გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3042124-2/374-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.07. 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - ს--------------------
წარმომადგენელი - ზ---–-----------
მოპასუხე - გ------------------;
წარმომადგენელი -ნ------------------–---–-;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გ------------------ს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 3117,09 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1897,39 ლარი, დარიცხული პროცენტი-790,85, პირგასამტეხლო - 428,85 ლარი.
1.2.მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის საფასური 50 ლარის, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული საქმისწარმოების საფასური 100 ლარი და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 100 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N 1--------------, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 2000 ლარი 24 თვით , სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 39% -ის ოდენობით.
ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27% -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებუ დღეზე და დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე.
ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედება თუ კლიენტი დაარღვევს საკრედიტო ხელშეკრულების რაიმე პირობას. ბანკის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, სრულად გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა და გრაფიკით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელები, ხოლო ბირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისთვის.
2019 წლის 12 ივნისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება სს ,,კ------- ბანკისს“ მიმართ 2018 წლის 24 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს : 3117,09 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1897,39 ლარი, დარიცხული პროცენტი 790,85 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 428,85ლარი.
მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოსარჩელის მიერ, ჩაბარდა გაფრთხილების წერილები, თუმცა მისი მხრიდან არ ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე, მოპასუხის მიმართ მიმდინარეობდა გამარტივებული საქმის წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის ნომერი S----------, განცხადების შეტანის თარიღი 24.05.2019, რისთვისაც მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი. გამარტივებული საქმის წარმოების პროცესში აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოპასუხის მიერ დაწერილ იქნა პროტესტი დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით, შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N---------------- დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გარემოება გახდა სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის გადახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N 1-------------- რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 2000 ლარი 24 თვით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 39% -ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, თანდართული გრაფიკით.( ს.ფ.21-26).
-ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები( ს.ფ. 20).
3.1.2. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27% -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებუ დღეზე და დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, თანდართული გრაფიკით.( ს.ფ.21-26).
-ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები( ს.ფ. 20).
3.1.3. ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედება თუ კლიენტი დაარღვევს საკრედიტო ხელშეკრულების რაიმე პირობას. ბანკის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, სრულად გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა და გრაფიკით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელები, ხოლო ბირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, თანდართული გრაფიკით.( ს.ფ.21-26).
3.1.4. 2019 წლის 12 ივნისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება სს ,,კ------- ბანკისს“ მიმართ 2018 წლის 24 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს : 3117,09 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1897,39 ლარი, დარიცხული პროცენტი 790,85 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 428,85ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ცნობა ( ს.ფ. 28).
3.1.5.მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოსარჩელის მიერ, ჩაბარდა გაფრთხილების წერილები, თუმცა მისი მხრიდან არ ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების შესახებ( ს.ფ. 30).
-ცნობა დავალიანების შესახებ(ს.ფ. 28).
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადაო არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,კ------- ბანკის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''კ------- ბანკსა'' და გ------------------ს შორის საკრედიტო (სესხის) ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - გ------------------- მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს 1897,39ლარი ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 790,85 ლარს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 28.85 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას სს ,კ------- ბანკის მიერ’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან თანხის ნაწილი 25ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 25ლარი დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასაწყვეტად.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ------------------ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სესხის დავალიანების - 2717.09 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1897,39 ლარი, პროცენტი - 790,85 ლარი, პირგასამტეხლო - 28,85 ლარი.
3.სს,,კ------- ბანკს“ უარი ეთქვას მოპასუხე გ------------------- მიმართ პირგასამტეხლოს 400 ლარის დაკისრებაზე.
4.მოპასუხე გ------------------ს მოსარჩელე სს,,კ------- ბანკის" სასარგებლოდ დაეკისროს აღსრულების ეროვნული ბიუროში გადახდილი გამარტივებული საქმისწარმოების საფასური 100 ლარი
5.გ------------------ს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს საჩელის უზრუნველყოფის საფასური 50 ლარი.
6.გ------------------ს სს ,,კ------- ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 25 ლარის გადახდა.
7.სახელმწიფო ბაჟი გადახდილია
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია