განაჩენი

სისხლის სამართლის 08.08.2019
საქმის ნომერი
190100119003110552
თარიღი
08.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-590-19

(N078130619001

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

08.08.2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი გიორგი ღონღაძე

 

დაცვის მხარე: ადვოკატი ზურაბ ქსოვრელი

 

ბრალდებული: ბ--–--–-----–----ი

მამის სახელი: შ-------ი

დაბადებული: 12.12.1--- წ

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და მცხ. მისამართზე: მარნეულის რაიონი, სოფელი დ-–------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის, 381-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა;

 

საქართველოს სსკ-ის, 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.

 

თარჯიმანი: ორხან რამაზანოვი,სხდომის სახე: ღია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ბ--–--–-----–----ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ამის მიუხადავად, 2019 წლის 05 მაისს, დაახლოებით 22:40 საათზე, მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე მართავდა ,,ვ---------“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით Q------.

 

ბ--–--–-----–----მა, 2019 წლის 05 მაისს, დაახლოებით 22:40 საათზე, მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ა/მანქანის მართვისას, შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი- უკრაინის რესპუბლიკის მართვის მოწმობა ნომრით B--------.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა, ბ--–--–-----–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების, ა-–---------------–--ის, უ----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, უკრაინის რესპუბლიკის მართვის მოწმობას ნომრით B-------- და მისი ამოღების დოკუმენტს, ტექნიკური ექსპერტიზის #1028/დტ დასკვნას, საზღვრის კვეთის ცნობას, შსს მომსახურების სააგენტოს წერილს და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სასამართლოში 2019 წლის 29 ივლისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი სამართალშეფარდების პროცესის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ე.ი. ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოს კანონიერ საქმიანობას მიღებულ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად.

 

სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ხელს უშლის მართლმსაჯულების ამოცანების განხორციელებას. განაჩენის აღუსრულებლობა მსჯავრდებულს ათავისუფლებს დამსახურებული სასჯელის მოხდისაგან, რითაც საშიშროება იქმნება დანაშაულის რეციდივისთვის.

 

დანაშაულის საგანია დოკუმენტურად გაფორმებული პროცესუალური აქტი, რომელიც სასამართლოს მიერ არის გამოტანილი - სასამართლო განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებულ იქნეს როგორც მოქმედებით - სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლა, ასევე უმოქმედობით - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით.

 

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, რომ არ ასრულებს კანონიერ გადაწყვეტილებას, ითვალისწინებს შედეგს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ინტერესებისათვის ზიანის სახით და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდუვალობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია პირადობის მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, აგრეთვე ბეჭედი, შტამპი ან ბლანკი. ოფიციალური დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. იგი შეიძლება ადასტურებდეს ან უარყოფდეს ამა თუ იმ ფაქტს, რომელიც წარსულს, აწმყოს ან მომავალს ეხება. ოფიციალურ დოკუმენტებს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები საკუთრების ფორმის მიუხედავად, იმ პირობებით, თუ სახელმწიფო მას ანიჭებს იურიდიულ ძალას რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალური დოკუმენტია ნოტარიუსის მიერ დამოწმებული კერძო (პირადი) ხასიათის დოკუმენტი - განცხადება, ხელწერილი, ხელშეკრულება, მინდობილობა.

 

სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, ანუ კანონი იცავს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილ წესს, ხოლო ამით კი - მმართველობის წესს. ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულიხმება, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისევე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა, გაყალბება.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ მოქმედებაში, მათ შორის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში, რაშიც იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც შემოწმების უფლება აქვს. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ბ--–--–-----–----ს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2019 წლის 05 მაისს, მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე მართავდა ,,ვ----------“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით Q------, რა დროსაც დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან შეძენილი უკრაინის რესპუბლიკის მართვის მოწმობა ნომრით B--------, წარუდგინა შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ--–--–-----–----ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ--–--–-----–----ის მიერ ჩადენილი ქმედებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულს სასჯელად უნდა განესაზღვროს ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ბ--–--–-----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს(გადაუხდელია).

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული უკრაინის რესპუბლიკის მართვის მოწმობა ნომრით B--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით(ერთვის სს საქმეს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ--–--–-----–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ბ--–--–-----–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ბ--–--–-----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად საქმეზე ამოღებული უკრაინის რესპუბლიკის მართვის მოწმობა ნომრით B--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით(ერთვის სს საქმეს).

 

4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი