლის 05 ივლისს, სასამართლოს სარჩელით მიმართა თ----- გ------მ მოპასუხის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის უკან დაბრუნების ან სადავო ქონების თ----- გ------- საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ივნისის განჩინების საფუძველზე, საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მიერ საქმის მორიგებით დასრულების შესახებ სურვილის გამოთქმის გამო, თუმცა, უშუალოდ მორიგების აქტის დამტკიცება სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა.
სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის ფარგლებში განსახილველი სასარჩელო მოთხოვნები ემყარება განსხავავებულ საფუძვლებს. კერძოდ, მოსარჩელეთა პირველი სასარჩელო მოთხოვნა ეყრდნობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებს, რაც არსებითად განასხვავებს ამ დავას 2006 წლის განჩინებით გადაწყვეტილი დავისაგან. შესაბამისად, დასახელებული ორი დავა ვერ იქნება მიჩნეული ერთი და იმავე საგანზე ერთი და იმავე საფუძვლით მიმდინარე სასარჩელო წარმოებად. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი ვერ იქნება გაზიარებული.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის
დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1 500 ლარი (ტომი 2, ს.ფ. 61-62), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია 50 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 33). მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. ამასთანავე, დაკმაყოფილებული მოთხოვნების პროპორციულად, მოპასუხეს მოსარჩელე თ----- გ------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 176 ლარის, ხოლო მოსარჩელე შ------- გ------- სასარგებლოს - 257.25 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 66.75 ლარი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
მოსარჩელეებმა ასევე იშუამდგომლეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელეთა მიერ ხარჯის რეალურად გაღების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც არ არსებობს მოპასუხისთვის წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ძალაში რჩება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ----- გ------- და შ------- გ------- სარჩელი მოპასუხე ი----- ბ-----–---- მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.2. მოპასუხე ი----- ბ-----–---ს მოსარჩელე თ----- გ------- სასარგებლოდ დაეკისროს 16 000 აშშ დოლარის გადახდა;
1.3. მოპასუხე ი----- ბ-----–---ს მოსარჩელე შ------- გ------- სასარგებლოდ დაეკისროს 3 500 აშშ დოლარის გადახდა;
2. სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხისთვის სამკვიდრო მოწმობის რეგისტრაციისთვის გადაცემული თანხებისა და უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. მოპასუხე ი----- ბ-----–---ს მოსარჩელე თ----- გ------- და შ------- გ------- სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
4. მოპასუხე ი----- ბ-----–---ს მოსარჩელე თ----- გ------- სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 176 ლარის ანაზღაურება;
5. მოპასუხე ი----- ბ-----–---ს მოსარჩელე შ------- გ------- სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 257.25 ლარის ანაზღაურება;
6. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 66.75 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
7. მოსარჩელეთა შუამდგომლობა წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
8. ძალაში დარჩეს საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია