განაჩენი

სისხლის სამართლის 08.08.2019
საქმის ნომერი
110100119002918871
დავის ტიპი
299 1 , 299 1
თარიღი
08.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119002918871

N1/68-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 აგვისტო, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ----- ო------------;

 

ბრალდებული - გ------- კ--------, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: ამბროლაურის რაიონი, სოფელი შ------;

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ - 2018 წლის 10 ივნისის ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ - 2018 წლის 5 ივლისის ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით, გ------- კ--------, ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1300 (ათას სამასი) ლარი. შესაბამისად, გ------- კ-------- ითვლებოდა წიაღით სარგებლობისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულად. 2018 წლის 10 ივნისს, ქ.ზესტაფონში, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წიაღის უკანონოდ მოპოვებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა გ------- კ--------მ განმეორებით, სათანადო ლიცენზიის გარეშე მოიპოვა 40 კგ. ოდენობით სასარგებლო წიაღისეული - სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რის შედეგადაც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 200.04 ლარი.

 

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით, გ------- კ--------, ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1300 (ათას სამასი) ლარი. შესაბამისად, გ------- კ-------- ითვლებოდა წიაღით სარგებლობისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულად. 2018 წლის 5 ივლისს, ზესტაფონში ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულსახდელდადებულმა გ------- კ--------მ, სათანადო ლიცენზიის გარეშე მოიპოვა 20 კგ. სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რითაც გარემოს მიადგა 200.02 (ორასი ლარი და ორი თეთრი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

3. გ------- კ--------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

4. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

5. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვი-–-- საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

8. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- კ--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების - მ------ ე------ს, ჟ--- ჯ------–-ს, თ------- ც-------ს, ი-–-- ხ--------ს და დ---------------ის გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულ გ------- კ--------ს გამოკითხვის ოქმი; გარემოსდაცვითი ზედახმედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მიმართვა თანდართული მასალებით პროკურატურას (სინჯის აღების აქტები, სასარგებლო წიაღისეულის დალუქვის აქტები, აქტები, ახსნა-განმარტებები, ზიანის გაანგარიშებები, ფოტოლუსტრაცია); ამოღების ოქმები; იმერეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის MOC 6 18 00558907 მიმართვა; 2017 წლის 11 ოქტომბრის, 2017 წლის 1 ნოემბრის, 2017 წლის 8 ნოემბრის, 2017 წლის 27 ნოემბრის, 2017 წლის 20 დეკემბრის დადგენილებები გ------- კ--------ს მიმართ; 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი გ------- კ--------ს მიმართ; გ.კ--------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და ფოტოსურათები; საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

9. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია გ------- კ--------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

10. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის დაცვასთან. დანაშაულის საგანია სასარგებლო წიაღისეული, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. წიაღის სახელმწიფო ფონდის შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, მის კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი. წიაღის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვა სახელმწიფოს პრეროგატივაა. წიაღით უკანონო სარგებლობად ჩაითვლება წიაღით სარგებლობა ლიცენზიის გარეშე. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, თუკი პირს ასეთი ქმედებისათვის დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს ადმინისტრაციული პრეიუდიცია. დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი, რომელიც მიცემული იყო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ამავე ქმედებისათვის და ერთი წელი არაა გასული ამ პასუხისმგებლობიდან. მოტივსა და მიზანს ქმედების ამ დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არ აქვს მნიშვნელობა და მისი დადგენა საჭიროა მხოლოდ სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის.

 

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით გ------- კ--------მ ჩაიდინა: 1) წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2018 წლის 10 ივნისის ეპიზოდი); 2) წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2018 წლის 5 ივლისის ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

12. გ------- კ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

14. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- კ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ასევე, გასათვალისწინებელია ბრალდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან (მისცა აღიარებითი ჩვენება, ითანამშრომლა გამოძიებასთან), რომლითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გ------- კ--------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთი) ლარის ოდენობით (თითოეული ეპიზოდისათვის). სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად (ღონისძიებად) მიაჩნია გ------- კ--------ს მიმართ ჯარიმის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ სხვა, უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების აუცილებლობა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს.

 

15. გ------- კ--------ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სადაც მითითებულია, რომ თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

16. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ გ------- კ-------- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 111.126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წელი განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდით, გ------- კ-------- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული იქნა 2017 წლის 18 აგვისტოს. პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების დროს, 2018 წლის 10 ივნისს და 2018 წლის 5 ივლისს, გ------- კ-------- მხილებული იქნა საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და 2019 წლის 19 თებერვალს წარედგინა ბრალდება. შესაბამისად, მართალია, მოცემული ეტაპისათვის გასულია გამოსაცდელი ვადა, თუმცა დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის განსაზღვრის საფუძვლები. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის N203აპ-15 გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ "საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პოზიციას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მისთვის წინა განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა გასული იყო, მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს სსკ 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმის გამო, რომ გ.გ-მ საქართველოს სსკ 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლო, საქართველოს სსკ 67-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულია, გააუქმოს მის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სასჯელი განუსაზღვროს საქართველოს სსკ 59-ე მუხლით დადგენილი წესით" (სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3). (ასევე, იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემებრის N401აპ-15 გადაწყვეტილება, პარაგრაფი N5-7). შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ გ------- კ--------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით, ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

17. საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე, იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვება, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- კ--------ს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - 60 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში).

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

18. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- კ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 ივნისის ეპიზოდი), სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 5 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 5 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, გ------- კ--------ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - 60 (სამოცი) კილოგრამი სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში);

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 5 ივლისის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და გ------- კ--------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი ქონების ჩამორთმევა (სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - 60 (სამოცი) კილოგრამი სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში));

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით გ------- კ--------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ გ------- კ--------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით, ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი ქონების ჩამორთმევა (სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - 60 (სამოცი) კილოგრამი სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში));

 

მსჯავრდებულ გ------- კ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებული იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში;

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

უკანონოდ მოპოვებული სილიკომანგანუმებიდან აღებული სინჯები (დალუქული N------- და 3------ ლუქებით), რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე