გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2019
საქმის ნომერი
190210019003001081
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/868-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივლისი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ-----------ი"

წარმომადგენელი დავით თევდორაშვილი

მოპასუხეები ზ------ წ---–-----ი

ზ------ ხ-------–---–ი

ა------- შ--–---–---–ი

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნები

ზ------ წ---–-----ს ზ------ ხ-------–---–ს და ა------- შ--–---–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ:

1.1. 2015 წლის 31 ივლისის #2287569-9281723 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 16 385.18 ლარის სოლიდარულად გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა – 13 378.76 ლარი, პროცენტი- 1670.74 ლარი, ჯარიმა -929.28 ლარი და დაზღვევა -46.40 ლარის ოდენობით.

 

1.2. 2019 წლის 15 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -16 385.18 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 20% სარგებლის გადახდა არაუმეტეს 1 წლისა, რაც შეადგენს 2747.75 ლარს. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვროს ზღვრული თანხით.

 

1.3. 2019 წლის 15 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -13 738.76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახა მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა ყოველღიურა 13.74 ლარის ოდენობით, ჯამურად არაუმეტეს 1236.60 ლარისა. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვროს ზღვრული თანხით.

ზ------ წ---–-----ს დაეკისროს სს თ----------ისათვის

1.4. 2018 წლის 16 თებერვლის N2287569-9622592 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 212 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 192.68 ლარი და ჯარიმა -19.32 ლარი.

1.5. 2018 წლის 20 აპრილის N2287569-9808467 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 601 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 546.56 ლარი, ჯარიმა -54.44 ლარი.

1.6. 2017 წლის 15 დეკემბრის N OM1578496 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2577 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2001.68 ლარი, პროცენტი-375.06 ლარი, ჯარიმა -200.26 ლარი.

1.7. N OM1578496 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 15 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ძირ თანხაზე -2001.68 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა არაუმეტეს 1 წლისა, რაც შეადგენს 720.60 ლარს.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2015 წლის 18 სექტემბერს სს „თ----------სა“ და ზ------ წ---–-----ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N 0118-2287569.001, რომლის საფუძველზე მოპასუხემ 2017 წლის 28 ოქტომბერს მიიღო კრედიტი 17 000 ლარის ოდენობით. კრედიტის სარგებელია წლიური 20%, დაბრუნების ვადა 48 თვე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ყოველდღიურად დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ჯიპიაი ჰოლდინგში სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

2017 წლის 28 ოქტომბერს ბანკსა და მოპასუხეებს ზ------ ხ-------–---–სა და ა------- შ--–---–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც იკისრეს ბანკის წინაშე ზ------ წ---–-----ის კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 22 100 ლარი.

მსესხებელმა არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, 2018 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია. მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 16 385.18 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 13 738.76 ლარი, პროცენტი 1670.74 ლარი, ჯარიმა 929.28 ლარი, დაზღვევა- 46.40 ლარი.

 

2018 წლის 16 თებერვალს სს „თ----------სა“ და ზ------ წ---–-----ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 289 ლარის ოდენობით. კრედიტის სარგებელი გათვალისწინებული არ არის, დაბრუნების ვადაა 734 დღე (24 თვე). კრედიტორს თანხა უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად 12.08 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს დავალიანების 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, 2018 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 329.18 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 192.68 ლარი, ჯარიმა 136.50 ლარი.

 

2018 წლის 20 აპრილს ბანკსა და ზ------ წ---–-----ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან მიიღო კრედიტი 826 ლარის ოდენობით. სარგებელი გათვალისწინებული არ არის. სესხის გაცემულია 463 დღით. მსესხებელს 15 თვის მანძილზე უნდა ეხადა სესხის თანხა ყოველთვიურად 56.97 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველდღიურად დავალიანების 1.5%-ის ოდენობით. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის 29 ოქტომბერს. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1001.14 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 546.56 ლარი, ჯარიმა 441.28 ლარი.

 

2017 წლის 15 დეკემბერს ბანკსა და ზ------ წ---–-----ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება N OM1578496 რომლითაც გათვალისწინებულია საკრედიტო ლიმიტი 2000 ლარი. სარგებელი შეადგენს წლიურ 36%-ს. ბარათის მოქმედების ვადა 14653 დღე. მსესხებელს უნდა გადაეხადა ათვისებული თანხის მინიმუმ 5%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების 1.% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. 2018 წლის 23 ოქტომბრის შემდეგ თანხა არ გადაუხდია. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 3085.38 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2001.68 ლარი, პროცენტი 375.06 ლარი, ჯარიმა 708.64 ლარი.

 

კრედიტის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობით ბანკი განიცდის ზიანს, ვერ იღებს შემოსავალს, რასაც დაბრუნებული თანხის გასესხებით მიღებდა დარიცხული სარგებლით, რის გამოც მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს ზიანი ვალდებულების სრულ შესრულებამდე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. თანხმობა განაცხადეს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების გადახდაზე, ხოლო პირგასამტეხლოს შესახებ განმარტეს, რომ მათი პროცენტი მაღალია. ასევე არ ცნეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა იმის გამო, რომ პირგასამტეხლოსთან ერთად არაგონივრულად მაღალი თანხის დაკისრებას გამოიწვევს, კრედიტის ნაწილი დაბრუნებული აქვს და ბანკს გარკვეული სარგებელი მიღებული აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 18 სექტემბერს სს „თ----------სა“ და ზ------ წ---–-----ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N 0118-2287569.001, რომლის საფუძველზე მოპასუხემ 2017 წლის 28 ოქტომბერს მიიღო კრედიტი 17 000 ლარის ოდენობით. კრედიტის სარგებელია წლიური 20%, დაბრუნების ვადა 48 თვე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ყოველდღიურად დავალიანების 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ჯიპიაი ჰოლდინგში სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

2017 წლის 28 ოქტომბერს ბანკსა და მოპასუხეებს ზ------ ხ-------–---–სა და ა------- შ--–---–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც იკისრეს ბანკის წინაშე ზ------ წ---–-----ის კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 22 100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 23-45. ტომი 1)

– თავდებობის ხელშეკრულებების ასლი (ს.ფ. 46-55. ტომი 1)

– შესაგებელი (ს.ფ. 133-137. ტომი 1)

 

3.1.2. მსესხებელმა არ შეასრულა 2017 წლის 28 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, 2018 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია. მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 16 385.18 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 13 738.76 ლარი, პროცენტი 1670.74 ლარი, ჯარიმა 929.28 ლარი, დაზღვევა- 46.40 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 75. ტომი 1)

– ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 76-77. ტომი 1)

– შესაგებელი (ს.ფ. 133-137. ტომი 1)

 

3.1.3. 2017 წლის 15 დეკემბერს ბანკსა და ზ------ წ---–-----ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება N OM1578496 რომლითაც გათვალისწინებულია საკრედიტო ლიმიტი 2000 ლარი. სარგებელი შეადგენს წლიურ 36%-ს. ბარათის მოქმედების ვადა 14653 დღე. მსესხებელს უნდა გადაეხადა ათვისებული თანხის მინიმუმ 5%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანების 1.% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. 2018 წლის 23 ოქტომბრის შემდეგ თანხა არ გადაუხდია. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 3085.38 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2001.68 ლარი, პროცენტი 375.06 ლარი, ჯარიმა 708.64 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 66-74. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 80-102. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)

– მოპასუხის განმარტება (25.07.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.4. 2018 წლის 16 თებერვალს სს „თ----------სა“ და ზ------ წ---–-----ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 289 ლარის ოდენობით. კრედიტის სარგებელი გათვალისწინებული არ არის, დაბრუნების ვადაა 734 დღე (24 თვე). კრედიტორს თანხა უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად 12.08 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს დავალიანების 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, 2018 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 329.18 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 192.68 ლარი, ჯარიმა 136.50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 58-59. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 188. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 75. ტომი 1)

– შესაგებელი (ს.ფ. 133-137. ტომი 1)

 

3.1.5. 2018 წლის 20 აპრილს ბანკსა და ზ------ წ---–-----ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან მიიღო კრედიტი 826 ლარის ოდენობით. სარგებელი გათვალისწინებული არ არის. სესხის გაცემულია 463 დღით. მსესხებელს 15 თვის მანძილზე უნდა ეხადა სესხის თანხა ყოველთვიურად 56.97 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველდღიურად დავალიანების 1.5%-ის ოდენობით. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის 29 ოქტომბერს. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1001.14 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 546.56 ლარი, ჯარიმა 441.28 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 60-65. ტომი 1)

– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 79. ტომი 1)

– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 75. ტომი 1)

– მოპასუხეების განმარტება (25.07.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.6. მსესხებელსა და თავდებებს 2019 წლის 18 აპრილს ფოსტით გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები და განესაზღვრათ წერილის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღე დავალიანების გადასახდელად. წერილები ჩაბარდათ ზ------ წ---–-----ს და ზ------ ხ-------–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– წერილების და საფოსტო შეტყობინებების ასლები (ს.ფ. 103-114. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება. მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 867-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 412-ე, 414-ე მუხლები, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მხარეებს შორის სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება. ბანკსა და ზ------ წ---–-----ს შორის სხვადასხვა დროს დადებულია 4 საკრედიტო ხელშეკრულება. 2017 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეების ვალდებულება სოლიდარულია, რადგან ზ------ ხ-------–---–მა და ა------- შ--–---–---–მა ბანკის წინაშე სოლიდარული თავდებობა იკისრეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა.

 

სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში კრედიტორს აღარ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა, იგი უფლებამოსილია უშუალოდ თავდებს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება. სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, თავდებს მოვალესთან ერთად ეკისრება სოლიდარული ვალდებულება და ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს სსკ-ის 463-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. კრედიტორს შეუძლია თავისი არჩევანით მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება ერთ-ერთ ან ორივე სოლიდარულ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კრედიტი არ დაუბრუნებია, რადგან ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, თუმცა არ მიუთითებია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების, მათი შეთანხმების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

მოპასუხეებს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების გადახდა, რადგან მოპასუხეს ცნო ეს მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, თანხმობა განაცხადეს მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებებს პირგასმატეხლოს გონივრულობის საკითხში და მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგი საფუძვლების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას. ტერმინი „შეუსაბამოდ მაღალი“ მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე, რომ შემცირებას შეიძლება დაექვემდებაროს ისეთი პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა აშკარად და თვალსაჩინოდ მაღალია სადაო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან და ვალდებულების შეუსრულებლობის ხასიათთან. ამდენად, შემცირებას ექვემდებარება არ მარტო ოდენობის თვალსაზრისით მაღალი თანხის პირგასამტეხლო, არამედ ისეთი თანხა რომელიც თვალსაჩინოდ შეუსაბამოა კონკრეტული ვალდებულების დარღვევის გარემოებებთან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

პირგასამტეხლოს ერთდროულად გააჩნია სანქციის და პრევენციის ფუნქცია. ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს განსაზღვრით, ერთგვარად მოვალეზე ზეწოლის მოხდენაა მიზნად დასახული, რადგან მისი მიზანია მოვალემ ფინანსური სანქციის თავის არიდების მიზნით მიიღოს ზომები ვალდებულების შესასრულებლად. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლოს პრევენციის მნიშვნელობა არა აქვს და მისი მიზანია მოვალისათვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება, რა დროსაც პირგასამტეხლოს ასევე აქვს ზიანის მინიმალურად და სწრაფად ანაზღაურების ფუნქცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის საგამონაკლისო უფლება, რომლის მიზანია სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა, მხარეთა უფლებრივი თანაზომიერების პრინციპი დაცვა. ნორმის მიზანია თუნდაც ვალდებულების დამრღვევი მხარის დაცვა გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, რადგან ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ (მაგალითად ბანკმა) ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლო აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეამციროს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ სადაო ურთიერთობისათვის სამართლიანი და გონივრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება და კრედიტორის მართლზომიერი ინტერესების უგულებელყოფა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია მხარეთა მართლზომიერ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა და ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის გონივრული პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს 2017 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის აღძვრის შემდგომ პერიოდში პირგასამტეხლოს გადახდის გაგრძელებაზე.

 

მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს 929,28 ლარის დაკისრებას, ამავე დროს მოითხოვს პირგასამტეხლოს გადახდევინება სარჩელის აღძვრის შემდეგ პერიოდშიც გაგრძელდეს და მოპასუხეს დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაც. სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს არაგონივრულად მაღალი თანხით პირგასამტეხლოს დაკისრებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს. მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრება ზღვრულ პერიოდისათვის 2019 წლის 15 მაისიდან 90 დღის განავლობაში დღეში 13,74 ლარის ოდენობით, რაც ამ პერიოდში სულ 1236,60 ლარია. ამდენად, ჯამურად მოთხოვნილია პირგასამტეხლო 2165,88 ლარი.

 

ამ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, 2018 წლის 27 ოქტომბრამდე გადაიხადა ძირითადი თანხა 3261,24 ლარი, პროცენტი 2869,79 ლარი და ჯარიმა 92,33 ლარი, ჯამში გადახდილია 6548,89 ლარი. პირგასამტეხლოსთან ერთად მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რის გამოც პირგასამტეხლოს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია აღარ გააჩნია და მოსარჩელე ზუსტად განსაზღვრული ოდენობით მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მართალია ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, სესხის დიდი ნაწილი გადაუხდელია, მაგრამ ეს ამ ამართლებს აშკარად მაღალი თანხის პირგასამტეხლოს მოთხოვნას. ისეთ პირობებში, როცა კრედიტორი ზიანს მიუღებელი შემოსავლით მოითხოვს, ამავდროულად პირგასამტეხლოს დარიცხვის გაგრძელებას მოვალის დასჯის ხასიათი აქვს, რაც პირგასამტეხლოს მიზანი არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოების გამო გაუმართლებელია მიუღებელ შემოსავალთან ერთად მოვალეებს დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდევინება დროში ზრდადი ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო გონივრულია თუ ერთდროულად უზრუნველყოს კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას და ვალდებულების დამრღვევი მოვალისათვის ფინანსური სანქციის დაკისრების მიზანს. სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო 929,28 ლარი მიუღებელ შემოსავალთან ერთად საკმარისად უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს ამ ფუნქციის შესრულებას, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს 2019 წლის 15 მაისის შემდგომ პერიოდში პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბანკსა და ზ------ წ---–-----ს შორის დადებული სხვა ხელშეკრულებების საფუძველზე პირგასამტეხლო გონივრული ოდენობითაა მოთხოვნილი. კერძოდ, 2018 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია პირგასმატეხლო 136,50 ლარი, ხოლო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 192,68 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არის დარღვეული გონივრული თანაფარდობა დავალიანების თანხასა და პირგასამტეხლოს ოდენობას შორის, რადგან სესხის თანხა მცირეა და მისი დაბრუნების ვალდებულება თითქმის 6 თვის მანძილზე არ შესრულებულა, რაც ვალდებულების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

 

2018 წლის 10 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია პირგასამტეხლო 54,44 ლარი, რაც დარიცხულია 2018 წლის 27 ოქტომბრიდან 2019 წლის 15 მაისამდე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის დავალიანებაა 546,56 ლარი, რის გამოც 54,44 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება სრულად უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციის შესრულებას და გონივრული თანხაა დავალიანების ოდენობასთან მიმართებაში, არის დავალიანების 10%.

 

ასევე გონივრულია 2017 წლის 15 დეკემბერს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასმატეხლო 200,26 ლარი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის დავალიანებაა 2001,68 ლარი, ხოლო გადასახდელი სარგებელია 375,06 ლარი. შესაბამისად, საკრედიტო დავალიანების ოდენობასთან გონივრულ თანაფარდობაშია 200 ლარის ფარგლებში პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს 2017 წლის 28 ოქტომბრის და 2017 წლის 15 დეკემბრის საკრედიტო ბარათის სარგებლობის ხელშეკრულებების შეუსრულებლობის გამო 2019 წლის 15 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა ძირითადი თანხის დავალიანების იმ პროცენტით, რაც ხელშეკრულებებითაა გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხის მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.

 

მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .

 

განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი იყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.

 

სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 17 , 2017 წლის თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016.

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ბანკმა ვერ მიიღო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ზიანის ოდენობის შესახებ დებულებას არ შეიცავს, თუმცა კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მსესხებელი კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას ასრულებდა ერთი წლის მანძილზე. მხარეებს შორის გაფორმებულია სამომხმარებლო ხასიათის საკრედიტო ხელშეკრულება, რის ფიზიკური პირის, რის გამოც 348-ე მუხლით დადგენილი პრინციპის საფუძველზე მოვალეს ზიანის ანაზღაურება ეკისრება გონივრულობის სტანდარტის დაცვით. ამ შემთხვევაში ბანკისათვის ზიანის მიყენება გამოწვეულია ვალდებულების არაჯეროვანის შესრულებით, მოვალეს ბანკისათის ნაწილობრი შესრულებული აქვს ვალდებულება, იხდიდა კრედიტის თანხას, რის გამოც ამ პერიოდში ბანკი იღებდა სარგებელს. ამ გარემოების გამო გონივრული არ იქნება მსესხებელს დაეკისროს ისეთივე პასუხისმგებლობა, რაც ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის პირობებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად თანხის გადახდა არაუმეტეს 6 თვისა.

 

2017 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილია თვეში 228,97 ლარის გადახდა, რაც 6 თვეში გადასახდელია არაუმეტეს 1373,82 ლარისა.

 

2017 წლის 15 დეკემბრის საკრედიტო ბარათის სარგებლობის ხელშეკრულებების შეუსრულებლობის გამო ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნის 2019 წლის 15 მაისიდან თვეში 60 ლარის გადახდა, რაც არაუმეტეს 6 თვის პერიოდში შეადგენს 360 ლარს.

 

საერთო ჯამში მოპასუხეების მიერ შესასრულებელი საკრედიტო ვალდებულების ოდენობა შემდეგია:

· 2017 წლის 28 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეების სოლიდარულად გადასახდელია 16 385,18 ლარი, ასევე მიუღებელი შემოსავალი თვეში 228,97 ლარი 2019 წლის 15 მაისიდან არაუმეტეს 6 თვისა (1373,82 ლარი).

 

ინდივიდუალურად მოპასუხე ზ------ წ---–-----ის მიერ გადასახდელია

· 2018 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე ჯამურად 212 ლარი;

· 2015 წლის 20 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 601 ლარი,· 2017 წლის 15 დეკემბერის საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2577 ლარი, ასევე მიუღებელი შემოსავალი თვეში 60 ლარი 2019 წლის 15 მაისიდან არაუმეტეს 6 თვისა (360 ლარი).

 

ჯამურად მოპასუხე ზ------ წ---–-----ის მიერ ინდივიდუალურად გადასახდელია 3750 ლარი, ხოლო მოპასუხეების მიერ სოლიდარულად გადასახდელი თანხაა 16 386,59 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების სარჩელის ფასია 24 480,13 ლარი, საიდანაც მოპასუხე ზ------ წ---–-----ის მიმართ ინდივიდუალურად გადასახდელად მოთხოვნილი თანხა (4110 ლარი) არის მთელი მოთხოვნის 18%. შესაბამისად, ამ პროპორციით უნდა განაწილდეს მოპასუხეების მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 734,41 ლარი, რომლის 18% არის 132,19 ლარი.

 

ზ------ წ---–-----ს დაეკისრა 3750 ლარის გადახდა, რაც არის მის მიმართ აღძრული მოთხოვნის 90%. 132,19 ლარის 90% არის 118,97 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს. მოპასუხემ ცნო სარჩელი 3189,74 ლარის ნაწილში, რაც არის გადასახდელი თანხის 83%. სახელმწიფო ბაჟის 118,97 ლარის 83% არის 98,74 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო ზ------ წ---–-----ს უნდა დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ 20,23 ლარის გადახდა.

 

სოლიდარულად გადასახდელ საკრედიტო ვალდებულებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 602,22 ლარი, მოპასუხეების მიმართ მოთხოვნაა 20 370,13 ლარი, საიდანაც მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხა 17 759,05 ლარი, არის მოთხოვნის 86%. სახელმწიფო ბაჟის 86% არის 517,90 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს. მოპასუხეებმა ცნეს 13 738,76 ლარის ნაწილში მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 77%. სახელმწიფო ბაჟს 517,90 ლარის 77% არის 398,78 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის 119,12 ლარის გადახდა.

 

ამდენად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ჯამში 497,52 ლარი, ხოლო მოპასუხეებმა მას უნდა აუნაზღაურონ ჯამში 139,35 ლარი,8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელი უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ის“ სარჩელი;

 

1.1. ზ------ წ---–-----ს, ზ------ ხ-------–---–ს და ა------- შ--–---–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ-----------ისათვის“ 2017 წლის 28 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 16385,18 ლარის გადახდა, ხოლო ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 15 მაისიდან თვეში 228,97 ლარის გადახდა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში;

1.2. ზ------ წ---–-----ს დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“ 2018 წლის 16 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 212 ლარის გადახდა;

1.3. ზ------ წ---–-----ს დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“ 2018 წლის 20 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 601 ლარის გადახდა;

1.4. ზ------ წ---–-----ს დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“ 2017 წლის 15 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე 2577 ლარის გადახდა, ასევე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 2019 წლის 15 მაისიდან თვეში 60 ლარი ოდენობით არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში;

1.5. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სარჩელის წარმოდგენიდან 90 დღის განმავლობაში და მიუღებელი შემოსავლის ვალდებულების 1 წლის განმავალობაში დაკისრების ნაწილში;

 

2. სს „თ-----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 497,52 ლარი. თანხა 2019 წლის 16 მაისს გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, (საგადასახადო დავალება N1);

 

3. ზ------ წ---–-----ს დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 20,23 ლარის გადახდა;

 

4. ზ------ წ---–-----ს, ზ------ ხ-------–---–ს და ა------- შ--–---–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 119,12 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი