გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.07.2019
საქმის ნომერი
330210018002664316
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/29045-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - ტ------– კ---–-–---–-

წარმომადგენელი - გ-- ფ---–----–---–-

მოპასუხე - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,კ----–----6-’’-ის დამფუძნებელი წევრები - ნ--- ე-----, დ------ გ--------–---

წარმომადგენელი - რ---- გ--–-–---–-

მოპასუხე - შპს ,,ე--------’’

წარმომადგენელი - ც-–---- დ-----–----–-

დავის საგანი - თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

 

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 75 000 აშშ დოლარის 0.1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 01 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ტ------– კ---–-–---–- - შემდგომში მოსარჩელე და შპს ,,ს----’’-ს შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ს----’’-მ მოსარჩელეს დაუთმო იბა ,,კ----–----6-’’-ის (შემდგომში ამხანაგობა) მიმართ კრედიტორული მოთხოვნა 135 000 აშშ დოლარის ოდენობით და სხვა ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელიც გამომდინარეობდა შპს ,,ს----’’-ს და იბა ,,კ----–----6-’’-ს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან.

 

2-13 წლის 05 სექტემბერს, იბა ,,კ----–--- 6-’’-სა და შპს ,,ს----’’-ს შორის გაფორმდა ნადრობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ს----’’-ს ვალდებულებას წარმოადგენდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და ალუმინის ვიტრაჟების მონტაჟი მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ქ. თ---–---, კ----–---- ქუჩა #6-, რ-----–-–---–-- ჩ--- #1--2-. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ანაზღაურების წესი განისაზღვრა შემდეგნაირად: შემსრულებელს შესრულებული სამუშაოს 26% უნდა მიეღო თანხით, ხოლო 74% - ბარტერით - 123.48 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა იმავე კორპუსში, 1 კვ.მ 750 აშშ დოლარად.

 

2015 წლის 02 თებერვალს, შემკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის შესაბამისადაც ამხანაგობამ დაადასტურა შპს ,,ს----’’-ს მიერ 800 კვ.მ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების აწყობა და მონტაჟი, ხოლო დარჩენილი 700 კვ.მ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების აწყობა-მონტაჟის დასრულების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 01 აგვისტომდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ს----’’-მ ვადამდე დაასრულა დარჩენილი კარ-ფანჯრების მონტაჟი, თუმცა ამხანაგობამ არ დაადასტურა მისი მიღება და არ აანაზღაურა -75 000 აშშ დოლარის ოდენობის სამუშაოს ღირებულება, რომელთა შესრულებაც დასტურდება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ფაქტების კონსტატაციის ოქმით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეების ნ--- ე-----ს და დ------ გიორხელიძის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ნ--- ე-----მ და დ------ გ--------–---მ დადგენილი წესით წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს მის უსაფუძვლობაზე. მოპასუხეთა განმარტებით, შპს ,,ს----’’-მ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად. ამხანაგობამ 2015 წლის 17 აგვისტოს გაუგზავნა მას შეტყობინება, რომლის თანახმადაც დასტურდება ის გარემოება, რომ ვალდებულება არ შესრულებულა მიუხედავად შემსრულებლის მიერ თანხების მიღებისა. მოპასუხეთა განმარტებით, ხელშეკრულების დადების დღიდან შპს ,,ს----’’-ს ამხანაგობისგან მიღებული აქვს ჯამში 90 000 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც მის მიერ შესრულდა მხოლოდ 40 000 აშშ დოლარის ვალდებულება. მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს არასრულად შესრულებული ვალდებულების უხარისხობის ფაქტზე, რის გამოც ამხანაგობას მოუწია სამუშაოების შესასრულებლად ახალი კომპანიის მოძიება მეტალოპლასტამასის კარ-ფანჯრების სამუშაოების მონტაჟისათვის.

 

2.2. მოპასუხე შპს ,,ე--------’’-ს პოზიცია სარჩელთან მიმართებით

 

მოპასუხე შპს ,,ე--------’’-მა დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, სარჩელი არ ცნო. მოპასუხის მითითებით იგი არ არის სათანადო მოპასუხეს მოცემულ დავაზე, ვინაიდან არ არის ამხანაგობის დამფუძნებელი და მხოლოდ ამხანაგობის ინვესტორია. მოპასუხემ ასევე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების და მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სამუშაოების შესრულება უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 01 აგვისტოს. ამ დროიდან სარჩელის წარმოდგენამდე კი გასულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 10 ნოემბერს, ტ------– კ---–-–---–-- და შპს ,,ს----’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ, რომლის თანახმადაც შპს ,,ს----’’-მ მოსარჩელეს დაუთმო იბა ,,კ----–--- 6-’’-ის (შემდგომში ამხანაგობა) მიმართ კრედიტორული მოთხოვნები 135 000 აშშ დოლარი ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები, რომელიც წარმოშობილია შპს ,,ს----’’-სა და ამხანაგობას შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან, რას ასევე მოიცავს შპს ,,ს----’’-ს მიერ შესრულებული სამუშაოების გადაუხდელ ღირებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 16-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2013 წლის 05 სექტემბერს შპს ,,ს----’’-ს და ამხანაგობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს ,,ს----’’-მ იკისრა ვალდებულება დაემზადებინა და დაემონტაჟებინა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა და ალუმინის ვიტრაჟები მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მდებარე მისამართზე ქ. თ---–---, კ----–---- ქუჩა #6-, რ-----–-–---–-- ჩ--- #1--2-.

 

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოს 26%-ის გადახდა მოხდებოდა თანხობრივად, ხოლო 74%-ის გადახა მოხდებოდა ბარტერის სახით. ამავე პუნქტის თანახმად, ბარტერის საგანს წარმოადგენს 123.48 კვ.მ ფართის ბინა, რომლის 1 კვ.მ-ის ღირებულება არის 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მხარეებს ეკისრებათ საურავი 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.18-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2015 წლის 02 თებერვალს, შპს ,,ს----’’-ს და ამხანაგობის თავმჯდომარეს შორის შედგა შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, შემსრულებელმა შეასრულა 800 კვ.მ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების აწყობა და მონტაჟი. ამავე მიღება-ჩაბარების აქტით, შპს ,,ს----’’-მ აიღო ვალდებულება დარჩენილი 700 კვ.მ მეტალოპლასტმასის შესასრულებელი სამუშაოები დაესრულებინა არაუგვიანეს 2015 წლის 01 აგვისტომდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. იბა ,,ამხანაგობა-6-’’-ის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენენ მოპასუხეები ნ--- ე----- და დ------ გ--------–---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო აქტები (ს.ფ. 248-269 );

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შპს ,,ს----’’-ს ამხანაგობის წინაშე შესრულებული აქვს 2013 წლის 05 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2015 წლის 02 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით ნაკისრი ვალდებულება სრულად.

 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შემსრულებლის მიერ 800 კვ.მ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების აწყობისა და მონტაჟს თაობაზე ვალდებულების შესრულების ფაქტი. სადავოა შემსრულებლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტით ნაკისრი ვალდებულების - 2015 წლის 01 აგვისტომდე 700 კვ.მ-ის შესასრულებელი სამუშაოების დასრულების ფაქტი. სამუშაოების შესრულების დასტურად მოსარჩელე მიუთითებს წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე (ტომი 1, ს.ფ. 25-26) და ფაქტების კონსტატაციის ოქმზე (ტომი 1, ს.ფ. 27-35). სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით პირდაპირ და უტყუარად დასტურდება დათქმული დროისათვის შემსრულებლის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი და განხორციელებული შედავების ფარგლებში აღნიშნულის გამაქარწყლებელ მტკიცებულებად ვერ განიხილება ამხანაგობის დამფუძნებელთა მითითება ვალდებულების შეუსრულებლობაზე, ისევე როგორც წარმოდგენილი მიმართვები (ტომი 1, ს.ფ. 126-127).

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნულზე მსჯელობისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ ას-67-64-2016).

 

3.2.2. ამხანაგობას, შპს ,,ს----’’-სთვის ანაზღაურებული აქვს შესრულებული სამუშაოს ღირებულება ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

 

სადავოა სამუშაოს მთლიანი ღირებულების ანაზღაურების საკითხი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოს 26%-ის გადახდა მოხდებოდა თანხობრივად, ხოლო 74%-ის გადახა მოხდებოდა ბარტერის სახით. ამავე პუნქტის თანახმად, ბარტერის საგანს წარმოადგენს 123.48 კვ.მ ფართის ბინა, რომლის 1 კვ.მ-ის ღირებულება არის 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით, კი წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.

 

სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს ამხანაგობის წარმომადგენლის განმარტებასა და სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის შპს ,,ს----’’-ს დირექტორის ჩვენების ურთიერთმიმართებაზე. საყურადღებოა, რომ ამხანაგობის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულების თანახმად შპს ,,ს----’’-ს უნდა მიეღო 123.48 კვ.მ ფართის მქონე ბინა. ამასთან, კომპანიის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე, გადასაცემი ფართი გაიმიჯნა ორ დამოუკიდებელ ბინად და ასევე გადაეცა შპს „ს----“-ს.

 

მოვლენების ანალოგიური განვითარებაზე მიუთითა შპს ,,ს----’’-ს დირექტორმაც რომელმაც განმარტა, რომ ამხანაგობას მიმართა თხოვნით შპს „ს----“-სთვის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასაცემი ფართი ორ ბინად გაეყო და ისე შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება.

 

შპს „ს----“-ს დირექტორმა ასევე განმარტა, რომ მან ამხანაგობისგან ფაქტობრივად მიიღო ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება ორ საცხოვრებელ ბინაზე წილის უფლების მიღების სახით და ეს უფლება ორივე ბინის შემთხვევაში განკარგა მესამე პირებზე. საქმის განხილვის განმავლობაში ეს ფაქტი ჯერ დაადასტურა, ხოლო შემდეგ უარყო ამხანაგობის წარმომაგენელმა. თუმცა, კომპანიის დირექტორის ჩვენების გამაქარწყლებელი არგუმენტის წარმოდგენა მან ვერ შეძლო (იხილეთ 2019 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი, 14:47:59-15:52:45).

 

ის გარემოება, რომ შპს ,,ს----’’-ს დირექტორმა ფაქტობრივად ცესიის გზით გადასცა ამხანაგობისაგან, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული უძრავი ქონება მესამე პირებს და ამ მესამე პირებსა და ამხანაგობას შორის ამ ეტაპზე შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის დავა, არ წარმოადგენს ამხანაგობის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლად მიჩნევის საფუძველს.

 

სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამხანაგობას, სრულად აქვს ანაზღაურებული შპს „ს----“-სთვის გაწეული მომსახურების ღირებულება.

 

საქმეში წარმოდგენილია სალაროს გასავლის ორდერები (ტომი 1, ს.ფ.122-125), რომელთა თანახმადაც სხვადასხვა პერიოდში ამხანაგობის მიერ შპს ,,ს----’’-სთვის ჯამში გადახდილია 90 000 აშშ დოლარი. მოსარჩელე სადავოდ ხდის აღნიშნული თანხების მიღებას. მის მიერვე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით (ტომი 1, ს.ფ. 179-197) დასტურდება გასავლის ორდერებზე შპს ,,ს----’’-ს დირექტორის ხელმოწერის ნამდვილობის ფაქტი. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო მოიხმობს კვლავ მოწმის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ ხელმოწერები სრულდებოდა ცარიელ ბლანკზე, შესაბამისად, ხელმოწერის არსებობის პირობებშიც კი არ დასტურდება შემსრულებლის მიერ სალაროს გასავლის ორდერში მითითებული თანხების მიღების ფაქტი.

 

აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლოს მიუთითებს, ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, ძილში, ჰიპნოზურ მდგომარეობაში გამოხატული ნება და ა.შ. (იხ. საქმე №2ბ/3789-15).

 

აღნიშნული განმარტების შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, საქმის მასალებით არ დასტურდება ამხანაგობიდან ამ ოდენობით თანხის გასვლისა და შემსრულებელ კომპანიაში ამ ოდენობით თანხის შესვლის ფაქტი, მაგარმ ფაქტია, რომ შპს ,,ს----’’-ს დირექტორმა სალაროს შემოსავლის ორდერებზე ხელმოწერით (თუნდაც ეს ყოფილიყო მართლაც ცარიელი ბლანკი), შექმნა დასაბუთებული პრეზუმცია კომპანიის მხრიდან აღნიშნული თანხების მიღების შესახებ. შესაბამისად, სალაროს გასავლის ორდერებში მითითებული თანხების ოდენობის სისწორეც და რეალობასთან შესაბამისობაც, სრულად განეკუთვნება მისი რისკის სფეროს. შექმნილი დასაბუთებული პრეზუმფცია კი ვერ იქნება გაქარწყლებული წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით (ტომი 1, ს.ფ. 179-197).

 

ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ამხანაგობის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს, როგორც ბარტერული, ასევე თანხობრივი ანაზღაურების ნაწილში.

 

3.2.3. შპს ,,ე--------’’ წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია კრების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 22--223), რომლის თანახმადაც დასტურდება შპს ,,ე--------’’-ს ამხანაგობიდან გასვლის საკითხი. ასევე ის გარემოება, რომ მასსა და ამხანაგობას შორის დამტკიცებული მორიგების აქტით, შპს ,,ე--------’’ თავად გახდა ამხანაგობის კრედიტორი. აღნიშნული კი გამორიცხავს წარმოდგენილ დავაში მის სათანადო მოპასუხეობას. გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, რომ არც თავდ ამხანაგობის წარმომადგენელი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ე--------’’ წარმოადგენდა ამხანაგობის ინვესტორს და არა წევრს, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელზე პასუხისმგებელ პირად მის მიჩნევას.

 

3.2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმული არ არის.

 

დავის განხილვისას ხანდაზმულობის საკითხი არსებითად სადავო გადახდა შპს ,,ე--------’’-მა. მიუხედავად მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებისა, არასათანადო მოპასუხეობის დადგენის შემთხევაში სასამართლოს აღარ ემსჯელა ხანდაზმულობის საკითხზე, მიზანშეწონილია აღნიშნულზე მსჯელობა, ვინაიდან სსსკ-ის 219-ე მუხლის დანაწესის მიუხედავად ამხანაგობის წარმომადგენელმაც სასამართლოს მთავარ სხდომაზე ასევე მიუთითა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 29 ნოემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით (ტომი 1, ს.ფ. 148). აღნიშნული განჩინების თანახმად, სარჩელი წარდგენილი იყო ამხანაგობა ,,კ----–----6-’’-ის დამფუძნებლები წევრების მიმართ, თუმცა არა განსახილველ დავაში დასახელებული ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიმართ. აღნიშნული სარჩელი დარჩა განუხილველი სარჩელის გახმობის გამო 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით. მიმდინარე სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის 08 ოქტომბერს.

 

სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სასამართლო მიუთითებს, რომ მოხმობილი ნორმა ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად. ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ 2016 წლის 29 ნოემბერს სარჩელის წარდგენით შეწყდა მოცემულ დავაზე ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელის წარდგენით მის ხელთ არსებული საშუალებით სცადა უფლებებში აღდგენა. არსებითია, რომ დავა იმავე საფუძვლით ეხებოდა სწორედ იბა ,,კ----–----6-’’-ს და შემკვეთს შორის არსებულ ურთიერთობას და მიმართული იყო სწორედ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიმართ (ტომი 1, ს.ფ. 228-246). ის გარემოება, რომ სარჩელი არ იყო წარდგენილი რეალურად არსებული ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიმართ არ უნდა გახდეს სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი თავად ამხანაგობის ბუნებიდან გამომდინარე უშუალოდ მისი, როგორც სუბიექტის მიმართ სარჩელის წარდგენის შეუძლებლობის გათვალისწინებით. ან თუნდაც იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იცნობს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით ჩანაცვლების პროცესუალურ შესაძლებლობასაც.

 

შესაბამისად, როდესაც უდავოდ დასტურდება სათანადო წესით მოსარჩელის მიერ დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენის მცდელობა, აღნიშნული სწორედაც რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის განმაპირობებელია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების, ისევე როგორც შემკვეთის მიერ ამ სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და, არც სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. ვინაიდან საქმის მასალებით არ დადასტურდა, ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, პირგასამტეხლოს შესახებ მოთხოვნის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, ასევე არ არსებობს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის სახის გადახდისაგან (ტომი 1, ს.ფ. 36). სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს მოპასუხეთათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 ივნისის განჩინებით (ტომი 3, ს.ფ. 9-13) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 1991-ე , 364-365-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ს----“-ს უფლებამონაცვლე, ტარიელ კ---–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე შპს "EMEREX"-ის 2012 წლის 27 ივლისის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებას იბა "კ----–--- 6-"-ის მიმართ ქ. თბილისში, კ----–---- ქ. N6--ში მშენებარე შენობა N1-ში 660 კვ.მ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის სამომავლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ (განცხადების რეგისტრაციის N------------) 237 კვ.მ ფართის ნაწილში;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია