განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003130012
N1/198-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 აგვისტო, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-–-- გ--–-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-------- ა------, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, განქორწინებული, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩ---, ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის პირობით მსჯავრდებულმა ნ--------- ა------მ, 2019 წლის 28 ივნისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ---ში, საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 07:00 საათიდან, 08:00 საათამდე პერიოდში, მძიმე ხარისხის ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის დროს, არაერთგზის, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას - 0--------- წელს დაბადებულ ს---–---- ა------ს, ხოლო შემდეგ ცარიელი შუშის ბოთლი დაარტყა მარჯვენა ხელის არეში, რამაც დაზიანების მიყენება და ფიზიკუტი ტკივილი გამოიწვია.
2. ნ-------- ა------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------- ა-----ის მიერ, დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ ს---–---- ა-----ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ბ--------- ა-----ის, ი-----–- ს-------–---- და ა-–---------- ბ---------- გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულ ნ-------- ა-----ის გამოკითხვის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი; ნ-------- ა-----ის ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დასკვნა; საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ს---–---- ა-----ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ნ-------- ა-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ხელის გადაგრიხვა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
10. განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არაერთგზის. არაერთგზისობა გულისხმობს კოდექსის ერთი მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. ოჯახური ძალადობა, არაერთგზისად რომ ჩაითვალოს, წინა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლობა, მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ნ-------- ა------მ ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
12. ნ-------- ა-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
14. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-------- ა------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას, რომელიც გულისხმობს როგორც პირის მსჯავრდებას ჩადენილი ქმედებისათვის, ასევე, ამ ქმედებისათვის ადეკვატურ სასჯელს, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული კერძო და ზოგადი პრევენცია, რაც ემსახურება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვას მოძალადისაგან. ზოგადი პრევენციის შესაფასებლად, სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოში ოჯახური ძალადობის მომრავლებას, რაც წარმოადგენს სოციალურ პრობლემას და მისი აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით აუცილებელია მოძალადეს განესაზღვროს ადეკვატური სასჯელი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
15. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავო გარემოებას წარმოდგენს ის, რომ ნ-------- ა------ მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების დანაწესი, ვინაიდან სახეზეა როგორც რეციდივი (სსკ 111.151-ე მუხლთან მიმართებით) ასევე, ნასამართლობა, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი (სსკ 1261 მუხლთან მიმართებით). სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. მიუხედავად სასამართლოს მხრიდან გამოცხადებული ნდობისა (განსაზღვრული ჰქონდა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები, რაც ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით), გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, კვლავ ჩაიდინა განზრახი, ანალოგიური ხასიათის დანაშაული დანაშაული. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე მისი პიროვნების გათვალისწინებით, ნ-------- ა------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით. ხოლო 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით, ნ-------- ა------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სსკ 521-ე მუხლის საფუძველზე, ნ-------- ა------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 2 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ-------- ა------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი და დამატებითი სასჯელი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 2 (ორი) წლის ვადით. დღეის მდგომარეობით იგი იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და აღრიცხვაზე დგას პრობაციის ბიუროში. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებით სასჯელის განსაზღვრის საფუძვლები. შესაბამისად, ნ-------- ა-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე, მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, კერძოდ: საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, უნდა შთანთქას წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის და 26 (ოცდაექსვი) დღის ვადით და ნ-------- ა------ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის ვადით, მთლიანად უნდა დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლების აკრძალვის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი, 6 (ექვსი) თვე და 1 (ერთი) დღე და საბოლოოდ ნ-------- ა------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი - იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 1 (ერთი) წლის, 6 (ექვსი) თვის და 1 (ერთი) დღის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
18. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-------- ა------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით ნ-------- ა-----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით);
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით და ნ-------- ა------ს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის ვადით, მთლიანად დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლების აკრძალვის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი, 6 (ექვსი) თვე და 1 (ერთი) დღე და საბოლოოდ ნ-------- ა------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი - იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 1 (ერთი) წლის, 6 (ექვსი) თვის და 1 (ერთი) დღის ვადით;
ნ-------- ა------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 ივნისიდან;
ნ-------- ა-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შუშის ცარიელი ბოთლი, რომელიც ინახება საჩხერის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე